ახალგაზრდა, ლამაზი, მოწესრიგებული და ყოველთვის ფორმაში - 1980-იანი წლების ქალია, რომელიც თავისებურად გადარეულია. მუდამ სადღაც ეჩქარება, მაგრამ მიუხედავად ყველაფრისა, ყოველთვის იდეალურად გამოიყურება. ახალ წლისთვის კი, ეს ქალები კიდევ უფრო განსაკუთრებულად ემზადებიან და შესაბამისად, სჭირდებათ რჩევები ჩაცმულობასთან დაკავშირებითაც. მაშ ასე, ქართველი დიზაინერი გიორგი ქებურია ახალ კოლექციასა და საახალწლო განწყობაზე სპეციალურად თქვენთვის.
მოგვიყევით, რას საქმიანობთ ამჟამად?
ძირითადად, შეკვეთების სეზონია. რაც შეეხება ახალ წელს, განსაკუთრებულს არაფერს ვგეგმავთ. სტანდარტულად, ჩვენც მხოლოდ საახალწლო ფასდაკლებას შევთავაზებთ მომხმარებლებს.
ახალი ჩვენება, რომელმაც თბილისი აღაფრთოვანა…
მინდოდა, ახალი კოლექციის ქალი ყოფილიყო მაქსიმალურად გადარეული. გასული საუკუნის 80-იანი წლების სერიალის გმირი, რომელსაც ყოველთვის სადღაც ეჩქარება. მათ საკუთარი ხასიათი და ემოციები აქვთ – ზოგი ბედნიერია, ზოგი იმედგაცრუებული, თუმცა საერთო, რაც მათ აერთიანებთ, მუდმივად სიგიჟეების ჩადენის სურვილია.
ძირითადი აქცენტები ახალ კოლექციაში…
გარდა იმისა, რომ ახალი კოლექციის ქალი სულ სხვა ხასიათის იქნებოდა, გვინდოდა კოლექციის ფერები და ფორმებიც სახასიათო ყოფილიყო. ძირითადად, ბუნებრივ მასალაზე ვიმუშავე – ტილო, აბრეშუმი აქტიურად გამოვიყენე კოლექციაში. რაც შეეხება სილუეტს, აქ მამაკაცური სილუეტები ჭარბობდა – დიდი საყელოებით, მაქმანებითა და ბევრი ოქროსფერი ღილით.
თუკი წინა კოლექციაში მომხმარებელს ბევრი გული შესთავაზეთ, ახალ კოლექციაში რა დეტალი გაქვთ გამოყენებული?
ვინაიდან კოლექციაში სიახლეც უნდა გვქონოდა, რომ მხოლოდ 1990-იანი წლები არ ყოფილიყო, გამოვიყენეთ ვარდები. ეს ყვავილი მე განსაკუთრებულად მიყვარს. ვეცადეთ, ვარდის ფორმატიც და ფაქტურაც განსხვავებული ყოფილიყო, მაგ.: ტყავის მასალისგან დამზადებულ ჩანთაზე ჩამოსაკიდი დეტალი. გარდა ამისა, ამ კოლექციაში ჩანთებიც შევთავაზეთ ჩვენს დამკვეთებსა თუ მომხმარებლებს.
რატომ გაიზარდა სათვალის ფორმები?
რადგან კოლექციის შექმნის დროს თანამედროვე სტანდარტს ვითვალისწინებ, სათვალის ფორმაც გაიზარდა, რამაც დიდი გამოხმაურება დაიმსახურა. ეს განსაკუთრებით უცხოეთში აიტაცეს, რადგან იქ ბაზარიც ძალიან დიდია და გაყიდვის მაჩვენებლებიც გაცილებით კარგი გვაქვს.
ბაერების მიმართულებით გაქვთ სიახლეები?
ჩვენს კოლექციას უკვე ბევრი აზიელი მომხმარებელი ჰყავს. ისინი დაინტერესებულნი არიან. შესაბამისად, ჩინეთი და იაპონია ახალი ბაზარია ჩვენი კოლექციებისთვის. მართალია, ამჟამად პატარა მაღაზიებში ვართ წარმოდგენილნი, თუმცა ჯერ ყველაფერი წინ არის.
როგორ შევხვდეთ ახალ წელს?
ბუნებრივია, მოდის ტენდენციების გათვალისწინება ძალიან მნიშვნელოვანია. თუმცა, ყველაზე აუცილებელი ის არის, რომ გეცვათ ის, რაც ყველაზე მეტად გიხდებათ და რაც მთავარია, კომფორტულად გრძნობდეთ თავს.
ახალი წლის დღესასწაულში ყველაზე მეტად მიყვარს...
ის ქაოსური, სიცოცხლით სავსე სიტუაცია, ახალი წლის დადგომამდე რომ არის ქალაქში. ჩემთვის სიცოცხლე და სიხარული ამ დროს იგრძნობა.
გაქვთ რაიმე ტრადიცია ახალ წელთან დაკავშირებით?
ვცდილობ არ ვიყო ხოლმე საქართველოში, მაგრამ თუ ამას ვერ ვახერხებ, სტანდარტულად, შინ ვხვდები.
სამომავლოდ რას ველოდოთ თქვენგან?
მუდმივად ვცდილობ განვითარებაზე და ახალი პროდუქტების შეთავაზებაზე ვიმუშაო. შესაბამისად, გზადაგზა ბევრ სიახლეს აღმოაჩენთ ბრენდის ირგვლივ, თუკი მუდმივად თვალს გვადევნებთ.