ქალაქის ორდინარულობისგან გარიდებული, არასტანდარტული სივრცის შექმნით, ძმებმა – გორდა და თაზო ნამიჭეიშვილებმა ლისის ტბის სიახლოვეს სრულიად ახლებური კონცეფციის მქონე ივენთ ჰოლი შექმნეს. „ლისი მერეს“ დაარსებით, არა მხოლოდ განსხვავებული კულტურის მქონე დაწესებულება, არამედ რეკორდული პრეცედენტიც გაჩნდა. წელიწადნახევრის განმავლობაში ჩატარებული 350-მდე მასშტაბური ღონისძიება და სასიამოვნოდ გაოცებული სტუმრების მუდმივად მზარდი სია „ლისი მერეს“ საქმიანობის ანგარიშზე ირიცხება. WOW! − ემოციური შეძახილია, რომელიც ვიზიტორების მხრიდან სივრცისა და სერვისის შეფასებისას ყველაზე ხშირ და ბუნებრივ ქათინაურად იქცა და „ლისი მერეს“ დროსთან ერთად ზრდად აქტუალურობას განმარტავს. OK! გორდა ნამიჭეიშვილს „ლისი მერეს“ წარმატების მიზეზებსა და მთავარ სიახლეზე ესაუბრა.
რა იდეის ირგვლივ გაერთიანდით, როცა „ლისი მერეს“ შექმნა გადაწყვიტეთ? რა ტიპის პრეცედენტის შექმნა დაისახეთ მიზნად?
ჩვენი მიზანი სივრცის შექმნა იყო, რომელიც გასცდებოდა ივენთ ჰოლის, რესტორნის, საკონფერენციო დარბაზის მნიშვნელობის ფარგლებს. გვინდოდა, ბუნებასთან ჰარმონიულად შერწყმული ახალი კონცეფციის მქონე სივრცე შეგვექმნა, რომელიც ახლებური წარმოდგენებით, ღონისძიებებს დაუვიწყარ დღედ აქცევდა.
„ლისი მერეს“ სამახსოვრო ესთეტიკა მყუდრო, თანამედროვე დიზაინის რამდენიმე საინტერესო მიმდინარეობამ ვინტაჟურ სტილთან სინთეზში შექმნა.
როგორ ფიქრობთ, რამ განსაზღვრა ჩანაფიქრის წარმატებით რეალიზება?
რასაკვირველია, წარმატება „ლისი მერეს“ რეალურმა იერსახემ დიდწილად განსაზღვრა, თუმცა მეტად მნიშვნელოვანი ის შრომაა, რომელიც გავწიეთ და დღესაც დინამიკაში ვაგრძელებთ.
ბაზარზე წელიწადნახევრიანი არსებობის განმავლობაში 350-მდე ღონისძიებას ვუმასპინძლეთ და მხოლოდ ახალი წლის პერიოდში, 40-მდე კორპორაციული საღამო ჩავატარეთ. ამ ყველაფრის მიზეზი „ლისი მერეს“ პოლიტიკა მგონია, რომელიც გუნდის თითოეული რგოლის მაქსიმალურ ჩართულობას გულისხმობს. მე და ჩემი ძმაც ყველანაირ როლს ვირგებთ და ალბათ, ეს პერსონალისთვის გადამდებია – საერთო წარმატებისთვის ყველა თანაბრად ვიხარჯებით.
სრული სერვისი „ლისი მერეს“ მორიგი უპირატესობაა; ბენდები, წამყვანები, ტექნიკა და ყველა სხვა მნიშვნელოვანი თუ მცირე, მაგრამ საგულისხმო დეტალი ჩვენი პრეროგატივაა, რომელსაც სტუმრებს ვთავაზობთ. ექსკლუზიური თანამშრომლობა სხვადასხვა ჯგუფთან, საშუალებას გვაძლევს „ლისი მერეს“ ვიზიტორებს განსაკუთრებული ტარიფებიც შევთავაზოთ.
წარმატებული ღონისძიების ჩასატარებლად, რამდენად მნიშვნელოვანია დამკვეთთან წინასწარი სწორი კომუნიკაცია?
ეს ძალიან მნიშვნელოვანი ეტაპია, რადგან გარკვეულ კითხვარზე პასუხების მიღების შემდეგ, ჩვენი გუნდის ამოუწურავ კრეატივს გასაქანი ეძლევა. რეკომენდაციების გაცემა ჩვენი კეთილი და უშურველი ნებაა, რომელსაც მომხმარებლების კეთილგანწყობა ახლავს.
ერთგულმა მომხმარებლებმა დიდი ხანია იციან, რომ გუნდის თითოეული წევრი, მათ შორის მე და ჩემი ძმა, ყოველთვის მზად ვართ, დეტალურად განვიხილოთ ყველა საჭიროება, შევაფასოთ მოლოდინი და გადავაჭარბოთ მათ.
რის ხარჯზე ხდება შესაძლებელი მუდმივი აქტუალურობის შენარჩუნება?
ეს მუდმივი განვითარებისა და სიახლის ძიების სურვილს ემყარება. სიახლეების შემომატება ჩვენი ინტერესია, ვეცნობით ტენდენციებს და ვნერგავთ მათ; ვაახლებთ ინვენტარსაც, რომელიც ადგილობრივ ბაზარზე მრავალფეროვნებით არ გამოირჩევა, ამიტომ მათ ევროპის მასშტაბით ვიძიებთ. ეს მაშინაც ხდება, როცა კონკრეტული საღამოსთვის დამკვეთის გემოვნების გათვალისწინებას ვცდილობთ. რაც მთავარია, სიახლეებისთვის ფეხის აწყობის პროცესში არასდროს ვკარგავთ ინდივიდუალურობას.
რა სიახლეებს უნდა ელოდონ მომხმარებლები „ლისი მერესგან“?
ჩვენი გუნდი აპრილის თვეში ახალი სივრცის – „ლისი მერე რეზიდენსის“ პრეზენტაციას გამართავს, რომელიც მისი შინაარსით უნიკალურია. უზარმაზარი ფართის ათვისებისას ადგილი სხვადასხვა სამსახურის კორპორაციული წვეულების, პრეზენტაციების მოწყობისთვის, ასევე ე.წ. ქოფი ბრეიქისთვის და აფთერ ფართისთვის გამოიყოფა. წვეულების მიწურულს სივრცე ერთიანდება, იხსნება ტიხრები და „ლისი მერეს“ ჩვეული გართობა იწყება.
ეს, არც მეტი არც ნაკლები, ერთგვარი მუზეუმი იქნება, სადაც ქანდაკებები, ხელნაკეთი ნივთები და უამრავი საინტერესო აქსესუარი ინტერიერსა და ექსტერიერს გააფორმებს. საქართველოს მასშტაბით არაერთი ნიჭიერი ხელოვანის ნამუშევარი შევაგროვეთ და მათი სახელების ისტორიისთვის შემონახვაში ჩვენ წვლილს შევიტანთ. სივრცე 700 ადამიანზე გათვლილ წვეულებას დაიტევს და მნიშვნელოვანი დღის აღნიშვნას ნამდვილ დღესასწაულად აქცევს.