ქართულ OK!-ის აქვს პატივი, გაგაცნოთ ექიმი, რომლის სახელსაც უკავშირდება საქართველოში ბირთვული მედიცინის მიმართულების, როგორც დამოუკიდებელი დარგის, ჩამოყალიბება და განვითარება. ნატალია შენგელიას ევროპიდან ჩამოსვლამდე საქართველოში ბირთვული მედიცინის დარგი, ფაქტობრივად, ფრაგმენტულად არსებობდა, განუვითარებელი იყო, პაციენტების დიდ ნაწილს კი საზღვარგარეთ უწევდა ამ სფეროში მომსახურების მიღება. ნატალიას დამსახურებით, დღეს ისინი უკვე თავიანთ ქვეყანაში გადიან საჭირო მკურნალობას, რაც მათ ფსიქოლოგიურ კომფორტს და უდიდეს ფინანსურ შეღავათს აძლევთ. OK! სიამოვნებით წარმოგიდგენთ საინტერესო ინტერვიუს ნატალია შენგელიასთან, სადაც იგი საკუთარ ევროპულ განათლებაზე, საზღვარგარეთ გატარებულ წლებზე, ოჯახსა და სამომავლო გეგმებზე გვესაუბრება.
ნატალია, მოგვიყევით, სად მიიღეთ განათლება? როგორ გადაწყვიტეთ, გამხდარიყავით ექიმი?
შეიძლება მივიჩნიოთ, რომ ეს ოჯახური ტრადიციის გაგრძელებაა, რადგან დედა, დეიდა, ბებია – ექიმები არიან და ჩემი პროფესიაც თითქოს თავიდანვე გადაწყვეტილი იყო. უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ, 2000-იანი წლების დასაწყისში ასპირანტურის ევროპაში დასრულება გადავწყვიტე, რადგან აქ არანაირი საშუალება არ იყო ხარისხიანი და ღრმა განათლების მისაღებად, რაც ჩემთვის ძალიან დიდ პრიორიტეტს და ინტერესს წარმოადგენდა. გეზი ავსტრიისკენ ავიღე და ვენის სამედიცინო უნივერსიტეტში, ასპირანტურაში გავაგრძელე სწავლა. გარდა ამისა, საკმაოდ მკაცრი შერჩევის კრიტერიუმების გავლით, გამოცდები ჩავაბარე რეზიდენტურაში და ასე მოვხვდი მედიცინის ერთ-ერთი ყველაზე ინოვაციური დარგის – ბირთვული მედიცინის სფეროში, რაც გულისხმობს რადიოაქტიური ნივთიერებების, იზოტოპების გამოყენებას სამედიცინო მიზნით – იქნება ეს დიაგნოსტიკა თუ მკურნალობა. რეზიდენტურაში 6 წელი ვისწავლე, რის შემდეგაც კათედრაზე დავიწყე ასისტენტ-ექიმად მუშაობა. პარალელურად, 2011 წელს გამოცდები ჩავაბარე ვენის ეკონომიკის უნივერსიტეტში ჯანდაცვის მენეჯმენტის მიმართულებით და გავხდი ჯანდაცვის მენეჯმენტის მაგისტრი. გამოვიდა, რომ საერთო ჯამში 15 წელი დავყავი ვენაში.
შემდეგ დაბრუნდით საქართველოში. რა იყო სამშობლოში დაბრუნების მთავარი მოტივატორი?
2014 წლის ბოლოს დავბრუნდი საქართველოში. იმ პერიოდისთვის ჩვენთან ბირთვული მედიცინა რადიოლოგიის შემადგენელი ნაწილი იყო და ცალკე მიმართულებად არ არსებობდა. ამიტომ ჩამოსვლისთანავე დავაფუძნე ბირთვული მედიცინის ასოციაცია, რომლის ეგიდით და ჯანდაცვის სამინისტროსა და სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის მხარდაჭერით, მოხერხდა დარგის ცალკე გამოყოფა და მის დამოუკიდებელ დისციპლინად ჩამოყალიბება არა მხოლოდ ჩვენს ქვეყანაში, არამედ პირველად მთლიანი რეგიონის ფარგლებში. ჩვენს ქვეყანაში ამ პრეცედენტმა სტიმული მისცა და ერთგვარად წაახალისა ნუკლეარული (ბირთვული) მედიცინის მიმართულების განვითარება სომხეთშიც. ჩვენი უშუალო ხელშეწყობით დაარსდა ბირთვული მედიცინის პირველი ევროპული ცენტრი სომხეთში, სადაც მე გახლავართ მიწვეული სპეციალისტი და ვხელმძღვანელობ ამ მიმართულებას.
თუ შეიძლება, მარტივი ენით ავუხსნათ ჩვენს მკითხველს ბირთვული მედიცინის დანიშნულება და მისი როლი.
რადიოაქტიურ იზოტოპებს, რომლებსაც ჩვენ გამოვიყენებთ სამკურნალო და დიაგნოსტიკური მიზნით, პაციენტი იღებს კაფსულის სახით ან ინტრავენურად. მაგ. ფარისებრი ჯირკვლის ონკოლოგიური დაავადების სამკურნალოდ, ქირურგიული ჩარევის შემდეგ, ხშირად დგება საჭიროება, მოხდეს დასხივება რადიოაქტიური იოდის საშუალებით, რათა საბოლოოდ აღმოიფხვრას პრობლემა. ასევე, დღეს უკვე ყველამ იცის პოზიტრონულ-ემისიური ტომოგრაფიის – PET-ის შესახებ, რომლის საშუალებითაც მოლეკულურ და ბიოქიმიურ დონეზე ხდება ორგანიზმში მიმდინარე ცვლილებების დეტექცია. სადღეისოდ, ონკოლოგიური პაციენტების მკურნალობის ტაქტის დაგეგმვა წარმოუდგენელია PET-კვლევის გარეშე.
ნატალია, ამჟამად რომელ კლინიკაში საქმიანობთ?
„ავერსის კლინიკასა“ და „სხივური მედიცინის ცენტრში“ ბირთვული მედიცინის ხელმძღვანელი ვარ. ასევე, როგორც უკვე აღვნიშნე, „საქართველოს ბირთვული მედიცინის ასოციაციის“ პრეზიდენტი გახლავართ.
ასევე უნდა აღვნიშნო ჩემთვის კიდევ ერთი სასიხარულო მოვლენის შესახებ – წელს გაიხსნა ბირთვული მედიცინის პირველი რეზიდენტურა არა მხოლოდ საქართველოს, არამედ რეგიონის მასშტაბით. ამგვარად, ახლა უკვე სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ბაზაზე ამოქმედდება რეზიდენტურის პირველი მიმართულება ბირთვულ მედიცინაში. მე ვუხელმძღვანელებ პროგრამას და 2020 წელს მივიღებთ სტუდენტების პირველ ნაკადს.
მართლაც შესანიშნავი სიახლეა. თქვენს ოჯახზე გვესაუბრეთ, გაგვაცანით ოჯახი.
მე და ჩემმა მეუღლემ – იოხემ დე ლანგემ ერთმანეთი ვენაში გავიცანით და იქვე შევქმენით ოჯახი. იოხემი წარმოშობით ჰოლანდიელია, დამთავრებული აქვს ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული უნივერსიტეტი ლივერპულში ჯანდაცვის მენეჯმენტის მიმართულებით და შესაბამისად, ჯანდაცვის მენეჯმენტის პროფესიონალია.
ნატალია, როგორ შეხვდა მეუღლე თქვენს სამშობლოში საცხოვრებლად დაბრუნების სურვილს?
მე ყოველთვის მინდოდა საკუთარ ქვეყანაში დაბრუნება და საქმიანობის აქ გაგრძელება. ძალიან გამიმართლა, რომ მეუღლის სურვილიც დაემთხვა ჩემს მისწრაფებას და ის სიამოვნებით დამიდგა მხარში. ჩვენ ორივემ მივიჩნიეთ, რომ საკუთარი შესაძლებლობებით, გამოცდილებითა და კვალიფიკაციით შეგვეძლო სარგებელი მოგვეტანა ჩემი ქვეყნისთვის. მეუღლეს თავისი კომპანია აქვს, დაკავებულია სხვადასხვა რადიოლოგიური სერვისის დანერგვით საქართველოში. თუმცა არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მთლიანად ჩვენს რეგიონში საქმიანობს.
შვილები გაგვაცანით.
მე და იოხემს გვყავს ორი შვილი – 6 წლის ალექსანდრე და 4 წლის სოფი, რომელთაც ძალიან მოსწონთ საქართველოში ცხოვრება, გამართულად საუბრობენ ქართულად, მიუხედავად იმისა, რომ აქ არ დაბადებულან. რასაკვირველია, ლაპარაკობენ ჰოლანდიურად და გერმანულადაც, გერმანულ სკოლაში სწავლობენ. ორი ქვეყნის მოქალაქეები არიან და როცა გაიზრდებიან, გულით მინდა, თუ ამ ორ ქვეყანას შორის არჩევანის წინაშე დადგებიან, საქართველო აირჩონ, რადგან ჩვენი ქვეყანა მართლაც ყოველმხრივ გამორჩეულია.
როგორია თქვენი სამომავლო გეგმები?
დასამალი არაა, რომ ჩვენ – მე და ჩემმა მეუღლემ ევროპაში სტაბილური სოციალური გარემო მივატოვეთ, რათა საქართველოში ჩამოვსულიყავით, რადგან მიმაჩნია, რომ ამ ეტაპზე ჩემს ქვეყანას სჭირდება ჩვენი გამოცდილებისა და ცოდნის გაზიარება. მაქვს განცდა, რომ აქ საჭირო საქმეს ვაკეთებთ და ვფიქრობ, მეტ-ნაკლებად გამოგვდის კიდეც. ამჟამად მთლიანად მოცულები ვართ ჩვენი საქმიანობით და ჩემი აზრით, უკვე გადავდგით პირველი მნიშვნელოვანი და წარმატებული ნაბიჯები ისეთ სფეროსა და დარგში, რომელიც, ფაქტობრივად, მანამდე არ არსებობდა საქართველოში. ცხადია, ვაპირებთ, რომ წამოწყებული საქმე გავაგრძელოთ და კიდევ უფრო განვავითაროთ.
ნატალია, თქვენი ცხოვრების რეჟიმზე მოგვიყევით.
ჯანმრთელი ცხოვრების წესს დიდ მნიშვნელობას ვანიჭებ. ვდგები დილით 7 საათზე, 8-ის ნახევარზე უკვე საცურაო აუზზე ვარ და 9 საათზე ჯერ ერთ სამსახურში, ხოლო შემდეგ მეორე სამსახურში მივდივარ. ჩემი ტელეფონი მუდმივად ჩართულია, თუმცა ვცდილობ, მკაცრად გავმიჯნო სამსახურებრივი და პირადი ცხოვრება, 6 საათის შემდეგ კი მთელი ჩემი დრო ბავშვებს მოვახმარო. რესურსი, რომელიც ადამიანს აქვს, აუცილებლად ყველა ცხოვრებისეულ სფეროზე უნდა განაწილდეს. შესაძლოა ჩემს ამ დამოკიდებულებაზე ის 15-წლიანი ევროპული გამოცდილებაც მოქმედებს, სადაც მკაცრად იყო დაცული სამუშაო რეჟიმის განაკვეთი. გარდა ცურვისა, პერიოდულად პილატესში ვვარჯიშობ ხოლმე, კვირაში 2-3-ჯერ მაინც.
როგორ ატარებთ თავისუფალ დროს?
დიდ დროს ვატარებთ ბავშვებთან ერთად. გარდა ამისა, ბევრი მოგზაურობა გვიწევს, ხშირად ვსტუმრობთ ჩემი მეუღლის ოჯახს ჰოლანდიაში, ჰააგაში. ვინაიდან ვენას ჩვენს მეორე სახლად აღვიქვამთ, იქაც ხშირად ჩავდივართ მე და ჩემი მეუღლე. თავად ხშირად მიწევს ჩასვლა ვენის საუნივერსიტეტო კლინიკაში, რათა იქაურ სიახლეებს არ ჩამოვრჩე. მედიცინა ძალიან სწრაფად განახლებადი სფეროა, საოცრად მზარდია როგორც ტექნოლოგიების, ასევე ცოდნის მხრივ, ამიტომ ვცდილობ, კვალდაკვალ მივსდიო, რათა ყველანაირ სიახლეში გათვითცნობიერებული ვიყო.