„ვერველევი“ – ასე ჰქვია მაკა მეტრეველის მურაბებს. იქვე, სახელის ქვეშ ამოვიკითხავთ ფრაზას „უსასრულო სიყვარული“... თავისთავად ცხადია, და ამას თქვენც მიხვდებით ჩვენი ინტერვიუდან, რომ მაკა უდიდესი სიყვარულით აკეთებს მურაბებს, რომელსაც საკუთარი ხელით ხარშავს, მაგრამ თუ ცოტა სხვა კუთხითაც შევხედავთ, უსასრულო სიყვარულს გვპირდება ზამთრის სუსხიანი დღეები, როდესაც დიდი სამეგობრო სამზარეულოში თბილად მოკალათდება და გემრიელ ჩაისთან ერთად ხილის სხვადასხვა დასახელების მურაბას მიირთმევს, რომლის გარეშე პირადად მე ზამთარი არ წარმომიდგენია... დეკემბერი ჩემთვის ახალი წლის თვეა და 1 დეკემბერს წარმოგიდგენთ ახალი წელივით ტკბილ ინტერვიუს მაკა მეტრეველთან.
პროფესიით ვარ...
ექიმი. მართალია ჩემი სპეციალობით არ ვმუშაობ, მაგრამ ძალიან შორსაც არ წავსულვარ ამ სფეროდან და დღეს კლინიკაში ვმუშაობ.
მოგვიყევით, როდიდან დაიწყეთ მურაბების დამზადება?
გასტრონომია და კულინარია ჩემი საყვარელი სფეროა. ყველა, ვინც მიცნობს, ძალიან კარგად იცის ეს. რაც შეეხება მურაბებს, თავად მიყვარს ძალიან და ყოველთვის ვაკეთებდი ჩემი ოჯახისთვის, რომელიც ისეთი პოპულარობით სარგებლობდა ჩემს სამეგობრო სანაცნობოში, რომ გადავწყვიტე სიყვარული საქმედ მექცია და ასე დაიბადა უსასრულო სიყვარულით შექმნილი „ვერველევის“ მურაბები.
როდესაც თქვენი მეუღლე პარლამენტის თავმჯდომარე იყო და თქვენ მუდმივად ყურადღების ცენტრში იყავით, ეს რთულად გახსენდებათ?
არც ისე, რადგან არასოდეს ვაკეთებდი ისეთ რამეს, რომ თავი შემეზღუდა და სხვისგან დამალვა დამჭირვებოდა. ყოველთვის ვარ ის, ვინც ვარ და არ აქვს მნიშვნელობა თანამდებობებს.
პირველი იყავით, ვინც საქართველოში მოდის კვირეულების ორგანიზება დაიწყეთ. მოგვიყევით ამ გამოცდილებაზე.
ჩემი მიზანი და დიდი სურვილი იყო, საქართველოს შესახებ მეტი ინფორმაცია მიეღო დანარჩენ მსოფლიოს. ამიტომ ვამაყობ მოდის კვირეულის ისტორიით, რომლის ფარგლებშიც უამრავი ახალი დიზაინერი აღმოვაჩინეთ და ამ მოვლენებს მსოფლიოს ბევრი წამყვანი ტელევიზია და ბეჭდური მედია აშუქებდა. როდესაც მივხვდი, რომ ამ სფეროში ჩემი თავი ამოვწურე, მოდის კვირეულების განხორციელებას თავი გავანებე.
ჰობი...
ჩემი ჰობი სამზარეულოში ტრიალია. თუ უსაქმოდ ვარ, არ შემიძლია წამოწოლა და ტელევიზორის ცქერა. აუცილებლად ვიწყებ სამზარეულოში ტრიალს და ვატარებ სხვადასხვა ექპერიმენტს; ვამზადებ სხვადასხვაგვარ კერძებს.
საყვარელი კერძი?
მიჭირს კონკრეტული კერძის გამოყოფა, რადგან ყველა ტიპის სამზარეულოს ჩემს გემოვნებაში თავისი ადგილი აქვს. ეს დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორ გუნებაზე ვარ.
უფრო მეტად ტკბილს ანიჭებთ უპირატესობას თუ ცხარეს?
ჯერ გემრიელი კერძი, შემდეგ გემრიელი დესერტი.
დეკემბერი ახალი წლის თვეა ჩემთვის, ამიტომ თქვენც უნდა გკითხოთ: განსაკუთრებული ტრადიცია თუ გაქვთ?
ახალ წელს ჩემთვის დარიჩინის, ღვინოში მოხარშული მსხლისა და შემწვარი კომშის სუნი აქვს... ამიტომ ვაკეთებ ხოლმე ამ ყველაფერს. შვილებთან ერთად კი, ჯანჯაფილის საახალწლო ორცხობილებს.
ახალი წლის ღამის სასწაულების თუ გჯერათ?
არ ვიცი, კონკრეტულად ახალი წლის სასწაულები უნდა დავარქვათ თუ არა ამას, თუმცა, ზოგადად, სასწაულების მჯერა.
თბილისი თქვენთვის როგორი ქალაქია?
ყველაზე საყვარელი, ყველაზე თბილი...
შთაგონების წყარო?
ძალიან მიყვარს მოგზაურობა და ყველაზე დიდ ენერგიას სწორედ აქედან ვიღებ. სხვადასხვა კულტურის გაცნობა უამრავ ახალ იდეას გიჩენს.
სხვა ქვეყანაში ცხოვრებაზე თუ გიფიქრიათ?
ხანდახან კი, თუმცა ყოველთვის იმ აზრამდე მივსულვარ, რომ ვერსად ვიცხოვრებდი. როდესაც სამოგზაუროდ მიდიხარ, მოგწონს იქაურობა, მაგრამ სხვა ქვეყანაში საცხოვრებლად გადასვლა, სადაც არავინ გიცნობს და არავინ ხარ, ძალიან ძნელია... მით უმეტეს – ჩემს ასაკში.
რატომ უნდა ვიყიდოთ თქვენი მურაბები და სად შევძლებთ შეძენას?
უსასრული სიყვარულით არის შექმნილი და ტრადიციულ რეცეპტებთან ერთად, ექსპერიმენტებსაც ვატარებ. განსხვავებულია ჩემი ჟოლოს, მაყვლისა და შინდის მურაბები, სადაც ტყის ხილი მაქვს გამოყენებული. საინტერესოა ატამი წიწაკით, რომელსაც აქვს ორი სახის – მწვანე და ვარდისფერი წიწაკის მარცვლები... კიდევ მაქვს ჟოლოს ჯემი ვარდით, რომელიც ჩემი ფავორიტია... შეგიძლიათ შეიძინოთ ლიკას საკონდიტროში – აბაშიძის 85 ნომერში; „თავთავში“ – აბაშიძის 5 ნომერსა და კოტე აფხაზის ქუჩაზე – მაღაზიაში „ქართული კალათა“.
დაბოლოს: რა არის თქვენთვის ბედნიერება?
უპირველეს ყოვლისა, მშვიდობა ჩვენს ქვეყანაში. შემდეგ, რა თქმა უნდა, ჩემი ოჯახი, შვილები და ადამიანები ჩემ გარშემო. ასევე საოცარი მეგობრები, რომლებიც ყოველთვის ყველაფერში გვერდით მიდგანან. „ვერველევიც“ სწორედ ასე შეიქმნა.