ქართული OK! წარმოგიდგენთ უნიჭიერეს პერსონას, რომლის პროფესია ადამიანთა ბედნიერი დღეების საოცრად გალამაზება, გაფერადება და მათთვის საუკეთესო განწყობის მინიჭებაა. ანი პირველის მიერ ორგანიზებულ ღონისძიებებზე, როგორც იტყვიან, ლეგენდები დადის, წვეულებების ფოტოებითა და ვიდეოებით კი სოციალური ქსელი უბრალოდ, ფეთქდება. სხვანაირად წარმოუდგენელიცაა, რადგან ანის ორგანიზებული თითოეული ღონისძიება ხელოვნების ნიმუშია და, რაც მთავარია, ისინი არასოდეს ჰგვანან ერთმანეთს.
ანი, პროფესიით ვინ ბრძანდებით?
მარკეტოლოგი ვარ და 20 წლიდან სხვადასხვა კომპანიაში ვმუშაობდი ჩემი პროფესიით.
გაიხსენეთ სტუდენტობის წლები – როგორ და როდის გადაწყვიტეთ, დაგეწყოთ ღონისძიებების ორგანიზების საქმე.
ღონისძიებების ორგანიზება, ჩემი პროფესიიდან გამომდინარე, ხშირად მიწევდა. თუმცა პირველი შეხება 15 წლის ასაკში მქონდა. მე და ჩემმა მეგობარმა – ჯაბა დიასამიძემ ჩამოვიყვანეთ მისი ფრანგი მეგობარი დიჯეი და გავაკეთეთ საღამო, რომელმაც საკმაოდ დიდი წარმატებით ჩაიარა. მას შემდეგ ჯაბას ჩვენებებს ერთად ვაკეთებდით და საბოლოოდ აღმოჩნდა, რომ ეს ის საქმეა, რომლის კეთებაც ყველაზე ძალიან მსიამოვნებს. უკვე დაახლოებით 4 წელია, რაც ღონისძიებებისა და წვეულებების ორგანიზებით სერიოზულად დავკავდი.
როგორ ფიქრობთ, რა არის თქვენი წარმატების გასაღები?
წარმატების მთავარი გასაღები, ალბათ, ისაა, რომ მთელი გულით მიყვარს საქმე, რომელსაც ვაკეთებ. ამას ადამიანები ყოველთვის გრძნობენ და აფასებენ.
გაიხსენეთ თქვენთვის მნიშვნელოვანი პროექტები, რომელზე მუშაობაც განსაკუთრებით დაგამახსოვრდათ.
ასე დაცალკევებით ვერ გამოვყოფ, რადგან თითოეული პროექტი ჩემთვის სრულიად განსაკუთრებული და მნიშვნელოვანია. ყველასთან გამორჩეული ემოცია მაკავშირებს, თითოეული მათგანი სხვადასხვა ადამიანის ბედნიერი ისტორიაა და ამ ისტორიის ნაწილი ვხდები მეც. ეს ყველაზე სასიამოვნო ემოციაა, რაც ჩვენ საქმეს ახლავს.
აუცილებლად უნდა გკითხოთ იმ საოცრად ლამაზ ქორწილზე წინანდალში, რომლის ფოტოებმაც სრულიად სოციალური ქსელი მოიცვა. როგორ იმუშავეთ და შეიმუშავეთ მისი კონცეფცია? როგორ განახორციელეთ ეს პროექტი?
ამ ქორწილს იმაზე მეტი გამოხმაურება მოჰყვა, ვიდრე ამას წარმოვიდგენდი. მასზე ვიმუშავეთ მე და ჩემმა არაჩვეულებრივმა გუნდმა. უპირველესად, კონცეფციაზე ფიქრს ვიწყებთ ლოკაციის მიხედვით. იმის გათვალისწინებით, რომ საქართველოში ბევრი სადღესასწაულო სივრცე არ არის, ხშირად გვიწევს ერთსა და იმავე ადგილზე მუშაობა, რაც საკმაოდ რთულია. მნიშვნელოვანია, რომ ერთი წვეულება მეორეს არაფრით ჰგავდეს. წინანდლის ამფითეატრში ამ ქორწილამდე სულ ცოტა ხნით ადრე გავაკეთეთ ანუკი არეშიძისა და კახა კალაძის ჯვრისწერის ღონისძიება და ძალიან გვინდოდა ეს ორი წვეულება სრულიად განსხვავებული ყოფილიყო ერთმანეთისგან. ქორწილის ამ პროექტში ბევრი სხვადასხვა საინტერესო და განსხვავებული დეტალი იყო გამოყენებული. ვფიქრობ, სწორედ ამან მიიქცია საზოგადოების ყურადღება.
თქვენი ოცნების პროექტი როგორია?
ოცნება რამდენად შეიძლება ვუწოდო, არ ვიცი, მაგრამ დიდი სიამოვნებით გავუწევდი ორგანიზებას ვერსალის სასახლეში დიდ წვეულებას.
ანი, მოგვიყევით თქვენს პირად ცხოვრებაზე – რას საქმიანობთ თავისუფალ დროს?
თავისუფალი დროის გატარება ყველაზე მეტად მეგობრებთან ერთად მსიამოვნებს. ძალიან მიყვარს ასევე შინ მშვიდად და მყუდროდ ყოფნა, ფილმების ნახვა და კითხვა. მაგრამ ჩემთვის განტვირთვის საუკეთესო საშუალება მაინც საყვარელ ადამიანებთან ერთად ყოფნაა.
როგორ ფიქრობთ, რამდენად მნიშვნელოვანია გქონდეთ თავისუფალი მოქმედების საშუალება და ფანტაზიის რეალიზების პირობები? გაძლევენ ხოლმე ამის საშუალებას დამკვეთები თუ წინასწარ ხდება პროექტის დაგეგმვა და შეკვრა?
ქორწილის თუ ნებისმიერი სხვა ღონისძიების ხასიათს ინდივიდუალურად, თითოეულ დამკვეთზე დაკვირვებით ვსაზღვრავ. ყველაზე მთავარი პროექტის წარმატებისთვის დამკვეთის სრული ნდობაა. ჩვენ შემთხვევაში ძირითადად ასეც ხდება: დამკვეთი არასოდეს გვკარნახობს ღონისძიების კონცეფციას, პირიქით – ჩვენ ვთავაზობთ მათ ჩვენ მიერ შემუშავებულ დეკორს თუ სრული ორგანიზებისთვის საჭირო გეგმას.
ანი, მიმდინარე პროექტებზე გვესაუბრეთ.
ახლა ყველაზე ჯადოსნური პერიოდია ჩვენს საქმეში – წინასაახალწლო პერიოდი, რომელიც ბავშვობიდან ყველაზე მეტად მიყვარდა წლის განმავლობაში. ახალი წლისთვის ყოველთვის განსაკუთრებულად ვემზადებოდი ოჯახის წევრებთან და მეგობრებთან ერთად, და დღემდე ასეა. რაც შეეხება მიმდინარე უახლოეს პროექტებს, რა თქმა უნდა, ყველა ახალ წელს უკავშირდება.
ჰობი თუ გაქვთ, რომელიც დიდ სიამოვნებას განიჭებთ?
ყველაზე მეტად მიყვარს მოგზაურობა. სამდღიანი მოგზაურობაც კი საკმარისია, რომ საოცარი ენერგიით დამუხტული დავუბრუნდე ჩემს საქმეს.
როგორ ფიქრობთ, როგორი ადამიანია ანი პირველი?
ვფიქრობ, საქმეში მომთხოვნი, ხოლო ადამიანურად – კარგი.
რა არის ბედნიერება?
ჩემთვის ბედნიერებაა საკუთარ თავთან კომფორტში და საყვარელ ადამიანებთან ერთად ყოფნა.