როგორია სახლი, რომელშიც ყოველთვის მიგეჩქარებათ? − კომფორტული. კომფორტსა და სიმშვიდეს, ადამიანებთან ერთად ყოველთვის ქმნის ნივთები, რომლებიც თქვენს ცხოვრებას მარტივად და სასიამოვნოდ აქცევს. OK! დეკემბრის ნომერში EMBAWOOD-ის, ავეჯის მაღაზიათა ქსელის, დიდ მიზნებსა და გეგმებზე მოგითხრობთ. კომპანიაზე, რომლის მთავარ მიზანსაც ადამიანების ცხოვრების კომფორტით უზრუნველყოფა წარმოადგენს.
კომპანია EMBAWOOD-ის ისტორია სტარტს 23 წლის წინ იღებს. ავეჯის მაღაზიათა ქსელი ქართულ ბაზარზე 2007 წელს პირველი მაღაზიით გამოჩნდა და დღესდღეობით საქართველოს მასშტაბით 1300-მდე თანამშრომელს, 25 მაღაზიასა და 2 საწარმოს აერთიანებს.
2019 წელი კომპანიისთვის დიდი გარდატეხის პერიოდი აღმოჩნდა. წლის მეორე ნახევარში EMBAWOOD-ის გენერალური დირექტორის პოზიცია სენან ომაროვმა, იდეებით აღსავსე ახალგაზრდა მენეჯერმა დაიკავა, რომელმაც ბაქოში გატარებული წლების შემდეგ საქართველოში დაბრუნება გადაწყვიტა და კომპანიის გუნდს ჯერ კიდევ წლების წინ შეუერთდა.
„ბევრმა არ იცის, რომ მე საქართველოში, კერძოდ კი გარდაბნის რაიონის სოფელ ვახტანგისში დავიბადე. ბაქოში სასწავლებლად მეხუთე კლასიდან გადავედი და უნივერსიტეტიც იქ დავამთავრე. როდესაც საქართველოში მუშაობა შემომთავაზეს, უპირობოდ დავთანხმდი“, − იხსენებს სენან ომაროვი.
EMBAWOOD-ში წლები გაატარა, იკავებდა კომპანიის ფინანსური დირექტორის, ასევე მარკეტინგისა და გაყიდვების სამსახურის ხელმძღვანელის პოზიციას. 2019 წელს კი გენერალური დირექტორის პოზიციაზე გადაინაცვლა და განახლებული გუნდით შეუდგა EMBAWOOD-ის განვითარებაზე ზრუნვას.
სენანს მიაჩნია, რომ კომპანიის ლიდერი ბრენდის მნიშვნელობის უპირველესი განმსაზღვრელია, თუმცა მისი შრომა წყალში ჩაიყრება, თუკი ლიდერს გუნდის ხელშეწყობა არ ექნება.
„მიმაჩნია, რომ ჩემს წარმატებას ის ადამიანები განაპირობებენ, რომლებიც გარშემო შემოვიკრიბე. გუნდის დასაკომპლექტებლად 1 თვე დამჭირდა. ამ პერიოდში გავიხსენე და მოვიძიე ყველა ის ადამიანი, რომელთანაც კი მიმუშავია, ან მიმაჩნდა, რომ წარმატებულად ვიმუშავებდი“, − ამბობს ომაროვი. სენანი EMBAWOOD-ის ქართულ ადმინისტრაციასთან ერთად კომპანიის სტრატეგიაზე დღედაღამ მუშაობს.
EMBAWOOD-ის კონცეფცია მარტივია − უზრუნველყოს მაქსიმალური კომფორტი ადამიანების ყოველდღიურობაში. კომფორტსა და სიამოვნებას კი ინტერიერში ისე ვერაფერი განაპირობებს, როგორც ნატურალური მასალით დამზადებული პროდუქცია ჯანმრთელობისთვის უვნებლობის გარანტიით. კომპანიის პრიორიტეტს მომხმარებლისთვის მაქსიმალურად ჯანსაღი პროდუქციის შეთავაზება წარმოადგენს.
სენან ომაროვის კომპანიის სათავეში მოსვლისთანავე „ემბავუდმა“ ახალი სტანდარტის დამკვიდრებაზე დაიწყო ზრუნვა. ავეჯის მასალის მომწოდებელი კომპანიების მიმართ მოთხოვნები შეიცვალა. წარმოებაში ჩაშვებამდე, ყველა მასალა წინასწარ გადის ლაბორატორიულ შემოწმებას მავნე ნივთიერების შემცველობაზე. ასევე, მკაცრად კონტროლდება სათადარიგო ნაწილები სიმტკიცესა და გამძლეობაზე, რაც, საბოლოო ჯამში, ქმნის გამძლე და მაღალი ხარისხის ავეჯს, რომელიც დიდი ხნის განმავლობაში მოემსახურება მომხმარებელს. ამასთანავე, აღსანიშნავია კომპანიის მიერ შეთავაზებული გაყიდვების შემდგომი მომსახურება; EMBAWOOD-ი უზრუნველყოფს პროდუქციის მიტანისა და მონტაჟის სერვისს.
EMBAWOOD-ის მორიგ პრიორიტეტს მაღაზიათა ქსელში არსებული ავეჯის პორტფოლიოს ხშირი ცვლილება წარმოადგენს. სენან ომაროვს მიაჩნია, რომ გასული წლებისგან განსხვავებით, ქსელში წარმოდგენილი მოდელები ბევრად სწრაფად ცვლადი და განახლებადი უნდა იყოს. „სასურველი ავეჯის არაერთი მაძიებელი შემოდის მაღაზიაში, რიგ შემთხვევაში, მათი ნაწილი სასურველ მოდელს ვერ პოულობს. ჩვენი მიზანია, ქსელში არსებული პროდუქცია იმდენად სწრაფად განახლებადი იყოს, რომ მაღაზიაში რამდენიმე კვირაში დაბრუნებულ იმავე მომხმარებელს სრულიად განსხვავებული შოურუმი და არჩევანი დახვდეს“.
პროექტების განხორციელება 2020 წლიდან იწყება. კომპანიაში მიაჩნიათ, რომ კომფორტული ავეჯის შეთავაზების გარდა, უპირველეს საჭიროებას მომხმარებელთა კომფორტულ შოპინგზე ზრუნვა წარმოადგენს.
ბრენდის პირველი მაღაზია საქართველოში 2007 წელს გაიხსნა. მაღაზიათა ქსელის მიზანს საშუალო შემოსავლის სეგმენტის სრულად ათვისება წარმოადგენს. ბაზარზე EMBAWOOD–ი მრავალფეროვანი არჩევანით არის წარმოდგენილი. EMBAWOOD-ის ქართულ საწარმოში რბილ ავეჯს, საბავშვო ოთახის, საძინებლის, მისაღები ოთახისა და სამზარეულოს ავეჯის სრულ კომპლექტაციას, მაგიდებს, სკამებსა და მატრასებს აწარმოებენ.
მომავალი წლიდან ავეჯის მწარმოებელი კომპანია საქართველოში ტექსტილის, ინტერიერის აქსესუარების იმპორტირებას გეგმავს − შედეგად, 2020 წლიდან EMBAWOOD-ის მაღაზიაში შესულთ ინტერიერის გასაახლებლად საჭირო ყველა დეტალი ადგილზე დაგხვდებათ.
სენან ომაროვი ახალგაზრდა, იდეებით აღსავსე კაცია. მიაჩნია, რომ მის ძალას საკუთარი გუნდი წარმოადგენს. „არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, რომელი კომპანიის ლიდერობას ჩავიბარებ ჩემი გუნდის გარეშე. მათთან ერთად ყველაფერს შევძლებ, მათ გარეშე კი, დარწმუნებული ვარ, არაფერი გამომივა“, − ამბობს EMBAWOOD-ის საქართველოს წარმომადგენლობის ლიდერი.
EMBAWOOD-ის ხელმძღვანელობა სულ რაღაც 6 თვეა, რაც შეიცვალა. ბიზნესის განვითარების, ხელახალი სტრატეგირებისა და ახალი, ინოვაციური იდეების გენერირება-დანერგვისათვის ეს დრო მცირე პერიოდს წარმოადგენს, თუმცა სენან ომაროვს უკვე შეუძლია ხელშესახები წარმატებებით იამაყოს: ამ დროისათვის EMBAWOOD-ის მაღაზიებში დასაქმებულთა დიდმა უმრავლესობამ მომსახურების სფეროში კვალიფიკაცია აიმაღლა, შედეგად კი ავეჯის მაღაზიაში შემოსულ მომხმარებელთა რიცხვი რეალურად გაიზარდა: „თუკი EMBAWOOD-ში შემოსული 10 ადამიანიდან ადრე 3-4 ბრუნდებოდა შენაძენით, დღეს ამ რიცხვმა 5-6-ს მიაღწია“, − სიამაყით გვიცხადებს ომაროვი.
2019 წელი EMBAWOOD-ისთვის უმნიშვნელოვანესი რეფორმების პერიოდია. კომპანიამ მოახდინა საწარმოო გადაიარაღება და შეიძინა უახლესი მანქანა–დანადგარები, განახლდა წარმოების ტექნოლოგიური პროცესი. 2020 წელს საქართველოში არსებულ EMBAWOOD-ის მაღაზიებს საოჯახო ტექსტილისა და ინტერიერის აქსესუარების სექცია დაემატება. ახალ, გეგმებით დატვირთულ 2020-ს კი კომპანია მორიგი საახალწლო ფასდაკლებით ხვდება, რომელიც საქართველოში არსებულ 25-ივე მაღაზიაში მოქმედებს.