თინანო მეგრელიძის, ვაჟა ბექაურის, დიმიტრი ბერძენიშვილის, ირაკლი ზიბზიბაძის, დათო ჩხიკვიშვილის, მაგდა ივანიშვილისა და ზოე ცქვიტაიას მუსიკალურ სამყაროში თანაარსებობამ წლების წინ უამრავი ადამიანისთვის საყვარელ ბენდ „ლეიდიბერდის“ ჩამოყალიბება განაპირობა. დრამი, გიტარა, ბასგიტარა და კლავიში, ვოკალისტებთან ერთად იმ ჟღერადობას ქმნის, რომელიც მუსიკალურ სივრცეში ჯგუფს გამოარჩევს და საქართველოს მასშტაბით არაერთი დღესასწაულის თანმხლები მუსიკა გამხდარა.
მუსიკოსებმა გასული საუკუნის 90-იანი წლებიდან, რომელთაც სფეროში მრავალწლიანი გამოცდილება დააგროვეს, ხედვისა და გემოვნების გაზიარება ახალგაზრდა მომღერლებთან ერთად გადაწყვიტეს და „ლეიდიბერდის“ რეპერტუარში აქცენტი Cover-მუსიკაზე გაამახვილეს, რაც სრულიად ახლებური გააზრებით მსმენელამდე მიიტანეს. ხშირად, ბენდი დღესასწაულს თემატიკის ირგვლივ ქმნის და მუსიკალური ლეგენდების გაცოცხლებას ახერხებს; დაუვიწყარი სიმღერები 1970-იანებიდან, მაიკლ ჯექსონის საღამო, ყველასათვის ნაცნობი იტალიური ჰიტები თუ სხვა, „ლეიდიბერდის“ რეპერტუარის შერეულ დიაპაზონს წარმოადგენს, რომელშიც შთაგონების წინაშე საზღვრები იშლება.
ბენდის წევრებს მიაჩნიათ, რომ მათ მთავარი რამ აერთიანებთ და ეს გემოვნებაა; რამდენადაც პარადოქსულად უნდა ჟღერდეს, გემოვნება აბსოლუტურად განსხვავებული აქვთ. სწორედ ეს ფაქტი „ლეიდიბერდს“ ინდივიდუალიზმით გამორჩეულ ერთიანობად აქცევს, რომელშიც ჰარმონია სუფევს.
როგორც ამბობენ, იმისათვის, რომ ბენდში მყარი კავშირი ჩამოყალიბდეს, მთავარი ადამიანური ურთიერთობებია, რომლის შექმნაც შეძლეს და საერთო ღირებულებების ირგვლივ განსხვავებული ტემპერამენტისა და ხასიათის მქონე ადამიანები შეიკრიბნენ. მამაკაცები ბენდიდან ერთხმად აღნიშნავენ, რომ გოგონებმა „ლეიდიბერდში“ ახალი სისხლის შემოტანა შეძლეს და ყველაზე კარგად ახერხებენ, მაჯისცემა იგრძნონ. სწორედ გოგონების პატივსაცემად, ბენდს „ლეიდიბერდი“ (ინგლ. ჭიამაია) ჰქვია.
„ლეიდიბერდს“ ხშირად მსმენელი „ჰარდ როკ კაფეში“ ხვდება, თუმცა მათი გადატვირთული გრაფიკის გათვალისწინებით, სცენისთვის ლოკაცია მუდმივად ცვლადია. მოგზაურობენ რეგიონებში და მუსიკალურ შოუს ნებისმიერი ღირსშესანიშნავი დღის აღსანიშნად აწყობენ; სულ ცოტა ხნის წინ, ჩვენი ჟურნალის საღამოც სწორედ „ლეიდიბერდმა“ გააფორმა.
„ლეიდიბერდის“ თითოეულ წევრს დღის განმავლობაში კონკრეტული სამუშაო აქვს, დღის ბოლოს კი, კვირაში რამდენჯერმე, სტუდიაში ერთად, მთავარი ინტერესისთვის იხარჯებიან. გადიან რეპეტიციას და ახალ ნამუშევრებს რეპერტუარს ამატებენ. თუმცა ბენდს ერთ-ერთი ვოკალისტი, მაგდა ივანიშვილი გამოაკლდა, რომელიც თანამშრომლობას დროებით ვეღარ ახერხებს.
Cover-პროგრამის გარდა, „ლეიდიბერდს“ მასალა საავტორო მუსიკაშიც მოუგროვდა. ფიქრობენ, რომ მალე დადგება დრო, როცა მსმენელი მათ ამ კუთხითაც გაიცნობს; თუმცა, მანამდე ნიშა, რომელიც ქავერ-სიმღერების შესრულების მათეული მანერითა და იმპროვიზაციის უსაზღვრო შესაძლებლობებით დაიკავეს, მთავარ გამოწვევად რჩება!