მოგზაურობა დაუვიწყარ გამოცდილებას უკავშირდება, რადგან მაშინ, როცა ქუჩებში ვსეირნობთ, ვაგემოვნებთ ადგილობრივ სამზარეულოს, გავყურებთ ლამაზ ხედს თუ სტუმრობთ მუზეუმებს, ჩვენ ისტორიებს ვქმნით, რომლებსაც ცხოვრება სასიამოვნო მოგონებებად წლების განმავლობაში შეინახავს. სასიამოვნო თავგადასავლის დაგეგმვისას მნიშვნელოვანი პროცესის წინაშე ვდგებით, რადგან საინტერესო მოგზაურობას სწორი გეგმის არსებობა მნიშვნელოვანწილად განაპირობებს. რასაკვირველია, სპონტანურობა მოგზაურობის ამაღელვებელი ნაწილია – ხშირად სწორედ გზიდან გადახვევაა ისტორიების საწყისი. თუმცა დიდი სხვაობაა, რას ვგულისხმობთ იმპროვიზაციაში.
მაგალითისთვის, სასიამოვნოა როდესაც მოულოდნელად ახალ ნაცნობებს შევიძენთ და ამ მიზეზით დღის გეგმებისგან გადავუხვევთ, თუმცა თუ შემთხვევით ცუდ სამეზობლოში დაჯავშნილი სასტუმროდან ცენტრში მისასვლელად საათი მაინც გვჭირდება, ეს სასიამოვნო თავგადასავლად არ ჩაითვლება.
მნიშვნელოვანი დეტალების მოგვარებაში და უსიამოვნო მოულოდნელობებისგან დასაზღვევად, გამოცდილი ტურისტული სააგენტო მოგზაურს ეხმარება, რაც შეფერხებებს გამორიცხავს და შთაბეჭდილებების მისაღებად მეტ დროს ტოვებს.
კომპეტენტური ტურისტული სააგენტოს მოძიება გადამწყვეტია, რადგან მან უნდა შეძლოს, მარტივად მოაგვაროს თითოეული საგულისხმო დეტალი და ისინი ჩვენს სურვილებს მოარგოს. გამოცდილება და კომპეტენცია კი ის მთავარი მახასიათებლებია, რომელიც წლების წინ თენგიზ ზენაიშვილმა სამიზნედ აირჩია და WONDERLAND-ი მოგზაურთა ერთგულ არჩევანად აქცია.
OK! სააგენტო WONDERLAND-ის გამყვანი დეპარტამენტის ხელმძღვანელს, ლიკა ჩარგეიშვილს ესაუბრა.
რა პრინციპებით მოქმედებს სააგენტო WONDERLAND და როგორია კომპანიის მიერ არჩეული პრიორიტეტები, რაც საბოლოო ჯამში მომხმარებლისთვის სასიამოვნო მოგზაურობას ქმნის?
მნიშვნელოვანია, რომ WONDERLAND-ის ტურისტული ჯგუფი იმ ადამიანებითაა დაკომპლექტებული, რომელთა შორისაც უბრალოდ ყურმილის მეორე მხარეს მყოფი პერსონა არ არის, ისინი არ საუბრობენ მზა ტექსტებით, არამედ ხშირად პირად გამოცდილებაზე დაყრნობითაც გასცემენ რჩევებს და მომხმარებლისთვის სასურველ დეტალებს მაქსიმალურად ითვალისწინებენ.
მომხმარებელზე მაქსიმალური ორიენტირება WONDERLAND-ში არჩეული მთავარი კურსია. თავის მხრივ კი კომპანიის ატმოსფერო მათთვის კომფორტულია. ბედნიერი თანამშრომელი, ასევე კმაყოფილ მომხმარებელს ნიშნავს და სწორედ ჩვენს გუნდს TBC-ის ბიზნესდაჯილდოებაზე „ბედნიერი თანამშრომლები“ ეწოდათ. თავად WONDERLAND ნომინაციაში „თანამშრომლებზე განსაკუთრებული ზრუნვისთვის“ ფინალისტთა სამეულში შევიდა.
როგორ ხდება ტურისტული სააგენტოს სერვისების გამოყენება მომხმარებლისთვის მომგებიანი?
პროფესიონალს იმ ყველა საძიებო სისტემის მოხმარების უნარი აქვს, რაც მოგზაურობის ეფექტურად დაგეგმვას სჭირდება, გამოცდილებიდან გამომდინარე კი, ეს პროცესი წარმოუდგენლად მარტივი და სწრაფია. დროსთან ერთად იზოგება ფინანსებიც. ალბათ გასაკვირი არაა, რომ საერთაშორისო ორგანიზაციის წევრი სააგენტო არაერთი შეღავათით სარგებლობს, რაც საუკეთესო ფასის გარანტია, როგორც სასტუმროს, ასევე ფრენის თუ სხვადასხვა ღონისძიების ბილეთების შეძენის შემთხვევაში.
შედგენილი სამოქმედო გეგმა მოგზაურს მოულოდნელ უსიამოვნებებს თავიდან აარიდებს. ფრენის გადადება, დაკარგული ბარგი, ჯავშნის გაუქმება და სხვა უამრავი რამ შეიძლება მოხდეს, რა დროსაც სააგენტო ფაქტობრივად მოგზაურის ადვოკატის როლს ასრულებს და რეკომენდაციებს გასცემს.
სააგენტო ზრუნავს ჯავშნების, საცხოვრებლის თუ ტრანზაქციების სანდოობაზეც და სხვადასხვა თაღლითობისგანაც მომხმარებელს დაიცავს.
საბოლოო შედეგი ნაკლები სტრესია. შესაძლოა, მცირე დეტალის გამოტოვებამ, ყველაფერი თავდაყირა დააყენოს, აგენტი კი გაითვალისწინებს ყველა მნიშვნელოვან, ერთი შეხედვით წვრილმან დეტალს: რომელიღაც დამატებითი საბუთი ხომ არ სჭირდება მოგზაურს საზღვარზე, ხომ არ ითხოვს ესა თუ ის ქვეყანა (სადაც მანქანა დაჯავშნეთ) საერთაშორისო მართვის მოწმობას ან სახიფათო უბანში ხომ არ ჯავშნით სასტუმროს, და ასე უსასრულოდ…
როგორია კომპანიის უახლოესი გეგმა?
WONDERLAND ძალიან მალე მომხმარებლებს შესთავაზებს ვებსაიტს, სადაც შინიდან გაუსვლელად შეძლებენ თავად დაჯავშნონ სასტუმრო, ავიაბილეთი, ტური და სხვა სასურველი მომსახურება მსოფლიოს ნებისმიერი მიმართულებით.
WONDERLAND-ის გუნდის წევრმა OK!-ის მკითხველებს რამდენიმე მნიშვნელოვანი რეკომენდაციაც გაუზიარა...
დაიცავით ბალანსი დღის დაგეგმვაში – არ ეცადოთ, დღის თითოეული საათი გაწეროთ, და დღის განმავლობაში თავი მარათონზე იგრძნოთ. სჯობს ხარისხიანად მოინახულოთ ესა თუ ის ადგილი, ვიდრე თითოეული ღირსშესანიშნაობა მოირბინოთ. თუმცა, გარკვეული წინასწარი კვლევა დაგეხმარებათ კიდევ უფრო მეტად დატკბეთ ქვეყნით და არ გამოტოვოთ მნიშვნელოვანი სანახაობა. კარგია, თუ მოსანახულებელი ადგილის სამუშაო საათები წინასწარ გეცოდინებათ.
მიმოიხედეთ უფასო გასართობისთვის – უმეტეს შემთხვევაში, ჯიბის დაცარიელება სულაც არ არის საჭირო დროის სასიამოვნოდ გასატარებლად, რადგან ირგვლივ უამრავი საინტერესო სანახაობა სრულიად უფასოა: ქუჩებში საკმაოდ ხშირად ტარდება ღია კონცერტები, მოგზაურობისას შეგიძლიათ მაყურებელთა რიცხვს შეუერთდეთ და უბრალოდ მუსიკით დატკბეთ.
ყველა ქალაქს აქვს უბანი, სადაც არქიტექტურა მკვეთრად წარმოაჩენს იდენტობას. შეგიძლიათ რომელიღაც მათგანი შეარჩიოთ და თემატური ტური მოიწყოთ, დატკბეთ ფასადებით, სადარბაზოების თავისებურებებით და შენობების ისტორიებს გაეცნოთ.
ასევე შეგიძლიათ შეუერთდეთ ქალაქის უფასო ველოსიპედის ტურს, რაც როგორც წესი, ყოველდღე ტარდება და საუკეთესო გზაა დამალული ადგილების აღმოსაჩენად, დღის ჯანსაღად გასატარებლად და ახალი ადამიანების გასაცნობად.
ადგილობრივი აქტივობა – ყველა ქვეყანას აქვს საკუთარი ნიშა თუ დამახასიათებელი აქტივობა, რომელიც არ უნდა გამოტოვოთ. ფინეთში – საუნა, საქართველოში – ღვინის დაგემოვნება, უნგრეთში – გოგირდის აბანოები, ესპანეთში – კორიდა, ბავარიაში – ლუდის ბარების სტუმრობა, საფრანგეთში – კაბარე და ასე უსასრულოდ. ეს ის გამოცდილებებია, რომელებიც ქვეყნებს ერთმანეთისგან განასხვავებს და კულტურას გვაცნობს.
„ადგილობრივი ქუდი“ – სულ რამდენიმე სიტყვის დაზეპირებით, ადგილობრივთა კეთილგანწყობას მარტივად დაიმსახურებთ, გაგიმარტივდებათ კომუნიკაცია კაფესა თუ მაღაზიაში. ვინ იცის, იქნებ ფასდაკლებაც მიიღოთ, ან უბრალოდ სასიამოვნო მოკლე საუბარი შედგეს, რაც როგორც ცნობილია, ადამიანის ბედნიერებისთვის საკმაოდ მნიშვნელოვანია.
ახალი ადამიანები – საერთაშორისო პლატფორმა Couchsurfing არაჩვეულებრივი გზაა ახალი ნაცნობობის დასამყარებლად. აქ მოგზაურები თანხმდებიან შეიკრიბონ სასადილოდ, კარაოკე-ბარში, ქალაქის დასათვალიერებლად ან ღამის კლუბში გასართობად, შემდეგ კი ერთმანეთს შთაბეჭდილებებს უზიარებენ.
WONDERLAND 2020 წლისთვის სამოგზაურო მიმართულებების ტოპხუთეულსაც გთავაზობთ
1. თურქეთის ეგეოსის მხარე, ბოდრუმი, მარმარისი, კუშადასი
თურქეთის ეგეოსის მხარის ზღვა, სანაპირო, სამზარეულო, საბერძნეთს მოგვაგონებს. საერთო ჯამში კი თურქეთის ამ მხარეში დასვენება გაცილებით ხელმისაწვდომია, ვიდრე იგივე დონის სასტუმროში დარჩენა საბერძნეთის ფარგლებში.
2. იტალია, რეგიონი კამპანია; ნეაპოლი, ამალფის სანაპირო და კუნძული კაპრი
2020 წლის ივლისიდან, საკმაოდ დაბალ ფასად, ქუთაისის აეროპორტიდან პირდაპირ ნეაპოლში ჩაფრენაა შესაძლებელი. ასევე ნეაპოლიდან 30 წუთის გზაზე უამრავი ლამაზი ქალაქია სანახავი.
3. პორტუგალია – პორტუ და ბრაგა
2020 წლისთვის, პორტუსა და ბრაგას ევროპაში ერთ-ერთ ყველაზე საინტერესო მიმართულებებად სხვადასხვა საერთაშორისო გამოცემა ასახელებს, ხოლო ბრაგას „პორტუგალიის რომად“ იხსენიებენ.
4. დანია – კოპენჰაგენი
კოპენჰაგენი ძველი და თანამედროვე არქიტექტურის საოცარი მიქსია. განსაკუთრებით საინტერესო აქტივობების დაგეგმვა არის შესაძლებელი ბავშვებთან ერთად მოგზაურობისას. ქუთაისის აეროპორტიდან ამ ქალაქში ჩაფრენასაც ასევე ძალიან ხელმისაწვდომი ფასი აქვს.
5. ინდონეზია – ბალი
წელს ბალი საუკეთესო „სანაპირო მიმართულებად“ სახელდება აზიაში. აქ შესაძლებელია მთასა და ზღვაში დასვენების საუკეთესო კომბინაციის შექმნა. მნიშვნელოვანია, რომ აღნიშნული მიმართულება წლის ნებისმიერ დროს თანაბრად შთამბეჭდავია.