სტომატოლოგიაში ექიმი-თერაპევტის ამპლუაში საქმიანობის 25-წლიანი გამოცდილების ნაწილი, ნინო ბეციაშვილმა მამასთან ერთად მუშაობის დროს დააგროვა, რომელიც თითქმის ორი ათეული წელი დედაქალაქის მთავარი დენტისტი გახლდათ. ასლან ბეციაშვილი თბილისის მე-9 სტომატოლოგიური კლინიკის ხელმძღვანელის რანგში შვილისთვის მთავარ პედაგოგად და მრჩევლად იქცა, რომელმაც ინსპირაციის წყაროზე დაკვირვებით პროფესია შეარჩია. ნინო ბეციაშვილთან ერთად კი მისი ორი დაც – თეა და თამარი, სტომატოლოგიის მიმართულებას გაჰყვნენ და დღეს საქართველოსა და გერმანიაში ცნობილი ექიმები არიან. ანა ფანცხავასთვის კი არა მხოლოდ ბაბუა და დეიდები, არამედ უპირველესად, დედა იქცა მთავარ მოტივატორად, რომლისგანაც, როგორც თავად აღნიშნავს, დღემდე უამრავს შეიმეცნებს.
გერმანულ ბრენდ VOCO-ს პროდუქციის ოფიციალური წარმომადგენლობის მოპოვების კვალდაკვალ, წლების წინ ნინო ბეციაშვილმა ქართულ-გერმანული კლინიკა „ვოკო დენტალი“ დააფუძნა და საკუთარ საქმიანობას, ქალიშვილთან ერთად, პროფესიონალი გუნდის მხარდაჭერით ეწევა. ამბობს, რომ მსოფლიოში აღიარებული გერმანული ხარისხის საქართველოში გამოყენება მთავარმა პრინციპმა გადააწყვეტინა, რომელიც მამის დარიგებიდან ახსოვს. ექიმთა დინასტიაში ყოველთვის თანხმდებოდნენ, რომ პროფესიონალიზმთან ერთად, ხარისხი იდეალური შედეგის მთავარი განმაპირობებელია.
ნინო, გვიამბეთ, როდის გადაწყვიტეთ თქვენი ინტერესის სტომატოლოგიაზე შეჩერება და შემდგომში ამ მიმართულებით მამასთან თანამშრომლობა?
(ნინო): ოჯახის ყველა წევრი სტომატოლოგია. შესაბამისად, სფეროთი ჩემი გატაცება ბუნებრივად მოხდა. მახსოვს, ბავშვობაში ჩემი პირველი ნახატიც კი კბილი იყო. დადგა მცირეხნიანი პერიოდიც, როცა პროფესიისადმი მოკლევადიანი პროტესტი გამოვხატე და ტექნიკურ უნივერსიტეტში გამოცდები სხვა განხრით ჩავაბარე, დავასრულე, ხოლო შემდეგ სამედიცინო უნივერსიტეტის სტომატოლოგიურ ფაკულტეტზე გავაგრძელე სწავლა და ხელმეორედ ავიღე დიპლომი.
პრაქტიკულ სამუშაოში პირველი ნაბიჯები მამასთან ერთად მახსენდება, რომელიც ჩემთვის მთავარი მრჩეველი და მხარდამჭერი იყო. მისგან გულისყურით ვისმენდი ყველა შეფასებას.
ანი, თქვენთვის როგორია მშობელთან მუშაობის გამოცდილება?
(ანი): დედა, როგორც ცხოვრებაში, ისე ჩემს სამუშაო სივრცეში დასაყრდენია. მიხარია, რომ შეფასებისას ყოველთვის ობიექტურია და მონდომება მიორმაგდება.
ექიმთა დიდი ოჯახის ორი წარმომადგენელი კლინიკაში ერთად მუშაობთ. ქმნის ეს ოჯახურ გარემოს „ვოკო დენტალში“?
(ანი): ვფიქრობ, ეს ფაქტი ატმოსფეროს მეტად თბილს ხდის. გარემო ოჯახურია და პაციენტები ჩვენი მეგობრები ხდებიან.
როგორ მოხერხდა voco-ს ოფიციალური წარმომადგენლობის მოპოვება და რატომ შეაჩერეთ არჩევანი სწორედ ამ ბრენდზე?
(ნინო): ჩემი და გერმანიაში სტომატოლოგიურ კლინიკას ფლობს, სადაც გარკვეული პერიოდი მეც მიმუშავია. წლების წინ, ერთობლივი საქმიანობისას პირველად გავეცანი voco-ს მასალებს, რომელიც მაშინაც და დღესაც პროფილაქტიკისა და სამკურნალო მიმართულებით, ასევე ესთეტიკურ სტომატოლოგიაში უზარმაზარ სპექტრს უმაღლესი ხარისხით გვთავაზობს. სწორედ voco-ს მასალების რეალიზაცია სათავო ოფისთან თანამშრომლობით საკუთარ კომპანიაში „დოიჩე დენტალ ლაინი“ დავიწყე. ვიდრე ჩემს სტომატოლოგიურ კლინიკას დავაარსებდი, და დღესაც, საკუთარი საქმიანობის პარალელურად, „დოიჩე დენტალ ლაინს“ ვხელმძღვანელობ.
ექსკლუზიური რეალიზაციის უფლების მოპოვება ნდობას ემყარება, რომელიც გერმანელ კოლეგებთან შეხვედრამ წარმოშვა. მე და ჩემი და მათ უკვე კარგად ვიცნობთ, ჩვენი გასაუბრება წარმატებით შედგა და საქართველოში voco-ს ელჩობა მერგო.
ესთეტიკური სტომატოლოგიის როლი თანამედროვეობაში სულ უფრო აქტუალურია. როგორ პასუხობს ტენდენციებს თქვენი კლინიკა?
(ნინო): ჩვენი კლინიკა „ვოკო დენტალი“ წამყვან მულტიპროფილურ სტომატოლოგიურ კლინიკათა რიგშია. კლინიკაში ხორციელდება თანამედროვე სტომატოლოგიური მომსახურების სრული სპექტრი: რენტგენოლოგიური კვლევა (ვიზიო), მოზრდილთა და ბავშვთა თერაპია, მოზრდილთა და ბავშვთა ქირურგია, ორთოდონტია, კბილების პროფესიული წმენდა და გათეთრება ZOOM-ის თანამედროვე აპარატით. ასევე, მომსახურების სიაშია ორთოპედია, რომელიც მოიცავს ყველა ტიპის ორთოპედიულ კონსტრუქციას: მეტალოკერამიკისა და ცირკონოკერამიკის გვირგვინებს. პრესკერამიკულ, Emax-ვინირებს, ნებისმიერი სირთულის დენტალურ იმპლანტებს.
აღსანიშნავია, რომ კლინიკა აღჭურვილია მაღალტექნოლოგიური დანადგარებით, გერმანული ხარისხის სადეზინფექციო და სასტერილიზაციო ხსნარებით. მკურნალობა კი ტარდება მხოლოდ და მხოლოდ გერმანულ სტომატოლოგიურ ბრენდ voco-ს მასალებით.
ქალბატონო ნინო, რა უმთავრეს რჩევას გაძლევდათ მამა? ანი, თქვენ რას გირჩევთ დედა? არსებობს „რეცეპტი“, რომელიც ოჯახს აქვს?
(ნინო): მამა უპირველესად მირჩევდა, არ დამეზოგა თავი და ამასთანავე, ხარისხიანი მასალა.
(ანი): დედისგან წლების გამოცდილებით გამყარებულ რჩევებს ვიღებ. ვფიქრობ, გაგვიმართლა, რომ სტომატოლოგია ოჯახურ ტრადიციად იქცა და „რეცეპტი“ გვაქვს, რაც უმთავრესად ცოდნასა და გენეტიკურ კოდადქცეულ პროფესიას გულისხმობს.
როგორ ინაწილებთ როლებს კლინიკაში?
(ნინო): მე და ანი სხვადასხვა კუთხით, სხვადასხვა თაობის თვალსაწიერით ვავითარებთ კლინიკას. ანის „ხელი მაჯისცემაზე უდევს“ და სიახლეებს ნერგავს.
რა ხდის თითოეულ სამუშაო დღეს საინტერესოს?
(ანი): თითოეული პაციენტი ისტორიაა, განუმეორებელი სამუშაო და აზარტია, რაც მოდუნების საშუალებას არ გაძლევს. საზოგადოებასთან ურთიერთობა ჩვენი პროფესიის სასიამოვნო თანმხლებია. სხვა მხრივ, კონსილიუმები, ჩვენი ერთობლივი მასტერკლასები, კონფერენციებში მონაწილეობა ქვეყნის ფარგლებსა და მის გარეთ, ყოველ ჯერზე საინტერესო გამოცდილებაა.
როგორია კლინიკაში მომუშავე გუნდი?
(ნინო): რთულია შემოიკრიბო ამდენად ახლო, საერთო ხედვის ადამიანები, თუმცა გამიმართლა, რადგან საოცრად თბილ და მეგობრულ გუნდთან ერთად მუშაობა მიწევს. მათგან უმეტესობის სამუშაო პრინციპებს კლინიკის გახსნამდეც ვიცნობდი და ვაფასებდი.
რა ხდება შემდეგ, როცა სამუშაო სივრცეს ტოვებთ?
(ანი): მე მეუღლე და 3 შვილი მყავს. შესაბამისად, დარჩენილ დროს ოჯახს ვუთმობ.
(ნინო): შინ მე და ჩემი უმცროსი შვილი, თორნიკე ვცხოვრობთ. თორნიკე კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის მე-2 კურსის სტუდენტი და პროფესიონალი ფეხბურთელია. თავისუფალი დროის მასთან ერთად გატარებას ვცდილობ.
ანი, თქვენ და დედა ხასიათით ჰგავხართ ერთმანეთს?
(ანი): მგონია, რომ არც ისე ძალიან. დედა მეტად აქტიურია და მაოცებს მოხერხებულობით, როცა შეუძლია, დღე-ღამის განმავლობაში უამრავი საქმის მოგვარება მოასწროს.
(ნინო): ერთმანეთს ვაბალანსებთ.
როგორია თქვენი სამომავლო გეგმები?
(ანი): ვგეგმავთ ფილიალების შემომატებას. უახლოეს მომავალში კი voco-ს წარმომადგენლები გერმანიიდან გვეწვევიან და მასტერკლასს ჩაატარებენ, რომელსაც უამრავი ექიმი დაესწრება.