კომპანიამ „ავენიუ“ საგურამოში ახალი საცხოვრებელი კომპლექსის მშენებლობა დაიწყო და მომხმარებელს სთავაზობს, თბილისთან ახლოს, ეკოლოგიურად სუფთა, მწვანე და მშვიდ გარემოში, მუდმივად ცხოვრებისა და დასვენების შესაძლებლობას. პროექტის ფარგლებში, მშენებარე 19 დამოუკიდებელ, ორსართულიან საცხოვრებელ სახლს, თანამედროვე ტიპის არქიტექტურა აერთიანებს.
კომპლექსში მობინადრეებისთვის მოეწყობა ისეთი საერთო მოხმარების სივრცეები, როგორებიცაა სკვერი, ბავშვთა გასართობი მოედანი, სტადიონი, ველობილიკი და საფეხმავლო გზა, რაც ჯანსაღი ცხოვრების წესის ხელშეწყობას ისახავს მიზნად. 2020 წლის ოქტომბერში, პროექტის დასრულებისას, საგურამოს საცხოვრებელი კომპლექსი მომხმარებელს 3 ტიპის საცხოვრებელ სახლს შესთავაზებს. მნიშვნელობა არ აქვს, კომპლექსის მცხოვრებლებს ამერიკული ვილა, მანსარდული ტიპის სახლი თუ თანამედროვე, სადა დიზაინით შექმნილი საცხოვრებელი ხიბლავთ − კომპლექსში ისინი იპოვიან თავიანთი ოცნების სახლს, მწვანე, ეკოლოგიურად სუფთა გარემოში, შორს ქალაქის ხმაურისგან და ამავდროულად, ძალიან ახლოს ქალაქთან. OK! კომპანია „ავენიუს“ დამფუძნებელს, გიორგი კალაძეს ესაუბრა.
როგორია კომპანიის ბექგრაუნდი და რა მიზნით იწყებს ის ბაზარზე ფუნქციონირებას?
კომპანია „ავენიუ“, როგორც ბრენდი, ახალია, თუმცა ჩვენ − მე და ჩემი გუნდის წევრებსა და პარტნიორებს გვაერთიანებს სხვადასხვა სამშენებლო პროექტზე მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება, რის საფუძველზეც ახალი ბრენდის ქვეშ საერთო ღირებულებებით გაერთიანება გადავწყვიტეთ.
დედაქალაქის ცენტრალურ უბნებში 9 წლის განმავლობაში განხორციელებული მშენებლობების შემდეგ, გადავწყვიტეთ ქალაქგარეთაც გადავინაცვლოთ და კომპანია „ავენიუს“ პირველ პროექტად საგურამოს კომპლექსი ვაქციეთ.
ჩვენი მიზანი არ არის უბრალოდ მშენებლობა − ჩვენ გვსურს, ჩვენი საქმიანობითა და მიდგომებით, ადამიანებს ცხოვრების ახლებური და კომფორტული სტილის შექმნაში დავეხმაროთ. ვფიქრობთ, აუცილებელია მოხდეს თბილისიდან მოშორებით საცხოვრებელი კულტურის განვითარება და გვინდა ამ კულტურის შექმნაში ჩვენი წვლილი შევიტანოთ.
თვითგამოხატვის რა შესაძლებლობას აძლევს არჩეული ლოკაცია კომპანიას, რომელმაც პირველი კომპლექსის აშენების ადგილად საგურამო აირჩია?
საგურამოს კომპლექსი კომპანია „ავენიუს“ საშუალებას აძლევს, საქმიანობის არჩეული მიმართულებით ბაზარზე ახალი სიტყვა თქვას. მომხმარებლის მოთხოვნიდან გამომდინარე, ბაზარი საქმიანობის პრიორიტეტებს განსაზღვრავს. ჩვენ გვსურს ხელი შევუწყოთ ქალაქგარეთ ცხოვრების ტენდენციის ზრდას. ვხედავთ, რომ ეს ყოველდღიურად უფრო და უფრო საინტერესო ხდება ადამიანებისთვის. შუაგულ ქალაქში ცხოვრება, სადაც ამდენი სატრანსპორტო საშუალება, გამონაბოლქვი და ტყვიით დაბინძურების მაღალი რისკია, აუცილებელს ხდის იზრუნო შენი და შენი შვილების უსაფრთხო, ჯანსაღ გარემოში ცხოვრებაზე. ამავდროულად, ეს ადგილი არ უნდა იყოს ძალიან შორს ქალაქიდან, სადაც ადამიანები მუშაობენ ან სწავლობენ. სწორედ ყველა ამ კრიტერიუმის გათვალისწინებით, ვიპოვეთ ნაკვეთი საგურამოს ცენტრალურ მონაკვეთში, რომელიც ძალიან ახლოს არის თბილისთან და მშენებლობა დავიწყეთ. ჩემი პარტნიორი უკვე 1 წელია რაც საგურამოში საცხოვრებლად თავადაც გადავიდა და სახლის მშენებლობის დასრულების შემდეგ, მის ინიციატივას მეც ვუერთდები ჩემი ოჯახით. ყოველთვის ვფიქრობ ხოლმე, რა იქნებოდა კარგი ჩემთვის და ჩემი შვილებისთვის?.. როგორი სახლი, ეზო და გარემო მოეწონებოდათ მათ, და ეს მეხმარება, რომ მომხმარებელსაც მათზე მორგებული საცხოვრებელი თუ სერვისები შევთავაზო.
როგორ ფიქრობთ, რა გამოარჩევს კომპანია „ავენიუს“ მიერ მშენებარე საგურამოს პროექტს? რაშია მისი უპირატესობები?
საგურამოს კომპლექსი თბილისთან ახლოს და, ამავდროულად, მისგან მოშორებით, სუფთა ჰაერზე, იდეალური კლიმატის პირობებში განთავსდა. შევიმუშავეთ „მიკროუბნის კონცეფცია“, სადაც 19 ინდივიდუალურ საცხოვრებელში ამდენივე ოჯახი იცხოვრებს. მათ ერთი უბანი, საერთო ინტერესები და, რაც მთავარია − მჭიდრო კომუნიკაცია გააერთიანებთ. როცა კომპლექსის იდეაზე ვმუშაობდით, განსაკუთრებული აქცენტი ადგილზე მცხოვრებლებისთვის კომფორტული პირადი სივრცის შექმნაზე გავამახვილეთ, თუმცა ამავდროულად, შევძელით, რომ სახლები არ გაგვემიჯნა უზარმაზარი გალავნებით, არამედ გავაკეთეთ დაბალი, დაცული ღობე, რომლის მიღმა გვინდა ადამიანები ერთმანეთთან დაახლოვდნენ და არ გამოიკეტნონ ბეტონის გალავნებში. ისარგებლონ საერთო მოხმარების სივრცეებით, გაიცნონ ერთმანეთი და დამეგობრდნენ, ან უკვე მეგობრებმა, ერთად, ერთ უბანში შეიძინონ სახლები. ზუსტად ესაა მიკროუბნის მთავარი კონცეფცია, რაც გვინდა ჩვენს კომპლექსში შევქმნათ.
აღსანიშნავია, რომ ზოგადად, საგურამოში სულ უფრო და უფრო ვითარდება ინფრასტრუქტურა. დაიგო გზები, განახლდა სკვერი საგურამოს ცენტრში. კონკრეტულად ჩვენს კომპლექსთან ახლოს კი იხსნება 4-ვარსკვლავიანი სასტუმრო რესტორნით, აუზით და სპაცენტრით, რაც ჩვენი მობინადრეებისთვის დამატებითი გასართობი თუ დასასვენებელი შესაძლებლობაა. ჩვენი სურვილია, საგურამოს კომპლექსი აგარაკზე მეტად, მუდმივ საცხოვრებლად ჩამოყალიბდეს, რადგან აქ ყველაფერია კომფორტული, მშვიდი და მხიარული ცხოვრებისთვის.
თქვენთვის, როგორც პროექტის ხელმძღვანელისთვის, როგორი გამოცდილებაა კომპანიის მმართველობა? რომელი ჩანაფიქრების განხორციელების საშუალების სადავეებთან დგახართ?
პროფესიით ეკონომისტი ვარ, თუმცა უკვე 9 წელია, რაც სამშენებლო-დეველოპერული საქმიანობით ვარ დაკავებული. ჩემთვის ეს უზარმაზარი აზარტი და ადრენალინია. ჩემი საქმე ჩემი ანტისტრესია, მივდივარ ხოლმე სამშენებლო ობიექტებზე და ვაკვირდები, როგორ ვქმნით ადამიანების ცხოვრებაში ერთ-ერთ ყველაზე ღირებულს. სახლი − ეს ხომ ყველასთვის გამორჩეულად მნიშვნელოვანი მონაპოვარია და განსაკუთრებით დიდი სტიმულია, როცა იაზრებ, რომ მათთვის ამდენად ფასეულის შექმნაში ძლიერი როლი გაკისრია.
გვიამბეთ „ავენიუს“ გუნდის შესახებ. როგორ შემოიკრიბეთ პროფესიონალი ადამიანები?
წლების განმავლობაში, ერთად განხორციელებული არაერთი პროექტის გათვალისწინებით, ერთმანეთი დროსა და საქმეში გამოვცადეთ. ჩვენ ერთიანი და ძლიერი გუნდი ვართ, რომლებსაც საერთო ღირებულებები და ფასეულობები გვაერთიანებს. სწორედ ამიტომ, ერთად საქმიანობა ძალიან კომფორტულია.
რომელი გამოწვევების წინაშე გაყენებთ კომპანია „ავენიუ“ თქვენი საქმიანობის ფარგლებში?
ვინაიდან თბილისი პატარა ქალაქია, მის მაჯისცემას მუდმივად ვაკვირდები. სწორი ანალიზის უნარია მთავარი გამოწვევა. დასკვნების გამოტანისას შედეგი იმ მოთხოვნების გამორკვევაა, რომელსაც საზოგადოება გიყენებს. მასთან მუდმივად უნდა ახერხებდე გქონდეს უკუკავშირი და ზუსტად გესმოდეს, რა სურს და რას ელოდება შენგან მომხმარებელი.
რამდენად რთულია ახალი სიტყვის თქმა ამ სფეროში და რის ხარჯზე არის ეს შესაძლებელი?
ბაზარი საკმაოდ კონკურენტულია, ამიტომ კომპანია „ავენიუ“ სტანდარტული მიდგომებით არ ხელმძღვანელობს. ვცდილობთ, შევქმნათ ახალი საცხოვრებელი სტილი და ამით ვთქვათ ჩვენი, ახალი სიტყვა. ინოვატორობას კი, ალბათ, საკუთარი გადმოსახედიდან გეგმების დასახვა განაპირობებს. პირადი სურვილებისა და შეხედულებების გათვალისწინებით, ინტუიციასთან და პროფესიულ გამოცდილებასთან სინთეზში, სუბიექტურ სურათს ვხატავ − რა შეიძლება სურდეს მომხმარებელს, ასეთ დროს კი აუცილებლად იბადება სიახლე, რომელიც ამართლებს მოლოდინს. ბედნიერი ვიქნები, თუ „ავენიუს“ ყველა მობინადრე იგრძნობს, რომ ისინი სიყვარულით ნაშენები სახლების მცხოვრებლები არიან.