„სიყვარული არის საკუთარი თავის უკეთესი ვარიანტი... ბედნიერების გამოსხივებიდან სხვაზე ზრუნვით დამთავრებული ეს გრძნობა გაძლევს საშუალებას, გახდე ბევრად უკეთესი, ვიდრე ხარ ყოველდღიურად“, − მითხრა ინტერვიუს დროს ჩემმა რესპონდენტმა, უნიჭიერესმა ანკა ვასაძემ. სწორედ ამიტომ მიყვარს მარტის ნომერი განსაკუთრებულად, რადგან ამ ნომერში ყველაზე მეტს ვწერთ ნიჭიერ, შემდგარ, პროფესიონალ ქალებზე. ამას იმიტომ არ ვამბობ, რომ ფემინისტი ვარ. არა − მე მჯერა, რომ მამაკაცების გარეშე ქალები ასეთი ძლიერი და სრულყოფილი ვერ ვიქნებოდით. უბრალოდ, იმიტომ ვამბობ, რომ მწამს − ქალებს შეუძლიათ შეცვალონ სამყარო უკეთესობისკენ, თავიანთი სიყვარულით, სიკეთით და ნაზი გაღიმებით, რომელსაც ნებისმიერი ადამიანის გულის მოგება შეუძლია. მაშ ასე, გთავაზობთ ძალიან საინტერესო ინტერვიუს მსახიობ ანკა ვასაძესთან.
მოგვიყევით თქვენს ბავშვობაზე...
გავიზარდე ბაბუაჩემის − აკაკი ვასაძის სახლ-მუზეუმში და ცხოვრების უმეტესი დრო აქ მაქვს გატარებული. მახასიათებენ, როგორც ძალიან ენერგიულ, ხმაურიან, ლაღ და ემოციურ ბავშვს. არადა, ცოტამ თუ იცის, რომ გულჩათხრობილიც ვიყავი და ხანდახან სევდიანიც. ცოტა ხნის წინ მივხვდი, რომ ჩემი ემოციურობა და არაადეკვატური სიცელქე გამოწვეული იყო იმით, რომ დიდად ვერ ვიხარჯებოდი და ჩემი ხასიათი სწორედ იმ საქმიანობას ითხოვდა, რასაც დღეს ვაკეთებ.
როდის აღმოაჩინეთ, რომ მსახიობობა გსურდათ?
რაც თავი მახსოვს, მსახიობობა მინდა. ყველამ, ვინც იცოდა, რომ ანკა მქვია, იცოდა, რომ მსახიობობა მსურდა. ამ პროფესიის სიყვარული უკვე მაშინ მოხდა, როცა გავაცნობიერე, რომ თეატრისა და კინოს უნივერსიტეტის დასრულების შემდეგ პირველი როლზე გასაოცარი სიბეჯითე და შრომისმოყვარეობა გამოვავლინე. ამ თვისებებს ჩვენი სფერო განსაკუთრებულად ითხოვს, რადგან სხვაგვარად აქ არაფერი გამოგივა.
პირველი როლი...
ჩეხოვის „სამი და“, სადაც ვთამაშობდი მაშას როლს. მინდა ვთქვა, რომ ამ სპექტაკლით გოგი მარგველაშვილმა პროფესია გვასწავლა. შემდეგ უკვე მარჯანიშვილის თეატრში ვითამაშე, სპექტაკლში „ტარტიუფი“. დამფრთხალი და შეშინებული ვიყავი, რადგან იმ მსახიობების გვერდით ვიდექი, ვისთან ერთად თამაშიც მსურდა და მე მხოლოდ მესამე კურსზე ვიყავი, მაგრამ საოცრად პატარა დროში, ძალიან ბევრი გავაკეთე.
თქვენი აზრით, რა არის საჭირო იმისათვის, რომ შედგე, როგორც მსახიობი?
აუცილებელია, გამოიმუშავო ის თვისებები, რაც გაკლია. რა თქმა უნდა, ნიჭი მნიშვნელოვანია, რადგან, მაგალითად, თუ მომღერალს არ აქვს ხმა და სმენა, ვერ იმღერებს. ასევეა ჩვენს სფეროშიც. თუმცა, მხოლოდ ნიჭი არ კმარა. უნდა შეგეძლოს, ის ტკივილი და სიხარული გადმოსცე, რაც არ განგიცდია. შესაბამისად, ფსიქოლოგიც უნდა იყო და ნაკლებად მორალისტიც. საჭიროა ინტუიცია, რომ თამაშის დროს ზომა იგრძნო და ამავდროულად, მარტივად გაუგო რეჟისორს. ვფიქრობ, მსახიობი ემოციებისა და შეგრძნებების შემგროვებელია. ეს გეხმარება, რომ შენი გმირები და როლები არ ჰგავდეს ერთმანეთს. თემურ ჩხეიძემ მითხრა ამას წინათ, ჩემი აზრით, ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც მსახიობს უნდა ჰქონდეს, ხიბლიაო − არა ფიზიკური სილამაზე, არამედ ხიბლი, რომელიც სცენიდან, ეკრანიდან მოდის მისი თამაშის დროსო.
ადამიანი, ვისგანაც ყველაზე მეტი ვისწავლე...
ცხოვრებისეულ გამოცდილებაში გამიჭირდება ამის გამორჩევა, რადგან ძალიან ბევრ ადამიანს აქვს თავისი როლი. პროფესიულს თუ მკითხავთ, გეტყვით, რომ გოგი მარგველაშვილმა ძალიან ბევრი მასწავლა, თუმცა გული მწყდება, რომ ბოლომდე ვერ გამოვიყენე ეს პერიოდი. რასაც მაშინ, 18 წლის სტუდენტებს გვეუბნებოდა, ახლა 28 წლის ასაკში სულ სხვაგვარად ვხედავ. ძალიან დიდი გამოცდილება მივიღე ლევან წულაძესთან მუშაობით. ეს ადამიანი პიროვნულადაც დიდი მაგალითია ჩემთვის. ახლა თემურ ჩხეიძესთან მაქვს რეპეტიციები და შეიძლება ითქვას, რომ ჩასაფრებული ვარ, რადგან მისგანაც მსურს ბევრი რამ ვისწავლო.
მოგვიყევით ოჯახზე და სიყვარულზე, რომელიც წლებია გრძელდება...
ჩემი სიყვარული 11 წლიდან დაიწყო და, ალბათ, ვერც ვიფიქრებდი, რომ ეს ადამიანი ჩემი ქმარი გახდებოდა. მე მასზე 5 წლით პატარა ვიყავი და მაშინ, სკოლაში, არც კი მაქცევდა ყურადღებას. მერე უკვე, სულ სხვაგვარად მოხდა ჩვენი შეხვედრა და 10 წელია, რაც ცოლ-ქმარი ვართ. ბედნიერი ვარ, რომ ერთად ვართ. ჩვენი ერთად ყოფნით ბევრს ვსწავლობთ, ვავსებთ ერთიმეორეს და ყოველთვის მზად ვართ მოვუსმინოთ ერთმანეთს.
გწამთ სიყვარულის მარადიულობის?
კი მჯერა, რომ სიყვარული დროსთან ერთად ძლიერდება და მძაფრდება. შესაბამისად, ადამიანებს შეუძლიათ მთელი ცხოვრება უყვარდეთ. ოჯახისა და სიყვარულის გარეშე არცერთი წამი არ მინდა და არც შემიძლია.
და მაინც, რა არის სიყვარული?
საკუთარი თავის უკეთესი ვარიანტი... ბედნიერების გამოსხივებიდან, სხვაზე ზრუნვით დამთავრებული, ეს გრძნობა გაძლევს საშუალებას, გახდე ბევრად უკეთესი, ვიდრე ხარ − ყოველდღიურად.
შვილი...
გვყავს ერთი შვილი. ყველა ქალის ცხოვრებაში შვილი უდიდეს გარდატეხას ახდენს, მაგრამ მგონია, რომ მე განსაკუთრებულად შემცვალა − პასუხისმგებლობის გრძნობა გამიზარდა.
რა არის თქვენთვის წარმატება?
ჩემი ოჯახი, ჩემი პროფესია და მაყურებელი, რომელიც სიყვარულით მავსებს. პროექტში „ცეკვავენ ვარსკვლავები“ გამარჯვება... მთავარია შენი საქმე აკეთო კარგად და ამას თავისთავად მოაქვს წარმატება.
რომ არ ყოფილიყავით მსახიობი, იქნებოდით?..
არც კი ვიცი, ვინ უნდა ვყოფილიყავი. არასოდეს მიფიქრია სხვა პროფესიაზე და არც მომდომებია. დღეს რომ დავფიქრდე, შესაძლოა, მოცეკვავე ვყოფილიყავი. შეიძლება მეწერა. ყველა ვარიანტში ხელოვნების სფეროსთან ვიქნებოდი ახლოს.
როლი, რომელიც ვითამაშე და ჩემი თავით კმაყოფილი ვარ...
არასოდეს ვარ ჩემი თავით კმაყოფილი. ყოველთვის მინდა, ყველაფერი იყოს იდეალური. მაინც თუ გამოვყოფთ, გეტყვით, რომ შედარებით კმაყოფილი ვარ „ოფელიათი“, რადგან ამ პერსონაჟისგან ძალიან განსხვავებული ვარ და შესაბამისად, ძალიან ბევრი ვისწავლე მის შესახებ, ბევრი ვიმუშავე ჩემს თავზე და როგორც მაყურებლებიც ამბობენ, კარგი ოფელია გამოვიდა.
ბედნიერება ჩემთვის...
წარმატება და ოჯახში სტაბილურობაა. ბედნიერების წამების დაჭერა თუ შეგიძლია, ე.ი. სიცოცხლით კმაყოფილი ხარ. არ შეიძლება მუდამ მეტის მოლოდინში იცხოვრო და მადლიერების შეგრძნება არ გქონდეს ცხოვრების მიმართ. აუცილებლად უნდა შევძლოთ, რომ დავაფასოთ ის, რაც დღეს გვაქვს და დავტკბეთ იმით, რომ ყოველი ახალი დილა − ახალი შანსია.
P.S: დაბოლოს, რადგან მარტის ნომერია, თქვენი აზრით, რა სურთ ქალებს ბედნიერებისთვის?..
აღიარება და დაფასება. სურთ, რომ გარშემომყოფებს აინტერესებდეთ მათი სურვილები და უნდოდეთ მათი გაგება. ალბათ, ყველა ქალს სხვადასხვა რამ აბედნიერებს. მე მაინც მგონია, რომ ყველა ქალმა უნდა იცხოვროს ისე, როგორც მას სურს და როგორც იგრძნობს თავს − სრულყოფილ, ბედნიერ და შემდგარ ქალბატონად.