ჩვენი რუბრიკის სტუმარი ქართულ ტელესივრცეში ყველა დროის ყველაზე პოპულარული სერიალის – „ჩემი ცოლის დაქალების“ ახალი სახე და ძალიან საინტერესო მსახიობია. ნიჭიერი იუმორისტი და წამყვანი ნიკა ქავთარაძე ამჯერად მსახიობის როლში მოევლინა ქართულ საზოგადოებას და საოცრად დამაჯერებელი, სახასიათო როლი შექმნა ყველასათვის საყვარელი სერიალის ახალ სეზონში. როგორ ემოციებს უკავშირდება ნიკასთვის ახალი საქმიანობა, როგორ მოირგო ტროლების ფაბრიკის დირექტორის – მზაკვარი ელვირის როლი და რა აღმოჩნდა მისთვის მთავარი გამოწვევა? – წაიკითხეთ ნიკასთან OK!-ის საინტერესო ინტერვიუში.
ნიკა, გვითხარით, როგორ ხართ და რას საქმიანობთ?
გმადლობთ, კარგად ვარ. ვმუშაობ სხვადასხვა მიმართულებით: რადიო „კომერსანტში“ მიმყავს დილის გადაცემა „კომერსანტის დილა“, ბოლო პერიოდში კი სერიალ „ჩემი ცოლის დაქალებშიც“ აღმოვჩნდი.
„ჩემი ცოლის დაქალებით“ გავაგრძელოთ ჩვენი საუბარი, სადაც თქვენმა პერსონაჟმა ფაქტობრივად ააფეთქა ახალი სეზონი. ძალიან სახასიათო, დღეისათვის აქტუალური და საინტერესო სახე შექმენით, რაც მთავარია, შესანიშნავად გამოგდით. თავად რამდენად მოგწონთ საკუთარი თავი ახალ ამპლუაში? მოგვიყევით თქვენს ემოციებზე.
მსახიობები ხშირად ამბობენ ხოლმე და მეც მინდა მოვყვე იმ ძალიან სასიამოვნო ემოციაზე, როდესაც რაღაც სახალხოს აკეთებ, სხვებისთვის საინტერესოს და მერე ადამიანები გცნობენ ქუჩაში. დიდხანს ვეძებდი მსგავს ემოციებს, ბევრჯერ მიფიქრია, სხვებსაც უკითხავთ, რატომ არ ვჩანდი ჩემი მეგობრების მიერ შექმნილ სერიალში, მაგრამ ასე მოხდა, რომ აქამდე არ მითამაშია. ვიცი, ჩემამდე ელვირის როლზე სხვა ადამიანებიც მოსინჯეს, 25 რიცხვში უნდა გასულიყო ახალი სერიები და მე 21-ში ვიყავი სინჯებზე. ჩემმა დიდი ხნის მეგობარმა და სერიალის პროდიუსერმა, ირაკლი საღინაძემ მთხოვა მივსულიყავი კასტინგზე. ძალიან განვიცადე, რადგან ჩემი აზრით, უზომოდ მნიშვნელოვანია, როცა „ჩემი ცოლის დაქალებში“ რაიმე სახის როლს თამაშობ. მე ვუყურებდი ამ ყველაფერს, როგორც სერიოზულ შანსს, რომლის ხელიდან გაშვებაც არ მინდოდა. სერიალის შემქმნელებმა ნახეს ჩემი სატესტო თამაში და მოეწონათ, მესამე დღეს კი უკვე გადასაღებ მოედანზე ვიყავი.
გაგიჭირდათ კამერასთან მუშაობა?
ზოგადად, ტელეკამერასთან კარგად ვმეგობრობ, მაგრამ კინოკამერა სულ სხვა გამოცდილება ყოფილა. დღემდე, ყოველ ჯერზე, როცა ვუყურებ სერიალს ჩემი მონაწილეობით, შინაგანად განვიცდი, ვაკვირდები ხოლმე ჩემს ცოლს და მის რეაქციებს, შთაბეჭდილებებს. როცა ამ როლის თამაში დავიწყე, წინა დღით ქეთი დევდარიანმა (სერიალის სცენარისტი) მითხრა, ისე მაგრად უნდა ითამაშო, რომ ერთ თვეში ქუჩაში ელვირი დაგიძახონო. იმ წუთას საკმაოდ რთული წარმოსადგენი იყო, მაგრამ ეს სერიალი იმდენად ხარისხიანი პროდუქტია და მას იმდენად ნიჭიერი ხალხი აკეთებს, გამოვიდა, რომ ჩემი პერსონაჟიც შედგა. საოცრად კარგი გამოხმაურება აქვს ჩემს როლს, მიუხედავად იმისა, რომ ძალიან ცუდი ტიპია ელვირი. თავად ეს პრობლემა, რომელიც ფილმის შემქმნელებმა დაინახეს – ტროლების ამბავი ჩვენს რეალობაში, იმდენად აქტუალური და მძაფრია, რომ თამაშის დროს ცხადად წარმოვიდგენ ხოლმე, როგორი ადამიანია ჩემი პერსონაჟი – უნამუსობის, თავგასულობის ნიმუში, რაც ამ კაცის არსში ტრიალებს. მგონია, რომ ძალიან საინტერესო პერსონაჟია. ზოგადად, სიკეთე კი იმარჯვებს ხოლმე ბოროტზე, მაგრამ რა ებრძვის სიკეთეს, ეს ძალიან საინტერესოა.
ნიკა, გაგიჭირდათ ელვირის ტყავში შეძვრომა? საკმაოდ უარყოფითი პერსონაჟია. როგორი იყო ამ როლის მორგება?
ელვირის პირველივე სცენის წაკითხვის შემდეგ გაიხსნა ჩემი გონება ამ ადამიანის შინაგანი სამყაროს წარმოდგენაზე. ირაკლის ვესაუბრებოდი, თუ როგორი წარმომედგინა ელვირის ხასიათის შტრიხები, თავისებურებები, თუმცა ტექსტის წაკითხვისას წარმოდგენა ადვილია, მაგრამ თამაში უკვე სულ სხვა საქმეა. ძალიან რთულია ამგვარი გარდასახვა. გამიმართლა იმაში, რომ პირველი სერიები გადაიღო გიორგი ლიფონავამ, რომელსაც სრულიად მივენდე და ძალიან გამიმარტივდა მთავარი მიმართულებების აღქმა, იმის პოვნა, რას ჩავჭიდებოდი, რა არ უნდა გამომპარვოდა. ამის შემდეგ ვმუშაობ სხვა რეჟისორებთანაც, ძირითადად პაატა მეიშვილი იღებს ხოლმე ელვირის სცენებს და ვფიქრობ, ძალიან კარგი ტანდემი გამოგვივიდა. ბევრი სცენა, რომელიც მოგვიანებით გაჰიტდა, მასთან ერთად გაკეთდა.
რა იყო თქვენი მთავარი გამოწვევა ამ როლთან მიმართებაში?
ჩემი მთავარი გამოწვევა იყო ის, რომ ბახუტა (მსახიობი გიორგი ბახუტაშვილი) უნდა ყოფილიყო ჩემი ძირითადი პარტნიორი. ძალიან მიყვარს და დიდ პატივს ვცემ გიორგის, ჯერ კიდევ იმ პერიოდიდან მოყოლებული, როცა ვუყურე ფილმს „ჩემი ცოლის დაქალები კინოში“, სადაც ის მემონტაჟის როლს თამაშობს. ამ ფილმის ნახვის შემდეგ მივედი მასთან და ვუთხარი, პირველი ქართველი მსახიობი, ვინც მინდა „ოსკარი“ აიღოს, შენ ხარ-მეთქი. ამის შემდეგ ძალიან ვგულშემატკივრობდი და რომ წარმოვიდგინე, სწორედ აი, ამ მაგარ ბიჭს უნდა გაეწია ჩემთვის მთავარი პარტნიორობა, ძალიან სასიამოვნო გამოწვევა იყო. ვიცოდი, რომ თუ გამოვიდოდა, არაჩვეულებრივი პარტნიორობა შედგებოდა და მე მგონი, ასეცაა.
რამე საერთო გაქვთ ელვირთან? უგებთ ამ ადამიანს რამეში?
ზოგადად, ძალიან გასაგები ტიპია, საკმაოდ ლოგიკური და გასაგები ადამიანია. წარმომიდგენია, როგორი ბავშვობა ექნებოდა, ბევრი რამ ექნებოდა გადატანილი. მსგავსებას რაც შეეხება, დიეტაზე ჩემს დადგომასაც მუდმივად ითხოვენ ხოლმე ოჯახის წევრები და მეც ხშირად ვარღვევ ელვირის მსგავსად. სხვაობა ისაა, რომ ჩუმად კარადის თავზე არასოდეს მიძებნია ვაფლი – კარადიდან ვიღებ და მივირთმევ. სხვა თვისებებს რაც შეეხება, არასდროს წავიდოდი ისეთ ბოროტებაზე, როგორზეც ჩემი პერსონაჟი მიდის, როგორც შეუძლია ადამიანებით მანიპულირება, მათი დამცირება.
ნიკა, გურმანი ხართ?
დიახ, ვარ. ძალიან მიყვარს გემრიელად ჭამა.
თავად თუ ამზადებთ კერძებს?
დიახ, ყველაფერს ვაკეთებ, რაც მომინდება. ოღონდ იცით, როგორი მზარეული ვარ? გამოსავალს რომ პოულობს. ცნობილ კერძებს არ ვამზადებ მეგობრებისთვის მადლიერების დღეს, ვთქვათ, ინდაურს ან ბატს კომშით. უბრალოდ, ადამიანს, რომელსაც შია, გემრიელად ვაჭმევ. კიდევ ერთ ჩემს თვისებაზე გეტყვით – ვინც ჩემთან ერთად სუფრასთან მოხვდება, აუცილებლად მოუნდება ჭამა, რადგან ძალიან გემრიელად ვიცი მირთმევა. ისეთ ოჯახში ვარ გაზრდილი, სადაც კულინარიას დიდი ყურადღება ეთმობოდა, შემდეგ ეს ჩემს ცხოვრებაზე ცოტა უარყოფითად აისახა, მაგრამ აქაც გამიმართლა – მსუქანი და მსუნაგი კაცის როლს ვთამაშობ და ძალიან ბევრი ატრიბუტის ჩალაგება აღარ მიწევს ტანსაცმელში სასურველი ეფექტის შესაქმნელად.
ზოგადად, ვიღაცის დაპურება ჩემთვის ძალიან ადამიანური მომენტია, სასიამოვნო პროცესია, რაც კმაყოფილებას იწვევს. მე მიყვარს, როცა ყველაფერს გავამზადებ, სუფრას გავაწყობ და შემდეგ ყველანი ერთად შევექცევით. ადრე ჩემი მეგობრები მაბრაზებდნენ, იმიტომ, რომ გზადაგზა იციან საჭმელების აცლა და არ მაცდიდნენ ხოლმე სუფრის გაშლას.
რისი მომზადება გიყვართ ყველაზე მეტად?
მჭადის გამოცხობა მიყვარს. მჭადი და ყველი ბევრ კერძს მირჩევნია. მთავარია, მჭადი არ იყოს ზეთიანი. პურზე ბევრად მეტად მიყვარს. აი, ხაჭაპური, ფაქტობრივად, კულტურული ძეგლია ჩემთვის, რომელსაც თავად ვერ ვაკეთებ. ხაჭაპური კი, თუ ძალიან გემრიელი არ არის, მისი შეურაცხყოფა მგონია და ვუწოდებ „სხვაჭაპურს“.
ასე რომ, შემიძლია ვთქვა – კარგი ხაჭაპურის ჭამა ვიცი და კარგი მჭადის გამოცხობა.
ახალ წელზეც ვისაუბროთ. გიყვართ ეს დღესასწაული? რა ემოციებთან ასოცირდება თქვენთვის და როგორ ხვდებით ხოლმე?
31-ში საღამომდე ვერ ვიცლი ხოლმე შინ მისასვლელად, ამიტომ 31 დეკემბერი ტრადიციულად რუტინული დღეა ჩემთვის. შემდეგ აუცილებლად შინ ვხვდები და აღვნიშნავ ახალ წელს. საერთოდ, სასიამოვნოა, როცა ადამიანები კარგ გუნებაზე არიან, ხალისობენ, ულოცავენ ერთმანეთს, ტკბილეულს ჩუქნიან. საოცრად დადებითი დღესასწაულია ჩემთვის. ბავშვობის ნაწილშიც ძალიან სასიამოვნო იყო. დიდი ოჯახი ერთად ვცხოვრობდით – ბებია, ბაბუა და ჩვენი ოჯახი. პირველი იანვარი ბაბუას დაბადების დღეც იყო და შესაბამისად, ორმაგი დღესასწაული იმართებოდა ჩვენს ოჯახში.
ჩემი ახალი წელი 1 იანვრის საღამოს იწყება, როდესაც მეგობრებს ვუერთდები. ნაძვის ხე ყოველთვის მიყვარდა. ბავშვობაში ბებია გვახვედრებდა ხოლმე მორთულს დილით და ამბობდა, რომ თოვლის ბაბუამ მოიტანა. ჩვენს ოჯახში ნაძვის ხეც თოვლის ბაბუას საჩუქრებში შედიოდა.
მეკვლეობის გჯერათ?
მჯერა, რომ არსებობს ენერგეტიკა. სხვანაირად, ეს პროფესიაც არ მექნებოდა. მგონია, რომ ადამიანებს თუ კარგ გუნებაზე დააყენებ, ეს ემოცია დატრიალდება და დაბრუნდება. ხომ არსებობს კიდეც განწყობის თეორია – თუ წელს კარგად იწყებ იმ მეკვლის შემობრძანებით, რომლის ფეხმაც ნუგზარის გოგო გაათხოვა, ეს უკვე ჩვენი კარგი განწყობის გარანტია. თორემ საბოლოო ჯამში, როგორ შეიძლება მეკვლეს დაბრალდეს ცუდი მოვლენა?.. დამატებით კარგ ემოციად კი ვიღებ. საერთოდ, ადამიანებს საყვარელს გვხდის ასეთი გულუბრყვილო ამბების დაჯერება და ატაცება. მომწონს, როგორი გმირებიც ვხდებით ხოლმე ადამიანები ასეთ დროს.
ბედისწერის გწამთ?
არ მაქვს ამაზე ჩამოყალიბებული აზრი. მგონია, რომ ესეც განწყობისა და დამოკიდებულებების ამბავია. მაგალითად, ეგოისტისთვის ცუდი თუ მოხდება, ბედისწერის ბრალია, კარგი ამბავი კი მხოლოდ მისი დამსახურებაა. მესმის, რომ არსებობს ძალა, რომელიც ჩვენზე გავლენას ახდენს. ბედისწერა შეიძლება იყოს ქიშმიში ან მარწყვი ტორტის ნაჭერზე, მაგრამ ბისკვიტი და კრემი თავად ადამიანმა უნდა დაამზადო და გააკეთო, ბედისწერა ვერ მოგართმევს.
ნიკა, როგორ ატარებთ თავისუფალ დროს? რა აქტივობებით იღებთ სიამოვნებას?
სიმართლე გითხრათ, თავისუფალ დრომდე არ ვიცდი სიამოვნების მისაღებად. რისი გაკეთებაც არ მსიამოვნებს, იმას ცოტა ხნით ვაკეთებ და ვეშვები. ხანდახან ვალდებულებების, პასუხისმგებლობების გამო უწევს ადამიანს იმის გაკეთება, რაც არ სიამოვნებს, მაგრამ ვფიქრობ, იმ საქმეშიც უნდა იპოვო და გამოძებნო რაიმე საინტერესო და სასიამოვნო დეტალი მაინც. ჩემი დიდი ნაწილი პრაგმატული და სუპერდინჯი არ არის – მოტივირებული ვარ, მეტი სიამოვნება მივიღო და გავცე. არ მინდა დრო და ენერგია ფუჭად დავკარგო. ამას ყველაზე კარგად მოგზაურობის დროს ვახერხებ, როცა 24 საათიდან 18-19 საათი შემიძლია ვიარო, ვათვალიერო, დავაკვირდე, თითქოს ამ დროს ინფორმაციის ფაილებს ვინახავ ტვინში; მინდა, მაქსიმალურად ბევრ ადამიანთან მომიწიოს შეხება და ურთიერთობა; მაინტერესებს, ადამიანები როგორ აღიქვამენ იმავე გარემოს, სადაც მეც ვარ.
ცნობისმოყვარე ადამიანი ხართ?
ძალიან. ბავშვობიდან ასე ვარ, მუდამ მიყვარდა მიყურადება, მოსმენა, ინფორმაციის მიღება. ხშირად ვფიქრობ, ახლა რომ პატარა ვიყო, რამდენ ინფორმაციას მივიღებდი კომპიუტერის და ინტერნეტის საშუალებით... ჩემი მთავარი ცხოვრებისეული სიამოვნება ესაა – ახალ- ახალი გატაცებები ჩავიჭირო და შემოქმედებით თუ სხვა ცხოვრებისეულ ექსპერიმენტებში მივიღო მონაწილეობა. ის შეგრძნებები, ემოციები გამოვცადო, რომელიც ამ საინტერესო ექსპერიმენტებს მოჰყვება.
სამი სიტყვით დაახასიათეთ საკუთარი თავი.
მხიარული, ნიჭიერი და ზარმაცი.
ახლა ოჯახზე გვესაუბრეთ.
უკვე 5 წელია, ვარ მეორე ქორწინებაში. ძალიან კარგი მეუღლე მყავს – ქეთი ჯოლბორდი, ჩემზე ბევრად ჭკვიანი, პრაგმატული, ლამაზი და გამხდარი. როდესაც ერთმანეთი გავიცანით, არ იცოდა ჩემი საქმიანი მხარე, არ იყო ჩემი, როგორც პროდუქტის, მომხმარებელი, რომელსაც მაშინ ვაკეთებდი, როცა ის პატარა იყო. მინდოდა, ჩემი ბოლო გამოწვევა „ჩემი ცოლის დაქალებში“ ყველაზე მეტად მას მოსწონებოდა. ძალიან დიდი გულშემატკივრები ვართ ერთმანეთის. ამ მხრივ საკმაოდ ლოგიკური და დალაგებული ოჯახი გვაქვს. შეყვარებულობიდან გარკვეული პერიოდის გასვლის შემდეგ გადავწყვიტეთ, მოდი, ბარემ ცოლ-ქმარი გავხდეთო. ასე შევქმენით ოჯახი. ალბათ, მაინც არსებობს ჩვენს გონებაში ის პატარა, ქართული კუნჭული, რომლის მიხედვითაც ურთიერთობის ლეგიტიმაცია საჭიროდ ჩავთვალეთ. ჩვენთან პერიოდულად მოდიან და ცხოვრობენ ქეთის შვილი და ჩემი შვილები, ასე რომ ოჯახში ბავშვების ჟრიამული გვაქვს. ოჯახის მთავარი წევრები არიან ძაღლები – „ჩიკა“ და „კოკო“, ჩიხუახუა და ფრანგული ბულდოგი. დავაზუსტებ, რომ ჩვენს „ჩიკას“ სახელი ნამდვილად არ ჰქვია „ჩემი ცოლის დაქალების“ გავლენით. მექსიკური ჯიშისაა, მექსიკურად კი „გოგონაა“ „ჩიკა“ და ამიტომ დავარქვით. სხვათა შორის, ერთხელ სადღაც კლუბში შევხვდით ერთმანეთს მე და ანი ჩირაძე. მაშინ შედგა ჩვენი პირველი კონტაქტი არაფხიზელ მდგომარეობაში, როცა ანი მოვიდა და მითხრა, თურმე შენს ძაღლს ჩემი გმირის სახელი ჰქვიაო. მე არ ვიცი, რატომ, მაგრამ ასე ვუპასუხე – არა, შენს გმირს ჰქვია ჩემი ძაღლის სახელი-მეთქი.
ნიკა, შვილებზე მოგვიყევით.
3 შვილი მყავს პირველი ქორწინებიდან: 16 წლის ხდება სანდრო, 14 წლისაა ნინი და 9 წლის გახლავთ ალექსანდრა. სამივენი საოცრად კარგები არიან. სანდრო კარგად სწავლობს, თან ფეხბურთელია. ნინი ძალიან საყვარელი და ნიჭიერია, უკვე თინეიჯერია. აი, ალექსანდრა არის პრინცესა – მუდამ მეჯლისის გუნებაზეა, მღერის, ცეკვავს, ზღაპრული გმირივითაა, ფიფქიასავით, ყველგან ძაღლებს ეფერება და თითქოს, ყველა ცხოველის ენა იცის. მგრძნობიარე ადამიანია და ვერ იტანს უსამართლობას.
მოსწონთ ბავშვებს თქვენი ახალი ამპლუა?
ძალიან მოსწონთ და ამაყობენ. ერთადერთი, ბევრს რომ იგინება ელვირი, ამაზე ალექსანდრა შენიშვნებს მაძლევს ხოლმე. ნინი ტკბილეულის ჭამაზე მტუქსავს და დამცინის. ნინისთვის და სანდროსთვის ახლობელია ეს სამყარო, რადგან ბავშვობაში ხშირად დამყავდნენ ხოლმე გადაღებებზე. ახლაც მოსწონთ ჩემი სამსახიობო საქმიანობა.
ნიკა, ჩვენი ძალიან საინტერესო საუბრის ბოლოში, მითხარით, რა არის თქვენი ყველაზე დიდი სურვილი 2020-ში?
მინდა ბევრი შანსი მქონდეს, საინტერესო საქმეების კეთების ბევრი შესაძლებლობა და ამ შესაძლებლობიდან საუკეთესო არჩევანის საშუალება. ეს მაბედნიერებს ყველაზე მეტად. თავისუფლებისა და არჩევანის ნაკლებობა, შეზღუდული მოცემულობა როცა აქვს წელს, ეს ძალიან არ მსიამოვნებს. მიყვარს, როდესაც ბევრ შესაძლებლობაში სწორ არჩევანს ვაკეთებ.