ნინო ფირცხალაიშვილის პროფესიული გამოცდილება 20 წელს ითვლის, საკუთარ დარგში მისი პირველი ნაბიჯები კი გასული საუკუნის 90-იანი წლების საქართველოში იდგმებოდა. პერიოდში, როცა ექიმი-კოსმეტოლოგის საქმიანობა თავდაუზოგავი შრომითა და მეტწილად, ერთადერთი შესაბამისი ჰონორარით − მადლიერი პაციენტებით ყოველდღიურობად ქცეულიყო.
არასოდეს შეუწყვიტავს გამოცდილების ზრდაზე ორიენტირება და აწმყოში რეალიზებისკენ სწრაფვა, თუმცა შორეულ გეგმებში წარმოიდგენდა, რომ წლების შემდეგ საკუთარ სურვილებსა და პროფესიულ მიღწევებს ერთ სივრცეში გააერთიანებდა. ეს 3 წლის წინ მოხდა, როცა დედაქალაქში ესთეტიკური კლინიკა „გენეზისი“ დაარსდა. ადგილი, სადაც ნინო ფირცხალაიშვილის მრავალწლიან გამოცდილებას მის მიერ შემოკრებილი გუნდის პროფესიონალიზმი დაერთო და მომხმარებლებს სილამაზეზე ზრუნვის სტანდარტი ახლებური გააზრებით წარუდგინა.
ნინო ფირცხალაიშვილი ევროპის სხვადასხვა ქალაქში არაერთი ნომინაციითაა დაჯილდოებული, მათ შორის სახის საუკეთესო მოდელირების ავტორობისთვის ევროპაში – the best face-ით. მის მიერ რინოპლასტიკისა და ოვალის სიმეტრიის კუთხით ჩატარებული პროცედურები სხვადასხვა ქვეყნის კომპანიებმა და კლინიკებმა საუკეთესოთა შორის დაასახელეს და მრავალგზის დააჯილდოვეს.
რამდენად რთული იყო ათვლის წერტილიდან დღევანდელ ნიშნულამდე მოსვლა?
როცა ჩემი პროფესიით მუშაობა დავიწყე, გზად უამრავი წინაღობა შემხვდა. დაბრკოლებებს გარემო ფაქტორები განაპირობებდა, დრო, რომელშიც ესთეტიკური მედიცინის როლი დღევანდელ აქტუალობას მოკლებული იყო.
გარშემო არსებული სტაგნაცია ძალისხმევას მიძლიერებდა, თუმცა სწორედ ეს იყო მთავარი სირთულეც. დიდი ენერგია და შრომა ხდებოდა საჭირო იმისათვის, რომ საკუთარ ოცნებებს მიდევნებოდი. მინდოდა, განვვითარებულიყავი, ყველა საჭირო საფეხური გამევლო და პროფესიონალ კადრად შევმდგარიყავი. ამისათვის, ცოდნას ნებისმიერი ხელმისაწვდომი წყაროდან ვიღებდი. სამედიცინო ფაკულტეტის დასრულების შემდეგ, სემინარები, კურსები, კონფერენციები საქართველოსა და მის ფარგლებს გარეთ ჩემთვის დამატებითი განათლების მიღების საშუალება იყო. ვფიქრობ, მაშინ რომ მოვდუნებულიყავი, დანიშნულების დღევანდელ ადგილამდე გზა ვერ მომიყვანდა.
რა უძღოდა წინ საკუთარი ესთეტიკური კლინიკის დაფუძნებას?
საკუთარი კლინიკის დაარსებაზე ფიქრი მუდმივად თან მდევდა, თუმცა უწყვეტი სამუშაო რეჟიმის პირობებში, წუთით შეჩერებასა და მსგავსი მასშტაბური ნაბიჯის გადადგმას ვერ ვახერხებდი.
როცა ესთეტიკური მედიცინისთვის საჭირო პრეპარატების ოფიციალური დისტრიბუტორი კომპანიის წარმომადგენელს შევხვდი, ვერასოდეს ვიფიქრებდი, რომ ის არა მხოლოდ საქმიანი, არამედ ცხოვრებისეული პარტნიორიც გახდებოდა. იმრან აივაზოვი ჩემთვის იმ მთავარ ბიძგად იქცა, რომელმაც მოქმედება გადამაწყვეტინა. ერთად დგომით შევძელით ჩვენი საქმიანობების გაერთიანება. საქართველოში ერთ-ერთი წამყვანი კომპანიის წარმომადგენელი, რომელიც ქვეყნის მასშტაბით უამრავ კლინიკას საჭირო პროდუქციით ამარაგებდა, „გენეზისის“ პერსონალურ რესურსად იქცა. პასუხისმგებლობა ერთად ავიღეთ და პროექტის განხორციელება დავიწყეთ. საოცრად მადლობელი ვარ მისი, რადგან ფაქტობრივად, დღესაც არ მიტოვებს ოცნებას, რომ მის შესრულებას არ შეეცადოს.
არაერთ კლინიკაში მუშაობის გამოცდილების გათვალისწინებით, თქვენს წარმოსახვაში რა ტიპის სრულყოფილი დაწესებულების შექმნა დაისახეთ მიზნად?
ჩემი დიდი სურვილი იყო, „გენეზისის“ სახით ეარსება ესთეტიკურ კლინიკას, სადაც ყველა დეტალი პაციენტის კომფორტს მოერგებოდა, შეიქმნებოდა ოჯახური, თბილი გარემო, რომელში სტუმრობაც გარკვეული დროით მაინც ყოველდღიურ სტრესს მოწყვეტდა სტუმრებს.
როგორი გუნდი შემოიკრიბეთ?
ის, რომ ჩვენი სურვილი უშუალო გარემოს შექმნაა, უპირველესად გუნდში მეგობრულ, ურთიერთპატივისცემაზე დამყარებულ ურთიერთობებს გულისხმობს. ჩვენ ერთი ოჯახი ვართ, რომელშიც თითოეული წევრის პროფესიონალიზმი დროში გამოცდილია.
ვაჟა-ფშაველას გამზირი, 70ა − „გენეზისის“ ახალი მისამართია. რა სიახლე მოიტანა ახალმა ლოკაციამ?
მთავარი სიახლე ევროპულ ცენტრთან არსებული სასწავლო აკადემიის დაარსებაა, სადაც მსოფლიო მასშტაბით წამყვანი ექსპერტები ასწავლიან. აკადემიის ლექციების წარმართვაში თავადაც ჩართული ვარ და საკუთარ გამოცდილებას ახალბედებს ვუზიარებ. მნიშვნელოვანია, რომ სასწავლებლის დასრულების შემდეგ, „აისოს“ საერთაშორისო სერტიფიკატი გაიცემა. კურსდამთავრებული „გენეზისის“ სახეა და მოწმობას მხოლოდ წარმატებული მონაწილე იღებს.
როგორ ფიქრობთ, გამოცდილების მიღმა, რა უმთავრესი მახასიათებელია კრიტიკულად მნიშვნელოვანი ესთეტიკურ სფეროში მომუშავე ექიმის წარმატებისთვის?
პროფესიული ხედვისა და გემოვნების როლი უმთავრესია, რაც საშუალებას იძლევა პაციენტისთვის ინდივიდუალურად შეირჩეს საჭირო პროცედურა და პრეპარატები. უნდა გაითვალოს თითოეული დეტალი − რა მოუხდება პაციენტს, როგორ არ დაკარგავს თავის ბუნებრივ ხასიათს და საბოლოოდ, როგორ მივიღებთ სრულყოფილ შედეგს.
არაერთი საავტორო მეთოდოლოგია იმისთვის შევიმუშავე, რომ ნებისმიერი ასაკობრივი ჯგუფისთვის განსხვავებული მიდგომა დანერგილიყო. მათ შორის ნაგულისხმევია სახის მოდელირება − ინოვაციური ტექნოლოგია, პრეპარატების კომბინირებული მეთოდოლოგია, ინიექციური პლასტიკის ნანოლინკის ტექნოლოგიები. საავტორო პროგრამის ხელმძღვანელობის ფარგლებში, სახელწოდებით „65+ სილამაზის ახალი ეტაპი“, ქვეყნის საზღვრებს გარეთ საერთაშორისო ტრენერის ამპლუაში ვმოგზაურობ, ინიექციური პლასტიკის პროცედურებს ვატარებ და ვასწავლი, რაც მომავალ პროფესიონალებს ესთეტიკური მედიცინის გამოწვევების შესახებ ცოდნის მიღებასა და კვალიფიკაციის ამაღლებაში ეხმარებათ.
ესთეტიკურ სფეროში მუშაობის მიმართულება სულ უფრო აქტუალური ხდება. შესაბამისად, იმატებს სივრცეების რაოდენობა, სადაც სილამაზეზე იზრუნებენ. რას მიიჩნევთ „გენეზისის“ მთავარ უპირატესობად?
„გენეზისი“ ფიქრობს იმაზე, რომ პაციენტს კომფორტულ გარემოში სტუმრობისას მიღებული სიამოვნება, კლინიკის დატოვებისას უორმაგდებოდეს. პროფესიონალიზმთან ერთად, როგორც აღვნიშნე, ჩვენ პირადი მომწოდებელი გვყავს. შესაბამისად, დეტალურად ვიცნობთ პრეპარატებს, რომლებსაც ვიყენებთ, პასუხს ვაგებთ მათ ხარისხზე და ექსკლუზიურ ფასებსაც პაციენტებს ვთავაზობთ. უფასოა პოსტპროცედურული გეგმიური ვიზიტებიც.
სფეროს განვითარების მიზნით, საქართველოში საერთაშორისო ფორუმებსაც ვმართავთ, ვიწვევთ აღიარებულ ექიმებს და გამოცდილების გაზიარების კიდევ უფრო მასშტაბურ პრეცედენტს ვქმნით.
პროფესიული კუთხით მრავალწლიანი გამოცდილება გაქვთ, თუმცა იქცა თუ არა ახალ გამოწვევად საკუთარი კლინიკის მენეჯმენტის ხელმძღვანელობა?
ეს სრულიად ახლებური აზარტია. ხარისხის მუდმივი კონტროლი, თითოეულ დეტალზე ზრუნვა, რომელსაც შესაძლოა ვერავინ ამჩნევს, თუმცა აუცილებლად გრძნობს.
რას ურჩევდით მათ, ვინც პირველ ნაბიჯებს თქვენს პროფესიაში ახლა დგამს, თუმცა დღევანდელობა მრავალმხრივ განვითარებას ჰპირდება?
არასოდეს შეწყვიტონ საყვარელ პროფესიაში ძალისხმევის ჩადება, რადგან ის აუცილებლად ფასდება. ის, რაც თავად გამომივიდა, მაგალითია, რომ შინაგანი ხმა, რომელიც სურვილებს გკარნახობს, მისი განხორციელების საშუალებას უსაზღვრო ენერგიის გაზიარებით გაძლევს. მხოლოდ უნდა მოუსმინო მას.