ზამთარს და სუსხიან დღეებს განსაკუთრებით უხდება მყუდრო გარემო, საყვარელი ადამიანების გარემოცვა, კარგი მუსიკა და ჭიქა ღვინო... სწორედ ასეთი გარემო დაგხვდებათ ფალიაშვილზე, კაფეში „სკოლა“, სადაც ჩემს რესპონდენტს, მსახიობ გიორგი შარვაშიძეს ვესაუბრე.
ფიქრები ჭიქა ღვინოსთან...
თითქმის ყოველთვის სასიამოვნოა.
მოგვიყევით, ამჟამად რას საქმიანობთ?
რა თქმა უნდა, თეატრში ვარ და ასევე ვმუშაობ, როგორც ჟურნალისტი − „რუსთავი 2“-ზე დილის გადაცემაში მიმყავს რუბრიკა კინოსა და თეატრის შესახებ. გარდა ამისა, ონლაინრეჟიმში ვსწავლობ კინოლოგიას.
მეგობრებთან ერთად ხშირად...
ვერთობი. თუმცა, ყველაზე მნიშვნელოვანი, რასაც ამ ეტაპზე ერთად ვაკეთებთ − ვეხმარებით უპატრონო ცხოველებს. და ვინც ჩვენს ინტერვიუს კითხულობს, ვეტყვი, რომ თქვენც შეგიძლიათ შეიკრიბოთ და ერთმა სამეგობრომ ერთობლივი ძალებით ბევრი კარგი რამ გააკეთოთ ცხოველებისთვის.
ზამთარს უფრო უხდება ღვინო თუ ზაფხულს?
ეს ღვინოზეა დამოკიდებული. კარგი ღვინო ზაფხულსაც ისევე უხდება, როგორც ზამთარს.
წიგნი, რომელიც ბოლოს წავიკითხე...
„ჰარი პოტერი“ არ მქონდა წაკითხული და ახლა ვკითხულობ. ძალიან მომწონს!
უფრო პოეზია თუ პროზა?
პროზა. ძირითადად პროზას ვკითხულობ.
მუსიკის ჟანრი, რომელსაც ხშირად ვუსმენ...
ჯაზს. კლასიკური მუსიკაც ძალიან მიყვარს. ეს ჩემს გუნება-განწყობილებაზეა დამოკიდებული.
როცა ცუდ გუნებაზე ვარ...
ვცდილობ გავიგო, რატომ ვარ ცუდ გუნებაზე და შემდეგ ყველაფერს ვაკეთებ იმისათვის, რომ კარგ გუნებაზე დავდგე.
თეთრი ღვინო თუ წითელი ღვინო?
ეს იმაზეა დამოკიდებული, რამდენს ვსვამ. თუ უბრალოდ ვწრუპავ რამდენიმე ჭიქას, მაშინ წითელი. თუ ბევრი უნდა დავლიო, მაშინ თეთრი. თუმცა, ჩემთვის ფერზე მეტად მნიშვნელოვანი ღვინის ხარისხია, რადგან სასმელებიდან ყველაზე მეტად ღვინო მიყვარს.
რომ არ ვყოფილიყავი მსახიობი, ვიქნებოდი?..
ალბათ, კინოლოგი. ცხოვრებაში ბევრი სხვადასხვა ინტერესი მაქვს და არასდროს მიყვარს ერთ სფეროში გაჩერება... ფსიქოლოგიაც ძალიან მაინტერესებს. ასევე, ჟურნალისტიკაც, და მიხარია, რომ დღეს ამ მიმართულებითაც ვმუშაობ.
წარმატებას რომ მიაღწიო, საჭიროა?..
ამის რეცეპტი არ მაქვს. თუ ვინმემ იცის, სიამოვნებით მოვისმენდი.
ასოციაცია, რომელსაც დეკემბრის − ახალი წლის − თვე აღძრავს ჩემში…
თოვლი, სრიალი, გუდაური.
სასწაულების თუ გჯერათ? განსაკუთრებით, ახალი წლის ღამეს?
ზოგადად, მწამს სასწაულების, რადგან ჩემს ცხოვრებაში ბევრი ყოფილა.
ბედნიერება ჩემთვის...
საყვარელი ადამიანების კარგად ყოფნაა და ქვეყანა, სადაც ნაკლებ ადამიანს უჭირს, უპატრონო ცხოველები კი, გარეთ არ იყინებიან.
როდესაც სიყვარულზე ვფიქრობ...
უპირველესად, ნატაშა მახსენდება და შემდეგ ჩემი ძაღლი.