ჯერ კიდევ რამდენიმე წლის წინ ზენდაიას მთავარი მიღწევები ახალგაზრდულ სერიალ SHAKE IT UP-ში მონაწილეობა და შოუში „ცეკვავენ ვარსკვლავები“ მიღებული მეორე ადგილი იყო. მაგრამ ამ წელს გოგონას კარიერა სერიოზულ საფეხურზე ავიდა. HBO-ს სერიალი „ეიფორია“, სადაც ის მთავარ როლს თამაშობს, ნამდვილი ჰიტი გახდა. ახალი ადამიანი-ობობას შეყვარებული მოდის ინდუსტრიაშიც იკვლევს გზას და თაობის შთამაგონებელ არტისტად ყალიბდება. ცოტა ხნის წინ, უკანასკნელი ორივე როლისთვის ზენდაიამ PEOPLE’S CHOICE AWARDS-ზე საუკეთესო მსახიობის ტიტულები მოიპოვა.
რას ნიშნავს თქვენთვის ბრენდ Lancome-თან კონტრაქტის გაფორმება?
ეს მშვენიერია! ამერიკაში Lancome საფრანგეთის ისეთივე სიმბოლოა, როგორც ეიფელის კოშკი. ის ჩემთვის კლასიკურ ელეგანტურობასთან და შეუდარებელ ქალებთან ასოცირდება. ეს არა მხოლოდ კომპანია, არამედ ოჯახია. ვიმედოვნებ, მალე გავიცნობ ყველა მის წევრს. ჯერჯერობით მხოლოდ ლუპიტა ნიონგოს და ტეილორ ჰილს შევხვდი.
რა მოგწონთ პარიზში?
აქ ბევრი ძველი შენობაა. შეგიძლია იარო და აქეთ-იქით იყურო, დააფიქსირო დეტალები. არც კი მჯერა, რომ ეს ყველაფერი რეალურად არსებობს. ხანდახან მგონია, რომ გადასაღებ მოედანზე ვარ.
რას ფიქრობთ ბრენდის ახალ არომატზე?
მდიდრულია! მის შექმნაში ჩემი მცირედი წვლილიც შევიტანე. ბრენდის წარმომადგენლები ფინალური კომპოზიციისთვის არომატთა შეხამებაზე რჩევას მეკითხებოდნენ. სასიამოვნოა, რომ ჩემი აზრები გაითვალისწინეს, ბოთლის ფორმაც შეუდარებელია. თუ არ ვცდები, ისტორიაში ის ყველაზე თხელი ბოთლია. Idole-ს ასაკობრივი შეზღუდვა არ აქვს. ჩემთვის ის ბედნიერების არომატია.
რა გეხმარებათ, თავი ძლიერად და თავდაჯერებულად იგრძნოთ?
ნამდვილად ვერ გაგაკვირვებთ – ეს შესაძლებლობაა, დაკავებული ვიყო საყვარელი საქმით და ვამაყობდე ჩემი როლებით.
როგორია თქვენი განსაზღვრება სილამაზეზე?
მას განსაზღვრება არ სჭირდება! ყველას თავისი ხედვა აქვს და არავის შეუძლია თავს მოახვიოს სხვას, რა არის ლამაზი და რა არა.
თქვენს საჯარო გამოსვლებს ხშირად აქტიურად განიხილავენ. როგორ არჩევთ სამოსს წითელი ხალიჩისთვის?
ეს ჩემი სტილისტის, ლოუ როუჩის დამსახურებაა. ის 14 წლიდან ჩემთანაა. თავიდანვე ვიგრძენი, რომ ამ ბიჭის ნდობა შეიძლებოდა. მან მასწავლა საკუთარი სტილის ძიება და არა სხვების მიბაძვა. ჩვენ არ გვაქვს წესები და აკრძალვები. სამოსის არჩევისას ვხალისობთ და არ გვეშინია გარისკვის. მაგრამ, ყოველდღიურ ცხოვრებაში თავის გამოხატვა არ მახასიათებს. შესაძლოა ერთი და იგივე რამ ვატარო ყოველდღე.
მაგრამ ამბობენ, რომ თმას და მაკიაჟს ამ დღეებისთვის თავად იკეთებთ, მართალია?
დიახ. ეს უფრო მეტად მაკიაჟს ეხება, რაც ყოველთვის ჩემი ჰობი იყო. მაკიაჟის ხელოვნება ექსპერიმენტულია. შეცდომებიც დამიშვია, საკამათო მომენტებიც მქონია, მაგრამ ყოველთვის ვგრძნობდი თავისუფლებას და ექსპრესიას.
ესე იგი, არ გჯერათ სინანულის სილამაზის კუთხით?
იცით, გიწევს, გაითავისო ის! მადლიერი ვარ, რომ არასდროს გადამიწყვიტავს გამეკეთებინა წარბები საფუძვლიანად, როცა გარშემო თხელი თმა ამომდიოდა. როცა დავიწყე ჩემ თავზე ზრუნვა, ყოველთვის მსურდა ისინი დიდი ყოფილიყო. მახსოვს დღე, როცა მე-7 კლასი მეწყებოდა, წარბების შესალამაზებლად წავედი. იქაურობა ერთი ოთხკუთხედი და მეორე წრიული წარბის ფორმით დავტოვე, რომლებიც ზედმეტად თხელი იყო და გულგატეხილი ვიყავი. ბევრი ვიტირე, მოკლედ, ზედმეტად დრამატულად განვიცადე, არადა ჯერ მხოლოდ მე-7 კლასი იწყებოდა. დედას შევჩივლე, რომ წარბები წამართვეს! მან მითხრა: „დამშვიდდი, ზენდაია, ისევ გაგეზრდება“.
სახე, ფაქტობრივად, გიბრწყინავთ. რას გვეტყვით მის მოვლაზე?
მზის ფაქტორია. მიუშვირეთ სახე მზის სხივებს. ამასთან ერთად, ღრმა დატენიანება არ დაგავიწყდეთ.
მაინც როგორ ინარჩუნებთ კანს ასე ჯანსაღად ყოველდღიურ ცხოვრებაში?
ულტრაიისფერი სხივებისგან დამცავი კრემის გამოყენებით. ვასრულებ შემდეგ ნაბიჯებსაც: გაწმენდა, სპრეი, ნიღაბი.
„თავის მოვლა“ აქტიური ტერმინია. როგორია მისი თქვენეული განსაზღვრება?
ყველას თავისი მეთოდი აქვს. მაგალითად, მედიტაცია. პირადად ჩემთვის, ძალიან რთულია უბრალოდ ვიჯდე და ტვინი გავწმინდო. ხალხს გიჟი ვგონივარ, მაგრამ შემიძლია „ჰარი პოტერს“ ყოველდღე ვუყურო. მე ეს მამშვიდებს, ესაა ჩემი „მეთოდი“.
აღწერეთ თქვენი იდეალური დღე.
ბევრი ძილი, ძაღლთან თამაში და სერიალების ნახვა. ხანდახან ისეთი სასიამოვნოა მარტო ყოფნა.
სერიალში „ეიფორია“ საკმაოდ რთულ როლს შეეჭიდეთ. როგორ გაითავისეთ საკუთარი პერსონაჟი?
ამ როლში ჩემს გამოცდილებას ვერ დავეყრდნობოდი. მე არ ვიცი, როგორია ებრძოლო ნარკოტიკებზე დამოკიდებულებას. ჩემი კრედო იყო – თუ ჩიხში შევიდოდი, მეკითხა სემისთვის (სემ ლევინსონი – პროექტის შემქმნელი). მან ეს ყველაფერი გაიარა. პრინციპში, ის არის რუ – ჩემი პერსონაჟი. სცენების გადაღებების წინ მიყვებოდა, რა შეემთხვა თავად და გადაღებების დროს ვცდილობდი ამ ყველაფრის ინტერპრეტაცია მომეხდინა. მიუხედავად იმისა, რომ „ეიფორიის“ გამოსვლა ამაღელვებელი და მშვენიერი იყო, ის სტრესის მიზეზადაც იქცა. ეს არის ის, რითიც ვცხოვრობ: შფოთვა.
ტომი ჰილფიგერს მიაჩნია, რომ სულით აქტივისტი ხართ. ამასთან, ის ერთადერთი არაა...
უხერხულად ვგრძნობ თავს, როცა ამას მიწოდებენ. ეს სასიამოვნოა, მაგრამ აქტივისტი არ ვარ. თუმცა, მართლაც ვისურვებდი სან-ფრანცისკოს რაიონში თანატოლებამდე მიმეღწია. მათთან, ვინც სწავლობდა დაწყებით სკოლაში, ვინც რაღაცას აკეთებს და ორგანიზებას უწევს. იქნებ მათ შეუძლიათ დამეხმარონ... ამდენ დროს გადაღებებზე რომ არ ვატარებდე, ალბათ, მეც იმ ახალგაზრდა ადამიანებს შორის ვიქნებოდი, ვინც დემოკრატ-სოციალისტთა შეხვედრებზე დადის და აქციებს აწყობს.
ბევრი ნაიარევი გაქვთ...
დიახ, ხულიგანი ბავშვი ვიყავი. ერთ-ერთი იარა, რომელიც წარბზე მაქვს, არც კი მახსოვს, როგორ შემემატა. ძალიან პატარა ვიყავი, როცა აბაზანაში ჩავვარდი და მცირე ჭრილობა მივიღე.
შეიძლება ითქვას, რომ დამოუკიდებლობას ასხივებთ. ეს წითელ ხალიჩაზეც გეტყობათ...
ეს მთელი პროცესია. დამოუკიდებლობის მოპოვებას დრო სჭირდება. ბევრი ადამიანი ამბობს: „რატომ არ გიყვარს საკუთარი თავი?“ ან „რატომ არ გრძნობ თავს უკეთ?“ ეს ყველაფერი სათქმელად ადვილია, გასაკეთებლად – რთული. გაზრდას იქამდე, რომ შეიცნო და დააფასო საკუთარი თავი, დრო სჭირდება. ჩვენ ყველა გავდივართ ამ გზას. დედაჩემმა ეს 50 წლის ასაკში შეძლო. მე ამ მომენტს „მის პეპლის ეფექტს“ ვუწოდებ. ის გახდა დამოუკიდებელი და მეტად გაცნობიერებული იმაში, თუ ვინაა რეალურად, როცა 50 წლის იყო. ეს განცდა ცხოვრების ნებისმიერ პერიოდში შეიძლება დადგეს. პროცესების დაჩქარება არ ღირს. მიეცით თავს საშუალება იგრძნოთ, განიცადოთ, და იფიქრეთ, რომ არა უშავს, თუ სხვებზე ნელი იქნებით.