დიტო ცინცაძის ფილმმა „შინდისი“ არაერთი საერთაშორისო აღიარება მოიპოვა და მრავალჯერ მოგვცა ქართველებს საბაბი, გვეამაყა ჩვენი კულტურით. მიუხედავად იმისა, რომ ფილმში ასახული სურათი ძალიან მძიმეა, რადგან მოქმედება რუსეთ-საქართველოს ომის დროს ვითარდება და რეალურ ფაქტებს ეფუძნება, მაინც გიჩნდება სიამაყის განცდა და შეგრძნება, რომ ეს ქვეყანა უსათუოდ გადარჩება, რადგან აუცილებლად გამოჩნდება ადამიანი, რომელმაც თავადაც არ იცის, რომ გმირობისთვის გაჩნდა, თუმცა თავისდაუნებურად ხდება გმირი, იმიტომ, რომ სამშობლო უანგაროდ უყვარს და გმირობის სანაცვლოდ მისგან არაფერს ელის... მაშ ასე, სიამაყით წარმოგიდგენთ ჩემს ექსკლუზიურ ინტერვიუს კინორეჟისორ დიტო ცინცაძესთან.
ვარშავის დაჯილდოების ცერემონიაზე თქვენმა ფილმმა კინოფესტივალის გრანპრი მიიღო, ხოლო თავად საუკეთესო რეჟისორის პრიზით დაჯილდოვდით.
რამდენად ელოდებოდით ამ გამარჯვებას?
სიმართლე გითხრათ, ის ასაკი აღარ მაქვს, როცა გულისფანცქალით და ეიფორიით ველოდები რაღაცას. თუმცა, რასაკვირველია, როდესაც კონკურსში მონაწილეობ, მაინც გეფიქრება გამარჯვებაზე. ისე მოხდა, რომ ეს გამარჯვება ჩემმა ფილმმა მოიპოვა და, რა თქმა უნდა, ეს ძალიან სასიამოვნოა.
ბატონო დიტო, როგორ ფიქრობთ, ფილმის წარმატება მისი პოლიტიკური სარჩულითაც არის განპირობებული?
რასაკვირველია, პოლიტიკურმა ელფერმა იმოქმედა. ვარშავის კინოფესტივალზე ფილმის ჩვენების დასრულების შემდეგ კითხვა-პასუხის ფორმატში კარგად გამოჩნდა მათი დამოკიდებულება პოლიტიკის მიმართ. ძალიან ბევრმა არც კი იცოდა მცოცავი ოკუპაციის შესახებ. გაგიკვირდებათ და, მათ შორის რუსებიც იყვნენ.
როგორი იყო ფილმზე მუშაობის პროცესი?
ფინანსების ნაკლებობის მიუხედავად, მაინც მოვახერხეთ და ფილმი 27 დღეში გადავიღეთ. სახელმწიფო ძალიან დაგვეხმარა ბრძოლის სცენების გადაღებაში. თავდაცვის სამინისტრომ მოგვცა ტექნიკა, ტანკები, ჯავშანმანქანები... ის მანქანებიც კი, რომლებიც ფილმისთვის უნდა დაგვეწვა. ძალიან გვინდოდა ფილმის გადაღებები საოკუპაციო ხაზთან ახლოს გვქონოდა, მაგრამ მოვერიდეთ, რადგან ჩვენგან ნებისმიერი ნაბიჯი შესაძლოა მათ საფრთხედ აღექვათ და ვითარება დაძაბულიყო.
რა იყო ფილმის მთავარი მესიჯი?
ამაზე საუბარი არ მიყვარს ხოლმე. მინდა მაყურებელმა თვითონ გამოიტანოს დასკვნა. თუმცა მაინც გეტყვით, რომ ძალიან მინდოდა ფილმით მსოფლიოს გაეგო საქართველოს ოკუპაციის შესახებ და გარდა ამისა, მეთქვა ყველასთვის, რომ გმირობისთვის წინასწარ სულაც არ ემზადებიან. სრულიად მოულოდნელად, ბრძოლის დროს შესაძლოა გამოჩნდეს რიგითი ადამიანი, რომელსაც უყვარს სამშობლო და ეს სიყვარული, ყოველგვარი ანგარების გარეშე ჩაადენინებს გმირობას ისე, რომ სულაც არ ელის დიდებასა და აღიარებას.
კინორეჟისურა − ეს ის სფეროა, რომელზეც ბავშვობიდან ოცნებობდით?
დაახლოებით 11-12 წლიდან ვიღებდი ფილმებს სკოლაში. ვდგამდი სპექტაკლებს. სპეციალობის არჩევის დროს კითხვები არც კი გამჩენია, რადგან ამ სფეროში ვიყავი ჯერ კიდევ ბავშვობიდან.
თქვენი მასწავლებლებიდან რომელმა მოახდინა ყველაზე დიდი გავლენა, როგორც ხელოვან ადამიანზე?
უპირველესად, ჩემმა ძმამ, რომელმაც კითხვა შემაყვარა. მას შემდეგ კი, ელდარ შენგელაიამ, რომელიც დღემდე ჩემი მეგობარია. ოთარ იოსელიანმა, რომელიც პირდაპირი პედაგოგი არ ყოფილა, თუმცა მთელი ჩვენი თაობის მასწავლებელი იყო. რეზო ესაძემ და ჩემმა ჯგუფელებმა, რადგან ჩვენ, ყველანი, ერთმანეთისგან ძალიან ბევრს ვსწავლობდით. დღევანდელი გადმოსახედიდან შემიძლია ვთქვა, რომ ძალიან გამიმართლა, ასეთი საოცარი ადამიანების ხელში რომ მოვხვდი სტუდენტობის წლებში.
რას ეტყოდით ახალგაზრდებს, რომლებიც დღეს იწყებენ ამ სფეროში საქმიანობას?
არ აქვს მნიშვნელობა, კომერციული ხასიათის ფილმებს გადაიღებთ თუ უბრალოდ მხატვრულ ფილმებს − მთავარია, თქვენს გულისთქმას დაუჯეროთ.
პირველი შთაგონება და პირველი ფილმი...
რა თქმა უნდა, ჩარლი ჩაპლინი. პირველი ფილმი − ვესტერნი, რომელიც ჩემს ეზოში გადავიღე.
რა გენატრებათ თბილისში?
ჩემი ახალგაზრდობა.
ასაკს მოაქვს...
სევდა და ფიქრი იმაზე, რომ ბევრი რამის სხვაგვარად გაკეთება შეგეძლო, თუმცა დროს ვეღარ დააბრუნებ.
ჩემთვის თბილისი...
არეულ-დარეული ქალაქია.
და შევცვლიდი...
აურას.
რატომ აირჩიეთ საცხოვრებლად ბერლინი?
სტიპენდია ავიღე და ამიტომ. მოგვიანებით კი, მივხვდი, რომ ბერლინში თავისუფლების სულ სხვა ინდექსია. აქ ხდება სრული სიგიჟე. ყველანაირი ტიპის ადამიანი იპოვის აქ საკუთარ თავს.
სამშობლოში დაბრუნებას თუ ფიქრობთ?
იმდენად მოერგო ჩემი ოჯახი იქაურობას, შვილები, ფაქტობრივად, იქ გაიზარდნენ, რომ, ალბათ, გამიჭირდება ამაზე ფიქრი. ყოველ შემთხვევაში, ჯერჯერობით.
როგორია თქვენი სამომავლო გეგმები?
ახალი ფილმი მინდა გადავიღო − ოკეანესა და გოგონას სიყვარულზე. წერა უკვე დავიწყე, თუმცა ისტორია როგორ დამთავრდება, ჯერ არ ვიცი.
ბედნიერება რა არის თქვენთვის?
სიმშვიდე და იმ ადამიანებთან ერთად ყოფნა, ვინც გიყვარს. მე გურული ვარ და ჩემთვის სიმშვიდე საოცნებო მდგომარეობაა.