ამ კითხვაზე პასუხის გაცემა ჩვენი დროის ერთ-ერთ ყველაზე ლამაზ, ქარიზმატულ წყვილს ვთხოვეთ. მსახიობ ნანუკა ლითანიშვილისა და მსახიობისა და რეჟისორის, ზურა გეწაძის ოჯახი სიყვარულის რამდენიმე ათეულწლიან ისტორიას, 4 შვილს და 2 შვილიშვილს ითვლის. წყვილთან საინტერესო საუბარი მიხეილ თუმანიშვილის სახელობის კინომსახიობთა თეატრის პატარა, კოხტა კაფეტერიაში შედგა. ნანუკას და ზურას ერთი შეხედვითაც ეტყობათ, რომ ერთმანეთისგან ძალიან განსხვავებული და შესაბამისად, იდეალურად დაბალანსებული წყვილია − ხალისით, იუმორით, დადებითი ენერგიით სავსე.
ნანუკა, ზურა, როგორ ხართ? მოუყევით ჩვენს მკითხველს, რას საქმიანობთ, რითი ხართ ამჟამად დაკავებული?
(ზურა): გმადლობთ, კარგად ვარ. ბოლო 10 წელი რასაც ვაკეთებდი, ახლაც იმით გახლავართ დაკავებული. ვარ მ. თუმანიშვილის სახელობის კინომსახიობთა თეატრის დირექტორი, ვდგამ სპექტაკლებს, რეპეტიციები გვაქვს და ხანდახან ძველ სექტაკლებში ვთამაშობ ხოლმე. ოჯახს რაც შეეხება, ბოლო 3-4 წელია, გვაქვს მატება − გვყავს რძალი, სიძე და 2 შვილიშვილი.
(ნანუკა): მეც ბოლო 30 წელიწადია ერთი და იგივე საქმით ვარ დაკავებული. ამჟამად ვთამაშობ „მეფე ლირში“, რომელიც დღეს საკმაოდ პოპულარულია, ასევე სპექტაკლებში − „მელოტი მომღერალი ქალი“ და „შვიდი პატარა პიესა“. ეს არის ის სპექტაკლები, სადაც ძირითადად ვარ დაკავებული. სერიალებში აღარ ვმონაწილეობ, რეკლამებზე კი უარს ვამბობ.
გაიხსენეთ, როგორ დაიწყო თქვენი სიყვარულის ისტორია? სად შეიგრძენით ის გარდამტეხი მომენტი, ნაპერწკალი, როცა გააცნობიერეთ, რომ ერთმანეთისთვის განსაკუთრებული ადამიანები ხართ?
(ნანუკა): ჩვენი ურთიერთობა მეგობრობით დაიწყო. ძალიან ახლო, ნამდვილი მეგობრობით და ნელ-ნელა გადაიზარდა სიყვარულში.
(ზურა): იყო გარკვეული მომენტი, როცა ტვინში მოხდა გადართვა სხვა მხარეს, თუმცა ემოციების ასეთი კონკრეტული, მკვეთრი გარდასახვა არ მახსენდება. ძალიან კარგი მეგობრები ვიყავით, შემდეგ რაღაც მოხდა და დაახლოებით 6 თვე ერთმანეთს არ ველაპარაკებოდით. მე მგონი, ეს პერიოდი იყო ჩემთვის მომენტი, როცა მივხვდი, რომ ეს მხოლოდ მეგობრობა არ იყო.
ფაქტორი, რომ კოლეგები ხართ, რა როლს თამაშობს თქვენს ურთიერთობაში? როგორ ფიქრობთ, ეს უპირატესობაა თუ დისკომფორტი?
(ნანუკა): დღეს ვერც წარმომიდგენია, რომ ჩვენ ერთი პროფესიის წარმომადგენლები არ ვიყოთ. ერთი მთავარი სასაუბრო თემა გვაქვს, არ მიწევს ჩემი ამბების მოყოლა და შემდეგ მისთვის კითხვის დასმა, თუ რა ხდება მის სამსახურში.
(ზურა): ამ მოცემულობას აქვს დადებითი და უარყოფითი მხარეები. ის, რომ მეუღლე შენი პროფესიისაა, აზრს ჰკითხავ როგორც პროფესიონალს, მნიშვნელოვანი კომფორტია. მუშაობის პროცესი შინაც გრძელდება, ასე გამოდის.
ეჭვიანი თუ ხართ?
(ზურა): ისე რა... მეტ-ნაკლებად. ზოგადად, ჩემზე ამბობენ, ბავშვობიდან ეჭვიანი არისო.
(ნანუკა): მე არა.
როგორ ფიქრობთ, რაშია წარმატებული ურთიერთობის საიდუმლო? რაზე დგას, მაგალითად, თქვენი ურთიერთობა?
(ნანუკა): დათმობაზე. მე ვფიქრობ, რომ დათმობა მთავარი მოძღვრებაა ურთიერთობაში.
(ზურა): სიყვარულზე. სხვათა შორის, თუ დააკვირდებით, ქართველებს გვაქვს საოცარი საალერსო სიტყვები, რომელიც ამ კითხვას ზოგადად პასუხობს კიდეც − „შენი ჭირიმე“, შენ გენაცვალე“... სიყვარული საკუთარი თავის მსხვერპლად მიტანის, საყვარელი ადამიანის ცუდის საკუთარ თავზე აღების ფენომენია.
რა ფერია სიყვარული?
(ნანუკა): თეთრი. ლივლივა თეთრი.
(ზურა): ჩემთვის ცასავით გამჭვირვალე ცისფერია.
თვისება, რომელიც ყველაზე მეტად მოგწონთ და არ მოგწონთ ერთმანეთში?
(ნანუკა): ზურას ჩემი საყვარელი თვისება ის არის, რომ ძალიან, საოცრად ყურადღებიანი ადამიანია. არ მომწონს ის, რომ დილაობით ცუდ გუნებაზეა ხოლმე.
(ზურა): არ მომწონს ის, რომ ხანდახან უცენზურო სიტყვებს ამბობს ხოლმე, რაც მას, მის გარეგნობას, მის პიროვნებას არ შეესაბამება. ძალიან ბევრი კარგი თვისება აქვს. გამიჭირდება გამოვყო. მომწონს გარეგნულად, თვისებებით, მომწონს მისი დამოკიდებულებები ადამიანების მიმართ.
თქვენს დიდ ოჯახზე მოგვიყევით და გაგვაცანით.
(ნანუკა): ძალიან ბევრნი ვართ: ერეკლე − ჩვენი უფროსი შვილი, 29 წლისაა, მუსიკოსია, კომპოზიტორია, და სპექტაკლებისთვისაც წერს მუსიკას. ჰყავს მეუღლე, გადასარევი გოგო − მარიამ ბოლქვაძე. ერთად ვცხოვრობთ და ვერც კი წარმომიდგენია, აქამდე მის გარეშე როგორ ვიყავი. ჰყავთ შვილი − 3 წლის სანდრო.
მეორე შვილს − 24 წლის სალომე გეწაძეს სამედიცინო უნივერსიტეტი აქვს დამთავრებული და ფარმაცევტულ კომპანიაში მუშაობს. ჰყავს მეუღლე − ლევან ცხადაძე, საოცარი ადამიანი, ნამდვილი „დიმიტრი გელოვანია“ ყველანაირი მახასიათებლით − გარეგნობით და თვისებებით. ჰყავთ 2 წლის შვილი − დათაშკა ცხადაძე, რომელიც ძალიან ჰგავს ზურას, იმ მცირე განსხვავებით, რომ დათაშკას ცისფერი თვალები აქვს. გვყავს მესამე შვილი − ზუკა გეწაძე, რომელიც სწავლობს კინო-სარეჟისორო ფაკულტეტის მეოთხე კურსზე, მისი დიდი სიყვარული და ჰობი ფორტეპიანოზე დაკვრაა, რაც ბოლო წლებია აღმოაჩინა. ძალიან კარგად გამოსდის და მთელი დღეები მეცადინეობს.
(ზურა): ოთახში უდგას პიანინო, რომელზეც შეუძლია დილიდან დაღამებამდე იმეცადინოს.
(ნანუკა): წარმოიდგინეთ, ერთი მხრივ, ერეკლე მუსიკას წერს, აქეთ ოთახში ზუკა პიანინოზე უკრავს, ცალკე ბავშვი მულტფილმს ხმამაღლა უყურებს და ხანდახან კონსერვატორიაში მგონია თავი, ისეთი არეული მუსიკის ხმებია ჩვენს სახლში.
ჩვენი ნაბოლარა, მეოთხე შვილი − ნუცა 11 წლისაა, არაჩვეულებრივი გოგოა. ჭკვიანი, კარგი მოსწავლეა, პასუხისმგებლობის მქონე და მოსიყვარულე ადამიანია.
ზურა, როგორი მამა ხართ?
(ზურა): ამ წლების განმავლობაში ყველანაირი მამა ვიყავი − მეგობრულიც და მკაცრიც. ჩვენი ოთხივე შვილი ერთმანეთისგან რადიკალურად განსხვავებული ადამიანები არიან − შეხედულებებით, თვისებებით, ხასიათებით. შესაბამისად, ერთნაირად ვერ მივუდგებოდი, ოთხივესთან სხვადასხვანაირი მამის როლის შესრულება მიწევს. ასე რომ, ყველანაირი მამა ვარ.
ოჯახი რომ ადამიანი იყოს, თქვენი აზრით, როგორი იქნებოდა?
(ნანუკა): მე ვფიქრობ, იქნებოდა მძიმე ხასიათის, რთული პიროვნება.
(ზურა): იქნებოდა შორსმჭვრეტელი, პრაგმატული, მიზანდასახული, ძალიან მგრძნობიარე და მზრუნველი ადამიანი. აუცილებლად მოსიყვარულე და მებრძოლი. ბევრი თვისება ექნებოდა გაერთიანებული.
რამდენად ტრადიციულები ხართ?
(ნანუკა): დიახ, ვარ. მომწონს ტრადიციები, რომელიც არ არის გადაზრდილი ფუნდამენტურ რადიკალიზმში. დღეს თითქოს მოდური გახდა, რომ ყველაფერს ტრადიციას ვუწოდებთ, სინამდვილეში კი მავნე ჩვევაა და სხვა არაფერი. მე ვფიქრობ, რომ ტრადიცია თუ არ გაქვს, ვერ გექნება ვერც ოჯახი, ვერც სახელმწიფო, ვერ შვილს გაზრდი. მთავარია, ტრადიციები არ იყოს გადაზრდილი მავნე სტერეოტიპებში და არ გარდაიქმნას სპეკულაციის საგნად.
(ზურა): ქართველებს გვაქვს ისეთი ტრადიციებიც, რომელიც არ მომწონს, ატროფირებულია, ადრე კონკრეტული დანიშნულება ჰქონდა და ახლა სახე აქვს დაკარგული. მაგალითად, ასეთია ქელეხის ბოლო ნაწილი. ზოგადად, ტრადიცია და რიტუალები ადამიანის განუყოფელი ნაწილია. ყველა ერი მომწონს, რომელთაც საკუთარი, გამორჩეული ტრადიციები აქვთ. მაგალითად, იაპონია თავისი საინტერესო ტრადიციებით. შეიძლება ზოგიერთი ქვეყნის რიგი ტრადიციები ჩემთვის გაუგებარი იყოს, მაგალითად, იაპონური ხარაკირი ან ესპანური კორიდა, მაგრამ ამგვარი ტრადიციების სიღრმეში თუ ჩაიხედავთ, საიდან მოდის, რა დატვირთვა და შინაარსი აქვს, შეიძლება სრულიად გასაგებიც კი გახდეს ჩვენთვის. ჩვენ ბევრი კარგი ტრადიცია გვაქვს, რომელიც ძალიან მომწონს, მივყვები და მიმაჩნია, რომ ახალ თაობას თუ სწორი ფორმით მივაწვდით, ისინიც აუცილებლად შეიყვარებენ.