თორნიკე გურულის OK! ტექნო-book
ტექნოლოგიებთან ძალიან ახლოს მეგობრობს და მისი ცხოვრების განუყოფელი ნაწილია. მიაჩნია, რომ თანამედროვე ტექნოლოგიებმა მსოფლიო უკეთესი გახადა; რომ „ტექნოლოგია ავითარებს, ტექნოლოგიას წინ მივყავართ“. სწორედ ამიტომ, სიამოვნებით დათანხმდა მისთვის ახალ, საინტერესო გამოწვევას – ყოფილიყო OK!-ის ტექნო-BOOK-ის მოწვეული რედაქტორი. როგორი გამოცდილება აღმოჩნდა მისთვის რედაქტორობა, რას მიიჩნევს წარმატების გასაღებად და როგორ ატარებს თავისუფალ დროს PR-ისა და სტრატეგიული კომუნიკაციების ქართველი გურუ – წაიკითხეთ მასთან საინტერესო ინტერვიუში.
თორნიკე, ქართული OK!-ის დეკემბრის გამოცემის ტექნო BOOK-ის რედაქტორი ხართ. რას ნიშნავს ეს გამოცდილება თქვენთვის? რა ემოცია მოგიტანათ? აქამდე თუ გქონიათ ჟურნალში მუშაობის გამოცდილება?
ადრე, რამდენიმე წლის განმავლობაში ვმუშაობდი ჟურნალში „ფოკუსი“, სადაც ვაკეთებდი რესტორნების შეფასებას. სხვადასხვა რესტორანში დავდიოდი, რა თქმა უნდა, ანონიმურად და შემდეგ ვწერდი მათ შესახებ სტატიებს. რაც შეეხება რედაქტორულ გამოცდილებას, ეს ჩემთვის პირველია. როცა დამირეკეს და ტექნო-book-ის რედაქტორობა შემომთავაზეს, სიამოვნებით დავთანხმდი, რადგან მე და ტექნოლოგიები ზოგადად ახლოს ვართ ერთმანეთთან, ეს შინაური და საყვარელი სფეროა ჩემთვის. ასე გამოვიდა, რომ დეკემბრისთვის ვაკეთებთ მხიარულ, საყოველთაო და ჩვენი ყოველდღიური ცხოვრების ამსახველ ჟურნალს.
მოგეწონათ რედაქტორობა?
აღფრთოვანებული ვარ ამ ყველაფრით და მინდა, ეს ემოცია გადავცე იმ მკითხველებს, რომლებიც ამ ჟურნალს გაეცნობიან. გვინდა, შთაბეჭდილებები და განწყობა, რომელიც მთლიან გუნდს გვაქვს ამ ჟურნალზე მუშაობის პროცესში, გადავცეთ სხვა ადამიანებსაც. გვჯერა, რომ ტექნოლოგიები ისაა, რაც ყველა ჩვენგანს ყოველდღიურად გვამოძრავებს, რასაც ძალიან შევეჩვიეთ და მომავალში კიდევ უფრო შევეჩვევით.
რა მოუტანა ტექნოლოგიების განვითარებამ სამყაროს?
ძალიან ბევრი სარგებელი მოუტანა. ტექნოლოგიებმა მისცა ადამიანებს საშუალება, აღარ დაინახონ საზღვრები და მათთვის ყველაფერი ხელმისაწვდომი იყოს. დღეს შეგვიძლია გავაკეთოთ ის, რაც რამდენიმე ათეული წლის წინ შეუძლებელი იყო, თუნდაც გადავწყვიტოთ და 4 საათში ვიყოთ იტალიაში, ერთ წუთში დაველაპარაკოთ ადამიანს, რომელთანაც ათასობით კილომეტრები გვაშორებს, დავამარცხოთ მძიმე დაავადებები... ტექნოლოგიებმა ცხოვრება უკეთესობისკენ შეცვალა. ის, რაც ადრე წარმოუდგენლად გვეჩვენებოდა, ახლა შესაძლებელია. ადამიანები გაფრინდნენ კოსმოსში, მთვარეზე, ეს ყველაფერი კი ტექნოლოგიების დამსახურებაა. ჩვენ ვცხოვრობთ ტექნოლოგიებით, რომლებმაც განავითარეს ადამიანური ურთიერთობების სხვა ასპექტები, შეგვიცვალეს ემოციური დამოკიდებულებები, ფარული ემოჯები გვაჩუქეს, სხვაგვარად დაგვანახეს ცხოვრება. ტექნოლოგია ავითარებს, ტექნოლოგიას წინ მივყავართ.
ერთხელ ძალიან საინტერესო შემთხვევას წავაწყდი და თქვენც მოგიყვებით: პანაშვიდზე ვიყავი და ოთახში შესულმა, იქვე გაშლილი, ჩართული ნოუთბუქი დავინახე. აღმოჩნდა, რომ ამ ოჯახის ერთ-ერთი წევრი იტალიაში იყო და ინტერნეტის საშუალებით, სკაიპით ესწრებოდა პანაშვიდს, იქ მისული ხალხი კი მას კომპიუტერში უსამძიმრებდა. მისი ფიზიკური არყოფნა პანაშვიდზე საერთოდ არ იგრძნობოდა. რომ არა ტექნოლოგიები, ეს ადამიანი ხომ ვერ შეძლებდა ამას?..
მართლაც საინტერესო შემთხვევაა. თორნიკე, ჩვენი საუკუნის ყველაზე დიდ ტექნოლოგიურ მიღწევად რა მიგაჩნიათ?
ინტერნეტი. ინტერნეტმა შეცვალა სამყარო და რომ არა ის, ადამიანი ვერ განვითარდებოდა ასე, არ დაჩქარდებოდა ცხოვრება. ინტერნეტი ყველაზე მნიშვნელოვანი ტექნოლოგიური მიღწევაა. მან განავითარა საზოგადოება, მისცა ადამიანებს საშუალება, მიიღონ უთვალავი ინფორმაცია, დამოუკიდებლად ისწავლონ უცხო ენები. თუ ფლობ ინფორმაციას, ფლობ წარმატებას და დღეს ის ხელისგულზე გვაქვს. თუ დააკვირდებით, ინტერნეტმა შეცვალა ასევე ჟურნალისტიკა. კოელიოს სტატიას ვკითხულობდი რამდენიმე დღის წინ. როგორც წესი, ჟურნალისტებს არასოდეს აძლევს ინტერვიუს და „ლუფტჰანზას“ ჟურნალისთვის დაუშვა გამონაკლისი. ჟურნალისტმა დაუსვა კითხვა, თუ რატომ ამბობს მუდამ უარს ინტერვიუებზე, რაზეც კოელიომ უპასუხა: რაში მჭირდება ინტერვიუების მიცემა, როცა მილიონობით მიმდევარი მყავს ტვიტერზე და ერთი დაპოსტვით აბსოლუტურად ყველას გავაგებინებ იმ ინფორმაციას, რისი გავრცელებაც მინდაო. ინტერნეტმა სამყარო ძალიან დააახლოვა და გააჩინა ერთი საინტერესო და მნიშვნელოვანი გამოწვევა – რითი შეიძლება გააკვირვო საზოგადოება პოზიტიურად, რა შეიძლება მოიფიქრო ისეთი, რაც სხვას არავის მოუფიქრებია, მოიფიქრო და გააკეთო ის, რასაც ვერავინ იპოვის „გუგლში“.
თორნიკე, მოგვიყევით, რას საქმიანობთ ამჟამად?
ბევრ ორგანიზაციაში ვმუშაობ. ჩემი ძირითადი დამსაქმებელია „ორიეტ ლოჯიკი“ – კომპანია, რომელიც ტექნოლოგიების სფეროში საქმიანობს და ტექნოლოგიური ექსპერტებითაა დაკომპლექტებული. გარდა ამისა, რამდენიმე ქართულ კომპანიას ვეხმარები მარკეტინგის, PR‑ისა და სტრატეგიული კომუნიკაციების მიმართულებით. ძალიან დიდ დროს ვუთმობ ჩემს სტუდენტებს, ილიას უნივერსიტეტში ვარ სრული პროფესორი და PR-ის პროგრამას ვხელმძღვანელობ. სწავლება არის საქმე, რომელიც მავსებს და მაბედნიერებს. ადამიანებთან ურთიერთობა, ინფორმაციის მიმოცვლა ხომ პიროვნულად ძალიან ზრდის ადამიანს. რადიო „იმედზე“ მიმყავს ასევე რადიოგადაცემა ბიზნესის მიმართულებით.
რას ნიშნავს თქვენი პროფესია თქვენთვის?
1995 წლიდან PR-ის, მარკეტინგისა და სტრატეგიული კომუნიკაციის მიმართულებით ვმუშაობ. ბევრმა ადამიანმა, ვინც ჩემთან ერთად დაიწყო ამ სფეროში საქმიანობა, მალევე შეიცვალა გეზი და ცოტანი შემოვრჩით ამ სფეროს. ჩემი პროფესია საკუთარი ცხოვრების ნაწილია, რომელიც ქმნის ჩემს იდენტობას და ჩემთან ერთად გაიზარდა საქართველოში, რადგან მე ვიყავი ერთ-ერთი პირველი, ვინც უნივერსიტეტში გამოცდები PR-ის მიმართულებით ჩააბარა. ეს არის ჩემი ცხოვრების ის სფერო და საქმიანობა, რომელმაც მე არა მარტო შემოსავალი მომიტანა, არამედ ჩემი ემოციის ნაწილიცაა.
თორნიკე, რას აკეთებთ მაშინ, როცა არ მუშაობთ?
ყველაზე მთავარი, რასაც ძირითადად ვაკეთებ, ვთამაშობ ჩემს შვილებთან ერთად და ვაშენებ სახლს. ვთამაშობთ ხოლმე დამალობანას, ვცეკვავთ; სიმღერა არ გამომდის და ბავშვები რომ არ შევაშინო, საერთოდ არ ვმღერი. ვფიქრობ, როცა ბავშვებთან ერთად ხარ, ბოლომდე უნდა ჩაერთო გართობის პროცესში, მობილური და ტექნოლოგიები გვერდით უნდა გადადო და თავით გადაეშვა ბავშვურ, ხალას ემოციებში. როგორც გითხარით, სახლს ვაშენებ მთაწმინდაზე და ამითაც ვარ დაკავებული. იმდენი ბეტონის კედელია უკვე ჩვენ გარშემო, რომ მცენარეებისა და ცის დანახვა მომენატრა.
თორნიკე, ჯანსაღი ცხოვრების წესთან თუ მეგობრობთ?
საკმაოდ ახლოს. უკვე 20 წელია, ვეგეტარიანელი ვარ და ვცდილობ, ქიმიური შემადგენლობის საკვები არ მივიღო – ფერად-ფერად, ლამაზ კანფეტებს ყოველთვის გვერდს ვუვლი, არ ვიყენებ შაქარსა და მარილს, ვცდილობ ჯანსაღად ვიკვებო და ამის პროპაგანდასაც ვეწევი. ადრე როცა ვამბობდი, რომ ვეგეტარიანელი ვიყავი, ხალხი ვერ ხვდებოდა, რას ვგულისხმობდი და რომელიღაც სექტის წარმომადგენელი ვეგონე, ახლა უკვე საკმაოდ პოპულარული გახდა ეს მიდგომა. გარდა ამისა, ველოსიპედით დავდივარ ხოლმე.
თორნიკე, როგორ ფიქრობთ, სად არის წარმატების გასაღები? რა გიშლით ხელს მეტი წარმატების მისაღწევად?
ყველაზე მეტად უდროობა მაგდებს სტრესულ მდგომარეობაში. უნდა მოვასწრო ბევრი რამ და ამისათვის ძალიან ორგანიზებული უნდა ვიყო. მუდმივად ვმუშაობ საკუთარ თავზე, რომ გამოვიმუშაო 3 მნიშვნელოვანი თვისება: ეს არის კონცენტრაციის უნარი, დისციპლინა და მოთმინება. ვფიქრობ, ამ სამი უნარის კომბინაცია ადამიანის წარმატების გასაღებია. ასევე ძალიან მნიშვნელოვანია ყოველთვის შევინარჩუნო სიმშვიდე. სულ რამდენიმე შემთხვევა მახსენდება, როცა სიმშვიდის ზონიდან გამოვედი, ეს ძალიან იშვიათად ხდება. ამიტომაც ჩემი სტრატეგიაა, ადამიანებს, რომლებიც სიმშვიდეს მირღვევენ, დავემშვიდობო, საერთოდ გავწყვიტო მათთან კავშირი. ვგულისხმობ არაკეთილმოსურნე, სხვის უსიამოვნებებზე ჩადარაჯებულ ადამიანებს. მე ვფიქრობ, საქართველოში უამრავი მიზეზი გვაქვს ბედნიერებისთვის და მნიშვნელოვანია, რომ ეს გავიაზროთ და ვიყოთ ბედნიერები. ყველა უნდა დაფიქრდეს იმაზე, თუ რამდენი მიზეზი აქვს ბედნიერებისთვის და ამდენი აგრესია, ძალადობა და რადიკალიზმი ალბათ აღარ იქნება ჩვენს საზოგადოებაში.
როგორ წარმოგიდგენიათ თქვენი ცხოვრება რამდენიმე წლის შემდეგ?
ვფიქრობ, სხვაგვარ სამუშაო რეჟიმზე გადავალ. ტიპური, რეჟიმში მოქცეული სამსახური არ მექნება, ვიმუშავებ უფრო საექსპერტო ფორმატში და დიდ დროს დავხარჯავ სწავლებაზე, რადგან ეს მე მაბედნიერებს. შევეცდები ბევრი ვნახო, ვიმოგზაურო, მეტი ემოცია განვიცადო, რადგან ერთხელ დავიბადეთ და მეორე ცდა აღარ გვექნება. რაც შეიძლება ბევრი დადებითი ემოცია და გამოცდილება უნდა დავაგროვოთ, რომ ცხოვრების ბოლოს სინანული არ ვიგრძნოთ. მინდა, ჩემს ოჯახთან ერთად ბევრი საინტერესო ადგილი და ახალი ემოცია აღმოვაჩინო.