ბრიტანეთში შობისთვის მზადება ზაფხულში იწყება. 93 წლის დედოფალი საშობაო ბარათებზე ხელის მოწერას ზაფხულის არდადეგებზე იწყებს. ის 800-მდე ბარათზე თავად ტოვებს ავტოგრაფს. მისი გუნდი იღებს საჩუქრების ვაუჩერებს და საახალწლო პუდინგებს. ის ასევე სენდრიგემის დასახლებაში სკოლებსა და ეკლესიებს ნაძვის ხეებს უგზავნის. სასახლეში გასამგზავრებლად, დედოფალს შეუძლია სამეფო მატარებლით ისარგებლოს, მაგრამ ამჯობინებს რეგულარულ სერვისს მიმართოს და საზოგადოებასთან ერთად იმგზავროს. ეს 20 დეკემბრის პერიოდში ხდება. ყველაზე ახალგაზრდა მემკვიდრეები სასახლეში პირველები ჩადიან, პრინცი ჩარლზი და კამილა პარკერ-ბოულზი კი ბოლოები. პრინცი ფილიპი ხის კენწეროში ოქროს ვარსკვლავს ათავსებს, ამ დროს კი დედოფალი ელისაბედი ნაძვის ხის სათამაშოებს არჩევს. მორთვის პროცესში მას შვილიშვილებიც ეხმარებიან.
ტრადიციულად, ოჯახი ვიწრო წრეში იკრიბება. დღესასწაული საღამოს კოქტეილით იწყება, რომელზეც პასუხისმგებლობა პრინც ფილიპს აქვს აღებული. დედოფალი ამჯობინებს მარტინის, სხვები კი, როგორც წესი, შამპანურს ირჩევენ. პრინცი ფილიპი ალკოჰოლის დიდი მოყვარული არაა, ხშირად მხოლოდ ელს სვამს. საბოლოოდ, ისინი ცოტას სვამენ, მაგრამ ძლიერ სასმელს, ამიტომაც არ ეპატიჟებიან სტუმრებს და ერთმანეთის კამპანიას ამჯობინებენ.
სასმელის შემდეგ, ოჯახი სანთლებით მორთულ მაგიდასთან ვახშმობს. მენიუში 6 კერძია. ღამის 2-3 საათამდე მღერიან და ფორტეპიანოზე უკრავენ. მენიუ აუცილებლად ფრანგულად უნდა იყოს დაწერილი არა მხოლოდ შობაზე, არამედ ყველა სხვა დღესასწაულზე.
შობის წინა დღეს სამეფო ოჯახის წევრები ერთმანეთს საჩუქრებს უცვლიან. ეს ტრადიცია დედოფალ ვიქტორიას მეუღლემ, პრინცმა ალბერტმა წამოიწყო. ძვირადღირებული საჩუქრების ნაცვლად, რომელსაც შეიძლება ისინი მოელოდნენ, ყველაზე სასაცილო და სულელურ საჩუქრებს ირჩევენ. მათ შორისაა: წინსაფარი დედოფლისთვის, სავარცხელი პრინც უილიამისთვის, ქუდი სახალისო წარწერით და ა.შ.
შობის დილას ოჯახის წევრები ეკლესიაში მიემართებიან. მანამდე კი საუზმობენ და ამოწმებენ წინდებს, სადაც დედოფალ ელისაბედისგან დატოვებული საჩუქრები და ხილი ხვდებათ. წირვის შემდეგ, ისინი შინ ბრუნდებიან და ტრადიციული ინგლისური კერძებით გაწყობილ სუფრას უსხდებიან. შემდეგ ყველა ერთად უყურებს დედოფლის საშობაო გზავნილს, რომელიც ჯორჯ მეხუთემ წამოიწყო და პირდაპირ ეთერში 1932 წლიდან გადის. ამ დღესასწაულზე ისინი ცდილობენ სანდრინგემის სასახლეში უბრალოდ დაისვენონ, იმღერონ და სამაგიდო თამაშები ითამაშონ. ოფიციალური ვახშმების შემდეგ, სამეფო ოჯახი სპეციალურ დარბაზში ფილმსაც უყურებს. სტუმრები მხოლოდ 26 დეკემბერს მოდიან.
ბოლო წლების განმავლობაში პრინც უილიამისა და პრინც ჰარის ტრადიციაა, ითამაშონ ფეხბურთი ახალი წლის დადგომამდე. მათ საყვარელი ნაკრებების წინდები აცვიათ და ადგილობრივ მცხოვრებლებთან ერთად ერთმანეთს ეწინააღმდეგებიან. თამაშს ხშირად ესწრებიან ოჯახის წევრები. ხანდახან გუნდს ქეით მიდლტონის ძმა, ჯეიმსიც უერთდება.
დედოფალი და პრინცი ფილიპი სასახლეში თებერვლის დასაწყისამდე რჩებიან, რათა 6 თებერვალს პატივი მიაგონ ელისაბედის მამის − ჯორჯ VI-ს ხსოვნას.
საშობაო პერიოდში სამეფო ოჯახი საახალწლო დღესასწაულს სხვებისთვისაც გეგმავს. ისინი მიმართავენ ქველმოქმედებას და აწყობენ ღონისძიებებს ბავშვთა თუ მოზრდილთა სხვადასხვა დაწესებულებაში.