„გიყვარდეს შენი საქმე“ – ეს არის ჩემი წარმატების საიდუმლო“, − ამბობს გინეკოლოგ-რეპროდუქტოლოგი მანანა მგალობლიშვილი, რომელიც თითქმის 20 წელია „რეპროდუქციული მედიცინის ცენტრს“ ხელმძღვანელობს. პროფესიის გარდა, ქალბატონი მანანა რამდენიმე თვის წინ მოსახლეობამ კიდევ ერთი, ახალი ამპლუით გაიცნო. 26 წლის შემდეგ მშობლიურ სოხუმს ესტუმრა, მცირე ხნით ჟურნალისტის პროფესია მოირგო და უამრავი პირდაპირი ჩართვითა და ვიდეობლოგით ბევრი ქართველი გაახარა. მათ საშუალება მისცა მონატრებული სოხუმის ქუჩები პირდაპირ ეთერში ენახათ. ალბათ ცოტაა მედიცინის მუშაკი, რომელსაც ისეთი საინტერესო ცხოვრება აქვს, როგორიც მას. მამა ცნობილი ექიმი-ფსიქიატრი ჰყავდა, შვიდი და-ძმიდან კი ყველამ სამედიცინო სფერო აირჩია. როგორია, იყო პროფესიონალი ექიმი, წარმატებული ქალი, კარგი დედა − ეს დეტალები ჩვენმა რესპონდენტმა OK!-ის გაუმხილა.
მანანა მგალობლიშვილი: „ძალიან მალე, 2020 წელს აღვნიშნავთ ჩვენი კლინიკის 20 წლისთავს. მოგეხსენებათ, დედმამიშვილები ყველა მედიცინის მუშაკები ვართ, თუმცა მე და ვანო მგალობლიშვილმა რეპროდუქტოლოგია ავირჩიეთ. ვანო წლების განმავლობაში უცხოეთში, რეპროდუქციულ კლინიკებში საქმიანობდა და გადაწყვიტა იქაური სტანდარტი საქართველოშიც დაენერგა. 20 წლის წინ, სწორედ მე და ვანომ, ერთად გავხსენით კლინიკა. ჩვენ ძალიან ბევრი სიახლე დავნერგეთ საქართველოში რეპროდუქტოლოგიის მიმართულებით. უშვილობის მკურნალობის ახლებური ხედვა გვქონდა, რაც მაშინ არაერთგვაროვან რეაქციებს იწვევდა სამედიცინო წრეებში, მაგრამ წლების შემდეგ ჩვენ მიერ შემოტანილი სიახლეები ყველგან დაინერგა. რამდენიმე წელია, მე და ვანო ცალ-ცალკე კლინიკებს ვხელმძღვანელობთ. ჩემი კლინიკის მთავარი საქმიანობა ქალისა და მამაკაცის უშვილობის დიაგნოსტიკა და მკურნალობაა. ასევე ჩვენთან ხორციელდება ყველა სახის გინეკოლოგიური დაავადების მკურნალობა და ოპერაციული ჩარევა“.
როგორ ფიქრობთ, რაშია თქვენი წარმატების საიდუმლო?
ნებისმიერი ადამიანის წარმატების საიდუმლო მრავალი კომპონენტისგან შედგება. ჩვენს შემთხვევაში უმთავრესი სამედიცინო მომსახურების ხარისხია. თუმცა, რაც უნდა პროფესიონალი იყო, თუ არ გყავს კარგი გუნდი, შენი საქმიანობა ვერ იქნება ეფექტური. კარგი გუნდი ნიშნავს კარგ ექიმს, ექთანს, სანიტარს, რეგისტრატორს, ადმინისტრატორს, ბუღალტერს... მოგეხსენებათ, მცირე შეცდომაც კი კლინიკისთვის რა მძიმე შედეგების მომტანი შეიძლება იყოს.
ჩვენთან არ მოდიან გალაღებული ადამიანები. ისინი არიან პრობლემებით სავსე, აწუხებთ ჯანმრთელობის პრობლემები ან უშვილობა. ჩვენი ვალდებულებაა, მათ შევუქმნათ კომფორტული გარემო. პაციენტს რომ უნდა გაუღიმო, ყურადღებით მოექცე, დღეს უკვე ჩვეულებრივი ამბავია, მაგრამ მთავარია შინაგანი განწყობა. ის ყოველთვის ხვდება, რამდენად გულწრფელი ხარ. ამიტომ წარმატების საიდუმლოს ასე დავარქმევდი − „გიყვარდეს შენი საქმე“. მთელ დღეებს სამსახურში ვატარებ, შინ გვიან მივდივარ, ამიტომ ძირითად საქმეებს დილით ადრე ვაგვარებ. კლინიკაში მისვლისთანავე, ვიღებ პაციენტებს, თუმცა კონსულტაციას მათ არა მხოლოდ ადგილზე, არამედ სოციალური ქსელის მეშვეობითაც ვუწევ. ასევე რეგიონებსაც ვსტუმრობ, სადაც უამრავი უშვილო წყვილი მელოდება.
სექტემბერში თქვენ მეორედ იმოგზაურეთ აფხაზეთში...
დიახ, 26 წლის შემდეგ პირველად გაზაფხულზე ვიყავი სოხუმში, ხოლო შემოდგომაზე კიდევ ვესტუმრე მშობლიურ ქალაქს. დავიბადე სოხუმში და მიუხედავად იმისა, რომ ცხოვრების დიდი ნაწილი თბილისში გავატარე, ჩემთვის მშობლიური ქალაქი მაინც სოხუმია. ამ თემაზე ძალიან ბევრი ვისაუბრე მედიაში, ეს ინტერვიუ ალბათ ვერც დაიტევს ჩემს ხუთდღიან მოგზაურობას.
ენგურის ხიდზე გადასვლის შემდეგ, ჩავრთე მობილური და გავედი პირდაპირ ეთერში. უამრავი ადამიანი მიყურებდა, მელოდებოდნენ, მწერდნენ... ყველას აინტერესებდა რას ვგრძნობდი, როდესაც საზღვარი გადავლახე. იმ ხუთი დღის განმავლობაში მთელი დღე ტელეფონი ჩართული მქონდა და პირდაპირ ეთერში ვიყავი. ერთხელ, ორი საათით გავთიშე ტელეფონი და უამრავი SMS-ი დამხვდა: სად ხარ, რატომ არ შემოდიხარ „ლაივში“? მაშინ გავაცნობიერე, რამდენი ადამიანი ელოდა ჩემს ჩართვებს. ვიღებდი ყველაფერს, უმეტესად ქალაქის ცენტრს, სანაპიროს, ამრას, პინგვინს, მშვიდობის პროსპექტს.
ძალიან კარგად დამხვდნენ აფხაზები, უამრავ ოჯახში დამპატიჟეს სტუმრად. ისეთი თბილი დამოკიდებულება იყო, რომ გარკვეულ მომენტში მეჩვენებოდა, თითქოს ომი ცუდი სიზმარი იყო. ყველაფერი ზუსტად ისეთია, როგორიც ჩვენ დროს იყო. ერთადერთი, იქ ნაცნობები აღარ ცხოვრობენ. ადრე სოხუმში რომ გაივლიდი, ყველა ნაცნობი იყო, ახლა კი ერთადერთმა ადამიანმა მიცნო − მამაჩემის ყოფილმა სტუდენტმა. მითხრა, ვიცოდი, რომ აქ იყავით, პირდაპირ ჩართვებს ვუყურებდიო. წარმოიდგინეთ, აფხაზებიც უყურებდნენ ჩემს პირდაპირ ჩართვებს.
სოხუმში მოგზაურობის შემდეგ ჩემში რაღაც შეიცვალა. კონკრეტულად რა, ვერ გეტყვით, თითქოს უფრო ძლიერი გავხდი, რაღაც შიშები დავძლიე.
ქალბატონო მანანა, წარმომიდგენია რას გრძნობდნენ თქვენი დედმამიშვილები, რომლებიც ამ ყველაფერს უყურებდნენ...
დიახ, ჰქონდათ გარკვეული ემოციები, იყო მცირე ნერვიულობაც. ჩვენ შვიდი და-ძმა ვართ: შალვა, ივანე, ზვიადი, მაია, ნატო, მე და ეკა − პროფესიით ყველა ექიმები. მამა, ბიძინა მგალობლიშვილი, აფხაზეთის მთავარი ფსიქიატრი იყო. ძალიან პატივსაცემი და ღირსეული პიროვნება გახლდათ აფხაზეთში. მამა წერდა ლექსებს და აქვეყნებდა სტატიებს სხვადასხვა ადგილობრივ გამომცემლობაში. უყვარდა სიახლეები და ფსიქიატრიის პირველი და ერთადერთი მუზეუმი საქართველოში 1982 წელს სწორედ მან დააარსა აფხაზეთში. კარგად მახსოვს მუზეუმის გახსნის დღე. თბილისიდან სპეციალურად ჩამოვიდა ბატონი ავლიპ ზურაბაშვილი, რომლის 80 წლის იუბილეს მუზეუმის გახსნა მამამ სპეციალურად დაამთხვია.
თქვენს შვილებზე მოგვიყევით. მათ აირჩიეს თქვენი პროფესია?
ძალიან მიყვარს ჩემი პროფესია და რა თქმა უნდა, მინდოდა, ჩემი სამივე შვილი ექიმი ყოფილიყო, მაგრამ ცხადია, ყველას თავისი არჩევანი აქვს, მე არ ჩავრეულვარ. უმცროსმა გოგონამ − ელენე ღვალაძემ არ მოისურვა ექიმობა და აგრარული უნივერსიტეტის თავისუფალი მეცნიერებების ფაკულტეტის სტუდენტია. შუათანა ვაჟი − ირაკლი ღვალაძე პროფესიით ფიზიკოსია, საკუთარი ბიზნესი აქვს და ძალიან საინტერესო, შემოქმედი ადამიანია. უფროსი ვაჟი − სანდრო ღვალაძე და მისი მეუღლე, ნატა ნაკაიძე მომავალი ექიმები არიან. მამისგან განსხვავებით, არ გამომივიდა, რომ ჩემი ყველა შვილი ექიმი გამხდარიყო.