ეკა ჩანჩიბაძეს ყველა იცნობს, როგორც სილამაზის ოსტატს, თუმცა თავად ამბობს, რომ ქართველებს ბუნებრივი სილამაზის გამო სულაც არ სჭირდებათ განსაკუთრებული მაკიაჟი. ცოტა ხანია, რაც მის ცხოვრებაში ახალი ეტაპი დაიწყო. მოკლედ, OK! გთავაზობთ საინტერესო ინტერვიუს ეკა ჩანჩიბაძესთან და მის მეუღლესთან − ლევან ახვლედიანთან.
ეკა, როგორ დაიწყო თქვენი სიყვარულის ისტორია?
მე და ლევანი თურმე სოხუმში ერთ ქუჩაზე ვცხოვრობდით და საოცარია, რომ ერთმანეთი თბილისში გავიცანით, ჩვენი საერთო მეგობრისგან. ეს ფაქტი კი, მოგვიანებით აღმოვაჩინეთ.
როგორი იყო თქვენი პირველი ემოცია?
(ეკა): მე ლევანის ვიზუალით მოვიხიბლე თავიდან. შემდეგ მისი ბუნებით, რა თქმა უნდა.
(ლევანი): ჩემთვის ეკას შინაგანი სამყარო და მისი ხასიათი იყო გადამწყვეტი.
მოგვიყევით თქვენს გატაცებებსა და მისწრაფებებზე − ბავშვობიდან დღემდე...
(ეკა): ბავშვობაში ყოველთვის ვამბობდი, ექიმი უნდა გამოვიდე-მეთქი. თუმცა, ხელოვნების სფეროებისადმი მუდამ განსაკუთრებული ინტერესი მქონდა. მიყვარდა ქარგვა, პატარა ნივთები... 15 წლის ასაკში გადავწყვიტე, გამოცდები სამხატვრო აკადემიაში, მოდელირებაზე ჩამებარებინა და დავიწყე ხატვა. მოგვიანებით მოვხვდი მაკა ასათიანთან. მისგან ძალიან ბევრი რამ ვიწავლე. მაკამ დამიფინანსა მაკიაჟისა და ვარცხნილობის კურსებიც, რუსეთში. მიუხედავად იმისა, რომ სწავლის დასრულების შემდეგ მქონდა სხვადასხვა შემოთავაზება, იქ დარჩენა ვერ შევძელი და ისევ თბილისში დავბრუნდი. ასე დაიწყო ახალი ეტაპი ჩემს ცხოვრებაში − პროფესიული მაკიაჟისა და ვარცხნილობის სფეროში. მაკასთან მუშაობა იყო საუკეთესო წლები ჩემს ცხოვრებაში. დღემდე მაქვს ამის დანაკლისი.
(ლევანი): მიუხედავად იმისა, რომ განათლებით იურისტი ვარ, ყველაფერი გავაკეთე იმისათვის, რომ სოფლის მეურნეობაში ვყოფილიყავი. ამ სფეროში ვგრძნობ თავს ყველაზე კომფორტულად. თან, როდესაც ეკა გავიცანი, აღმოჩნდა, რომ მამამისიც ამ საქმითაა დაკავებული და კიდევ უფრო დიდი მოტივაცია მომეცა.
თვისებები, რომელიც ყველაზე მეტად განგასხვავებთ ერთმანეთისგან...
(ეკა): ლევანი ძალიან კარგი მენეჯერია და შეუძლია კარგად გაწეროს დღის განრიგი. შესაბამისად, ყველაფერს ორგანიზებულად ასწრებს. მისგან განსხვავებით, მე ძალიან ქაოსური ადამიანი ვარ.
(ლევანი): ყოველთვის ვცდილობ არ შევზღუდო ეკას ის სივრცე, რომელიც მას, როგორც ხელოვან ადამიანს, დიდ თავისუფლებას ანიჭებს. მიუხედავად იმისა, რომ ძალიან მოწესრიგებული ადამიანი ვარ, ვფიქრობ, ეკას ქაოსურობა მისი, როგორც ხელოვანი ადამიანის, ხასიათს უფრო მეტად გამოკვეთს.
გარდა სიყვარულისა, თქვენთვის რა არის თანაცხოვრება?
(ეკა): დათმობა და ურთიერთპატივისცემა.
(ლევანი): თანაცხოვრება უპირველესად ემოციების მართვაა. ეკასთან ურთიერთობა საოცარ სიმშვიდეს მანიჭებს და ძალიან მაბედნიერებს. საბოლოო ჯამში, ყველა გზა ჰარმონიისკენ მიდის და სიმშვიდეს, ურთიერთგაგებას, დათმობას აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა.
განსაკუთრებულად ლამაზი სანახავია ამდენი სიმწვანე ინტერიერში. სახლი თქვენი გემოვნებით მოაწყვეთ?
(ეკა): თავიდან რაღაცები სულ სხვაგვარად მინდოდა, თუმცა ნაწილი არ გამოვიდა, ნაწილი მასალების ვერ ვიშოვე − როგორც ხდება ხოლმე თბილისში. შემდეგ დინებას მივყევი და შედეგად ასეთი ინტერიერი მივიღე. ბევრ სიმწვანეს რაც შეეხება, ძალიან მიყვარს − გარდა იმისა, რომ ინტერიერს ალამაზებს, ჯანმრთელობისთვისაც ძალიან სასარგებლოა.
(ლევანი): ინტერიერის მოწყობისა და ნივთების გადაკეთების განსაკუთრებული ხედვა აქვს ეკას.
ეკა, როგორი მაკიაჟის ტარებას გვირჩევთ?
მუდამ ვამბობ, ქართველი ერი იმდენად ლამაზია, რომ განსაკუთრებული მაკიაჟი არ სჭირდება. უბრალოდ, კოსმეტიკა გვაძლევს საშუალებას, მინიმალური ჩარევით მაქსიმალურად მოვაწესრიგოთ ჩვენი სახის კანი. თუ აქამდე აქტუალური იყო მაქსიმალურად სკულპტურული ჩავარდნილი ლოყები, ამ ეტაპზე უფრო ბუნებრივი სახეა მოდაში, პრიალა ზედაპირით.
თავისუფალ დროს რისი კეთება გიყვართ?
(ეკა): ფაქტობრივად, თავისუფალი დრო არ მაქვს − ყოველთვის რაღაცას ვაკეთებ, რადგან არ მიყვარს დროის კარგვა. მუდამ მენანება...
(ლევანი): ჩემთვის საუკეთესო განტვირთვა ეკას საქმიანობისთვის თვალყურის დევნებაა, იმდენად მოცულია მისი ცხოვრება ხელოვნებით.
ეკა, შთაგონებას საიდან იღებთ?
პირადად მე, ყველაფერში ვპოულობ შთაგონებას. ძალიან მიყვარს მუზეუმების თვალიერება, ეს ემოციები განსაკუთრებულ შეგრძნებებს აღმიძრავს ხოლმე.
სოხუმში ყველაზე მეტად რა გენატრებათ?
(ეკა): ყველაფერი მენატრება... თუმცა, თბილისი ისე შემიყვარდა, რომ ალბათ ვერსად ვეღარ ვიცხოვრებ. როცა სხვა ქვეყანაში ვარ ხოლმე, ერთი სული მაქვს, როდის დავბრუნდები თბილისში. ამ ქალაქს საოცარი სითბო და სიყვარული აქვს, რომელსაც ვერაფერში გავცვლი.
(ლევანი): მიწა, კლიმატი, სუნი − ყველაფერი მენატრება და მიყვარს! ყველაფრით გამორჩეულია ეს კუთხე...
დაბოლოს, რა არის თქვენთვის ბედნიერება?
(ეკა): ვფიქრობ, ბედნიერება თვითონ უნდა იპოვოს ადამიანმა და ეცადოს, ყველაფრით გაიბედნიეროს თავი. მე მგონია, რომ ადამიანს თვითონ შეუძლია აირჩიოს, იქნება თუ არა ბედნიერი. რა თქმა უნდა, ყოველდღიურად ძალიან ბევრი ყოფითი პრობლემაა, თუმცა მიუხედავად ყველაფრისა, მუდამ ვცდილობ ყველაფერში დავინახო ბედნიერება.
(ლევანი): მე ვფიქრობ, ჩვენ თვითონ ვქმნით ადამიანები საკუთარ ბედნიერებას.