ფიბი უოლერ-ბრიჯი 34 წლისაა და უკვე თანამედროვე კინოს აბსოლუტური ვარსკვლავია − ფემინისტი, არაჩვეულებრივი იუმორის პატრონი და ქალთა საკითხებში მთავარი ექსპერტი ტელევიზიიდან. მსოფლიო პოპულარობა 2016 წელს მოიპოვა სერიალით „ნაგავი“, რომელიც ფიბის საავტორო პროექტია. მან ის მოფიქრა და მთავარი როლიც თავად შეასრულა. ეს კომედიური სიუჟეტი ლონდონის 30 წლის მცხოვრებელს ეხება: მისი გმირი ცინიკურად ხუმრობს, მამაკაცებთან ურთიერთობებში იხლართება, სიძესთან კონფლიქტი აქვს და მუდამ დეპრესიაში ვარდება. „ემის“ უკანასკნელ დაჯილდოებაზე მსახიობმა და სცენარისტმა ერთდროულად 3 ოქროს ქანდაკება მოიპოვა. მანამდე კი „ემის“ ტრიუმფატორი სხვა სერიალით („ევას მკვლელობისას“) გახდა, რომელიც ასევე თავად მოიფიქრა და პროდიუსერობაც მანვე გაუწია. ამ სატელევიზიო პროექტშიც მთავარი გმირები ქალები არიან, მამაკაცებს კი მეორეხარისხოვანი როლები აქვთ. დაჯილდოებაზე მიღებული 11 ნომინაციით ფიბიმ დაგვარწმუნა, რომ კარიერის პიკზეა: „უბრალოდ ვცდილობ დავადგინო, სადაა თავისუფლება“, – აცხადებს უოლერ-ბრიჯი.
2020 წელს ეკრანებზე გამოდის ფილმი „სიკვდილის დრო არაა /No Time To Die“ – ბონდიანას 25-ე, საიუბილეო ნაწილი. სცენარის ერთ-ერთი თანაავტორი ფიბი უოლერ-ბრიჯია. პროდიუსერებმა მას მისცეს დავალება, შეერბილებინა ბონდის ხასიათი და ეჩვენებინა მისი ემოციური მხარე, რაც მის უფრო თანამედროვე სახეს წარმოადგენდა და არა ამდენად მასკულინურს. „ეს თანამედროვე ბონდია, რომელიც ახალ თაობას მიმართავს, თუმცა ამავდროულად ის იმ ყველაფრის ერთგულია, რასაც ბონდის ფილმისგან ელიან“, – ყვება ფიბი. კრიტიკოსები ფიქრობენ, რომ ფილმში როგორც იქნა გამოჩნდება ირონია და ცოტაოდენი შავი იუმორი.
ნიჭიერ სცენარისტს ამ პროექტისადმი სრულიად მშვიდი მიდგომა აქვს: „არის რაღაც ჯეიმს ბონდში, რაც ყოველთვის ინტრიგას იწვევდა ჩემში. ამ ფილმის გმირები ფანტაზიით ცხოვრობენ, მაგრამ ასეთი ცხოვრება არავის დაგვჭირდება, თუ გულწრფელები ვიქნებით. არ ვფიქრობ, რომ რეალური ჯაშუშები თავდაპირველად ვინმეს ტყვიას ესვრიან თავში, შემდეგ მარტინის სვამენ და ღამეს ლამაზ გოგონასთან ერთად ატარებენ. ეს, თავის მხრივ, ფანტასტიკური კოშმარია“.
თავიდან ფიბის არ სურდა „ნაგავის“ მეორე სეზონი გადაეღოთ. მიაჩნდა, რომ ის საკმარისად კარგი არ იქნებოდა. თუმცა მოგვიანებით გააანალიზა, რომ მეორე სეზონი სიყვარულის ისტორია უნდა ყოფილიყო: „მოზრდილთა სიყვარულის ამბავი, მაგრამ თინეიჯერებისთვის დამახასიათებელი განცდებით“, და მისი შფოთვაც ჩაწყნარდა. თავად მსახიობი 3 წლის განმავლობაში იყო დაქორწინებული დოკუმენტური კინოს რეჟისორ კონორ ვუდმენზე. ისინი 2017 წელს განქორწინდნენ და შემდეგ შეხვედრები დაიწყო ირლანდიელ დრამატურგ მარტინ მაკდონაჰთან, მაგრამ საჯაროდ არც ერთი ურთიერთობის განხილვა არ სურს: „მე მეტად მამაცი ჩემს სამწერლო საქმიანობაში ვარ“, – აცხადებს ის.
მსახიობის აზრით, 30 წლის ასაკში მეგობრებს შორისაც ერთგვარი თავშეკავება და ზომიერება მკვიდრდება, რადგანაც მანამდე უფრო ღიად და გულწრფელად უზიარებენ ერთმანეთს ყველაფერს. როცა შორდებიან, არავინ აღიარებს რა ხდებოდა მათ ურთიერთობაში. „დრამა სასიყვარულო ცხოვრებაში არ ჰგავს მარცხს, თუ ახალგაზრდა ხარ. ფსონები დაბალია, მაგრამ როცა ირჩევ ადამიანს, რომელმაც გარკვეულწილად შენი ცხოვრება უნდა განსაზღვროს, მასთან ერთად უნდა გაიზარდო, იმიტომ, რომ მუდამ ერთად გიწევთ ყოფნა, საუკეთესო გინდა. იმაზე უკეთესი ვარიანტი, ვიდრე წარმოგიდგენია.
ვფიქრობ, ცხოვრების პირველ ნაწილში ცდილობ აღმოაჩინო, ვინ ხარ: ატარებ ექსპერიმენტებს, გსურს საკუთარი თავი გამოძერწო. მოგვიანებით, როცა ამ მოდელთან ძალიან ახლოს ხარ, მსგავსი პათოსი გამოძრავებს: „არაფერს შეეხო, იმ შემთხვევაში, თუ ეს შემცვლის. ვიღაცამ შესაძლოა ცხვირი მოატეხოს შენს სკულპტურას. სიმართლე გითხრათ, მე არ მადარდებს 1-2 სანტიმეტრი“.
ფიბისთვის მნიშვნელოვანია სიმამაცის ბანალური მომენტებიც, ისევე, როგორც იუმორი: „ვფიქრობ, ხუმრობის თქმა ნებისმიერ სიტუაციაში სარისკოა. ამიტომაც მომწონს, როცა ადამიანები ამას ცდილობენ. როცა ვინმეს ვხვდები, ჩემთვის მნიშვნელოვანია აღმოვაჩინო რაზე ეცინება, რა არის მისთვის სახალისო. ეს მეხმარება გავიგო, ვინაა ეს ადამიანი რეალურად“. მსახიობის ბრწყინვალე იუმორის გრძნობა მის შემოქმედებას ნამდვილად ეტყობა.
მსახიობებს სცენარის წერის მომენტში არჩევს: „როგორც კი პირველ ორ სერიას ვწერ, მაშინვე ვფოკუსირდები. უცნაური გამოცდილებაა, უცებ ხვდები, ვინ უნდა იყოს ამ ისტორიაში და შენი გონებაც შესაბამისად მოემართება. კითხვისას გესმის მათი ხმები და ხედავ მათ მოძრაობებს. ეს ყველაფერი წერის დროს სტიმულს გაძლევს. Killing Eve-ის შემთხვევაში, პერსონაჟთან მეტ კავშირს ვგრძნობდი, მას თითქოს ჩემი პატარა ნაწილაკები ჰქონდა. ჩემი თავიდან გამოვდიოდი და წერის პროცესში ვათავისუფლებდი მას“.
მან ლონდონის დრამატული ხელოვნების სამეფო აკადემია დაასრულა. როგორც ნამდვილმა ბრიტანელმა, მონაწილეობა მიიღო „დაუნტონის სააბატოს“ შესარჩევ კასტინგზე. თუმცა როლი ვერ მიიღო, რადგანაც „ზედმეტად სასაცილო“ ეჩვენათ. რეჟისორი მისი შესრულებით ძალიან გამხიარულდა და სიცილი ვერ შეიკავა. „ეს მძაფრი, სულისშემძვრელი როლი იყო, ემოციური უნდა ყოფილიყო და ვფიქრობ ყველაფერი დავდე, რაც შემეძლო. როცა მოვრჩი, მათ თქვეს: „რა სასაცილო გოგონა ყოფილა“, მე ყველაფერი გავიღე, მათ კი დაასკვნეს: „არა, შენ არ შეეფერები“.
ბავშვობაც ქაოსში გაატარა: „ხმამაღალი და ურჩი ბავშვი ვიყავი, მუდამ ვხუმრობდი და ვცელქობდი. მოკლედ, კოშმარი! სკოლა მიყვარდა, რადგანაც მეგობრების ნახვა ყოველდღე შემეძლო. „წერაში, კომედიასა და სამსახიობო ხელოვნებაში ადრეული წლებიდანვე იყო დაინტერესებული: „ყოველთვის ვგრძნობდი კომედიისკენ ლტოლვას და ყოველთვის ვიცოდი, რომ მსურდა მსახიობობა. მახსოვს, ჩემზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა დადგმამ Bugsy Malone, როცა 8 წლის ვიყავი“.
მიუხედავად იმისა, რომ საკუთარ საქმიანობას სახალისოდ მიიჩნევს, ფიბის მაინც მიაჩნია, რომ ნეგატიური მხარე ყველაფერს აქვს: „ვფიქრობ მსახიობობის გვერდითი ეფექტი ორგანზომილებიან პერსონად ქცევაა ადამიანთა გარკვეულ ნაწილთან მიმართებაში. საუკეთესო გრძნობაა, როცა ადამიანები მოდიან და მეუბნებიან: „მადლობა, ძალიან ვისიამოვნე“. ეს მარტივი, თუმცა მრავლისმეტყველი ჟესტია. ვამაყობ, რომ ჩემმა ნამუშევარმა ადამიანებს უბიძგა კითხვები დაესვათ – როგორც ქალებს, ასევე მამაკაცებს. მათ სურთ გარკვეულ თემებზე მესაუბრონ. მაგრამ ხანდახან მედია ამ ყველაფერს დეპრესიულად აქცევს: თუ ისინი საიმიჯო მოდელად აგირჩევენ, შემდეგ ქალთა მტრადაც გიღებენ, თუ უცებ სრულყოფილი და იდეალური პასუხი არ აღმოგაჩნდა. მაგრამ, ამ ინდუსტრიაში ყველაფერი პოზიტიურობისკენ იცვლება. კომპლექსურობა უფრო ფასობს, ვიდრე დღის წესრიგის რღვევა“.