მეკო ქავთარაძე მცირე ასაკიდანვე ხელოვნებამ გაიტაცა და მუსიკალურ განათლებას აზიარა. მან ბავშვობა სხვადასხვა მიუზიკლსა თუ სპექტაკლს დაუკავშირა და რთული, მრავალფეროვანი რეპერტუარის შესრულების კვალდაკვალ მსოფლიოს გარშემო მოგზაურობა დაიწყო. რეპეტიციები, კონცერტები, კონკურსები და უამრავი გასტროლი მის მუსიკალურ დღიურში აღიბეჭდა, რომელსაც მოგვიანებით ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის სტუდენტობაც დაერთო.
ამას მოჰყვა ბაკალავრის ხარისხის მოპოვება, მაგისტრატურის, ასპირანტურისა და დოქტორანტურის საფეხურზე გადასვლა, რამაც მუსიკოსის ხასიათის უმთავრესი მაჩვენებელი – სრულყოფილი ხელოვნებისკენ სწრაფვა გამოკვეთა.
ახალგაზრდა თაობისთვის ხელოვნებასთან ზიარება, წლების წინ, მთავარ ამოცანად დაისახა და იდეის ირგვლივ „მეკო სტუდიოს“ ვრცელ შენობაში პროფესიონალი გუნდი შემოიკრიბა. დღეს, სამუსიკო ხელოვნების დოქტორი, მეკო ქავთარაძე, იმ სივრცის ხელმძღვანელია, რომლის დაფუძნების სურვილიც ცხოვრებისეულ კრედოდ ექცა.
რა გახდა თქვენი მუსიკალური სტუდიის ჩამოყალიბების ბიძგი?
წლების განმავლობაში არაერთ საინტერესო სამუსიკო გუნდს ვხელმძღვანელობდი, რომელიც მრავალ კონცერტსა და კონკურსში მონაწილეობდა და ქვეყანასა და მის ფარგლებს გარეთ წარმატებით მოგზაურობდა. ჩემი მოსწავლეები სხვადასხვა პროექტსა და ფესტივალში მონაწილეობდნენ, მათ შორის იყო: „ანა-ბანა,“ „ნუცას სკოლა,“ „ახალი ხმა“, „საქართველოს ვარსკვლავი“, საბავშვო „ევროვიზია“ და სხვა. ბავშვების მიერ მიღწეულმა თითოეულმა გამარჯვებამ დამარწმუნა, რომ კარგი იქნებოდა, მათი სურვილი გამეთვალისწინებინა და მიმეღო გადაწყვეტილება, სრული ძალისხმევა, ჩემი ყველა მისწრაფება და მიგნება ახალგაზრდა თაობის ხელოვნებასთან ზიარების სასარგებლოდ გამომეყენებინა.
რას გვთავაზობს და რა მთავარ იდეას ემსახურება „მეკო სტუდიოს“ საქმიანობა?
„მეკო სტუდიოში“ ისწავლება ხელოვნების დარგები: ვოკალი, ფორტეპიანო, ვიოლინო, გუნდი, ფოლკლორი, ქართული ხალხური და თანამედროვე ცეკვები, „ბეიბი ბალეტი,“ და ხატვა. სტუდიაში დღეს ექვსასი ბავშვი ირიცხება. პირადად ვასწავლი ვოკალს, ვხელმძღვანელობ ბავშვთა გუნდს, ვარ მუსიკალური პროდიუსერი და აქტიურად ჩავერთე კინოინდუსტრიაშიც. „მეკო სტუდიო“ ხელს უწყობს საბავშვო კინოინდუსტრიის განვითარებას, როგორც საქართველოში, ასევე მის ფარგლებს გარეთ.
პრაქტიკიდან გამომდინარე, შევიმუშავე სწავლების გარკეული მეთოდოლოგია, რომელიც ჩვენს სტუდიაში დაინერგა. „მეკო სტუდიოს“ ყველა ასაკის ბავშვზე გათვლილი პროგრამა და რეპერტუარი აქვს, რაც, ვფიქრობ, ხელს უწყობს მოზარდის გონებრივი შესაძლებლობების განვითარებასა და გემოვნების ჩამოყალიბებას. თანაბარი ყურადღება ეთმობა ჯგუფურსა თუ ინდივიდუალურ მუშაობას.
ჩემი უმთავრესი სურვილია, „მეკო სტუდიომ“ შეძლოს, თითოეული მოსწავლე ხელოვნების საინტერესო სამყაროს აზიაროს, ნებისმიერი ჟანრი გააცნოს და საკუთარი შეხედულების ჩამოყალიბების უნარი გამოუმუშავოს.
კინოინდუსტრიაში ჩართულობის როგორი გამოცდილება აქვს „მეკო სტუდიოს“?
Mentesh – Production-თან ერთად ყველასთვის საყვარელი ფილმები: „ცელქი ბავშვები 2“, „ცელქი ბავშვები 3D”, „აუტანელი არდადეგები“ გადავიღეთ; ასევე კომპოზიტორ ზაზა მარჯანიშვილის კინომიუზიკლი „სად არის პინოქიო?!“ დღემდე რეიტინგულ თითოეულ ამ ფილმში „მეკო სტუდიოს“ მოსწავლეები მონაწილეობდნენ, რამაც მათ საინტერესო გამოცდილება შესძინა.
რა ტიპის მიდგომაა კრიტიკულად მნიშვნელოვანი პატარებთან ურთიერთობისას?
სტუდიის გახსნამდე, საკმაოდ დიდი გამოცდილება მქონდა, თუმცა როცა თავად ხდები ხელმძღვანელი, საკუთარ თავზე დიდ პასუხისმგებლობას იღებ, ეს კი, ძალიან რთული გამოწვევაა. როცა საქმე ბავშვებს ეხება, იქ მეტი სიფრთხილეა საჭირო. პედაგოგის გარდა, მათთვის მეგობარიც უნდა იყო.
ეს ის თაობაა, რომელიც შენგან გულწრფელობას ითხოვს. უპირველეს ყოვლისა, უნდა გიყვარდეს ბავშვი, გაითვალისწინო მისი ბუნებრივი მონაცემები, რათა მთლიანად გამოავლენინო საკუთარი შესაძლებლობები და მისცე გარკვეული მოტივაციაც.
რამდენად ხშირად ყოფილა შემთხვევა, რომ „დაფარული“ ტალანტები ბავშვებში სტუდიას აღმოუჩენია? ის, რის შესახებაც თავადაც არ იცოდნენ...
როგორც უკვე მოგახსენეთ, „მეკო სტუდიო“ ორიენტირებულია ბავშვის „დაფარული“ ტალანტი არა მხოლოდ აღმოაჩინოს, არამედ სრულყოს კიდეც. ამისი არაერთი შემთხვევა გვქონია. მეტიც – ერთსა და იმავე მოსწავლეს აღმოუჩენია როგორც სიმღერის, ასევე ცეკვის ნიჭიც. მსგავსი სასიამოვნო სიახლეები ნიჭიერ ახალგაზრდა თაობაში მრავლად არის და ყოველ ჯერზე გვაოცებს.
რა გზას უკვალავს სტუდია ახალგაზრდებს? როგორ ტრამპლინად შეიძლება ის იქცეს?
რა თქმა უნდა, „მეკო სტუდიო“ არ ქმნის იმის ილუზიას, რომ ჩვენი სკოლის უკლებლივ ყველა მოსწავლე გახდება პროფესიონალი მომღერალი, „პრიმაბალერინა“ ან დიდი მხატვარი. თუმცა, ნამდვილად ვაღწევთ იმას, რომ თითოეული მათგანი იქნება ხელოვნების დამფასებელი და შემფასებელიც. ჩამოუყალიბდებათ დახვეწილი გემოვნება, რაც მათ ესთეტიკურ აღქმას სრულყოფს. ჩვენ ვაღვივებთ მათში იმ მარცვალს, რომელსაც ხელოვნების სიყვარული ჰქვია.
სტუდია ბავშვს ძალიან დიდ გამოცდილებას უზიარებს და ამაყად შემიძლია გითხრათ: ვინც ჩვენი გზა გაიარა და საბოლოო მიზნად ხელოვნების სფეროში დაფუძნება აირჩია, დღეს ყველა წარმატებული და შემდგარი პროფესიონალია.
რა გამოწვევების წინაშე აყენებთ საკუთარ თავს ყოველდღიურად?
მაქსიმალურად ვცდილობ, სიახლე რაიმე ფორმით საგაკვეთილო პროცესებშიც შევიტანო. დღეს, მართალია, ჩვენი სტუდიის ბავშვები საკმაოდ დაკავებულები არიან, თუმცა ვცდილობთ, მათი ჩვენთან გატარებული ყოველი საათი ნაყოფიერი, განწყობის ამამაღლებელი, სახალისო და საინტერესო იყოს.
როგორ ახერხებთ 5 შვილის აღზრდას და საქმიანობაში ამ დოზით ჩართულობას?
რასაკვირველია, ძალიან რთულია იყო წარმატებული ქალი და ასევე ხუთი შვილის დედა. მიმაჩნია, რომ დროის სწორად განაწილებით, ნებისმიერი მონდომებული ადამიანი შეძლებს და მოახერხებს ამას.
რას ურჩევდით მათ, ვისაც სურს თქვენსავით არასოდეს დაკარგოს წინსვლის სურვილი და ენთუზიაზმი კარიერისა და განათლების მიღებაში?
დღევანდელი სახით ჩემი კარიერული მიღწევა განსაზღვრა იმან, რომ არასდროს ვჩერდები. განუწყვეტლივ სიახლის ძიებაში ვარ, ვმუშაობ საკუთარ თავზე და მიუხედავად დატვირთული რეჟიმისა, ვცდილობ მუდმივად „ფორმაში“ ვიყო. ვფიქრობ, ყველაფერი განწყობას ემყარება – კარგი განწყობა წარმატების საწინდარია, წინსვლის სურვილი კი, საოცრად აზარტული.