სალომე უკლებას და ლაშა თავართქილაძის სიყვარულის ისტორია წლებს ითვლის. წლებით გამყარებული მათი პროფესიული გამოცდილებაცაა. PR-ისა და მარკეტინგის სპეციალისტის და მორაგბის ცხოვრებისეული გადაკვეთა საინტერესო თავგადასავალს ქმნის, რომელიც საქართველოს საზღვრებს მიღმაც მოგზაურობს. სალომე საკუთარ კომპანიას უძღვება, ლაშა კი რუმინეთის რაგბის ეროვნული ნაკრების მწვრთნელია. წყვილი OK!-ის საკუთარ ისტორიას უზიარებს.
როგორი იყო საყვარელ საქმიანობაში წარმატებით რეალიზებამდე განვლილი გზა და რამ გიკარნახათ, აგერჩიათ კონკრეტული პროფესიები?
(სალომე): განათლებით დიპლომატი და HR-ი ვარ, სამუშაო კუთხით მიღებულმა გამოცდილებამ კი სრულიად სხვა მიმართულებით განვითარების სურვილი გამიჩინა. პირველი სამსახური 20 წლის ასაკში ერთ-ერთი პოლიტიკური გაერთიანების პროტოკოლის სამსახურის ხელმძღვანელის პოზიცია იყო, სადაც ასევე PR-კამპანიების დაგეგმვა-განხორცილება მიწევდა, რაც, რა თქმა უნდა, იმ ასაკისთვის უდიდესი პასუხისმგებლობა და რისკის გამართლება აღმოჩნდა. PR -ისა და მარკეტინგის სფერო ჩემი კომფორტის ზონაა.
(ლაშა): საკუთარი პროფესიული მიმართულების არჩევისას მთავარი განმაპირობებელი ძალა ჩემს თავში დანახული ნიჭისა და შესაძლებლობების რეალიზება აღმოჩნდა. მჯეროდა, რომ თავს გავართმევდი, დარწმუნებული ვიყავი, რომ ეს სფერო, რომელშიც არაერთი წელი ვიყავი მოთამაშის ამპლუაში, საკუთარი ნიჭისა და შესაძლებლობების გამოვლენის კიდევ უფრო მეტ საშუალებას მომცემდა. ეს იყო ჩემი ამ გზაზე დადგომის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი, თუმცა, რა თქმა უნდა, ასევე ძალიან მნიშვნელოვანია ჩემი განსაკუთრებული დამოკიდებულება და სიყვარული რაგბის მიმართ.
რამდენად რთული იყო ათვლის წერტილიდან დღევანდელ ნიშნულამდე მოსვლა? რა ტიპის დაბრკოლებებს აწყდებოდით?
(ლაშა): ძირითადად, ყოველთვის მიზანმიმართულად წინ ვიყურები და ვცდილობ, თუნდაც წარსულში გამოცდილი სირთულეების გადაფასებისთვის ნაკლები დრო გამოვყო. ეს გამოცდილება კვალს მაინც ტოვებს, გაძლიერებს და ბუნებრივად გაძლევს შესაძლებლობას, აკეთო უფრო მეტი, უფრო კარგად. ყოველდღიური გამოწვევები, რომელიც, ალბათ, ყველა პროფესიას ახლავს, საქმიანობის თანმდევია. მთავარი კი მათი სწორი კუთხით მართვაა.
(სალომე): გამიმართლა, რომ PR-ისა და მარკეტინგის სფეროში ჰარმონია ვიპოვე. ეს ჩემთვის სიამოვნების წყაროა. რასაკვირველია, გზად სირთულეებიც შემხვედრია. მაგალითად, მაშინ, როცა საკუთარ კომპანიას ვაფუძნებდი, ჩემი უმცროსი ქალიშვილი ძალიან პატარა იყო, უამრავი საქმე მქონდა და ფაქტობრივად 4 თვის განმავლობაში არ მეძინა. მიწევდა უამრავი მასშტაბური თუ მცირე საკითხების მოგვარება, თუმცა საბოლოო შედეგი სირთულეებს გავიწყებს.
სალომე, გვიამბეთ თქვენი კომპანიის – „ბროწეულის“ დაარსების წინარე ისტორიის შესახებ?
გარკვეული პერიოდის შემდეგ, სხვადასხვა პროფილის კომპანიებისგან შემოთავაზებებს ვიღებდი. გული მწყდებოდა, რომ ჩემი არაერთი საინტერესო სამუშაო სივრცის მიღმა დროის დეფიციტის გამო რჩებოდა. ეს ფაქტორი მარკეტინგული სერვისების სააგენტოს დაარსების ერთ-ერთი მთავარი მოტივი გახდა, რომელიც ერთდროულად რამდენიმე კომპანიას გაუწევდა მომსახურებას. ერთ-ერთი ივენთის სტუმრობისას, ახლა უკვე თანადამფუძნებელ ლინდა კიკოლაშვილს შევხვდი, რომელიც იმ დროისათვის იდენტურ საქმიანობას ეწეოდა. საკუთარი საქმიანობის შესახებ ხედვების გაზიარების შემდეგ, სერვისები გავაერთიანეთ და ვფიქრობ ერთ-ერთი საინტერესო და კვალიფიციური სააგენტო ჩამოვაყალიბეთ, სადაც პრიორიტეტი „ბროწეულის“ დამკვეთია.
რას სთავაზობს „ბროწეული“ დამკვეთს? ახლა უკვე რუმინეთში ცხოვრებისას, როგორ ახერხებთ კომპანიის დისტანციურად მართვას?
(სალომე): „ბროწეული“ მარკეტინგული სერვისების სააგენტოა, რომელიც დამკვეთს ივენთების, სოციალური მედიის მართვის, ვიდეოპროდაქშენის, ნეიმინგისა და ბრენდინგის, ასევე რეგიონულ დონეზე მარკეტინგულ კვლევებს სთავაზობს. „ბროწეულს“ დისტანციურად წარმატებით ვხელმძღვანელობ. ყოველდღიურად ჩართული ვარ ნებისმიერ აქტივობაში, არც ერთი ნაბიჯი ურთიერთშეთანხმების გარეშე არ იდგმება.
ხშირად, „ბროწეულის“კომპეტენციაში კომპანიის დაარსების დღიდან - მოქმედების მანძილზე მარკეტინგის მიმართულებით სრულად ხელმძღვანელობა შედის. ასეთი კომპანია ჩვენს ანგარიშზე არაერთია.
ლაშა, თქვენს ანგარიშზე კი სულ მალე რუმინეთისა და საქართველოს ნაკრების თამაშის შედეგებიც იქნება. უფრო ვრცლად გვიამბეთ ამ გამოწვევისა და თქვენი საქმიანობის შესახებ.
რუმინეთის რაგბის ეროვნული ნაკრების ასისტენტ-მწვრთნელისა და რუმინეთის რაგბის ახალგაზრდული ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოზიციებს ვუძღვები. პროფესიული თვალსაზრისით, ეს უდიდესი გამოწვევა, თუმცა ამავდროულად კიდევ უფრო დიდი წარმატების შესაძლებლობაა.
ახლა რუმინეთის ნაკრები მოსამზადებელ ეტაპს გადის, რასაც 2020 წლის თებერვალში საქართველოში 2-კვირიანი ვიზიტი მოყვება.
როგორ გაიცანით ერთმანეთი და მას შემდეგ, რა როლი გაკისრიათ ერთმანეთისთვის მთავარი მრჩეველის ამპლუაში?
(ლაშა): როგორც სპორტსმენი, ყოველთვის აქტიურად ვსტუმრობდი სპორტულ დარბაზს. წლების წინ ეს იმდენად აქტუალური არ იყო, როგორც დღეს. ერთ დღესაც, დარბაზში ყოფნის დროს, დავინახე ყველაზე ლამაზი და გამორჩეული გოგო. რამდენიმე დღეში ჩვენი საერთო მეგობრის დახმარებით გავიცანი. შთაბეჭდილება მაშინაც და დღესაც იგივეა. ხმამაღალი არ იქნება, თუ ვიტყვი, რომ ამ შეხვედრას ერთი ნახვით სიყვარული ჰქვია. რომ ვიხსენებ, ზუსტად ვიაზრებ – ის ბუნებრივი რეაქცია, რომელიც პირველად მისი დანახვის დროს მქონდა, იქამდე არასოდეს განმიცდია.
(სალომე): უცნაურია, მაგრამ მეც სწორედ ეს შეგრძნება მქონდა, თითქოს იმ წუთიდანვე შევიყვარე. ვერაფრით ავხსნი, რატომ არის ის ამდენად „ჩემი ადამიანი“ ან ასე სწრაფად როგორ გავუგეთ ერთმანეთს.
(ლაშა): რაც შეეხება მრჩეველის როლს, ვცდილობ, სალომეს საქმიანობაში გონებრივად ჩართული ვიყო. ერთმანეთისთვის კონკრეტულ საკითხზე შეხედულებების გაზიარება საერთო, ობიექტური სურათის დანახვის საშუალებას გვაძლევს.
(სალომე): მე და ლაშა ერთმანეთისთვის ის ადამიანები ვართ, ვისაც პირველებს ვუყვებით ნებისმიერ წარმატებასა თუ მარცხზე. ვერ ვიტყვი, რომ მას ჩემი რჩევა ხშირად დასჭირვებია. ვფიქრობ, მეტწილად მხარდამჭერის როლი გვაკისრია. ნებისმიერ ნაბიჯზე წარმატება სრულყოფილი არ იქნებოდა, თუ მის თანადგომას არ ვიგრძნობდი. მას ვეამაყებოდე – ჩემთვის ძალიან დიდი სტიმულია.
გარკვეული პერიოდი ერთმანეთისგან შორს ცხოვრებაც მოგიწიათ. რამდენად რთული იყო საქართველო-რუმინეთს შორის არსებული დისტანცია და როგორ ფიქრობთ, რა აძლიერებს ურთიერთობებს?
(სალომე): ლაშა 4 წლის განმავლობაში რუმინეთში თამაშობდა. ეს ქვეყანა მისთვის ძალიან ახლობელია, თავისუფლად საუბრობს რუმინულ ენაზე. როცა შეთავაზება მიიღო, გუნდისთვის ეხელმძღვანელა, ეს დიდ გამოწვევად და ერთგვარ ტრამპლინად მივიჩნიეთ. ის აუცილებლად უნდა გამგზავრებულიყო, მე კი 2 ბავშვითა და ჩემი ახლად შექმნილი კომპანიით საქართველოში დავრჩი. რა თქმა უნდა, ეს ზოგადად ურთიერთობებისთვის რთული გამოწვევაა. წელს კი უკვე მეც ბუქარესტში გადავედი საცხოვრებლად და „ბროწეულს“ დისტანციურად ვხელმძღვანელობ. ვფიქრობ, კომპანია უკვე იმდენად მყარად დგას, რომ ეს წინაღობას არ შექმნიდა. ჩვენ შემთხვევაში ურთიერთობას ყოველდღიურობა აძლიერებს. თითოეული ერთად გატარებული დღე ყველაზე ძლიერი ჯაჭვია.
(ლაშა): უმთავრესად, ურთიერთობას სიყვარული აძლიერებს. გრძნობა უპირველესი ფაქტორია, რომლის გარეშე არათუ ურთიერთობის გაძლიერება, არამედ შენარჩუნებაც შეუძლებელია. როცა კავშირი ძლიერ გრძნობას ემყარება, ურთიერთგაგება, პასუხისმგებლობა და ყველა ის მნიშვნელოვანი რამ ჩნდება, რაც სიყვარულს სულ უფრო განამტკიცებს.
როგორია ცხოვრება რუმინეთში?
(სალომე): სამი წლის განმავლობაში აქ ხშირად ჩამოვდიოდი, ვაკვირდებოდი ქვეყანას, მის ქალაქებს. ჩემი პროფესიის გათვალისწინებით, ინტერესით ვსწავლობდი ბაზარს და მის განვითარებას. ბუქარესტში საცხოვრებლად გადმოსვლა ახალი და საინტერესო ეტაპია კარიერული თვალსაზრისითაც. ამჟამად რუმინულ ენას ვსწავლობ.
(ლაშა): ამ პერიოდში მე განსაკუთრებით დაკავებული აღმოვჩნდი, სალომე კი არც აქ არის უამრავი საქმის გარეშე. თავისუფალ დროს შვილებს ვუთმობთ: ვსეირნობთ, ვთამაშობთ, ვერთვებით სპორტულ აქტივობებში.
როგორია თქვენი სამომავლო გეგმები?
(სალომე): „ბროწეულში“ საქმიანობის გარდა, რუმინეთში 2 მასშტაბურ პროექტში ვარ ჩართული. ვთანამშრომლობ რუმინულ დერმატოლოგიურ ბრენდთან, რომლის ფრანჩაიზსაც სულ მალე საქართველოში გავხსნი. მეორე კი ელექტრონული მუსიკის ფესტივალია, რომელიც ზღვისპირა კურორტზე, ევროპაში ჩატარდება. ძალიან სასიამოვნოა ამ მასშტაბების პროექტებთან შეხება, მათი დაგეგმვა და განხორციელება.
(ლაშა): ჩემი გადატვირთული გრაფიკის მიუხედავად, ბოლო სამი წელია ვახერხებ მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ სარაგბო ფრანჩაიზ-კლუბ „ქრუსეიდერსში“ პრაქტიკის გავლას. სწორედ ამ კუთხით განვითარება, სამწვრთნელო ცოდნის გაღრმავება და მეტი გამოცდილების დაგროვება არის ჩემი მოკლევადიანი გეგმა, თუმცა გრძელვადიანი სამომავლო გეგმები, რა თქმა უნდა, გაცილებით მასშტაბურია.