ქართული OK!-ის საახალწლო ნომრის სტუმარია ჟურნალისტი და საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერი ვიკა ბუკიაა − სამი შვილის დედა, უზომოდ დაკავებული, საქმიანი და შემოქმედებითი ადამიანი, რომელიც საკმაოდ ქაოსური ცხოვრების მიუხედავად, უჩვეულო სიმშვიდეს ასხივებს. ბოლო პერიოდში ვიკას კიდევ ერთი არაჩვეულებრივი სტატუსი დაემატა − ის ტელესერიალ „ჩემი ცოლის დაქალების“ ნიჭიერი მსახიობის, ირინკა ტყებუჩავას დედაა. ვიკა ბუკიასთან ქართული OK!-ის საინტერესო ინტერვიუში წაიკითხავთ ყველასთვის საყვარელი დღესასწაულის მისებრ აღქმაზე და 2020 წლისთვის ვიკას ყველაზე სანუკვარ სურვილსაც შეიტყობთ.
ვიკა, მოგვიყევით თქვენს საქმიან ცხოვრებაზე.
საქმიანობის იმხელა ჩამონათვალი მაქვს, რომ მეღიმება ხოლმე, როცა ამ კითხვას მისვამენ. არ ვიცი, საიდან დავიწყო. ვარ საზოგადოებრივი მაუწყებლის ჟურნალისტი გადაცემაში „ახალი კვირა“, ასევე „ინტერკო თრეველ ჯგუფის“ საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერი; ვმუშაობ, როგორც მედიადეველოპერი ჰოლანდიურ პროექტში. ჩამოთვლილის გარდა, პერიოდულად ჩართული ვარ სხვადასხვა პროექტში, რომლებსაც არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციებთან ერთად ვახორციელებ ხოლმე. საკმაოდ დატვირთული რეჟიმი მაქვს და თავისუფალი დრო ნაკლებად მრჩება.
რისი გაკეთება გიყვართ ყველაზე მეტად?
ისე გამოდის, რომ ერთმანეთისგან სრულიად განსხვავებულ საქმეებს ვაკეთებ. ძალიან მიყვარს თხრობა, მაგრამ ყველაზე ნაკლებ დროს წერას ვუთმობ. მიყვარს მოგზაურობა, მაგრამ არ მგონია სხვებისგან ამით გამოვირჩეოდე − მოგზაურობა ყველას უყვარს. აი, მოგზაურობის დროს მიღებული გამოცდილების, შთაბეჭდილებების გაზიარება კი ნამდვილად ჩემი საყვარელი საქმიანობაა. როგორც წესი, სხვებს ვუზიარებ სხვადასხვა ქალაქსა და ქვეყნებში ნანახს. ემოციებისა და პრაქტიკული რჩევების გაზიარება სასიამოვნო პროცესია.
სად გიყვართ მოგზაურობა ყველაზე მეტად?
არ მაქვს ამოჩემებული ადგილები. ზამთარში ყოველთვის მსურს ზაფხულში გავიქცე და საბედნიეროდ, ჩემი სამსახურის წყალობით, მუდამ მიწევს ზამთრობით ეგვიპტეში მოგზაურობა, რომელიც ძალიან მიყვარს. როგორც შინ, ისე ვგრძნობ იქ თავს. ზოგადად, ზაფხულის ადამიანი ვარ და სიცივისგან ეგვიპტეში გაქცევა ძალიან მიყვარს.
რომელია ადგილი, სადაც არ ყოფილხართ და ძალიან გინდათ მონახულება?
აფრიკაა ასეთი ადგილი. ასევე ძალიან მაინტერესებს ინდოეთი, იაპონია − ემოციებს ვეძებ აღმოსავლეთისკენ. თუმცა ნებისმიერ ადგილას დიდი სიამოვნებით მივდივარ და ყველგან ვპოულობ ჩემს პატარა ბედნიერებას. არ მიყვარს, როცა მოგზაურობა დიდხანს გრძელდება, ან ისეთი ადამიანების გარემოცვაში, რომელთაც შენგან განსხვავებული ინტერესები აქვთ − ასეთ დროს აუცილებლად აწყდები დისკომფორტს. ამიტომ მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ის, თუ სად მიდიხარ, არამედ − ვისთან ერთად.
ვიკა, ოჯახზე მოგვიყევით.
მყავს მეუღლე − ლევან გოგიჩაიშვილი და 3 შვილი: 13 წლის ირინკა, 7 წლის მაშო და წლისა და 7 თვის სანდრო. ახლა ველოდები მეოთხე შვილს. წლების წინ ვერასოდეს ვიფიქრებდი, რომ 4 შვილის დედა ვიქნებოდი. ჩემს მეგობრებსაც კი უკვირთ. როცა იგებენ, რომ მეოთხე შვილს ველოდები, ისეთი ხმაურიანი რეაქციებია, თავს უხერხულად ვგრძნობ ხოლმე. ახლა ვხვდები, რომ თურმე ყველაფერი შეიძლება გახდეს საზოგადოების განსჯის საგანი − უშვილობაც და მრავალშვილიანობაც. „როგორ რისკავ მეოთხეს?“ − ისეთივე უხერხული კითხვაა, როგორც „რატომ არ აჩენ?..“
როგორ შეხვდა ოჯახი პატარა სანდროს დაბადებას?
ლევანი ძალიან ელოდა ამ ამბავს. ის მზრუნველი მამაა. ძალიან გაახალისა სანდრომ ჩვენი ცხოვრება. მაშო განსაკუთრებით ჩართულია სანდროს მოვლის პროცესში და ხშირად გვაძლევს ხოლმე შენიშვნებს მის მოვლასთან დაკავშირებით. ხანდახან გვტუქსავს კიდეც. თბილი და ტკბილი ურთიერთობა ჩამოყალიბდა უფროს დებსა და სანდროს შორის. უკვე ამბობს პირველ სიტყვას − „დე“... ვცდილობ, საღამოობით ყოველთვის შინ ვიყო. ბოლო წლებში სახლის ადამიანი გავხდი, რადგან აქ ყველაზე კომფორტულად ვგრძნობ თავს და მეზარება ხოლმე გარეთ გასვლა, თუ რაიმე აუცილებელი საქმე არაა.
გოგონებზე მოგვიყევით − ირინკაზე და მაშოზე.
ორივე − ირინკაც და მაშოც შემოქმედებითი ადამიანები არიან. ჩემთვის (და ალბათ უპირველესად მათთვის) კარგი ამბავი ისაა, რომ ყოველთვის მეცადინეობენ. მეუხერხულება საკუთარ შვილებზე საუბარი, მაგრამ რადგან მეკითხებით − ბევრს შრომობენ. არ ვიცი, ეს კარგია თუ არა, მაგრამ ჩემი გოგონები არ არიან „ნიჭიერი და ზარმაცი“ ბავშვების ნუსხაში. ბევრს შრომობენ და ისე იღებენ სასურველ შედეგს. სწავლის პროცესში დამოუკიდებლები არიან. ცხადია, მეც ჩართული ვარ, მაგრამ ჩემგან დიდ ძალისხმევას არ ითხოვს საშინაო გაკვეთილების მომზადება. თავისით არმევენ თავს და პასუხისმგებლობის განცდა აქვთ. ვფიქრობ, ამ მხრივ ირინკამ იქონია მაშოზე გავლენა. გოგონები თბილისის „მწვანე სკოლაში“ სწავლობენ. მაშო ხატვისა და ძერწვის წრეზე დადის, ირინკა კი ძიების პროცესშია, რაც მისი ასაკისთვის ნორმალურია. ხშირად შედის რომელიღაც წრეზე, ხვდება, რომ თურმე არ აინტერესებს და გამოდის. მაშოსაც ჰქონდა ასეთი პატარა გატაცებები. სპორტის სხვადასხვა სახეობაზე, ხელოვნების წრეებზე მთხოვენ ხოლმე შეყვანას, იწყებენ სიარულს, მაგრამ თუ არ დააინტერესებთ, მალევე ტოვებენ. არ მიმაჩნია, რომ ასეთ დროს დაძალება საჭიროა. ძალიან დიდხანს ველოდით მაკა მახარაძის ბალეტის სკოლაში მაშოს მიღების რიგს, მან კი მხოლოდ 1 თვე იარა და გამოვიდა. ასე ამაოდ ჩაიარა ხანგრძლივმა ლოდინმა. ირინკას რაც შეეხება, ბოლო დროს აღმოვაჩინეთ, რომ კარგი სმენა აქვს. სურს ვოკალზე შევიყვანო და იქაც გამოსცადოს თავისი ძალები.
ირინკა გამოჩნდა „ჩემი ცოლის დაქალების“ ახალ სეზონში. საკმაოდ კარგად და დამაჯერებლად თამაშობს. მოგვიყევით, როგორ აღმოჩნდა საქართველოს ყველა დროის ყველაზე პოპულარულ სერიალში?
ირინკას არასოდეს უყვარდა ზეიმები, ლექსების თქმა, სასცენო გამოსვლები, ამიტომ არასოდეს ჩამითვლია, რომ ამ მიმართულებით განვითარდებოდა. მე თავად იმ მშობლების რიცხვს არ მივეკუთვნები, რომლებიც შვილების წარმოჩენაზე არიან ორიენტირებულნი. მე თვითონ, როცა სატელევიზიო გადაღებებისთვის ბავშვები მჭირდება, ყოველთვის სხვაგან ვეძებ ხოლმე. ირინკა მუდამ ამბობდა, რომ ძალიან სურდა „ჩემი ცოლის დაქალებში“ თამაში. ფაქტობრივად შეპყრობილი და მთლიანად მოცული იყო სერიალის საბავშვო ხაზებით. თავიდან სერიოზულად არ აღვიქვამდით მის სურვილს, მაგრამ შემდეგ თავად იპოვა განცხადება კასტინგის შესახებ და მთხოვა, წამეყვანა. სიმართლე გითხრათ, არ მინდოდა. წინასწარ ავუხსენი, რომ შესაძლოა კასტინგიდან უარით დაბრუნებულიყო. მიპასუხა, რომ მზად იყო მარცხისთვის. იმდენად მინდა ვცადო, რომ მგონია, კარგად გამომივა თამაში, მაგრამ თუ არ ამიყვანენ, არა უშავს, ხომ ვცდი მაინცო, − ასე მიპასუხა. ასე მოვხვდით კასტინგზე. ძალიან ვინერვიულე, სანამ დაგვირეკავდნენ და გვეტყოდნენ, რომ ირინკა როლზე დამტკიცებულია.
ჩართულია როლში? მოსწონს მსახიობობა?
ძალიან ბედნიერია, თუმცა საკმაოდ თვითკრიტიკულიცაა. როცა ვეკითხები, რა მოსწონს ყველაზე მეტად გადაღებებში, მპასუხობს, რომ განსაკუთრებით გარდასახვის პროცესი ხიბლავს. ხშირად მეკითხება სხვადასხვა სცენებზე აზრს. მე თავად ძალიან კრიტიკული ვარ ოჯახის წევრების მიმართ, შინ მთავარი ოპოზიცია ვარ, თუმცა მგონია, რომ კარგად გაართვა როლს თავი. მაქვს გარკვეული შენიშვნები, მაგრამ მთლიანობაში, ვფიქრობ, გაამართლა ირინკამ. თავიდან იყო საკმაოდ მძაფრი უარყოფითი რეაქცია საზოგადოების მხრიდან ნიცას (ირინკას პერსონაჟი სერიალიდან „ჩემი ცოლის დაქალები“) მიმართ, რაზეც ძალიან ვნერვიულობდი და თავად ირინკა მაწყნარებდა, მეუბნებოდა, რომ ეს ბუნებრივია. როგორც კი ნიცამ სინანული გამოავლინა, ეს უარყოფითი ტალღა უცებ შეცვალა დადებითმა ემოციებმა. ახლა მითხრეს, რომ თურმე სცენებს ირინკას მონაწილეობით, ყველაზე მეტი ნახვა აქვს. როგორც ჩანს, გაამართლა არა მხოლოდ ამ ხაზმა, არამედ მისმა სამსახიობო წამოწყებამაც.
ვიკა, ახალი წლის დღესასწაულს როგორ ხვდებით?
ახალი წელი ახალ სახლში გადასვლის შემდეგ შემიყვარდა. მას შემდეგ, რაც ლევანთან ერთად ოჯახი შევქმენი და ჩვენს სახლში გადავედით, ჩემთვის სხვაგვარად მყუდრო, ოჯახური და თბილი გახდა ეს დღესასწაული.
საახალწლო სუფრას ამზადებთ ხოლმე? გეხერხებათ სამზარეულოში ფუსფუსი?
კერძების მზადება მეხერხება, მაგრამ თავისუფალი დრო არასოდეს მრჩება ამისთვის. არ მსიამოვნებს, როცა სუფრაზე ბევრნაირი და უსასრულო რაოდენობის კერძებია. ზოგადად, არ მიყვარს პომპეზურობა და ადრე არც ახალი წელი მიყვარდა დიდად. საზოგადოების მიერ დაწესებული ერთგვარი დამოკიდებულების გამო ალბათ − რომ ახალ წელს აუცილებლად უნდა ვიყოთ ამაღლებულ გუნებაზე, ვიცინოდეთ, ვხალისობდეთ და შემდეგ აუცილებლად სადღაც წავიდეთ და ენერგიულად გავერთოთ. ჩემთვის ახალი წელი არაა დღესასწაული, რა დროსაც ბევრი საჭმელი უნდა გავაკეთოთ. შინაური, მშვიდი დღესასწაულია − ცხელი ჩაით, გემრიელი ნამცხვრითა და კარგი ფილმითაც შეიძლება შეხვდე, საყვარელი ადამიანების გარემოცვაში. ხმაური და პომპეზურობა სულაც არაა საჭირო ახალ წელს. შარშან მხოლოდ ოჯახის წევრები შევიკრიბეთ; სულ უფრო ბევრნი ვართ. ლევანის და ჩემი მშობლები, ლევანის ძმისა და ჩემი დის ოჯახი. წელსაც აუცილებლად ვაპირებთ გამეორებას. გადავწყვიტეთ, ეს იყოს ტრადიცია. ყველას სხვადასხვა ინტერესი გვაქვს, ამიტომ მე მუდამ ვცდილობ ახალ წელს ჩემმა ოჯახის წევრებმა კომფორტულად და სასიამოვნოდ იგრძნონ თავი.
ნაძვის ხის აწყობის რიტუალი თუ გიყვართ?
ჩემთვის ახალი წელი ნაძვის ხის აწყობის რიტუალია, აი, დაშლა კი ნამდვილად არ მიყვარს. ბავშვები მაძლევენ სტიმულს, რომ ეს პროცესი ბედნიერად, ხალისით ჩავატაროთ ხოლმე. ლევანს ჩემზე მეტად უყვარს ნაძვის ხე, უკვე რამდენჯერმე მოიკითხა, ნაძვის ხე ხომ ნამდვილად გვაქვსო. მე და ლევანი ძალიან განსხვავებული ადამიანები ვართ, მაგრამ ჩემთვისაც და მისთვისაც ახალი წელი მოკრძალებული დღეა. ხმაურიანი გართობა და ბევრი ალკოჰოლი არც ლევანს უყვარს.
ვიკა, ბოლო შეკითხვას დაგისვამთ: თქვენი ყველაზე დიდი საახალწლო სურვილი გაგვიმხილეთ.
შეიძლება ცოტა ბანალურად ჟღერდეს, მაგრამ მინდა, საქართველო იყოს ბედნიერი ადამიანების ქვეყანა. მოქალაქეებს ფიზიკურ გადარჩენაზე ზრუნვა კი არ უწევდეთ, არამედ ცხოვრების გაუმჯობესებაზე ზრუნავდნენ. და ყველაზე მთავარი − ვოცნებობ ქვეყანაზე, სადაც საზოგადოება პატივს სცემს ბავშვს. მთელი ეს პერიოდი ვუყურებ უთანასწორო ბრძოლას, რომელიც ბავშვების წინააღმდეგ გააჩაღა გულგრილმა საზოგადოებამ. ბავშვთა უფლებებს დღეს უბრალოდ არ აღიარებენ; პატივს არ სცემენ მათ აზრს და არ ითვალისწინებენ მათ საჭიროებებს. და ყველაზე მთავარი – არ ესმით ბავშვების ხმა მაშინაც კი, როცა საზოგადოებისგან, სკოლისგან, სოციუმისგან გარიყულები, ისინი საშველად გვიხმობენ და გვეძახიან. ისეთი საქართველო მინდა, სადაც ბავშვები არიან ბედნიერები და თავს ცუდად არ გრძნობენ.