ქართული OK! სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ ახალგაზრდა, ნიჭიერ, საოცრად მოტივირებულ და ენერგიულ ხელმძღვანელს, მიხეილ ხიდურელს ესტუმრა. ქვეყნის ეკონომიკის ერთ-ერთი საკვანძო სტრუქტურის ლიდერმა სიამოვნებით გაიხსენა სტუდენტობის წლები ლონდონში და თავისი პირველი და მნიშვნელოვანი სამსახურებრივი გამოცდილება. რას ნიშნავს მისთვის „აწარმოე საქართველოში“, რა ადგილი აქვს მის ცხოვრებაში მუსიკას, როგორ განიტვირთება თავისუფალ დროს და რას მოიაზრებს პატრიოტიზმში – წაიკითხეთ მიხეილ ხიდურელთან OK!-ის საინტერესო ინტერვიუში.
მიხეილ, დავიწყოთ ჩვენი ინტერვიუ თქვენს ბავშვობაზე საუბრით, შემდეგ კი სტუდენტობის წლები გაიხსენეთ.
ბავშვობიდან ძალიან მიყვარდა ბუნება, შინაური ცხოველები და ფრინველები, და შინ, ფაქტობრივად, პატარა ზოოპარკი და ჰერბარიუმი მქონდა მოწყობილი. რაც შეეხება სტუდენტობას, თავდაპირველად გამოცდები ჩავაბარე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე, მაგრამ შემდეგ აღმოვაჩინე, რომ ეს სფერო არ მაინტერესებდა და სწავლა ლონდონში, ბიზნესადმინისტრირების მიმართულებით გავაგრძელე. სწავლის დასრულების შემდეგ სამუშაოდაც დავრჩი ლონდონში. საერთო ჯამში, იქ 6 წელი ვიცხოვრე.
მოგვიყევით თქვენს პირველ სამსახურზე.
ლონდონი საცხოვრებლად საკმაოდ ძვირი ქალაქია. შესაბამისად, სტუდენტობის პერიოდშივე მიწევდა მუშაობა, რომ გარკვეულწილად თავად დამეფინანსებინა ყოველდღიური ხარჯები. ჩემი პირველი სამსახური იყო კარდაკარ სერვისების გაყიდვა, რაც ძალზე რთული გახლდათ, იქიდან გამომდინარე, რომ 17 წლის ასაკში ბევრად მორიდებული ხარ. შემდეგ დავიწყე Milleniium Hotel-ში, სასტუმროში მუშაობა. თავდაპირველად ჭურჭლის მრეცხავად, შემდეგ – მიმტანად. ვმუშაობდი ასევე ტანსაცმლის მაღაზიებში, სატრენაჟორო დარბაზში. ეს სამსახურები და მათგან მიღებული შემოსავალი ძალიან მეხმარებოდა ლონდონში ცხოვრებისა და სწავლის პერიოდში. უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ, დავიწყე მუშაობა ერთ-ერთ ირლანდიურ კომპანიაში, რომელიც იმ დროისათვის ყველაზე პრესტიჟულ ევროპულ პროექტზე – ევროპაში ყველაზე მაღალი ცათამბჯენის სამშენებლო პროექტზე მუშაობდა. პროექტის უმცროს მენეჯერად დავიწყე და მოგვიანებით, უფროს მენეჯერად დაწინაურების შემდეგ გადავედი ყატარში, დოჰაში, სადაც ამ ქალაქის საერთაშორისო აეროპორტის მშენებლობის პროექტზე ვმუშაობდით. ამასობაში, ცათამბჯენის პროექტიც დავასრულეთ და გადავწყვიტე დავბრუნებულიყავი საქართველოში.
გაიხსენეთ ყატარში მუშაობის პერიოდი. მარტივი იყო იქაურ, არაბულ ცხოვრების წესთან შეგუება?
დოჰაში პროექტის უფროსი მენეჯერი ვიყავი და მექვემდებარებოდა სხვადასხვა ეროვნების ინჟინერთა 200-კაციანი ჯგუფი. იქ ყოფნის დროს ყველაზე დიდი გამოწვევა ის იყო, რომ მე მხოლოდ 21 წლის ვიყავი, ყატარში კი რთული სამუშაო გრაფიკია – 6-დღიანი. სოციალური ცხოვრება თითქმის არ არსებობს, რადგან მოგეხსენებათ, არაბული კულტურა საკმაოდ მკაცრია. შესაბამისად, გამოვიდა, რომ იქ ცხოვრების 2 წლის განმავლობაში მხოლოდ ვმუშაობდი და ვვარჯიშობდი. იყო ენობრივი ბარიერიც ამ 200 ადამიანთან. გარდა ამისა, არაბეთში არის ასეთი სოციალური კულტურა – ადამიანების სეგმენტებად, ფენებად დაყოფა. ყველაზე პრივილეგირებულები არიან იქაური მდიდარი არაბები – ინვესტორები, შემდეგ მოდიან ევროპელი კონსულტანტები და ბოლოს მუშები, რომელთაც საკმაოდ მკაცრად და არაკონსტრუქციულად ეპყრობიან. ამიტომ ეს ადამიანები შეშინებულები არიან, ყველაფერზე თავს უქნევენ და თანხმობით პასუხობენ მენეჯერს. ეს დამოკიდებულება ართულებდა საქმეს და საკმაოდ დიდი დრო დავხარჯე იმაზე, რომ ამ ადამიანებთან დამემყარებინა ახლო, მეგობრული ურთიერთობა და ყოფილიყვნენ ჩემთან გულახდილები. მათთან კონტაქტმა მომცა ადამიანებთან ურთიერთობის უდიდესი, შეიძლება ითქვას, ყველაზე დიდი გამოცდილება, მენეჯმენტში კი უმთავრესი ადამიანებთან სწორი კომუნიკაცია და ურთიერთობაა. თუკი ეს კარგად გამოგდის, გამოგივა ნებისმიერი საქმე. აი, ეს მასწავლა მათთან ურთიერთობამ.
„აწარმოე საქართველოში“ – რას ნიშნავს ეს საქმე და სფერო თქვენთვის?
კერძო სექტორში მუშაობისას ყოველთვის ვამბობდი, რომ არასოდეს ვიმუშავებდი საჯარო სამსახურში, თუმცა როცა აქ მოვედი, მივხვდი, რომ ეს იყო ის ერთ-ერთი ან შესაძლოა ერთადერთი საჯარო უწყება, რომელიც ჩემს გამოცდილებას ზუსტად შეესაბამებოდა. ჩვენ ვართ შუამავლები კერძო ბიზნესსა და მთავრობას შორის, ვინტერესდებით ბიზნესის საჭიროებებით, პრობლემებით და ვცდილობთ, ჩვენი წვლილი შევიტანოთ მათ წარმატებაში. „აწარმოე საქართველოში“ არის სააგენტო, სადაც ყოველდღიურად ცხადად ჩანს ჩვენი მუშაობის შედეგი და ეფექტი. ეს ჩვენი გუნდის თითოეული წევრისთვის საამაყოა, როცა საკუთარი პატარა წვლილი შეგვაქვს ქვეყნის ეკონომიკის განვითარებაში და ამ ყველაფერს თავადვე ნათლად ვხედავთ და აღვიქვამთ.
ჩვენ ვმუშაობთ საკუთარი ქვეყნის პოპულარიზაციაზე, ინვესტორების მოზიდვასა და ექსპორტის წახალისებაზე ვართ პასუხისმგებლები. გამიმართლა, რომ აქ ვმუშაობ და მაქსიმალურად ვცდილობ, ეს ფიქრი მუდმივად თანმდევი იყოს, ყოველთვის მახსოვდეს, რომ მე აქ ვარ დროებით და მაქსიმალურის გაკეთება უნდა შევძლო ჩემს გუნდთან ერთად. სააგენტოს 90% ახალგაზრდა თაობის წარმომადგენლები ვართ, ვუსმენთ ერთმანეთს, ღია ვართ ახალი ინიციატივებისთვის, ვმეგობრობთ და რაც მთავარია, მოტივირებულები ვართ, რომ მაქსიმალური გავაკეთოთ ჩვენი კომპეტენციის ფარგლებში.
მიხეილ, დროებით დავივიწყოთ საქმიანი ცხოვრება და გვითხარით, სად განიტვირთებით დაძაბული დღეებისა და კვირების შემდეგ?
ძირითადად, ძალიან დაკავებული გრაფიკი გვაქვს საჯარო სექტორში მომუშავეებს, რადგან არასტანდარტულ საათებშიც გვიწევს მუშაობა. ამის გათვალისწინებით, სამსახურის გარდა ვასწრებ ვარჯიშს, დავდივარ სატრენაჟორო დარბაზში, პერიოდულად ვხვდები მეგობრებს და ვცდილობ, მაქსიმალურად დიდი დრო გავატარო ოჯახთან ერთად. მამასთან ერთად სანადიროდ დავდივარ ხოლმე, ზაფხულობით კი – სათევზაოდ.
მოგზაურობა გიყვართ?
მოგზაურობა ხშირად მიწევს და მიყვარს კიდეც. სამყარო დიდია, ამოუწურავი და ყოველი ახალი ადგილის, ქვეყნის, ქალაქის ნახვის შემდეგ რაღაც გვემატება, მეტს ვიგებთ, ვსწავლობთ. კიდევ ერთი დადებითი მხარე აქვს მოგზაურობას – საკუთარი ქვეყნის მიმართ მონატრების გაღვიძება. საზღვარგარეთ გატარებული რამდენიმე დღისა და კვირის შემდეგ, მონატრებულები ჩამოვდივართ და სხვანაირად ვაფასებთ აქაურობას. როგორც წესი, მოგზაურობიდან ახალი იდეებით ჩამოვდივარ ხოლმე.
განსაკუთრებით რომელი ქვეყანა გიზიდავთ?
დიდი ბრიტანეთი, რომელსაც მეორე სახლად მივიჩნევ. მიყვარს ასევე პორტუგალია, სკანდინავია. დანიაშიც ვცხოვრობდი გარკვეული პერიოდის განმავლობაში. ჩემთვის სამაგალითო ქვეყანაა ისრაელი, რომლის თითოეულ მოქალაქეს სრულად აქვს აღქმული, რომ მათი ყოველი ნაბიჯი ემსახურება ქვეყნის ინტერესს. მათთან სულ სხვა დონეზეა აყვანილი პატრიოტიზმი.
თქვენთვის რას ნიშნავს პატრიოტიზმი?
იცით რა, მიუხედავად იმისა, რომ საქართველომ ბევრი უღელტეხილი გამოიარა, როგორც ქვეყანამ, მოვახერხეთ შეგვენარჩუნებინა ყველა ის პოზიტიური მხარე, რაც გვაქვს, თუმცა თუკი ვინმეს უნდა მივბაძოთ, მგონია, რომ ეს ისრაელია. ვფიქრობ, თითოეულ ჩვენგანს უნდა გვქონდეს იმის აღქმა, რომ ყოველი ჩვენ მიერ გადადგმული ნაბიჯი ქვეყანაზე აისახება. პატრიოტიზმი მცირე დეტალებშია. ჩემი აზრით, პროფესიონალიზმია ყველაზე დიდი პატრიოტიზმი. ვისურვებდი, მაქსიმალურად ბევრი პროფესიონალი და შრომისმოყვარე ადამიანი იყოს ჩვენს ქვეყანაში. ბოლო წლების განმავლობაში ქართველებმა საკუთარი თავი ვიპოვეთ ბევრ სფეროში – ხელოვნებაში, მუსიკაში, მხატვრობაში, სპორტში, ეკონომიკაში... თითქოს საბჭოთა კავშირის შემდეგ გაიხსნა საქართველოსთვის ზღვა შესაძლებლობები და ეს უზარმაზარი ენერგია ბევრ სფეროზე განაწილდა. ახლა გვაქვს მომენტუმი – მიყვარს ეს ტერმინი, რადგან ზუსტად გადმოსცემს სათქმელს. ახლა ვართ ბევრი მიმართულებით მსოფლიოს ყურადღების ცენტრში და ეს მოცემულობა უნდა გამოვიყენოთ. მე მჯერა, რომ ყველაფერი იქნება აუცილებლად უკეთესად და ჩვენ წინ წავალთ. მთავარია, ეს მომენტი გამოვიყენოთ და ვიმოქმედოთ.
მუსიკას რა ადგილი უჭირავს თქვენს ცხოვრებაში?
მუსიკის გარეშე უაზრობა იქნებოდა ცხოვრება.
რას უსმენთ? ქართული ფოლკლორი გიყვართ?
რა თქმა უნდა, ფოლკი, ნიაზი. არის ერთი, საქართველოში ნაკლებად და მსოფლიოში ძალიან ცნობილი მუსიკოსი, პიანისტი გიორგი მიქაძე, რომელიც ამჟამად ერთ-ერთ ძალიან პოპულარულ ჩინურ ბენდთან თანამშრომლობს. Black Sea Arena-ზე მან გააკეთა პროექტი „ვოისა“, სადაც ქართული ფოლკლორის რეპთან და ჯაზთან შერწყმით საოცრად საინტერესო მუსიკა შექმნა. ზოგადად, არ მაქვს ამოჩემებული ერთი რომელიღაც ჟანრი, ვუსმენ აბსოლუტურად ყველაფერს.
დრო რომ დააბრუნოთ, შეცვლიდით რამეს?
მჯერა, რომ ყველაფერი ლოგიკურად ხდება და დღეს სადაც ვართ, ყველა იმ გადაწყვეტილებამ და შეცდომამ მოგვიყვანა, რომელიც გამოგვივლია. შეცდომები ზრდის ადამიანს. შესაბამისად, ბევრს არაფერს შევცვლიდი, მეტ დროს გავატარებდი მეგობრებთან, მეტს წავიკითხავდი, შევიცნობდი და მეტ ადგილს მოვინახულებდი.
ახალი წელი მოდის. როგორ ხვდებით ხოლმე ახალი წლის დღესასწაულს?
ტრადიციულად, ოჯახთან ერთად. ვიკრიბებით, ახალ წელს ერთად ვხვდებით და ვულოცავთ ერთმანეთს. იმდენად მტკიცეა ჩვენი ტრადიცია, რომ სწორედ ეს მოსალოდნელი ერთად ყოფნის ბედნიერება გვიქმნის საახალწლო განწყობას. ახალი წლის დადგომის შემდეგ მეგობრებს ვსტუმრობ ხოლმე.
მიხეილ, ტრადიციული ადამიანი ხართ?
რა შეიძლება იყოს ტრადიციაზე ლამაზი და საინტერესო? შეიძლება ითქვას, ტრადიციული ვარ და მიმაჩნია, რომ თანამედროვე ადამიანად ჩამოყალიბება არ ნიშნავს ტრადიციების უარყოფას. ძალიან მარტივად შეუძლია ადამიანს იყოს თანამედროვეც და ტრადიციულიც, მიიღოს ახალი ისე, რომ არ დაკარგოს ძველი. სხვათა შორის, ბევრმა ქვეყანამ მოახერხა, შეენარჩუნებინა ტრადიციები და თან ძალიან თანამედროვე და განვითარებულ ქვეყნად ჩამოყალიბებულიყო.
სამი სიტყვით დაახასიათეთ საკუთარი თავი.
ემპათიური, ცნობისმოყვარე, ოპტიმისტი.
შეგიძლიათ გვითხრათ, 10 წლის შემდეგ სად ხედავთ თავს?
მე ამ წამით ვცხოვრობ. მაქვს კი 10 წელი? არ ვიცი. მჯერა იმ თეორიის, რომ რაც უფრო აქ და დღეს ხარ, უკეთესია შენი მომავლისთვის. 10 წლის შემდეგ სად ვიქნები, ამაზე ფიქრში ენერგიის დახარჯვას მირჩევნია მაქსიმალურად აწმყოზე ვიყო ორიენტირებული და მჯერა, რომ 10 წლის შემდეგ ვიქნები ძალიან კარგ ადგილას.
თქვენი ყველაზე დიდი სურვილი და გეგმა გაგვიმხილეთ.
ჩემი ყველაზე დიდი სურვილია, ჩვენმა ქვეყანამ გამოიყენოს ყველა ის პოტენციალი, რაც აქვს. მე ვფიქრობ, ჩვენ ძალიან ნიჭიერი, უნიკალური ქვეყანა ვართ. აბსოლუტურად ყველა სტუმარი, ვინც კი აქ ჩამოსულა, სრულიად განსაკუთრებული დამოკიდებულებით მიდის საქართველოდან. მსოფლიოში ურთიერთობას თითქოს თანდათანობით ნაკლები და ნაკლები მნიშვნელობა ენიჭება. ჩვენ კი საქართველოში ძალიან მაღალ დონეზე გვაქვს ადამიანური ურთიერთობები დაყენებული, რაც სხვა დანარჩენთან ერთად აისახება, რა თქმა უნდა, ქართული სუფრის ფენომენში, სადღეგრძელოებზე, რომელიც აღაფრთოვანებთ ხოლმე ჩვენს სტუმრებს. შესაბამისად, ვისურვებდი, რომ ჩვენი უნიკალური თვისებები და ტრადიციები, ძალიან დიდი პროფესიონალიზმი, ერთად დგომის უნარი გასაჭირის დროს, მაქსიმალურად გადმოგვეტანოს ქვეყნის განვითარების სასარგებლოდ, რადგან ჩვენი პოტენციალის მხოლოდ მცირე ნაწილი გვაქვს ათვისებული. მთავარია, რომ ჩვენი ნიშა ნაპოვნი გვაქვს და მაქსიმალურად უნდა შევეცადოთ, გავხდეთ თანამედროვე სამყაროს ერთ-ერთი მისაბაძი ქვეყანა.
პირადი სამომავლო სურვილები ბანალურია. რა თქმა უნდა, ვისურვებდი, რომ ჩემ გარშემო ადამიანები მყავდნენ კარგად და მაქსიმალურად ბევრი დრო მქონდეს ოჯახთან ერთად გასატარებლად.