ქართული OK!-ის სტუმარი ძალიან ნიჭიერი და მრავალმხრივ რეალიზებული ხელოვანია. აშშ-ში მცხოვრები მხატვრის, ცირა ახობაძის თითოეული ნამუშევარი საოცარი ემოციებით, ვირტუოზული ტექნიკითა და ინდივიდუალური აღქმებით არის აღსავსე. ხელოვანი მუდმივად საკუთარი შესაძლებლობების ძიების პროცესშია, სწორედ ამიტომ მისი საინტერესო შემოქმედებითი ცხოვრება ამოუწურავია და გარდა მხატვრობისა, ინტერიერის დიზაინით, ტანსაცმლისა და სამკაულის დიზაინით, სხვადასხვა ულამაზესი აქსესუარის შექმნით, მხატვრული ფოტოგრაფიით გრძელდება. აღსანიშნავია, რომ ცირას ნამუშევრები აშშ-ში საკმაოდ დიდი პოპულარობით სარგებლობს. რას ნიშნავს მისთვის მხატვრობა, როგორია ცირა ახობაძის ამერიკული ცხოვრება და რა გეგმები აქვს საქართველოსთან მიმართებაში? – წაიკითხეთ მხატვართან ექსკლუზიურ ინტერვიუში.
ცირა, მრავალმხრივი ნიჭით დაჯილდოებული ადამიანი ბრძანდებით. შესაბამისად, თქვენი საქმიანობაც სხვადასხვა სფეროთი შემოიფარგლება. დავიწყოთ თქვენი უპირველესი საქმიანობით – მხატვრობით. როდიდან დაინტერესდით მხატვრობით და როდის აღმოაჩინეთ თქვენში ეს ნიჭი?
როგორც ამბობენ, ყველანი საკუთარი ბავშვობიდან მოვდივართ. ხელოვნებასთან პირველი შეხება ჩემთვის სწორედ ბავშვობის წლებთან და მშობლიურ სახლთან ასოცირდება. ვფიქრობ, ხატვის სიყვარული ჩვენი ოჯახური თვისებაა, თუმცა პროფესიონალი მხატვარი ოჯახში არავინ იყო. ჩემი ბებია შესანიშნავად ხატავდა და ქარგავდა; ხატავს და ფოტოგრაფიით არის გატაცებული მამიდა; არაჩვეულებრივად ხატავდა ჩემი ძმა.
მოგვიყევით თქვენს საქმიანობაზე საქართველოში, სანამ აშშ-ში წახვიდოდით. რამდენადაც ჩვენთვის ცნობილია, აქ რამდენიმეჯერ გამოფენა გქონდათ.
აკადემიის დამთავრების შემდეგ, სამხატვრო კოლეჯში ვმუშაობდი ტანსაცმლის მოდელირებისა და ფერწერის პედაგოგად.
ეს იყო განუმეორებელი წლები. პედაგოგებთან და სტუდენტებთან მჭიდრო ურთიერთობამ პროფესიული ზრდის საშუალება მომცა, გამოცდილი კოლეგებისგან ბევრი ახალი რამ ვისწავლე. პედაგოგიური საქმიანობა უაღრესად საინტერესო და მრავალფეროვანია – სტუდენტებთან მუშაობა დადებითი ენერგიით გავსებს, ცდილობ ჩაწვდე თითოეული მათგანის შინაგან სამყაროს, გადასცე შენი ცოდნა ისე, რომ არ დაამსხვრიო მათი ინდივიდუალიზმი. ძალიან გაწონასწორებული და ყურადღებიანი უნდა იყო, რათა ისე ასწავლო ფერისა და ხაზის საშუალებით გრძნობების გამოხატვა, რომ საკუთარი გავლენის ქვეშ არ მოაქციო და ხელწერა შეუნარჩუნო. ამ დროს უნდა შეძლო, იყო მხატვარი, მასწავლებელი, ფსიქოლოგი და უბრალოდ, მეგობარი – ერთდროულად. ამ პერიოდში რამდენიმე გამოფენაც მქონდა თბილისსა და ქუთაისში, სადაც ჩემი ფერწერული ნამუშევრები წარვადგინე. ეს იყო გალერეა „ქარვასლაში“, „ცისფერ გალერეაში“, რუსთაველის საზოგადოების საგამოფენო დარბაზში, საქართველოს მხატვართა კავშირის საგამოფენო დარბაზში და სხვა.
გრაფიკა და ფერები – ეს თქვენი შემოქმედების ერთგვარად ორი დამოუკიდებელი მიმართულებაა, ასეა? რის თქმას ცდილობს ცირა ახობაძე თავისი შემოქმედებით? რას ნიშნავს თქვენთვის მხატვრობა?
თავიდან, როგორც ყველა სტუდენტი, ნატურმორტებსა და პეიზაჟებს ვხატავდი. შემდეგ ეტაპზე ძირითადად ვცდილობდი ტექნიკა დამეხვეწა და ნამუშევრის შინაარსისთვის უფრო მეტი მნიშვნელობა მიმენიჭებინა. მსურდა, ნახატში გადმომეცა საკუთარი ფიქრები და ემოციები. ბუნებრივია, სტუდენტობისას ყველა ექცევა დიდი მხატვრების შემოქმედების ზეგავლენის ქვეშ. გარკვეული პერიოდის განმავლობაში ვიმუშავე სხვადასხვა ტექნიკისა თუ მასალის გამოყენებით და შედეგად ვიპოვე საკუთარი ხელწერა და სტილი. ჩემი აზრით, სწორედ ეს ეტაპი იყო ყველაზე მნიშვნელოვანი. მიყვარს აკვარელით მუშაობა, მაგრამ განსაკუთრებულ სიამოვნებას მანიჭებს გრაფიკა, რომელიც მაძლევს თვითგამოხატვის საშუალებას. გრაფიკა არ მოითხოვს გამორჩეულ სამუშაო პირობებს და დიდ მასშტაბებს, რაც განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს ამერიკული ცხოვრებისა და მუშაობის დაძაბული ტემპის გამო. გრაფიკული ჩანახატების გაკეთება ყველგან და ყოველთვის შემიძლია, ტრანსპორტში გადაადგილების დროსაც კი. დიდ მნიშვნელობას ვანიჭებ ნიუანსებს და მცირე დეტალებს. ჩემი აზრით, სწორედ ისინი გამოხატავენ მხატვრის სათქმელის არსს, გრაფიკა კი ამის ამოუწურავ შესაძლებლობებს იძლევა.
ამერიკა. რას ნიშნავს თქვენთვის ეს ქვეყანა და რა როლი აქვს მას თქვენს ცხოვრებაში?
ამერიკა ჩემთვის არის შეუზღუდავი შესაძლებლობების, მრავალფეროვნების, თავისუფლებისა და უდიდესი პიროვნული პასუხისმგებლობის ქვეყანა. აქ ძალიან ბევრი ამერიკელი თუ ემიგრანტი მეგობარი მყავს. ვამაყობ მათთან ურთიერთობით და ყოველთვის ვგრძნობ მათ მხარდაჭერას. ცხადია, პირველი წლები ამერიკაში მრავალ სირთულესთან იყო დაკავშირებული, თუმცა ხატვა ყოველთვის და ყველგან მაძლევდა ძალას და ენერგიას. ის მიმსუბუქებდა ნოსტალგიის გრძნობას და მიფერადებდა ამერიკაში ყოფნის პირველი წლების ხშირად დარდიან მომენტებს, მეხმარებოდა საკუთარი ადგილის დამკვიდრებაში ახალ საზოგადოებაში.
თავისუფალი სამყარო თბილი და ალერსიანია ბედის ნებიერების მიმართ, მაგრამ საკმაოდ მკაცრია, როდესაც ცდილობ საკუთარი შრომითა და ოფლით გაიკვლიო გზა. ამ გზაზე უამრავი დაბრკოლება გხვდება და მხოლოდ ძალიან მტკიცე ნებისყოფის დახმარებით ახერხებ წონასწორობის შენარჩუნებას.
განსაკუთრებით რთული გზა გამოიარა პოსტსაბჭოთა ქვეყნებიდან წამოსულმა ემიგრანტთა ტალღამ. ჩვენ ყველაფრის ნულიდან დაწყება მოგვიხდა – განათლების, ურთიერთობების, კარიერის და ა.შ. ბევრმა ვერ გაუძლო ამ გამოწვევებს. ამერიკა არის ძლიერი ქვეყანა ძლიერი ადამიანებისთვის.
ამერიკული კულტურა მრავალი სხვადასხვა კულტურის ჰარმონიული შერწყმის პროდუქტია. ის ზოგჯერ ქართულ მრავალხმიან სიმღერას მაგონებს, რომელსაც ხმათა სიმრავლე და განსხვავებულობა კიდევ უფრო ალამაზებს და ამდიდრებს. აქ ყველას აქვს თვითგამოხატვის საშუალება. ერთი სიტყვით, ამერიკა არის შესაძლებლობების ქვეყანა. მთავარია, ეს შესაძლებლობები სწორად გამოიყენო.
უკანასკნელ წლებში რამდენიმე სოლოგამოფენა მქონდა ნიუ-იორკსა და ნიუ-ჯერსიში. ასევე სისტემატურად ვმონაწილეობ ამერიკაში მცხოვრებ ქართველ მხატვართა ჯგუფურ გამოფენებში. 2017 წელს მქონდა გამოფენა ნიუ-იორკში, სახელწოდებით The Symphony of My Soul, 2018 წელს სიუზან ელის Fine Art Gallery-ში, ნიუ-იორკის World Trade Gallery-ში. ასევე, REVEAL International Contemporary Art Fear-ში მივიღე მონაწილეობა, ხოლო 2019 წელს George Bill Gallery-ში იყო ჩემი ნახატები გამოფენილი. მაქვს საქმიანი ურთიერთობა რამდენიმე არტ-სალონსა და გალერეასთან. ვცდილობ ფეხი ავუწყო ამერიკული ცხოვრების რიტმს და ამავდროულად, არ დავკარგო ინდივიდუალურობა.
ამერიკაში ინტერიერის დიზაინერად მუშაობთ. გაიხსენეთ, როგორ მოხდა პირველი ნაბიჯების გადადგმა ამ მიმართულებით?
ინტერიერის დიზაინის მიმართულებით მუშაობა სრულიად შემთხვევით მომიწია. ერთ-ერთ ამერიკელ მეზობელს ახალი სახლის მისაღებ ოთახში ნივთების გადაადგილება ვურჩიე, რადგან ნივთების განლაგება ოთახს ძალიან აპატარავებდა. მან ჩათვალა, რომ ინტერიერის დიზაინერი ვიყავი, თუმცა ვუთხარი, რომ ჩემი პროფესია ტანსაცმლის დიზაინია. მთხოვა, მეუღლის მოსვლამდე შეგვეცვალა ნივთების ადგილმდებარეობა. შედეგით მთელი ოჯახი კმაყოფილი დარჩა. შემდეგ კი მთელ თავის სამეგობროს უთხრა, რომ ჰყავს ინტერიერის დიზაინერი, მიუხედავად ჩემი პროტესტისა. ცხადია, ამ თემაზე ხშირად ვხალისობთ, ის ამბობს, რომ შემქმნა, როგორც ინტერიერის დიზაინერი. ასე დაიწყო ნიუ-ჯერსიში ჩემი კარიერა ამ სფეროში, რაც დამატებითი შემოსავლის წყაროდ მექცა.
ინტერიერის მოწყობისას დამკვეთის გემოვნებას ვითვალისწინებ. თუ ისინი სრულ თავისუფლებას მაძლევენ, მაშინ ვითვალისწინებ სახლის ან ბინის პროექტს და სტილს. მე კი განსაკუთრებით მიყვარს ნათელი ფერები, დიდი სივრცე და კარგი ბუნებრივი განათება.
ცირა, სად იყიდება თქვენი ნამუშევრები?
ჩემი გრაფიკული და ფერწერული ნამუშევრები ძირითადად გამოფენებზე პოულობს საკუთარ მყიდველს. რაც შეეხება ხელნაკეთ ნივთებს, მსურველები მიკავშირდებიან ჩემი ვებგვერდის – Art by Tsira Akhobadze (FB) საშუალებით.
სამშობლოსთან გაქვთ კავშირი? აპირებთ საქართველოში დაბრუნებას?
საქართველოსთან არასოდეს გამიწყვიტავს კავშირი. მას უკავშირდება ჩემთვის ყველაზე ბედნიერი და ყველაზე სევდიანი მოგონებები. საქართველოში ცხოვრობენ ჩემთვის ყველაზე ძვირფასი ადამიანები და მათთან ხშირი ურთიერთობა საშუალებას მაძლევს გავუმკლავდე მონატრების გრძნობას.
მენატრება ოჯახი, მეგობრები, თბილი ქართული ურთიერთობები...
მენატრება პედაგოგიური საქმიანობა, რომელსაც უდიდესი სითბო და ხალისი შემოჰქონდა ჩემს ცხოვრებაში.
მუდმივად ვადევნებ თვალს ჩემს სამშობლოში მიმდინარე პროცესებს. მახარებს და მეამაყება საქართველოს მიღწევები, ნიჭიერი ახალგაზრდების წარმატებები მეცნიერებასა და ხელოვნებაში. ამავე დროს, მადარდებს რუსეთის მიერ ჩვენი ტერიტორიების ოკუპაცია, ხალხის დიდი ნაწილის სიღარიბე და მათი ყოველდღიური ცხოვრების სირთულეები. ვოცნებობ ჩემი ქვეყნის უკეთეს მომავალზე. მინდა, თითოეულ ქართველ ახალგაზრდას ჰქონდეს საშუალება, სრულად გამოიყენოს თავისი ნიჭი და შესაძლებლობები. ვიცი, რომ აუცილებლად დავბრუნდები ჩემს ქვეყანაში.
ცირა, თქვენს სამომავლო გეგმებზე გვესაუბრეთ.
ამჟამად ვემზადები გამოფენისთვის ევროპაში − იტალიასა და საფრანგეთში. დიდი სურვილი მაქვს, საქართველოში გამოვფინო ნამუშევრები, რომლებიც 20 წლის განმავლობაში დაგროვილ გამოცდილებას, ემოციებსა და ფიქრებს ასახავს. ვფიქრობ, ეს საინტერესო იქნება მნახველისთვის. საბოლოო ჯამში, მაინც ქართველების, ჩემი ქვეყნის მოქალაქეების, აღიარებაა ჩემთვის უმთავრესი, რისკენაც მივისწრაფვი კიდეც.