საქართველოს შორეული მოგზაურობით ახლო აღმოსავლეთიდან პრინცესა ჰალლა ბინთ ხალიდი ეწვია. საუდის არაბეთის პრინცის ქალიშვილს ზურაბ წერეთლის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმში შევხვდი, სადაც მისივე ნამუშევრების წინ ორნი, ნახევრადგანათებული ვრცელი დარბაზის შუაგულში დავსხედით. მუზეუმში დასადგურებულ იდუმალებას პრინცესას საუბრის მშვიდი მანერა და ხმის ბუნებრივი ტონების გრადაცია ორგანულად ისევე ერწყმოდა, როგორც კედლებზე მისი წილი ხელოვნება ახმოვანებდა ყველაფერს, რაზეც საუბარი შევძელით. ის საქართველოს ტოვებს, თუმცა მისი ნამუშევრები მუზეუმში 12 იანვრამდე დარჩება.
დამთვალიერებელს ჰალლას მდიდარი სამყარო, მისი წარმოსახვა და ყველაზე ახლო რეალობა, მისი ყოველდღიურობა და სუბიექტივს მიღმა არსებული თემატიკა ესალმება სიტყვით Tasleemah! – არაბული მისალმების გარდა, ეს ქალის სახელია, რომელიც მრავალფეროვანი განმარტებით გამოირჩევა – დანებებას, მშვიდობასა და ფუნქციებისგან განდგომას აღნიშნავს.
ამდენადვე ვარიაციულია თავად ჰალლას შემოქმედებაც, სადაც მხატვარი კონცეპტუალურ ხელოვნებაში საკუთარ ხელწერას გვიმხელს და სახვით ხელოვნებასაც მყარად იყენებს. დაგვაფიქრებს, გვაგრძნობინებს და ტილოზე გვიამბობს ამბავს, რომელიც ღიმილს გვგვრის, რადგან გონებამახვილური და იუმორისტული მიდგომა მისი ღრმა სამუშაო მიმართულების კვალდაკვალ, ღირებული ნაწილია.
ჰალლა ბინთ ხალიდი ასევე ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი მწერალი და საბავშვო წიგნების ილუსტრატორია საუდის არაბეთში, რომლის პერსონალური გამოფენაც საქართველოში რეტროსპექტული ტიპის ექსპოზიციის ფარგლებში მოეწყო და შემოქმედებითი ცხოვრების განმავლობაში შექმნილი ნამუშევრები გააერთიანა.
დაბადების ადგილის გავლენა – კულტურათა სხვადასხვაობა
გასული საუკუნის 70-იან წლებში დავიბადე – იმ დროს, როცა საუდის არაბეთი ნავთობით მოპოვებული სიმდიდრით ყვაოდა. მოცემულობამ ქვეყნის მასშტაბით ფენომენალური ცვლილებები გამოიწვია და კულტურული თუ სოციალური სხვადასხვაობის მიმოცვლის შესანიშნავი საშუალება შექმნა.
მედიცინის, არქიტექტურის, განათლებისა და სხვა უამრავი სფეროს ექსპერტი საუდის არაბეთს ეწვია და საბოლოო შედეგად გამორჩეულად განვითარებული ერი მივიღეთ. უეცრად, შუა უდაბნოდან ცათამბჯენების შენება დაიწყო და ძველი ნაგებობებიც ახლით ჩანაცვლდა. ტექნოლოგიების როლის გამოყენება ისევე გაიოლდა, როგორც მსოფლიოს გარშემო მარტივად მოგზაურობა.
ჩემ მსგავსად, ამ დროს დაბადებული ადამიანები იზრდებოდნენ პერიოდში, როცა გარემოს მიერ პრივილეგია ენიჭებოდათ, თუმცა ეს ოდნავ აბნევდათ კიდეც მათ. აღნიშნული გავლენები ჩემს ნამუშევრებში იგრძნობა, ჩანს არაბეთისა და სხვა უამრავი კულტურის ნაზავი.
მზესუმზირები ბავშვობიდან – „შენი ნახატი სხვებისგან განსხვავდება“
ჩემი მშობლები ცდილობდნენ, სხვადასხვა ხელოვნებასა და კულტურას ვზიარებოდი. მათთვის ერთადერთი შვილი ვარ, რაც, ფაქტობრივად, ნიშნავდა, რომ მარტო მყოფს, მე უნდა გამომეძებნა საკუთარი თავშესაქცევი. ვფიქრობ, ამან ჩემი, როგორც მხატვრის, განვითარებაში დიდი როლი ითამაშა.
10 წლის ვიყავი, როცა გადავწყვიტე, რომ მინდოდა მხატვარი გავმხდარიყავი. ყველაფერი კი მაშინ დაიწყო, როცა სკოლაში, ხატვის მასწავლებელმა მე და დანარჩენ 32 გოგონას, დავალება მოგვცა. ჩვენ იქვე, ეზოში გაზრდილი მზესუმზირები უნდა დაგვეხატა. როცა მუშაობა დავასრულე, მასწავლებელმა ტილო ხელში აიღო და თქვა: „ჰალა, შენ განსაკუთრებული ნიჭი გაქვს“. ეს ჩემთვის პირველი შექება იყო, რაც იქამდე არასოდეს გამეგონა. ამიტომაც, მოტივირებულმა გადავწყვიტე ხელოვნების ამ დარგს მეტი სერიოზულობით მოვკიდებოდი.
თავშესაფარი – დაბალი თვითშეფასების მკურნალი
შინ დაბრუნებულმა, მშობლებს ნებართვა ვთხოვე, შემძლებოდა ხატვის გაკვეთილებზე კერძოდ მევლო. მიუხედავად იმისა, რომ სკოლაში ხელოვნების კლასი არსებობდა, იქ რეალურად ვერაფერს ვსწავლობდით. სამწუხაროდ, დღემდე ქვეყანაში ოფიციალურად სახელოვნებო აკადემიები არ არსებობს.
დედამ ნებართვა ერთი პირობით მომცა – მთანხმდებოდა, თუ სკოლაში ყველა საგანში უმაღლესი შეფასება მექნებოდა. ასე გავხდი უმაღლესი ქულების მქონე სტუდენტი.
ხელოვნებამ თავისუფლება მიბოძა, მომცა საშუალება საკუთარი თავი გამომეხატა და იმ შეზღუდვებისა და შემგუებლობის წინააღმდეგ წავსულიყავი, რომელშიც ვცხოვრობდი. ხელოვნებამ მომცა თვითშეფასების ამაღლების უნარიც, რაც იქამდე არასოდეს მქონდა.
შიში ტილოს წინ
მიუხედავად იმისა, რომ 38-წლიანი პრაქტიკა დამიგროვდა, თითოეულ ჯერზე, როცა ცარიელი ტილოს წინ ვდგები, მეშინია.
პირველი ეტაპი ყლორტების ზრდას – მიწიდან მცენარის აღმოცენების პროცესს ჰგავს.
მეორე – ხარვეზების ეტაპია, როცა კმაყოფილი ჯერ არაფრით ხარ. საბოლოოდ კი, „გაშალაშინების“ შემდეგ, ახერხებ ფოკუსირდე მოსალოდნელ შედეგებზე. ეს გარდამტეხი მომენტია, რომელსაც ნამუშევრის სრულყოფა ან მისი განადგურება შეუძლია.
სიახლოვე იმპრესიონიზმთან – სივრცე წარმოსახვისთვის
მალე ვიწყენ, ადვილად მბეზრდება, სწორედ ამიტომ ჩემი ნამუშევრებისთვის მაქსიმალურ ვარიაციებს მივმართავ. არ მივსდევ კონკრეტულ სტილს და არ ვმუშაობ განსაზღვრული მასალებით.
სიახლოვეს იმპრესიონიზმსა და თანამედროვე ხელოვნებასთან ვგრძნობ, რადგან სწორედ მათშია სივრცე წარმოსახვისთვის. ჩემი საყვარელი მხატვარიც – ჯონ სინგერ სარჯენტიც, სწორედ ამიტომ აღმაფრთოვანებს. მის ნამუშევრებზე დაკვირვებისას, ისინი თითქოს რეალისტური გეჩვენება, მაგრამ თუ უფრო მეტად შეისწავლი, შენიშნავ, რომ ფუნჯის მონასმები სწრაფი და ველურია.
ხასიათი და მუსიკა
ცუდ გუნებაზე ყოფნისას არასდროს ვხატავ. ერთადერთი ნახატი, რომელიც მოწყენილობისას შევქმენი, „მელანქოლიაა“.
არ მინდა მნახველს ნეგატივი გადავცე. ჩვენ გარშემო ხომ უამრავი მანკიერება და ტრაგედიაა. მინდა მათ დადებითი მუხტი შევთავაზო, რადგან ჩემთვისვე უდიდესი ჯილდო ისაა, თუ მათ გაღიმებას შევძლებ.
სამუშაო პროცესში ყოველთვის მუსიკას ვუსმენ, რომელსაც თავად ნახატი მირჩევს.
ხელოვანი საუდის არაბეთიდან – ძალიან ახალგაზრდა თუ ასაკით მეტი?!
როცა სამშობლოში მხატვრობის „სცენაზე“ ფეხი პირველად დავდგი, 17 წლის ვიყავი. ეს იყო დრო, როცა დომინანტი ჯგუფი ასაკოვანი მამაკაცებისგან შედგებოდა, რომლებიც ახალგაზრდა და ახალბედა ქალს არ აფასებდნენ. მე მათ განვერიდე, ვამჯობინე ჩრდილში წლების განმავლობაში დავრჩენილიყავი.
ახლა „სცენას“ კვლავ დავუბრუნდი და ვფიქრობ, რომ ჩემი ქვეყნის ფოკუსჯგუფში კვლავაც ვერ ვჯდები. საუდის არაბეთში ახლა საბედნიეროდ, ახალგაზრდა ხელოვანებზე ორიენტირდებიან, მე კი უკვე ასაკით გაცილებით მეტი ვარ.
„საქართველომ მე ამირჩია“
საქართველოში ვიზიტს სასიხარულო მოვლენების ჯაჭვი უძღოდა.
ნამუშევრების გამოფენა მანამაში, ბაჰრეინში მქონდა. როცა ფრენსის სტეტფორდი – მენეჯერი ჩემს კუთხეს აწყობდა, პროცესში გარკვეულმა გარემოებამ აღაშფოთა და კომენტარი ხმამაღლა გააკეთა. ამან იქვე მყოფი ვასილ წერეთლის ყურადღება მიიპყრო, რომელიც საბედნიეროდ ჩემს სივრცესთან დადგა, ნანახი მოიწონა და მე დღეს აქ ვარ...
ყოველთვის ბევრი ვიცოდი საქართველოს შესახებ – მისი ისტორია და ხელოვნებისადმი სიყვარული. მაგრამ ვერაფერმა მომამზადა წინასწარ იმ სიმდიდრის სანახავად, რაც აქ დამხვდა. აღფრთოვანებული ვარ ქართველი ხალხის გულთბილობითა და გულუხვობით. იმედს ვიტოვებ, სტუმრობის შესაძლებლობა მალე კვლავ მექნება.
5 შვილის დედა – საბავშვო წიგნების ილუსტრატორის ინსპირაცია
5 შვილი მყავს. უფროსი 24-ის, ყველაზე პატარა კი 11 წლისაა. ნათელია, რომ როცა შვილები გყავს, სახელოსნოს კარს ვერ მიიხურავ და ხალხს ვერ სთხოვ, არ შეგაწუხონ. 5 წუთიც კი იშვიათად გრჩება საკუთარი თავისთვის. მომიწია, რომ ცხოვრების ახლებურ წესს შევგუებოდი. დავიწყე ამბების შეთხზვა ჩემი ბავშვებისთვის, რომლებიც ინსპირაციით მამარაგებდნენ. უდიდესი სიამოვნებაა, როცა გაქვს შესაძლებლობა, ბავშვებს მსოფლიოს გარშემო ესაუბრო.
დროის პროფესიონალი ჟონგლიორი
დილის 6 საათზე ვდგები. ვამოწმებ, ხომ ყველამ კარგად ისაუზმა და ხომ დროულად გადიან შინიდან. შემდეგ განვიტვირთები, საკუთარ საქმეს ვუბრუნდები და ბავშვების დაბრუნებამდე სახელოსნოში ვარ.
რა თქმა უნდა, პარალელურად, უამრავი პასუხისმგებლობა მახსენებს თავს. მე დედისერთა ვარ და მშობლებზე უნდა ვიზრუნო, მათ სახლ-კარს მივხედო. ამიტომ, მგონია, რომ დროის პროფესიონალი ჟონგლიორი ვარ.
წინასწარ შორეულ პერსპექტივებზე ნაკლებად ვფიქრობ, მირჩევნია აწმყოთი ვისიამოვნო, შევქმნა ახალი წიგნები, ვიმუშაო ტილოებზე და შევძლო, ისინი მსოფლიოში ვამოგზაურო.