ჩემს მეხსიერებაში არსებობს რამდენიმე ადამიანი, რომლებსაც ბავშვობიდან ვაღმერთებ და ჩემი გემოვნების ყველა პარამეტრს აკმაყოფილებენ. ერთ-ერთი მათგანი ბასა ფოცხიშვილია, რომელიც იმდენად დახვეწილი, იმდენად ლამაზი და იმდენად ესთეტი ადამიანია, რომ შეუძლებელია, სილამაზე არ შეგაყვაროთ. მიხარია, რომ ვიცნობ ადამიანს, ჩემთვის საყვარელი პოეტის – მორის ფოცხიშვილის შვილი რომ ჰქვია და ჩვენთვის ყველასთვის მაინც ბასაა – საოცრად დახვეწილი სამყაროთი, რომელიც მისმა ოჯახმა, მისმა მშობლებმა ჩამოაყალიბეს, ჯერ კიდევ ბავშვობაში, იმ ლამაზ სახლში, ლარსის ქუჩაზე რომ დგას დღემდე და იმ ხალხს ელოდება, ვისაც იქ მისვლა ყველაზე მეტად უხაროდა და უხარია დღემდე. მაშ ასე, OK! გთავაზობთ ინტერვიუს ბასა ფოცხიშვილთან!
სულ ახლახან დავასრულე მუშაობა...
სულ ახლახან დავასრულე მუშაობა ევროპის ყველაზე დიდ საჭადრაკო ჯილდოს ღონისძიებაზე, რომელიც მონაკოში წელს პირველად ჩატარდა, სახელწოდებით European Golden Pawn 2019. იდეის ავტორი გახლავთ ქართველი, უნიჭიერესი ადამიანი თეა ყიფშიძე. ჩვენთვის საამაყოა, რომ ევროპის საჭადრაკო კავშირის პრეზიდენტი ქართველია – ბატონი ზურა აზმაიფარაშვილი.
რამდენად საინტერესო აღმოჩნდა თქვენთვის ეს ღონისძიება?
ჭადრაკი ჩემთვის ძალიან ინტელექტუალური და ამაღლებული თამაშია, რომლის წესებიც ცხოვრებას მაგონებს. ძალიან მიყვარს და შესაბამისად, დიდი მონდომებითა და სიამოვნებით დავთანხმდი ამ ღონისძიების ორგანიზებას. საღამო იყო უფრო კონცეპტუალური ხასიათის, სანახაობითი, რაც შეეფერება ჭადრაკს და მონაკოს, ერთად. მონაწილეობდნენ როგორც ქართველები, ისე ფრანგები და იტალიელები. შემიძლია თამამად ვთქვა, რომ ეს ჩემი ერთ-ერთი საამაყო პროექტია.
რა მოაქვს თითოეულ ნამუშევარს თქვენთვის?
მაძლევს გამოცდილებას, მანიჭებს სიამოვნებას. ყველაფერს, რითაც დაკავებული ვარ, სიამოვნებით ვაკეთებ. თუ ჩარჩოებში მსვამენ და მზღუდავენ, ან ერევიან მხატვრულ მხარეში, პროექტზე ვერ ვმუშაობ.
მთავარი, რაც თქვენს ორგანიზებულ ღონისძიებებს უნდა ეტყობოდეს...
სილამაზე და ზომიერება. ზომიერება ყველაფერში უნდა იგრძნობოდეს. თუ კარგი გამოდის, პირველი, რასაც ვაკეთებ, ვცეკვავ ხოლმე.
რამდენად მომთხოვნი ხართ საკუთარი თავის მიმართ?
ძალიან კრიტიკული ვარ. ყოფილა, როცა ღამით გამღვიძებია იმაზე ფიქრით, რომ 20 წლის წინ გაკეთებულში რაღაც არ მომწონდა და ეს მოსვენებას არ მაძლევს. უპირველესად იმიტომ, რომ ძალიან მრცხვენია. მრცხვენია ჩემი ოჯახის, დედაჩემის, მამაჩემის, რომელთა მიმართ უდიდეს პასუხისმგებლობას ვგრძნობ.
მოგვიყევით, როგორ გარემოში იზრდებოდით... დედა, მამა...
დედა – როზიტა ვერბი, ექიმი. მამა – მორის ფოცხიშვილი, პოეტი, და – თამრიკო ფოცხიშვილი, მხატვარი. დისშვილი – დათო გურგულია, კინორეჟისორი. დღეს მე როგორიც ვარ, თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ჩემი ოჯახის დამსახურებაა. მჯერა, რომ ყველა ადამიანი საკუთარი ოჯახის ანარეკლია. 99.9% ისეთი ხარ, როგორიც არის დედა, მამა. რასაკვირველია, ეს არ ეხებათ გენიოსებს, რომლებიც სადაც უნდა დაიბადონ, მაინც გენიოსები არიან. რაც შეეხება გარემოს, ლამაზ, თავისუფალ, მხიარულ გარემოში ვიზრდებოდით, სადაც ჩვენთვის აკრძალვა არ არსებობდა და ყველანაირი სიგიჟის უფლება გვქონდა. ოჯახში ყველა ერთმანეთის შეხედულებას და გემოვნებას პატივს ვცემდით.
როგორი იყო მამა?
ზომიერი, დინჯი და კულტურული. არ იცოდა ზედმეტი მოფერება, მაგრამ ათასში ერთხელ სიტყვას გეტყოდა ისეთს, რომ მისი დამოკიდებულება მთლიანად იგრძნობოდა. „ბასი“, – რომ დამიძახებდა, იმაში იყო ყველაფერი. მორისი იმდენად ესთეტი ადამიანი იყო, რომ თუკი ნივთი არ მოსწონდა, აგდებდა, და თუ რაიმე მოსწონდა, პირიქით – ორს ყიდულობდა. მახსოვს, გარდაცვალების წინ გვითხრა: „მწუხარებაშიც საჭიროა ზომიერება და სილამაზე...“ არ უყვარდა ზედმეტი გლოვა და ძაძები...
მთავარი ფასეულობა, რომელსაც გინერგავდნენ...
სილამაზე, სიკეთე და განათლება. სილამაზეზე, ჩვენს ოჯახში განსაკუთრებული აქცენტი იყო გამახვილებული – გარშემო ყველაფერი ლამაზი უნდა ყოფილიყო. სახლი, რომელშიც ჩვენ ვცხოვრობდით, დედაჩემის შექმნილი გახლდათ – საოცარი ინტერიერითა და გარემოთი, სადაც მუდამ სტუმრები იყვნენ და სადაც მათი მოსვლა ყოველთვის უხაროდათ და მუდამ ელოდნენ. მოგვიანებით, როცა გავიზარდე და იტალიაში ჩავედი, ვნახე, რომ ყველა სახლი ჩემნაირი იყო. ეტყობა, სისხლმა მაინც თავისი ქნა.
რა მოგცათ ამ გარემომ ყველაზე მეტი?
სიყვარული და სითბო. ზოგადად, ძალიან ბედნიერი ადამიანი ვარ, იმიტომ, რომ ვინც არის ჩემ გარშემო – მეგობრები, კოლეგები, თანამშრომლები, აი, მათში, ყველაზე „ცუდი“ მე ვარ. კარგი ადამიანებით გახლავართ განებივრებული. მთელ მსოფლიოში მხვდება საუკეთესო ხალხი და მშვიდად ვარ, იმიტომ, რომ ვიცი – ჩემ გვერდით არიან. რაღაცნაირად, ისე ემთხვევა ხოლმე, რომ უცხოეთშიც, როცა სამუშაო ჯგუფი ამყავს, იქაც კარგები მხვდებიან.
ბავშვობიდან გაინტერესებდათ კინორეჟისურა?
მამაჩემი ყოველთვის დადიოდა უცხოეთში და ჩამოჰქონდა ფილმები. ღამეებს მათ ნახვაში ვათენებდი. თან, მაშინ ფანტასტიკური ფილმები იყო. აი, მაგალითად, hair. ეს მიუზიკლი, დახვეწილობით, სიგიჟით, გემოვნებით – არის კლასიკა და არასდროს გადადის მოდიდან. დაახლოებით 14 წლიდან გადავწყვიტე, რომ კინოსარეჟისოროზე მინდოდა გამოცდები ჩამებარებინა. ჩემს დროს სულ სხვანაირი, ძალიან ძლიერი სწავლება იყო. მოგვიანებით, აბსოლუტურად სხვაგვარად აღმოვჩნდი იმ სფეროში, სადაც დღეს ვსაქმიანობ. მამა რომ გარდაიცვალა, ერთი წლის თავზე, ფანტასტიკურმა ქალბატონმა, ლალა თაბუკაშვილმა მითხრა, რომ მორისის საღამოს გაკეთება სურდა. ისიც დაამატა, ამას შენ გარდა ვერავინ იზამსო. მაშინ გავაკეთე პირველად ღონისძიების რეჟისურა, რაც სულ სხვა რამეა, ვიდრე კინო. იმ საღამოზე კითხულობდნენ მორისის ლექსებს, სიტყვით გამოსვლები არ ყოფილა. საღამო ძალიან კარგი გამოვიდა. შემდეგ დაიწყო ჩემს ცხოვრებაში კლიპების ეტაპი, ესეც სულ შემთხვევით. და მარლონ ბრანდოს გმირისა („უკანასკნელი ტანგო პარიზში“) არ იყოს, „სასტუმროში, ერთი ღამით ჩასულივით, შევრჩი...“
ადამიანი, რომელთან ერთადაც ყველაზე კომფორტულად გიმუშავიათ, და ბრენდი...
ძალიან მიყვარს უცნობი, ჩემი ცხოვრების ნაწილია, და მის გარეშე არც კი წარმომიდგენია. თუმცა, ცოტა თუ დაიჯერებს, რომ გადაღების დროს ერთმანეთს ვხოცავთ ხოლმე, თან, ძალიან გვიყვარს ერთმანეთი... ჩვენი მუშაობა საბოლოო ჯამში მაინც ძალიან სასიამოვნო პროცესია და ხშირად კამათში იბადება ხოლმე ჭეშმარიტებაც... არ შემიძლია არ აღვნიშნო გოგი ჭიჭინაძე. ის ძალიან დიდი ადამიანია – რაფინირებული, უზომოდ განათლებული, ლამაზი. უსიტყვოდ გვესმის ერთმანეთის. რომ გავიფიქრებ, ის უკვე მპასუხობს. სიამოვნებაა დათო ევგენიძესთან მუშაობა – საოცარი მუსიკოსია. მიყვარს „ნეოსტუდიასთან“ მუშაობა. ასევე უნდა გამოვყო გია ჯოხთაბერიძე, მასთან ერთადაც მიმუშავია „მაგთის“ ბევრ პროექტზე, მუზეუმის გახსნაზე. იმის პარალელურად, რომ ეს ადამიანი ძალიან მომთხოვნია, კარგად იცის სხვისი შრომისა და ნიჭიერების ფასი, რადგან თვითონ ძალიან დიდი რამ აქვს შექმნილი უზარმაზარი ძალისხმევით. ერთი სიტყვით, მიყვარს ნიჭიერ ადამიანებთან ურთიერთობა და მუშაობა. ადამიანს კარგი თვალები უნდა ჰქონდეს, რომ კარგი დაინახოს.
რაც შეეხება ბრენდებს, აუცილებლად გამოვყოფ „ბადაგონს“, რომელიც შემიძლია ვთქვა, რომ ჩემი შექმნილი ბრენდია.
პროექტი, რომლითაც განსაკუთრებით ამაყობთ...
მიჭირს ასე გამორჩევა. ოღონდ ერთს ვიტყვი: თუ კარგი გამოდის, გაოცებული ვკითხულობ, ეს მე როგორ გავაკეთე-მეთქი და თუ ცუდი გამოდის, ასევე გაოცებული ვარ – ეს მე როგორ გავაკეთე-მეთქი...
როგორ დაიწყო იტალიასთან ურთიერთობა?
პირველად იტალიაში სტუდენტობის დროს მომიწია წასვლა კინოფესტივალზე და მივხვდი, რომ ეს ქვეყანა ჩემია თავისი მსოფლმხედველობით, ნიჭიერებით, გემოვნებით, ესთეტიკით. ერთი დუბლით აკეთებენ ყველაფერს. ძალიან მოწესრიგებული, ლამაზი და ესთეტიკური ადამიანები არიან.
რას აფასებთ ადამიანში ყველაზე მეტად?
ნიჭიერებას, განათლებას, სილამაზეს. ოღონდ სილამაზეს მე არ ვუწოდებ სწორ ცხვირსა და ლამაზ ნაკვთებს. თვალებიდან რომ ცეცხლი, ცხოვრების ტკბობის სურვილი და ბედნიერება მოდის, აი, ამ სილამაზეზე ვსაუბრობ. რასაკვირველია, შინაგანი კულტურაც. და საბოოლოდ, ამ ოთხ კომპონენტს ერთად, მოაქვს სიკეთე.
რის მიღებას ცდილობთ ცხოვრებისგან?
სიამოვნებისა და ცხოვრებით ტკბობის. ყველაზე დიდი მონაპოვარი სიცოცხლეა. როგორ შეიძლება არ ტკბებოდე, როცა მზე ამოდის, როცა იმ ადამიანს ხედავ, რომელიც გიყვარს, როცა ვიღაც გაგიცინებს...
რისთვის არ გრჩებათ დრო?
ჩემი ოჯახისთვის და საკუთარი თავისთვის.
რას ნანობთ ხოლმე ყველაზე ხშირად?
ბევრი დრო რომ დავკარგე. ვნანობ, რომ ვიღაცისთვის მინდოდა კარგი მეთქვა და არ ვუთხარი. ვფიქრობ, ეს ყოველთვის უნდა გააკეთო – რომ კარგია და ლამაზია, აუცილებლად უნდა უთხრა, რადგან სხვა დროს შესაძლოა ამისი შანსი აღარ მოგეცეს.
რომ არ ყოფილიყავით რეჟისორი...
სიამოვნებით ვიქნებოდი მოცეკვავე.
რა როლი მიუძღვის თქვენს ცხოვრებაში მუსიკას?
ძალიან დიდი როლი მიუძღვის, განსაკუთრებით მანქანაში. თუმცა არ მიყვარს მუსიკის ხმაურში მოსმენა.
ჰობი...
მიყვარს ექსპერიმენტები და მუდმივად სიახლის ძიება. ამ ეტაპზე ფრანგულს ვსწავლობ. მახსოვს, დიდი ხნის წინ დამირეკეს და შემომთავაზეს ბილიარდის ტურნირში მონაწილეობა. დავთანხმდი ისე, რომ თამაში არ ვიცოდი. ერთი კვირა ვიარე ბილიარდის თამაშის შესასწავლად, ვისწავლე და პირველი ადგილიც მოვიპოვე. მიმაჩნია, რომ ყოველ ახალ გამოცდილებას ძალიან დიდი ემოცია მოაქვს.
განტვირთვის ყველაზე კარგი საშუალება...
მზეზე წოლა, ცურვა, ძილი. დილის ძილი იმდენად მიყვარს, რომ ეს ძალიან ბევრ რამეში მიშლის ხელს.
რას ნიშნავს თქვენთვის მეგობარი?
მეგობრები ჩემი ცხოვრების ყველაზე დიდი მონაპოვარია.
როცა მიჭირს...
მაშინ ჩემი მშობლები ყველაზე მეტად მეხმარებიან. იქიდანაც კი. ამიტომ მჯერა, რომ ისინი ჩემ გვერდით არიან და არ ვიღებ იმ ფაქტს, რაც არასდროს მინდოდა წარმომედგინა.
სახლი, რომელშიც ცხოვრობთ, რამდენად გადმოსცემს თქვენს სამყაროს?
ჩემი პირველი სახლი ქარვასლა იყო. მამაჩემი იქ დაიბადა და გაიზარდა. რვა წელი იქ ვცხოვრობდით, სანამ მუზეუმად გადაკეთდებოდა. იმ სახლმა მე მომცა სილამაზის შეგრძნება. იმ იტალიურ ეზოში ვისწავლე ურთიერთობები – ყველა ეროვნების ადამიანთან. ვისწავლე ყველა კულტურისა და რელიგიის პატივისცემა.
რა უნდა იყოს სახლში, სადაც ცხოვრობთ?
სილამაზე და ისტორია. თუნდაც ეს ისტორია იყოს ახალი. ნახატები, წიგნები, მცენარეები და ყავის ლამაზი ჭიქა...