OK!-ის რესპონდენტის ცხოვრებისეული ისტორია საინტერესო თავგადასავალია, რომელიც უჩვეულო გატაცებებითა და არაერთი წარმატებითაა სავსე. გინესის რეკორდსმენობიდან მსოფლიოში აღიარებული ტექნიკის ბრენდის ელჩობამდე საქართველოში ბესიკ ალიბეგაშვილმა გზა თანაბარი ენთუზიაზმითა და შემართებით განვლო. დღეს ის მსხვილი ამერიკული ბრენდის – KIRBY-ის ოფიციალური წარმომადგენელია საქართველოში და ფირმა „ქეი სი ტექნოლოჯის“ ხელმძღვანელობს. როგორ შეძლო, მიეღწია თითოეული გამარჯვებისთვის და რატომ დაინტერესდა სათავეში ჩადგომოდა ბრენდის დისტრიბუციას, რომელიც საუკუნეზე მეტია, ერთადერთ პროდუქტს აწარმოებს – ბესიკ ალიბეგაშვილი OK!-ის თავად უამბობს.
რას წარმოადგენს კომპანია KIRBY და როდის გაგიჩნდათ მასთან პირველი შემხებლობა?
ამერიკული კომპანია KIRBY მხოლოდ ერთ ტექნოლოგიურ პროდუქტს – მტვერსასრუტს აწარმოებს, რომელსაც არც მეტი არც ნაკლები, 105 წლის ისტორია აქვს. საუკუნოვან მიგნებას აქტუალობა მსოფლიო მასშტაბით არასდროს დაუკარგავს და წლების წინ, როცა ეკონომისტის ამპლუაში დასაქმების ადგილს ვეძებდი, ჩემი გზა კომპანიის წარმომადგენლობასთან უცხოეთში ცხოვრებისას გადაიკვეთა. ასე აღმოვჩნდი ეკონომიკური მეცნიერებებიდან გაყიდვების სფეროში. მახსოვს, პროდუქტმა იმდენად აღმაფრთოვანა, რომ სამუშაო მაშინვე ორგანული გახდა.
იშვიათია, როცა ამგვარი მსხვილი ბრენდი ერთადერთი პროდუქტის წარმოებას უზრუნველყოფს. გვიამბეთ, რით არის ექსკლუზიური KIRBY-ის მტვერსასრუტი?
ტექნოლოგიური და კონსტრუქციული უპირატესობები, რომლებიც მე-20 საუკუნის დასაწყისში ჯიმ კირბიმ ამ მტვერსასრუტში გამოიყენა, მისი უნიკალურობის საფუძველია. ეს ნივთი თითოეულ ოჯახში მრავალი წელი რჩება და ერთგულად ემსახურება დიასახლისს.
დღეს წარმოდგენილ, 26-ე თაობის მოდელს, სახელწოდებით KIRBY AVALIR 2, მრავალი ფუნქცია აქვს. ეს არის პროდუქტი, რომლითაც დგება შედეგი, რომლის ადამიანური რესურსის გამოყენებით მიღწევა შეუძლებელია. KIRBY-მ დასუფთავება სულ სხვა ხარისხში გადაიყვანა და ამ კუთხით კონკურენტი არ ჰყავს. ის მტვერსასრუტზე არსებულ ორდინარულ წარმოდგენას ამსხვრევს.
გავიდა წლები და საკუთარ სამშობლოში მსხვილი კომპანიის წარმომადგენლობა მოიპოვეთ. როგორი იყო გზა ამ მიღწევამდე?
საქართველოში საცხოვრებლად დაბრუნებულს, KIRBY-ში მუშაობის ნოსტალგია მქონდა. იმ დროისათვის საქართველოში კომპანიას წარმომადგენლობა კარგა ხანია აღარ ჰქონდა. მოლაპარაკებები გასულ წელს დავიწყე და ჩემი მათთან თანამშრომლობის გათვალისწინებით, ნდობა გამომიცხადეს. 2019 წლიდან ფირმა „ქეი სი ტექნოლოჯი“ KIRBY-ის ოფიციალური დისტრიბუტორი გახდა.
საზღვარგარეთ KIRBY-ის უდიდეს წარმომადგენლობაში, გაყიდვების მიმართულებით ჩემი პირველი სამსახური რომ დავიწყე, გაყიდვების ახალბედა აგენტი ვიყავი. მიუხედავად ამისა, დიდი წარმატება მხვდა წილად. 2006 წლიდან დღემდე პროდუქტის შესახებ 3000-მდე პრეზენტაცია პირადად მაქვს ჩატარებული, რაც, ალბათ, რეკორდული მაჩვენებელიცაა.
რეკორდი თქვენთვის უცნობი არც მანამდე ყოფილა. გვიამბეთ გინესის მსოფლიო რეკორდების წიგნში ჩასაწერად ბრძოლაზე?
1997 წლის 29 მარტს ე.წ. მუცლის პრესის ვარჯიშში რეკორდის დამყარება შევძელი. ყველაფერი კი იმით დაიწყო, რომ პატარა ასაკიდანვე წონას ვებრძოდი და მამამ მირჩია ამ ვარჯიშისთვის მიმემართა. სპორტული აქტივობით წლების განმავლობაში ვიყავი დაკავებული. ერთხელ სანაძლეო ჩემს თანაკურსელს მოვუგე – მაღლივი კორპუსის სპორტულ დარბაზში პრესის ვარჯიში 1000-ჯერ გავაკეთე. იქვე გაჩნდა იდეა, რომ ბედი გინესის რეკორდშიც მეცადა.
„ლაგუნა ვერეს“ დარბაზში სპეციალურად შექმნილი კომისიის და 200-მდე გულშემატკივრის თანდასწრებით, ერთ საათში 2945-ჯერ შევასრულე ეს ვარჯიში. ამ მაჩვენებელმა გინესის მანამდე არსებულ რეკორდს 139-ით გადააჭარბა. კამერა პარალელურად იწერდა. ფინიშისკენ ბნელ და ტკბილ 1990-იანებში შუქი ჩაქრა და საბოლოო შედეგი კამერამ ვეღარ ასახა. მართალია, გინესის რეკორდების წიგნში ამის გამო ჩემი რეკორდი არ ჩაწერილა, მაგრამ საკუთარ თავს ბევრი რამ დავუმტკიცე. არაერთი უჩვეულო იდეა მქონდა, თუმცა გვერდით გადავდე. არ გამოვრიცხავ, ჩემს გატაცებებს საპენსიო ასაკში მივუბრუნდე.
თქვენი გატაცება მუსიკაცაა. ნიშანდობლივია თქვენი ცხოვრების კიდევ ერთი საინტერესო და უჩვეულო ფრაგმენტი – არაერთს ემახსოვრება შოკოლად „ტვიქსის“ სარეკლამო ვიდეორგოლი, სადაც ერთ-ერთ მთავარ როლს ასრულებთ...
ჩემს გატაცებებს შორის მუსიკას მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს. მშობლიურ ქალაქში სვეტიცხოვლის ტაძრის, მოგვიანებით კი მოსკოვში წმინდა გიორგის სახელობის ქართული ეკლესიის მგალობელი ვიყავი. იმ პერიოდში მიმიწვიეს ანსამბლ „ლომისში“. არაერთი დასამახსოვრებელი გამოსვლა გვქონდა. „ლომისს“ უკავშირდება ჩემი ცხოვრების კიდევ ერთი სასიამოვნო ფრაგმენტი – შოკოლად „ტვიქსის“ სარეკლამო რგოლში გადაღება. ერთ-ერთი მთავარი როლისთვის შემარჩიეს და 2002 წლის ვიდეორგოლში, გუნდთან ერთად, ქართული სიმღერა უჩვეულო რეკლამისთვის შევასრულე.
სწორუპოვარი ხასიათით გამოირჩევით. რამდენად გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს ამას თქვენს ამჟამინდელ საქმიანობაში?
მომწონს, რომ ჩემი და კომპანიის პრინციპები ერთმანეთს ემთხვევა. პროდუქციის რეალიზაციისას კონკრეტული პირობებით ვხელმძღვანელობთ. მისი გავრცელება მხოლოდ პრეზენტაციებით ხდება. უმთავრესია, პოტენციურ მომხმარებელს მოწყობილობაზე სრული ინფორმაცია ჰქონდეს, ვინაიდან მან საკმაოდ სოლიდური თანხა უნდა გადაიხადოს. ჩვენ გვინდა, ადამიანებმა გაიაზრონ საკუთარი სურვილები, არის თუ არა მოწყობილობა ის, რაც მათ რეალურად სჭირდებათ. KIRBY-ის რეკლამა რეალურად მისი ფუნქციების ადამიანებისთვის გაცნობაა. როცა სრულად ეცნობით მის შესაძლებლობებს, ხშირად აღტაცებულს, სურვილი გიჩნდებათ მაშინვე შეიძინოთ პროდუქტი. უცნაურია, თუმცა KIRBY-ის ექსკლუზიურ პროდუქციას ექსკლუზიურად მათთვის გადასაცემად ვისურვებდით, ვინც იცის, რომ ის მართლაც სჭირდება.
რას დაუპირისპირებთ მოსაზრებას, რომ KIRBY საკმაოდ ძვირადღირებული პროდუქტია? რა დგას ამის საპირწონედ?
მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს ბაზარზე ის დღეს დაბალი საფასო პოლიტიკით შემოვიდა, არ უარვყოფთ, რომ ფასი ყველასთვის ხელმისაწვდომი მაინც არ არის. ძვირი შეიძლება ეწოდოს მხოლოდ ისეთ ნივთს, რომელიც ხარისხობრივად და ფუნქციურად საკუთარ ფასს არ შეესაბამება. KIRBY-ის მტვერსასრუტს აქვს საკმაოდ მაღალი ფასი, მაგრამ მიუხედავად ამისა, ის სულაც არ არის ძვირი. პროდუქტმა თავის თავში ყველა საინტერესო, აქამდე არსებული თუ უპრეცედენტო ფუნქცია გააერთიანა და ერთ მოწყობილობაში წარმოადგინა. KIRBY-ის მომხმარებელს, მისი ფასიდან გამომდინარე, მოცემულ სეგმენტში ნებისმიერი ტექნიკის არჩევა შეეძლო. KIRBY მათი არჩევანია, ვინც საკუთარ არჩევანში შეზრუდული არ არის.
დაბოლოს, როგორ აფასებთ თქვენ მიერ განვლილ საინტერესო, სიურპრიზებით სავსე ცხოვრებას და მაინც რა არის თქვენი მთავარი მონაპოვარი?
რასაკვირველია, რაც ცხოვრებაში დამისახავს, ყველაფრისთვის არ მიმიღწევია, თუმცა კმაყოფილი ვარ იმით, რაც შევძელი და დღეს მაქვს. ვნახე ბევრი კარგი და ცუდიც. მახარებს ის, რომ ვიცი – ნებისმიერ ასპექტში, სადაც სამიზნე მქონია, ძალისხმევა არ დამიშურებია. ყველაზე მთავარი მონაპოვარი კი ჩემი ოჯახია.