ჟურნალმა OK! წინასაახალწლოდ სანტა-კლაუსობა გადაწყვიტა, მეგობარი კომპანიების მხარდაჭერით საჩუქრების დიდი გუდა მოამზადა და ანაკლიისკენ გასწია, სადაც ბოკუჩავების სამშვილიანი ოჯახი ცხოვრობს. პატარა ლიზის და მის და-ძმას მარტოხელა მამა ზრდის.
ოჯახს უჭირს, ძალიან უჭირს. ისევე, როგორც ბევრ ოჯახს საქართველოში. ბავშვებს ბევრი რამ აკლიათ, რაც მათ ბავშვობას ბოლომდე ლაღს, უდარდელსა და სიხარულით სავსეს გახდის. პატარა ლიზიმ გაგვიმხილა, რომ ამქვეყნად ყველაზე მეტად ჰოვერბორდი უნდა. საახალწლოდ ჩაფიქრებული სურვილები ხომ ხშირად ხორციელდება, და ვინ იცის, იქნებ პატარა ლიზისაც აუსრულდეს თავისი სანუკვარი სურვილი, რომელიც მის პატარა გულსა და გონებას არ სცილდება. ბოლოს და ბოლოს, ადამიანების მზრუნველობა და სიკეთე ხომ ის ერთადერთი ძალაა, რომელიც ყველასთვის საყვარელი დღესასწაულის – ახალი წლის ჯადოსნურობას ამართლებს... ლიზისთან გასაუბრება არ ყოფილა მარტივი. ბავშვურად ლაღია, მაგრამ არა მიმნდობი. პირქუშმა სამყარომ და გამოვლილმა ცხოვრებისეულმა სირთულეებმა ასწავლა, რომ მიმნდობი არ უნდა იყოს, რომ ცხოვრება ხანდახან მკაცრია...
ლიზი, მოგვიყევი, როგორ ხარ? სკოლაში თუ დადიხარ?
კი, დავდივარ.
გიყვარს შენი სკოლა?
სკოლაში სიარული მიყვარს, მაგრამ დანგრეული რომ არის, არ მომწონს. კარი არ აქვს სპორტის ოთახს, კედლებია დანგრეული. „ფეჩი“ გვიდგას სკოლაში და ისე ვთბებით, არ გვცივა.
ყველაზე მეტად რომელი საგნები გიყვარს?
მუსიკა, ქართული, მათემატიკაც. ვმღერი ხოლმე სიმღერებს.
შენს მეგობრებზე მოგვიყვები?
ბიჭებთან არ ვმეგობრობ, გოგო მეგობრები მყავს და ფეხბურთს ვთამაშობთ ხოლმე ერთად, კიდევ – „ჩაჭრობანას“.
რის გაკეთება გიყვარს ყველაზე მეტად?
მე გაკვეთილების სწავლა მიყვარს, თამაშიც მიყვარს. ყველაზე მეტად ფეხბურთის თამაში მიყვარს.
რომელი ფეხბურთელი გიყვარს ყველაზე ძალიან?
რონალდო მიყვარს ყველაზე მეტად.
მოდი, დაფიქრდი და გვითხარი, ამქვეყნად ყველაზე მეტად რა გინდა?
ჰოვერბორდი მინდა. მეტი არაფერი მინდა.
შენს და-ძმაზე მოგვიყევი. თამაშობთ ხოლმე ერთად?
„გაკიდობანას“ და „დეზდემონობანას“ ვთამაშობთ ხოლმე. არ ვჩხუბობთ, არ ვაბრაზებთ ერთმანეთს. არც მამიკოს ვაბრაზებთ. ჩემს ძმას უნდა რომ მზარეული გამოვიდეს, ერთხელ კვერცხი ააგდო ზემოთ და მერე ისე მოამზადა. ჩემმა დამ ჯერ არ იცის, რა უნდა გამოვიდეს.
შენთან რომ მოვიდეს კეთილი ფერია და გითხრას, ერთ სურვილს შეგისრულებო, რას სთხოვდი?
ჰოვერბორდს ვთხოვდი, სხვა არაფერს.
იცი, რომ ყველა სურვილს ასრულებს?
ვიცი, მაგრამ მე მარტო ჰოვერბორდი მინდა. და ძაღლიც მინდა, სახლის ძაღლი, ფუმფულა.
ლიზი, ახალი წელი თუ გიყვარს?
კი, მიყვარს. საახალწლოდ ხანდახან თბილისში მივდივართ. იქ მამიდა ცხოვრობს 2 შვილიშვილთან ერთად და ვთამაშობთ ხოლმე. მიყვარს იქ ჩასვლა.
რომ გაიზრდები, ვინ გინდა გახდე?
მოდელი.
რატომ?
ასეთი ვარ, ლამაზი თვალები მაქვს.
შენ უკვე მოდელი ხარ, აი დღეს. ლამაზად ჩაიცვი, კოხტა ვარცხნილობასაც გაიკეთებ და ფოტოებს გადაიღებ. ჟურნალში დაიბეჭდება შენი ფოტოები. ეს მოგწონს?
კი, ძალიან მომწონს.
ლიზი, რა საყვარელია შენი ბაჭია.
კი, ჩემი მეგობარია, „ფუსა“ ჰქვია და ძალიან მიყვარს.