ქართული OK!-ის ვალენტინობის თვის ნომრის მთავარი გმირი, არც მეტი არც ნაკლები, თავად ფლამენკოს ესპანელი სუპერვარსკვლავი და მსახიობი, ხოაკინ კორტესი გახლავთ. ხოაკინმა ახლახან კიდევ ერთი, ქართველებისთვის განსაკუთრებით სასიამოვნო სტატუსი შეითავსა და მეგაპროექტ „ცეკვავენ ვარსკვლავების“ საპატიო ჟიურის წევრად მოგვევლინა. ლეგენდარულმა მოცეკვავემ მეუღლესთან − მონიკასთან და შვილთან, რომეოსთან ერთად რამდენიმე კვირა დაჰყო თბილისში. მსახიობმა ქართულ OK! ისთან სიამოვნებით ისაუბრა საქართველოში მიღებულ მძაფრ შთაბეჭდილებებზე, პროექტზე „ცეკვავენ ვარსკვლავები“, თავის საყვარელ ოჯახთან დაკავშირებულ ემოციებსა და კიდევ სხვა საინტერესო თემებზე, რომელსაც მასთან ექსკლუზიურ ინტერვიუში გთავაზობთ.
ხოაკინ, გვითხარით, როგორ ხართ? როგორ გრძნობთ თავს საქართველოში?
ძალიან კარგად, არაჩვეულებრივად და ბედნიერად ვგრძნობ თავს. ვარ საქართველოში, რომელიც მართლაც სასიამოვნო აღმოჩენაა ჩემთვის. იმდენი ბედნიერი მომენტი გავიარე აქ, რომ მართლაც მშვენივრად ვგრძნობ თავს.
ოჯახზე გვესაუბრეთ − მონიკაზე, პატარა რომეოზე. როგორ შეითავსეთ მეოჯახის ამპლუა?
ჩემთვის არაფერი შეედრება ამ სტატუსს. რომეო ჩემი ცხოვრების მთავარი სამკაულია. შეგრძნებებმა, რომლებიც მამობას ახლავს და რაც ჩემმა შვილმა მომიტანა, თავიდან ბოლომდე შეცვალა ჩემი ცხოვრება. ვგრძნობ, ძალიან გამიმართლა. გარდა იმისა, რომ წარმატებული ვარ ჩემს საყვარელ საქმესა და პროფესიაში, მყავს ასეთი არაჩვეულებრივი საჩუქარი − ჩემი ოჯახი.
თქვენი აზრით, როგორი მამა ხართ? როგორი გამოცდილებაა მამობა თქვენთვის?
ძალიან ვცდილობ, კარგი მამა ვიყო. მინდა, მუდამ ჩემ გვერდით იყოს ჩემი ოჯახი და ამიტომ ტურებზე ყოველთვის თან დამყავს ისინი. ვცდილობ გამოვიყენო ეს პერიოდი, სანამ რომეო პატარაა და შემიძლია ყოველთვის ჩემთან მყავდეს, რადგან მალე შეიძლება დადგეს ის დრო, როცა ამას ვეღარ შევძლებ.
რას ნიშნავს ცეკვა თქვენთვის? ეს საოცარი მოძრაობები, ვნება, ემოციები... როგორ ფიქრობთ, ეს თქვენი ცხოვრების სტილია? როგორია თქვენი ემოციური ბმა პროფესიასთან?
ცეკვა ჩემთვის ყველაფერია. ეს ჩემი ცხოვრებისეული ვნებაა, ჩემი ცხოვრებაა თავიდან ბოლომდე. ხელახლა რომ დავიბადო, ზუსტად ისეთივე ცხოვრებას ავირჩევდი, როგორიც მაქვს. ცეკვა ჩემთვის თვითგამოხატვის საუკეთესო საშუალებაა, საკუთარ თავს ვხედავ ამ პროფესიაში, ხელოვნების ამ დარგში. ის ჩემი განუყოფელი ნაწილია და ყველა საკუთარი ემოცია მასში ერთიანდება. ეს არის ენა, რომლითაც კომუნიკაცია მაქვს სამყაროსთან.
თქვენ ყოველთვის საოცრად ემოციური ხართ ფლამენკოს შესრულებისას. საინტერესოა, თქვენი ურთიერთობა პუბლიკასთან ცეკვის დროს − როგორ ხდება ამ კავშირის დამყარება? უწყვეტია და მუდმივად გაქვთ მაყურებელთან ემოციური კომუნიკაცია?
დიახ, უწყვეტია და ჩვენ ერთი მთლიანი ვხდებით. ჩემი ცეკვა არ არის მონოლოგი, მე მათ ვესაუბრები და ისინი მპასუხობენ, მათგან ვიღებ ცეკვის დროს ენერგიას. არის მომენტები, როცა მათ ემოციებს მივყვები. მნიშვნელოვანია რომ ჩვენ − მე და მაყურებელმა ერთმანეთს მივანიჭოთ სიამოვნება, რომელიც აუცილებლად ორმხრივია.
მინდა გკითხოთ საქართველოზე. როგორია თქვენი შთაბეჭდილება? პირველად ხართ ჩვენს ქვეყანაში?
რამდენიმე წლის წინ ვიყავი საქართველოში, მაგრამ ძალიან მცირე დროით, მხოლოდ კონცერტზე. ამჯერად გაცილებით მეტი დროით მომიწია აქ ყოფნა და გაოცებული ვარ ქართული სტუმართმოყვარეობით. რომ ჩამოვდიოდი, თავიდან უცხოობის განცდა მქონდა. ახლა კი უკეთ გავიცანი ქართველი ხალხი, თქვენი ქვეყანა, და გაოცებული ვარ, იმდენად ვგავართ ერთმანეთს ესპანელები და ქართველები. ძალიან ვცდილობ, მაგრამ მიჭირს ქართულის სწავლა. ვისწავლე მხოლოდ რამდენიმე სიტყვა: „მადლობა“, „გამარჯობა“, და რა თქმა უნდა, „საქართველო“.
ქართული სამზარეულო მოგწონთ?
რა თქმა უნდა, აღფრთოვანებული ვარ. ძალიან მომწონს ხაჭაპური, ასევე ხინკალი.
გკითხავთ პროექტზე „ცეკვავენ ვარსკვლავები“, რომლის ჟიურის საპატიო წევრიც ბრძანდებით. როგორ მოგწონთ ტელეკომპანია „იმედის“ ეს პროექტი?
მე ვიყავი მექსიკის, იტალიის, ესპანეთის, პორტუგალიის ანალოგიური პროექტების ჟიურის წევრი. თქვენთან განსაკუთრებით გამაოცა პროდიუსინგის მაღალმა დონემ, რასაც ნამდვილად არ ველოდი. მომხიბლა სცენის დაგეგმარებამ, გამართულმა ტექნიკურმა მხარემ, დადგმებმა და რაც მთავარია, მოცეკვავეთა დონემ, რომლებიც მართლაც არაჩვეულებრივად ცეკვავდნენ. კმაყოფილი და ბედნიერი ვარ, რომ ამ პროექტის ნაწილი გავხდი.
რისი გაკეთება გიყვართ და გსიამოვნებთ ცეკვის გარდა? თქვენი ჰობი რა არის?
ძალიან მიყვარს კინო და ფილმების ნახვა. მიყვარს სხვადასხვა ქვეყანაში მოგზაურობა და ქალაქების სიძველეთა დათვალიერება, მათი ისტორიის გაცნობა. მოგზაურობა ჩემი სტიქიაა − მე ხომ ბოშა ვარ... საოცრად მიყვარს მუსიკა და ზოგადად, ხელოვნება. მუზეუმებში სიარული და მათი თვალიერებაც ძალიან მსიამოვნებს ხოლმე. თბილისში თანამედროვე ხელოვნების მუზეუმში ვიყავი და ძალიან მომეწონა.
ხოაკინ, რომელ მუსიკას უსმენთ?
მიყვარს კლასიკური მუსიკა, ფლამენკო, ჯაზი, RNB, სოული, ლათინური მუსიკა. კონკრეტულად ერთი ჟანრი არ მაქვს ამოჩემებული. რიტმული ტექნო და ელექტრონული მუსიკა არ მიყვარს. განწყობის მიხედვით სხვადასხვა მუსიკას ვუსმენ. საოცრად მომწონს თქვენი ტრადიციული მუსიკა და ფოლკლორი, რომელიც მართლაც მომაჯადოებელია.
ქართულ ნაციონალურ ცეკვებზე რა აზრის ხართ?
WOW! − ასეთია ჩემი შთაბეჭდილება. სრულიად გაოცებული ვარ. წარმოუდგენელია, რაც ვნახე თქვენს ცეკვებში. გარდა იმისა, რომ სანახავად არის ძალიან ლამაზი, მე, როგორც პროფესიონალი, ვხედავ ამ ცეკვის უკან უზარმაზარ შრომას, დისციპლინას, შესრულებულ ძალიან დიდ სამუშაოს, მოცეკვავეებისგან გაღებულ მსხვერპლს. მე ვტკბები, როგორც მაყურებელი და მიკვირს, როგორც პროფესიონალს. ეს მართლაც საგანძურია.
რა სასიამოვნოა თქვენგან ამის მოსმენა. ახლა კი, სამი სიტყვით დაახასიათეთ საკუთარი თავი.
ვნებიანი, თავისუფალი სულის, და მესამე − მიზანდასახული.
არაჩვეულებრივად გამოიყურებით. თითქოს თქვენთვის დრო გაჩერებულია. როგორ ახერხებთ ამას?
დიდი მადლობა ასეთი შეფასებისთვის. მე ვფიქრობ, მთავარი ისაა, რომ დღევანდელი დღით ვცხოვრობ, ასივე პროცენტით ვტკბები ცხოვრებით, ბედნიერი ვარ ყოველი წუთით და ვფიქრობ, ეს პოზიტივი ფიზიკურადაც მეტყობა.
დასასრულ, თქვენი სამომავლო გეგმები გაგვიმხილეთ.
ამჟამად ვმუშაობ ჩემს ახალ დადგმებზე და ვაპირებ დიდ მსოფლიო ტურნეს, რომლის ფარგლებშიც საქართველოშიც ჩამოვალ. ერთი სული მაქვს, ქართველი მაყურებლისთვისაც გამოვიდე და ვიცეკვო, ვაჩვენო ჩემი ხელოვნება.
შესანიშნავია. როდის იქნება კონცერტი?
ზუსტ თარიღს, სამწუხაროდ, ჯერ ვერ გეტყვით, მაგრამ მიმდინარე წელს აუცილებლად დაიგეგმება, პირობას გაძლევთ.