ახალი წლის ჯადოსნურობას, ნაძვის ხის ფერად მორთულობას და ციმციმა განათებებს ოჯახური გარემო კიდევ უფრო თბილსა და ტკბილს ხდის. სწორედ ასეთ გარემოში გიჩნდება სურვილი, გააცილო ძველი და დახვდე ახალს, რომელიც ბევრ ბედნიერ დღესა და ახდენილ ოცნებას გპირდება. და თუკი თქვენც ჩემსავით გჯერათ ახალი წლის ზღაპრულობის, მაშინ სიყვარულით სავსე გულით სურვილი ჩაიფიქრეთ... მანამდე კი, წაიკითხეთ, როგორ ხორციელდება ოცნებები, როდესაც რაღაცას გულით ინატრებ. OK! გთავაზობთ ინტერვიუს კალათბურთელ ნიკოლოზ ცქიტიშვილთან და მის მეუღლესთან – სოფო გოგებაშვილთან.
დავიწყოთ ბავშვობით... რაზე ოცნებობდით და ვინ გსურდათ გამხდარიყავით მაშინ?
(სოფო): ვოცნებობდი მოცეკვავე გავმხდარიყავი და მსოფლიოს სხვადასხვა წერტილში მემოგზაურა. პირველი ნატვრა ავისრულე. მეორეც ნაწილობრივ ამიხდა – ნიკასთან ერთად მრავალ ქვეყანაში ვიმოგზაურე.
(ნიკა): ცეკვა მეც მაინტერესებდა, თუმცა სპორტი ის სფეროა, რომელიც ყოველთვის მიზიდავდა. შესაბამისად, სპორტის რამდენიმე სახეობაზე დავდიოდი, თუმცა ჩემი აღნაგობიდან გამომდინარე, კალათბურთი ყველაზე შესაფერისი სახეობა აღმოჩნდა. ვოცნებობდი ერთხელ მაინც შევხვედროდი მაიკლ ჯორდანს და ჩემი კარიერის წყალობით, მას არა მხოლოდ შევხვდი, არამედ მის წინააღმდეგაც ვითამაშე. ეს დღე არასოდეს დამავიწყდება.
მოგვიყევით, დღეს რას საქმიანობთ და რამ ითამაშა ყველაზე დიდი როლი თქვენს გადაწყვეტილებაში?
(სოფო): ჩემი პირველი არჩევანი, გავმხდარიყავი მოცეკვავე, განპირობებული იყო უსაზღვრო სიყვარულით ქართული ცეკვის მიმართ. დღესაც, როცა აღარ ვარ აქტიური მოცეკვავე, ქართული მუსიკის გაგონებისას შინაგანად ისევ ის ცეცხლი მენთება და მთელი სხეულით ვცეკვავ. რაც შეეხება ახლანდელ აქტიურ პროფესიას, საბავშვო ბრენდ „მიშელის“ შემქმნელი ვარ – ჩემი, დედაჩემის და ნიკას იდეები გავაერთიანეთ და მივიღეთ წარმატებული ქართული საბავშვო ტანსაცმლის ხაზი, რითაც ძალიან ბედნიერი ვარ.
(ნიკა): ჩემი სურვილი, გავმხდარიყავი კალათბურთელი, გაჩნდა ქუჩის კალათბურთიდან. როდესაც სამოყვარულო დონეზე დავიწყე კალათბურთის თამაში, ყველა ამჩნევდა ტალანტს და დიდ მომავალს მიწინასწარმეტყველებდნენ. ამას ჩემი გენეტიკური ფაქტორიც დაემატა – სიმაღლეში სწრაფი ზრდა, და ასე დაიწყო ჩემი კარიერა.
ნიკა, საქმე, რომელსაც დღეს აკეთებთ, ის არის, რის გარეშე ცხოვრებაც ვერ წარმოგიდგენიათ?
კალათბურთის გარეშე ცხოვრება მართლა ვერ წარმომიდგენია. ეს საქმე უდიდეს ბედნიერებას მანიჭებს. რასაკვირველია, ჩემს ცხოვრებაშიც დადგება დრო, როდესაც პროფესიულ დონეზე საკალათბურთო კარიერას უნდა დავემშვიდობო, ასაკის გამო, თუმცა ამ სფეროდან შორს ვერ წავალ, რადგან კალათბურთის გარეშე სხვა ადამიანი ვიქნები.
სოფო, მოგვიყევით, როგორ გაიცანით ერთმანეთი?
ჩვენი პირველი შეხვედრა ანსამბლ „რუსთავის“ კონცერტზე შედგა, თუმცა მაშინ პირისპირ არ შევხვედრივართ ერთმანეთს. ნიკამ ნახა ჩემი ცეკვა და მოვეწონე. შემდეგ დამიკავშირდა სოციალური ქსელით და დავიწყეთ აქტიური მიმოწერა. ეს ყველაფერი გაგრძელდა პირისპირ შეხვედრებით და ქორწილით დაგვირგვინდა.
რა ადგილი უჭირავს სპორტს თქვენს ცხოვრებაში?
(სოფო): ნიკას გაცნობის შემდეგ, ჩემთვის სპორტული, ჯანსაღი ცხოვრების წესი ძალიან მნიშვნელოვანი გახდა. ვცდილობთ, ბავშვებიც ამავე წესით აღვზარდოთ.
(ნიკა): სპორტი ჩემი ცხოვრების განუყოფელი ნაწილია. ეს არის ის, რამაც პროფესიონალ და შემდგარ პიროვნებად ჩამომაყალიბა. სპორტი მხოლოდ თამაში არ არის – ეს არის ცხოვრებისეული გამოცდილება და გაკვეთილი, როგორ უნდა იყო დისციპლინირებული და ჯანსაღი – როგორც ფიზიკურად, ისე ფსიქოლოგიურად.
როგორია თქვენი ერთი ჩვეულებრივი დღე?
(სოფო): დილა ბავშვების სასკოლო მზადებით, შინაური ქაოსითა და პროცედურებით იწყება. შემდეგ აუცილებლად გემრიელი საუზმით. დღის განმავლობაში, ისევე, როგორც ყველა, ჩვენც ჩვენი საქმიანობით ვართ დაკავებულნი. საღამოს კი, ვიკრიბებით შინ, ვახშმის პერიოდს ოჯახურად ვატარებთ, ვუყურებთ ფილმებს. ბავშვებს დღის ეს მონაკვეთი განსაკუთრებით უყვართ.
(ნიკა): ჩემი ყოველი დღე დაკავშირებულია ოჯახთან და სპორტთან. ეს არის ის, რაც უმნიშვნელოვანესია. ამის შემდეგ მოდის ყოველდღიური საქმიანობა. ვინაიდან მაქვს კერძო სახლი ეზოთი, აქტიურად ვარ დაკავებული ეზოს მოვლით და სამი ძაღლის პატრონობით. ვცდილობ, ყველაფერი ჩემი ხელით გავაკეთო, რადგან ეს დიდ სიამოვნებას მანიჭებს.
რა არის თქვენთვის წარმატება და ყველაზე მნიშვნელოვანი იმისათვის, რათა წარმატებას მიაღწიოთ?
(სოფო): ვფიქრობ, წარმატებისთვის აუცილებელია მოთმინება, შენი საქმის სიყვარული და ორგანიზებულობა. როცა იმ საქმეს აკეთებ, რომელიც გიყვარს, აუცილებლად იქნები წარმატებული.
(ნიკა): წარმატება ყველასთვის ინდივიდუალურია. პირადად ჩემთვის, წარმატება აუცილებლად ასოცირდება სინდისთან, რადგან მნიშვნელოვანია გზა, რომელიც ამ წარმატებამდე გავიარე. ვფიქრობ, ყველა ჩვენგანისთვის წარმატებულობა დიდი პასუხისმგებლობაა – ღმერთი ნიჭით გვაჯილდოებს და თუ როგორ გამოვიყენებთ ამ ნიჭს, ეს უკვე ჩვენზეა დამოკიდებული, თუმცა მჯერა, რომ იღბალიც ძალიან მნიშვნელოვანი დეტალია წარმატების მიღწევაში, და საჭირო დროს სწორი გადაწყვეტილების მიღება.
შვილები...
(სოფო): ჩემი შვილების მომავალი ჩემი მთავარი საფიქრალია, როგორც ყველა მშობლისთვის. მიხარია, როცა მათ ვუყურებ ჯანმრთელებს და ბედნიერებს. მომწონს როგორებიც არიან, განსხვავებულები და ინდივიდუალურები – თავისი დადებითი და უარყოფითი თვისებებით. იზრდებიან ჩვეულებრივ, როგორც ყველა ბავშვი, არავითარი ზედმეტი ფუფუნებით და განებივრებით. მეც და ნიკაც ერთ აზრზე ვართ, რომ უბრალოება ადამიანის ყველაზე ძვირფასი თვისებაა.
(ნიკა): ყველა მშობლის ოცნებაა, მათი შვილები იყვნენ მათზე წარმატებულნი. ჩემი მიზნები მათთან არის დაკავშირებული და შესაბამისად, ისინი ყველაზე დიდ მოტივაციას მძენენ, ცხოვრებაში ყველაფერი იდეალურად ვაკეთო – მათი ნათელი მომავლისთვის. ჩემი თითოეული გადაწყვეტილება მათ კეთილდღეობასთანაა დაკავშირებული.
რისთვის არ გრჩებათ დრო?
(სოფო): ბევრი რამისთვის. საკმაოდ დატვირთული რეჟიმი გვაქვს ყოველდღიურად, თუმცა – სასიამოვნო.
(ნიკა): ღამის ცხოვრებისთვის, თუმცა გართობის სხვა ხერხებს ვირჩევთ – ოჯახურ შეკრებებს, ძაღლებთან ერთად ფეხით სეირნობას, მოგზაურობას...
განსაკუთრებული ტრადიცია თუ გაქვთ ახალი წლის შეხვედრასთან დაკავშირებით?
(სოფო): განსაკუთრებული ტრადიცია არ გვაქვს. საახალწლო სუფრასთან მთელი ოჯახი, ლამაზად გამოწყობილები, ერთად ვიკრიბებით. ჟრიამული კი, არასოდეს გვაკლია, რადგან საკმაოდ ბევრნი ვართ.
(ნიკა): ახალ წელს ძალიან დიდი ხანი საზღვარგარეთ ვხვდებოდი. ბოლო რამდენიმე წელია საქართველოში ვხვდები, რაც ძალიან მახარებს. განსაკუთრებული ტრადიცია არ გვაქვს. როგორც ყველა, ჩვენც ერთად ვიკრიბებით – ოჯახის წევრები, ვაცილებთ ძველს და ვხვდებით ახალს, ხალისითა და დადებითი განწყობით.
თავისუფალ დროს მიყვარს?..
(სოფო): თავისუფალ დროს ჩემს საყვარელ სივრცეში – სამზარეულოში. ვატარებ. მიყვარს კულინარიული ექსპერიმენტების ჩატარება და ეს დიდ სიამოვნებას მანიჭებს. კულინარია ჩემთვის განტვირთვის საუკეთესო საშუალებაა.
(ნიკა): თავისუფალ დროს ჩოგბურთის თამაში მიყვარს. კალათბურთის შემდეგ ეს სპორტის ის სახეობაა, რომელიც კარგად გამომდის. მოზღვავებულ ენერგიას თუკი კალათბურთში ვერ ვხარჯავ, ამ სახეობაში ვიყენებ. თანაც, ბოლო დროს სოფოც ავიყოლიე და კარგი დუეტი გამოგვდის.
სად აპირებთ ახალ წელს შეხვდეთ?
(ნიკა): ახალ წელს აუცილებლად ვხვდებით შინ. ძველით ახალ წელს კი, ვგეგმავთ ჩემს სოფელში – საჩხერეში შევხვდეთ, რადგან იქაურობა ბავშვობის წლებს მახსენებს, როცა ერთად ვხვდებოდით ხოლმე ძველით ახალ წელს მთელი ოჯახი. მინდა, ეს ჩემმა შვილებმაც განიცადონ.
P.S.: მე რომ ლაპლანდიელი სანტა ვიყო…
(სოფო): ყველას მივცემდი თბილ, ბედნიერ ოჯახურ გარემოს, რომელიც ახალი წლის ღამეს ყველაზე მნიშვნელოვანია.
(ნიკა): ბანალურია, მაგრამ ყველა ბავშვს ვაჩუქებდი იმას, რაც მათ ბედნიერ ღიმილს მოჰგვრიდა.