დიდი ხანია მანიკას ვიცნობ... მიუხედავად იმისა, რომ მრავალი წელი გავიდა მას შემდეგ, დღემდე მახსოვს პატარა გოგონა, რომელიც მუდამ იღიმოდა და სახეზე ბედნიერების სხივები დასთამაშებდა. ზუსტად ასეთია დღესაც. ყოველთვის ვამბობ, ტყუილუბრალოდ ცხოვრებაში არაფერი ხდება-მეთქი და მჯერა, რომ მანიკას ღმერთმა სპეციალურად მისცა ულამაზესი ჟღალი თმა, რადგან ასეთი ადამიანები განსაკუთრებული სიკეთით ხასიათდებიან. როგორ შეიძლება, ირგვლივ სინათლეს და სიყვარულს არ აფრქვევდეს გოგონა, რომელსაც მზისფერი თმა აქვს და თვითონ ჰგავს კაშკაშა მზეს − სჯერა სიკეთის, სიყვარულისა და იმედის. გაუმართლა, რადგან ცხოვრებაში ისეთი თანამგზავრი იპოვა, რომ ერთმანეთის უსიტყვოდ ესმით და უკვე თერთმეტი წელია ერთად არიან. მაშ ასე, მანიკა ასათიანისა და ბექა წივწივაძის სიყვარულის ისტორია, სპეციალურად OK!-ის მკითხველისთვის.
მოგვიყევით, როგორ დაიწყო თქვენი ურთიერთობა?
(მანიკა): ყველაფერი დაიწყო 11 წლის წინ... ერთი წელი შეყვარებულები ვიყავით. უკვე 10 წელია ცოლ-ქმარი ვართ. ვერ ვიტყვი, რომ ჩვენს ურთიერთობას განსაკუთრებული საწყისი ჰქონდა. ბექას მოვეწონე და დაიწყო აქტიურობა. თუმცა, ისიც უნდა აღვნიშნო, რომ მე არ მიყვარს ზედმეტად აქტიური მამაკაცები, ბექას კი ძალიან სწორი ტაქტიკა ჰქონდა არჩეული. მისმა თავდაჭერილობამ და იმან, რომ საკუთარ თავში დარწმუნებული იყო, დროთა განმავლობაში მომხიბლა და მივხვდი, რომ ეს „ის“ იყო.
(ბექა): ერთმანეთი ჩვენი საერთო მეგობრისგან − ნუკი ყარალაშვილისგან გავიცანით. ამის შემდეგ ისე მოხდა, რომ საზღვარგარეთ წავედი და ცოტა ხანი ჩვენ შორის კონტაქტი გაწყდა. მე საკუთარ გრძნობებში გამგზავრებამდეც ვიყავი დარწმუნებული, თუმცა ვფიქრობ, ეს განშორება მანიკასთვის აღმოჩნდა გადამწყვეტი.
თვისება, რომელიც ყველაზე მეტად გხიბლავთ ერთმანეთში?
(მანიკა): პირველად მომხიბლა მისმა თავდაჭერილობამ. შემდეგ უკვე მომეწონა მისი ბუნება − ძალიან კეთილი და ერთგული ადამიანია. საოცრად კარგი მეგობარია, არა მხოლოდ ჩემთვის, არამედ, ზოგადად, თავისი მეგობრებისთვის. არასდროს იღლება რჩევის მოცემით, არასდროს ბეზრდება მეგობარზე ზრუნვა.
(ბექა): ყველაზე მეტად, რაც მანიკაში მომწონს, არის სიკეთე, რომელიც მას აქვს. დარწმუნებული ვარ, გონებაში წამითაც არასოდეს გაუვლია ვინმეს მიმართ უარყოფითი აზრი. საოცარი ადამიანია, მუდმივად ცდილობს ყველაფერში კარგი დაინახოს და თავისი სიკეთე შენც გადმოგდოს. მისგან ძალიან ბევრ რამეს ვსწავლობ.
გარდა სიყვარულისა, თქვენთვის რა არის თანაცხოვრება?
(მანიკა): რასაკვირველია, უპირველესად სიყვარულია. თუმცა, მეორე მნიშვნელოვანი ფაქტორი თანაცხოვრებაში ერთგულებაა. ყოველთვის ვამბობ, ეჭვიანი არ ვარ-მეთქი, მაგრამ, ალბათ, იმიტომ, რომ ბექა არ მაძლევს ამის საბაბს არასოდეს. ურთიერთობას, გარდა სიყვარულისა, მრავალი სხვა გრძნობა კვებავს და ზრდის. თანაცხოვრება ჩვენთვის მუდმივია: საუბარი, დათმობა, ერთმანეთისგან სწავლა, ერთად განვითარება და გაზრდა. როგორც ერთმანეთის, ისე ერთმანეთის ოჯახის წევრებისადმი ურთიერთპატივისცემა.
(ბექა): ყველაზე მნიშვნელოვანი ის არის, რომ მე და მანიკას ცხოვრებაში ზუსტად ერთნაირი ფასეულობები გვაქვს. შესაბამისად, ერთ ენაზე ვსაუბრობთ და ეს აადვილებს ჩვენს თანაცხოვრებას. ჩვენ ერთმანეთისგან ბევრ რამეს ვსწავლობთ და მუდმივად ვვითარდებით. რაც უფრო მეტი დრო გადის, ერთმანეთის უსიტყვოდ გვესმის და ზუსტად ვიცით, რომელ სიტუაციაში როგორაა უკეთესი მოვიქცეთ. ეს არის თანაცხოვრება და სიყვარული.
ცხოვრების ახალი ეტაპი − შვილია. მოგვიყევით გიოს შესახებ.
(მანიკა): მე თავიდანვე გადაწყვეტილი მქონდა, რომ მინდოდა შვილი. შესაბამისად, გააზრებულად გავაჩინე გიო და ვხვდებოდი, რომ აქ დაიწყო ყველაზე დიდი ბედნიერება. ბუნებრივია, შეცდომებს ყოველთვის ვუშვებთ, მაგრამ ამ შეცდომებზე ვსწავლობთ. შეიძლება ითქვას, რომ ერთად ვიზრდებით და ყოველთვის ვცდილობ, რაც შეიძლება სწორად მივუდგე და გავუგო მას. მშობლობა ყველაზე რთული „პროფესიაა“, მით უმეტეს დღეს, როცა სულ სხვანაირი თაობა მოდის − ბევრად განვითარებულები და ბევრად დამოუკიდებლები არიან. შესაბამისად, მათთან ურთიერთობისას მუდამ უნდა აკონტროლო საკუთარი თავი. რაც შეეხება გიოს ბუნებას, ძალიან ბევრ რამეში გვგავს მეც და ბექასაც. ჩემსავით უყვარს მათემატიკა და ბექას მსგავსად სპორტი. თუმცა, უფრო მეტ უპირატესობას ფეხბურთს ანიჭებს, ვიდრე კალათბურთს. მოკლედ რომ ვთქვა, რაც ის გაჩნდა, ჩვენი ცხოვრების მიზნები მთლიანად მას დაუკავშირდა.
(ბექა): გიო რომ გაჩნდა, პატარები ვიყავით და შეიძლება ითქვას, სრული სიმძაფრით ვერ აღვიქვამდი მამობას. ბოლო დროს უფრო ვაცნობიერებ, რომ გიოსთან ერთად სულ სხვა ეტაპი დაიწყო ჩვენს ცხოვრებაში. ვცდილობთ, მოვარიდოთ სმარტფონები და დავტვირთოთ სპორტით. მაქსიმალურად გავიგოთ მისი საჭიროებების შესახებ და ნაკლები შეცდომა დავუშვათ. ჩვენი ცხოვრების მთავარი მოტივატორი გიოა.
რისი კეთება გიყვართ თავისუფალ დროს?
(მანიკა): ყველაფრის კეთება მიყვარს. თუმცა, ძალიან იშვიათად გვაქვს თავისუფალი დრო. ბექას ყველაფრის კეთება დაგეგმილად უყვარს. მე ვერ ვგეგმავ ვერაფერს, იმიტომ, რომ ყოველთვის რაღაც იცვლება. ამას ისიც ემატება, რომ დროის შეგრძნება არ მაქვს. როცა ვამბობ, რომ 15 წუთში ვიქნები სადღაც, კი არ ვიტყუები − დარწმუნებული ვარ, რომ მოვასწრებ. მაგრამ, რა თქმა უნდა, ვერასდროს ვასწრებ. ამ არაპუნქტუალურობას ძალიან ვებრძვი, მაგრამ, ჯერჯერობით, არაფერი გამომდის.
(ბექა): ყველაზე ცუდი ის არის, რომ ხშირად ერთ დროს არ გვაქვს თავისუფალი დრო. თუმცა, როცა თავისუფალი ვარ, ძალიან მიყვარს შინ გიოსთან ერთად ყოფნა, მანიკასთან ერთად გართობა, მეგობრების გარემოცვაში განტვირთვა.
მანიკა, ჯანსაღი ცხოვრების წესს და ჯანსაღ კვებას თუ ანიჭებთ უპირატესობას?
ძალიან გურმანი ადამიანი ვარ. არ მეგულება ვინმე, ვისაც ჩემსავით უყვარს ჭამა. კერძს რომ ვხედავ, უკვე ვიცი, როგორი გემო ექნება, ამიტომ ძალიან მიჭირს სწორ კვებაზე ყოფნა. თუმცა, ვინაიდან ბექა სპორტსმენია და გიოც სპორტის სხვადასხვა სახეობაზე დადის, ვცდილობ მუდმივად იკვებონ იმ პროდუქტით, რომელიც აუცილებელია.
ბექა, საჭმლის მომზადება უყვარს ასეთ გურმან ადამიანს?
დიახ, კერძების სიყვარულთან ერთად, მანიკას გემრიელი საჭმლის მომზადებაც უყვარს. მანიკას „საფირმო კერძი“ − უგემრიელესი კატლეტები უნდა აღვნიშნო აუცილებლად.
როგორ ფიქრობთ, დღეს თანამედროვე ადამიანს რა აკლია ყველაზე მეტად?
(მანიკა): იმედი. ჩვენი განწყობა მოქმედებს ჩვენს მომავალზე, ამიტომ აუცილებლად უნდა გჯეროდეს ხვალინდელი დღის. უნდა შეგვეძლოს ერთმანეთის ბედნიერების გაზიარება და ამით ტკბობა, რაც ძალიან გვიჭირს. არ შეიძლება პრობლემამ და საკუთარ თავზე ცუდმა გამოცდილებამ გაგაბოროტოს, სხვის მიმართ ღვარძლიანი გაგხადოს.
(ბექა): ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც გვაკლია − განათლებაა. არ ვიცით ერთმანეთთან ურთიერთობა, ერთმანეთის სიყვარული. და კიდევ − სიკეთე და ღიმილი აკლია თანამედროვე ადამიანს.
დაბოლოს, ბედნიერება რა არის თქვენთვის?
(მანიკა): ბექა ხშირად მეუბნება ხოლმე: „ზოგჯერ გიჟი მგონიხარ...“ რადგან ყოველთვის ვცდილობ ყველაფერში კარგი დავინახო და გავიხარო, თუნდაც ძალიან პატარა დეტალებით. ვფიქრობ, ბედნიერებაც სწორედ ეს არის − ადამიანის უნარი, შეგეძლოს იყო ბედნიერი. თუ იმას მკითხავთ, ყველაზე მეტად რა მაბედნიერებს, გეტყვით, რომ ადამიანები და მათთან ურთიერთობა.
(ბექა): ყველაფერი მოდის ტვინიდან. შესაბამისად, ყველაფერში ან დადებითს ეძებ, ან პირიქით. ჩემთვის ბედნიერება ყველაფერშია − თუნდაც ჩემს ძაღლს რომ ვასეირნებ დილით, შემდეგ ბავშვი რომ უნდა გავაღვიძო და სკოლისთვის მოვამზადო. როცა შეგიძლია სხვა ადამიანებს დაეხმარო და ისინი გააბედნიერო, გაახარო, ამაზე დიდი ბედნიერება არც ვიცი, რა შეიძლება იყოს. მოკლედ, მთავარია ჩვენ შეგვეძლოს ამ შეგრძნების სწორად აღქმა და შემდეგ ამით ტკბობა.