2019 წელს თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალმა მეოცედ აიღო სტარტი. ქვეყნის კულტურის მნიშვნელოვანი ღონისძიება ეს-ესაა თინეიჯერობის ასაკიდან გამოვიდა და საიუბილეო თარიღს წარმატებით აღნიშნავს. წელს საპატიო ჯილდო "პრომეთე" მხოლოდ ეროვნულ კონკურსში გამარჯვებულებს გადაეცემათ. ქართულ ფილმებს საერთაშორისო ჟიური აფასებს.
ფესტივალის მესამე დღეს კარლოს რეიგადასმა რიგით მეორე მასტერკლასი ჩაატარა თემაზე " პოსტ-პროდუქციის პერიოდი: მონტაჟი, ფერის კორექცია, ხმის დიზაინი, მუსიკა". შეგახსენებთ, რომ მექსიკელი რეჟისორი საქართველოში შვილებთან ერთად ჩამოვიდა და ფესტივალის შემდეგ მაღალმთიან რეგიონებში დასვენებას გეგმავს. მისი ფილმები მეოცე საიუბილეო კინოფესტივალის ფარგლებში წარმოდგენილია სექციაში "რეჟისორი ფოკუსში".
დღე აღსანიშნავი იყო 90-წამიანი ფილმების კონკურსით "დეპიქტ!"-ის (Depict!). ახალბედა, გამოცდილ თუ უბრალოდ მოყვარულ რეჟისორებს საშუალება ჰქონდათ საკუთარი იდეა წუთნახევარში ჩაეტიათ და სათქმელი მაყურებლამდე სწორედ ამ შეზღუდულობის ფარგლებში მიეტანათ.
საღამოს კი "ამირანის" პირველი დარბაზი დღის მთავარმა მოვლენამ, ლანა ღოღობერიძის ახალმა ფილმმა "ოქროს ძაფმა" დაიკავა. 91 წლის რეჟისორმა 26 წლიანი პაუზის შემდეგ ისევ გადაწყვიტა რეჟისორის სკამთან მიბრუნება. მისი ახალი სიუჟეტი როგორც ყოველთვის, ისევ ქალ პროტაგონისტს ეხება, რომელსაც უწევს იცხოვროს ერთ ჭერქვეშ მისგან განსხვავებული შეხედულებების მქონე ქალთან ერთად და ახალგაზრდობის სიყვარულიც ახსენებს თავს.
ლანა ღოღობერიძემ ჩვენების წინ განაცხადა, რომ ფილმი გურანდა გაბუნიას და გია ყანჩელის ხსოვნას ეძღვნებოდა. რაც შეეხება სათაურს, მას განსაკუთრებული დატვირთვა აქვს. იაპონიაში, ფაიფურის ჭურჭელს გატეხვის დროს არავითარ შემთხვევაში არ ისვრიან, არამედ ოქროს ძაფით ამთელებენ და ახალ სიცოცხლეს სძენენ, ახალ დატვირთვას ანიჭებენ. ალეგორია ფილმსაც გასდევს რეფრენად: ასაკში შესულ ადამიანებთან დამოკიდებულება. ცნობილმა რეჟისორმა განაცხადა, რომ აპირებდა ფილმში სიმღერის "გაზაფხული შემოსულა ლენ" - ორიგინალი ვერსია გამოეყენებინა, მაგრამ გიამ გადაწყვიტა მუსიკა თავად დაეწერა. სიმღერას ზურა ყიფშიძე და ლიზა ბაგრატიონი ასრულებენ.
დღის ბოლოს კი მაყურებელმა დიმიტრი მამულიას "ბოროტმოქმედი" იხილა. რეჟისორი ფილმს 4 წლის განმავლობაში იღებდა. პროტაგონისტი არაპროფესიონალი მსახიობია, ის თეატრალურ უნივერსიტეტში დაცვის სამსახურში მუშაობდა. აღსანიშნავია, რომ ქართველი რეჟისორის ფილმი წელს ვენეციის კინოფესტივალზე, საკონკურსო პროგრამა "ჰორიზონტებში" აჩვენეს. ნელი ესთეტიკით გადაღებულ ფილმში თავმოყრილია ბევრი ცნობილი ევროპელი რეჟისორის კინო ფორმა და ესთეტიკა. პროფესიონალ მაყურებელს მუდამ ახსენდება კადრები სხვა ფილმებიდან, სხვები კი უბრალოდ გაუგებრობაში ვარდებიან თუ რა ხდება. ფილმის მთავარი პერსონაჟი დასაწყისიდან ბოლომდე ერთი და იგივე ემოციით თამაშობს, მიუხედავად იმისა, რომ მნიშვნელოვან ტრანსფორმაციას უნდა განიცდიდეს. აქ ვერ ვხედავთ ფილმის ქვეთავებს შორის გარდამავალ კავშირს. ვერ შევიგრძნობთ რატომ მოსდევს ერთს მეორე. ვხედავთ კადრებს, რომლებიც საერთოდ არაფერ კავშირშია ფილმთან და ზედმეტ გაუგებრობას იწვევს.