ვალენტინობის OK! კიდევ ერთი გამორჩეულად საინტერესო და ძალიან სასიამოვნო წყვილის – თინა ხიდაშელისა და დავით უსუფაშვილის ოჯახს წარმოგიდგენთ. როგორ დაიწყო თინას და დავითის მრავალწლიანი, ხელიხელჩაკიდებული სიყვარულის ისტორია, რა მოხდა ბუდაპეშტში და ბოლოს, როგორ დამყარდა ორი, ერთმანეთისგან სრულიად განსხვავებული ხასიათის მქონე ადამიანს შორის სრული იდილია – წაიკითხეთ თინასთან და დავითთან ქართული OK!-ის ექსკლუზიურ ინტერვიუში.
თინა, დავით, თუ შეიძლება თქვენი ოჯახის ისტორია მოგვიყევით. როგორ დაიწყო ყველაფერი?
(დავითი): ეს იყო ერთხელ ამერიკაში. საქართველოს კონსტიტუციის შექმნასთან დაკავშირებით, 1993 წელს ახალგაზრდა იურისტთა ჯგუფი ჩიკაგოს სამართლის სკოლაში 2-კვირიან სემინარებზე აღმოვჩნდით. სწორედ მაშინ ვიგრძენი, რომ ის „ის“ იყო და მე – „მე“. თუმცა ამის ბოლომდე გააზრებას დაახლოებით წელიწადნახევარი დასჭირდა. საბოლოოდ, ისე მოხდა, რომ თინა ერთი წლით გაემგზავრა სასწავლებლად ბუდაპეშტში და მაშინ აღვიქვი, რომ მის გარეშე მიჭირდა. თვე-ნახევარში ჩავაკითხე, პირდაპირ სასწავლებელში მივედი და ასე დაიწყო ჩვენი სიყვარულის ისტორია. 1996 წლის ზაფხულში დაბრუნდა თინა საქართველოში და შემოდგომაზე ვიქორწინეთ.
აი, ერთმანეთის გაცნობის შესახებ კი აზრთა სხვადასხვაობაა ჩვენ შორის და ვერ ვთანხმდებით. 1990 წელს შეიქმნა საერთაშორისო სამართლისა და ურთიერთობის ფაკულტეტი, სადაც თინა სწავლობდა. მე უკვე კათედრაზე ვმუშაობდი და ხანდახან პროფესორების ნაცვლად ლექციების ჩატარება მიწევდა ხოლმე. 2-3 ლექცია ჩავუტარე თინას ჯგუფს და მაშინ შევხვდით პირველად, თუმცა თინა უარყოფს ამ ფაქტს.
(თინა): ნამდვილად არ ჩაუტარებია, არადა ამტკიცებს, რომ ლექციებიდან ვახსოვარ. მე მახსოვს ჩვენი შეხვედრა და ეს ნამდვილად არ იყო ლექციაზე. ზუსტ კადრებად მაგონდება – უნივერსიტეტის მე-4 კორპუსში, ერთ-ერთ კაბინეტში როგორ გავიცანით ერთმანეთი.
მოკლედ, მთავარია, რომ გავიცანით ერთმანეთი, რაც ცალსახად არაჩვეულებრივი ფაქტი იყო და მოდი, აღარ ჩავეძიოთ ზუსტ ადგილმდებარეობას.
როგორ დაიწყო თქვენი ოჯახური თანაცხოვრება?
(დავითი): ჩვენ გვაქვს ერთგვარი „საქორწინო კონტრაქტი“. შევთანხმდით ასეთ რამეზე – დავხედეთ რვეულის ფურცელს, რომელიც, მოგეხსენებათ, წითელი ხაზით არის გაყოფილი. ვთქვით, რომ ჩვენი ცხოვრების უდიდესი ნაწილი იქნებოდა საჯარო სივრცეში, გაცილებით ნაკლები დრო გვექნებოდა კერძო ცხოვრებისთვის – ოჯახისთვის, და შევთანხმდით, რომ ორივე ნაწილში ერთად ვიქნებოდით ხელიხელჩაკიდებულნი. ამ ტიპის ურთიერთობა არ არის ყველაზე მარტივი. უმეტეს შემთხვევაში ხომ წყვილები შინიდან დილით სხვადასხვა მიმართულებით გადიან და მათი ცხოვრება სხვადასხვა თემატიკითაა დატვირთული, მათი პროფესიების შესაბამისად. ჩვენ კი მივხვდით, რომ ჩვენი პროფესიული და მოქალაქეობრივი, ასევე პირადი ინტერესები იმდენად მსგავსი იყო, რომ მოგვიწევდა ხელჩაკიდებული სიარული ორივე ველზე და დღემდე ასე მოვდივართ.
თქვენი ოჯახი, ასეთი ხანგრძლივი მყარი ურთიერთობა, რაზე დგას?
(თინა): ჩვენი ერთად ყოფნა პირველივე დღიდან არ შედგებოდა, რომ არა ღირებულებებსა და ცხოვრების წესზე სრული, 100%-იანი თანხვედრა. ამ საკითხებში მინიმალური სხვაობაც კი არ გვაქვს შეხედულებებში. ამის პარალელურად, ვართ რადიკალურად განსხვავებული ხასიათის ადამიანები. თუმცა მაშინ, როცა ხედვა და ღირებულებები ერთნაირი გვაქვს, ცხოვრების წესიც რომ იდენტური გვქონდეს, ჩვენი ზედმიწევნით ერთ ადამიანად გადაქცევა მომაბეზრებელიც იქნებოდა. ორი სხვადასხვა პოლუსი ვართ ხასიათებით, ტემპერამენტით, აფეთქებებით და სიმშვიდით. როცა მე ვუბრაზდები შვილებს, დათო კეთილი და მშვიდი მამაა.
საკმაოდ დაკავებული, საქმიანი წყვილი ხართ. როგორია თქვენი ყოველდღიური რეჟიმი?
(დავითი): ძალიან იშვიათია, დღის შუქზე ერთად ყოფნა მოვახერხოთ. მართალია ერთ სფეროში ვსაქმიანობთ, მაგრამ თითქმის არასოდეს ვართ ერთ სივრცეში. საქმიან სფეროში ჩვენ ერთმანეთით არ გვიცნობენ, ერთმანეთისგან დამოუკიდებლად მოვწონვართ ან არ მოვწონვართ, პატივს გვცემენ ან არ გვცემენ. აი, მაგალითად, გუშინ მიღებაზე 10 წუთით გადავიკვეთეთ, სადაც წესით, სხვა მეუღლეები ერთად მივიდოდნენ. ცხოვრების ეს სტილი და დინამიკა უზრუნველყოფს იმას, რომ მუდმივად ერთად ყოფნის უკმარისობა გვაქვს, რაც განაპირობებს ურთიერთობის სიმყარეს. ძირითადი ხედვები იდენტური გვაქვს – სად გვინდა იყოს ჩვენი ქვეყანა, იყონ ჩვენი შვილები; როგორი გვინდა იყოს მსოფლიო და ა.შ. მაგრამ ტაქტიკა და მიზნის მიღწევის გზები განსხვავებულია. ტემპერამენტი და დამოკიდებულებები სხვადასხვა გვაქვს და ამ ნაწილში უკვე იმდენად გამოცდილი წყვილი ვართ, რომ შემიძლია ადამიანებს ვურჩიო – როცა ისინი მეორე ნახევარს ირჩევენ, ნუ შეშინდებიან, თუ ის სხვანაირი აღმოჩნდება, რადგან ასე გაცილებით საინტერესო და მყარი ცხოვრების მეგზური შეიძლება აღმოაჩინონ, ვიდრე საპირისპირო შემთხვევაში შეიძლებოდა მომხდარიყო.
(თინა): ამერიკელებს აქვთ ასეთი შესანიშნავი გამოთქმა – opposites attract („განსხვავებული ადამიანები იზიდავენ ერთმანეთს“). სწორედ ამ გამოთქმის კლასიკური ვერსია ვართ ჩვენ. მთელი ცხოვრება სხვადასხვა საქმიან სივრცეში ვმოძრაობთ და პარლამენტის გარდა, ერთად არასოდეს გვიმუშავია, მხოლოდ ის წელიწადნახევრიანი პერიოდი იყო გამონაკლისი, როცა ფიზიკურად ერთ შენობაში ვმუშაობდით.
თინა, დავით, თქვენს შვილებზე გვესაუბრეთ.
(თინა): აქაც კვლავ ორპოლუსიანი შემთხვევაა – ერთი მე მგავს ძალიან, მეორე – დათოს.
(დავით): ჩვენი უფროსი შვილი – სანდრო, მალე 20 წლის გახდება, გიგა კი 14-ის. ხასიათით სანდრო მამას ჰგავს, გიგა – დედას. როცა სანდრო სკოლას ამთავრებდა და პროფესია უნდა აერჩია, ბევრი იფიქრა და გვკითხა – მითხარით, თქვენი პროფესიისგან ყველაზე შორს მდგარი პროფესიები რომელიაო. მასზე ყველაზე მეტად გადაიარა დედისა და მამის მუდმივმა მოუცლელობამ და ეს დღემდე გულში აქვს. სანდრო მშვიდი ცხოვრების წესის მოყვარულია. არ ვიცი, ამხელა გული საიდან აქვს, რადგან მთელი სამყაროა სანდროს გულში ჩატეული – ყველას სატკივარი ადარდებს, აღელვებს. ძალიან მზრუნველი და გამორჩეულად თბილია. აი, გიგა, საკუთარ ბედნიერებაზე ორიენტირებული ადამიანია.
(თინა): გიგა სამყაროს ცენტრია და მის გარშემო ტრიალებს მთელი დედამიწა. და თუ არ შეაჩერა ტრიალი, უკვირს – კი მაგრამ, რაშია საქმე? სანდროს მსგავს ადამიანს არც კი ვიცნობ, იმდენად გამორჩეულია თავისი დადებითი თვისებებით, კეთილშობილებით. საბოლოოდ, თავის მომავალ პროფესიად ბიზნესადმინისტრირება აირჩია და კავკასიის უნივერსიტეტში, მეორე კურსზე სწავლობს.
დაახასიათეთ ერთმანეთის ის მხარეები, რომელიც ყველაზე მეტად გიყვართ.
(დავითი): თინას ხასიათში არის ასეთი თავისებურება – უკიდურესობების ადამიანია, მისთვის არ არსებობს შუალედური ემოცია და დამოკიდებულებები. როცა ვუყურებ მას, ვფიქრობ, რომ მე წილად მხვდა ბედნიერება ვიცხოვრო ქალთან, რომლის წყალობითაც ადამიანური განწყობების, ემოციების სრულ სპექტრს გავდივარ ერთ დღეში. ეს არის უაღრესად მდიდარი ცხოვრების წესის მქონე, საოცრად არაპროგნოზირებადი ადამიანი. მის გვერდით წამითაც ვერ იქნები მოდუნებული, რადგან არასოდეს იცი, 2 წუთის შემდეგ რა მოხდება. ალბათ, მკითხავთ, ყოველთვის ერთნაირად აღფრთოვანებული ვარ თუ არა ამ ემოციური სპექტრის გავლისას? გიპასუხებთ, რომ, რა თქმა უნდა, არა, ზოგჯერ სუპერაღშფოთებულიც კი ვარ, მაგრამ ვიცი, რომ ამას მოჰყვება სუპერაღფრთოვანება და ბედნიერება, და მე ეს მომწონს. მადლობა თინას ამისთვის.
(თინა): დათოში ყველაზე მეტად მომწონს ერთი უნარი – რომ არ ვიცნობ საქართველოში არცერთ სხვა ადამიანს, რომელსაც აბსოლუტურად ყველასთან ურთიერთობა შეუძლია. დათო უსუფაშვილს შეუძლია ყველასთან გამონახოს სალაპარაკო, საერთო ენა და ეს მისი საოცარი თვისებაა. როცა პარლამენტში ვმუშაობდით, ვამბობდი, რომ დათო ხელახლა აღმოვაჩინე. აბსოლუტურად შოკირებული ვიყავი. ამ ადამიანს შეუძლია ემოციურ აფეთქებამდე მისული, უკიდურესად დაძაბული მიკროსამყარო უცბად დაამშვიდოს, გაანეიტრალოს. ამ მხრივ მხოლოდ მე და გიგა ვართ გამონაკლისები. როცა ჩვენ ემოციების ქარცეცხლში ვართ გახვეული, დათო და სანდრო ოთახიდან მშვიდად გადიან.
სად გიყვართ ყველაზე მეტად თავისუფალი დროის ერთად გატარება?
(დავითი): ბოლო 2-3 წელია, გამოვსწორდით როგორც მშობლები, მანამდე კი, ჩვენი ცხოვრების წესიდან გამომდინარე, ოღონდ სადმე განმარტოება შეგვძლებოდა ერთად მთელ ოჯახს, და მნიშვნელობა არ ჰქონდა, სად მოხდებოდა ეს. ყველა მოცემულობაში ბედნიერებას ვპოულობდით.
(თინა): მაგალითად, ეს ადგილი შეიძლებოდა ყოფილიყო სარდაფი, საიდანაც წინასაახალწლოდ ნაძვის ხე ამოგვქონდა. მოგზაურობასაც ვახერხებთ ხოლმე ერთად. ახლაც მე და სანდრო შაბათ-კვირას ერთად გავიპარებით დასასვენებლად.
(დავით): ხან ერთად ვსადილობთ, თეატრში სპექტაკლს ვესწრებით, სამოგზაუროდ მივდივართ... ახლახან, ბუდაპეშტში ყოფნისას, მე და თინა 25 გრადუს ყინვაში დავატარებდით ჩვენს შვილებს და ვაჩვენებდით თითოეულ ადგილს, სადაც დიდი ხნის წინ, ჩვენი ურთიერთობის დასაწყისში დავდიოდით. ერთად ყველგან შეგვიძლია ვიყოთ ბედნიერები.