6 შვილი, „ოსკარი“, ჩინებული ჰუმანიტარული ღვაწლი... MON GUERLAIN-ის მუზა და „დისნეის“ ქარიზმატული ვარსკვლავი გამორჩეული დამოუკიდებლობით ყველას შთააგონებს. ანჯელინა ფართო საზოგადოებას გაურბის და თუ ჩნდება, მუდამ თავდაჯერებულად. მას არ დაუმშვენებია დიდი ეკრანი 2014 წლის „მალეფისენტის“ და 2015 წლის VUE SUR MER-ის შემდეგ, რომელიც თავად გადაიღო. დიდი ხნის განმავლობაში კინო არ ავსებდა მის ცხოვრებას. ის 6 შვილის დედა და ჰუმანიტარი აქტივისტია, რომელიც „დაძრწოდა“ სხვადასხვა სასაათო სარტყელს შორის. ერთი თვეა, რაც ჯოლი წითელ ხალიჩაზე ისევ ბრწყინავს, სტუდიას დაუბრუნდა და „დისნეის“ ნისლეულიდან ახალ „მალეფისენტში“ სამყაროს ერთ-ერთი საუკეთესო ჯადოქარი გამოასხივა.
ვარსკვლავის სიტყვებით, ბრედ პიტთან დაშორებამ მისი სულიერი წონასწორობის დარღვევა გამოიწვია, მაგრამ ამავდროულად, აიძულა ცხოვრებისთვის ახლებურად შეეხედა. ცოტა ხნის წინ გამოქვეყნებულ ესსეში ანჯელინა ჯოლიმ ღიად ისაუბრა ძლიერი ქალის როლზე თანამედროვე საზოგადოებაში. მან გაგვიმხილა, როგორ ზრდის 14 წლის ზაჰარას, 13 წლის შაილოს და 11 წლის ვივიენს: „ქალიშვილებს ყოველთვის ვურჩევ, ინტელექტის განვითარებას მიხედონ. ვერცერთი კაბა ვერ შეგამკობთ, თუ შინაგანად ცარიელი ხართ. ქალები მკაფიოდ გამოხატული პოზიციით და ცოდნით ძალიან მიმზიდველები არიან“. ვარსკვლავი აღნიშნავს, რომ ქალებმა საკუთარი პრინციპები უნდა დაიცვან და მკაცრად გაუწიონ წინააღმდეგობა ძალადობასა და უსამართლობას. „ქალები, რომლებსაც არ სურთ დაიცვან წესები, რომლებსაც არ ეთანხმებიან, საკუთარი თავის საუკეთესო ვერსიებად მივიჩნევ. მხედველობაში მყავს ქალები, რომლებიც უარს არ ამბობენ საკუთარ ხმასა და უფლებებზე, მაშინაც კი, თუ ამით ცხოვრებას რისკავენ და თავს დაკავებისთვის იმეტებენ, ან ოჯახისგან წინააღმდეგობას იღებენ. თუ ეს სიბოროტეა, მაშინ სამყაროს უფრო მეტი ბოროტი ქალი სჭირდება!“ − წერს ჯოლი. კიდევ ერთი თემა, რაზეც ესსეში ყურადღებას ამახვილებს, საკუთარი „მე“-ს პოვნაა სოციუმის შაბლონების მითვისების გარეშე: „ვფიქრობ, ხშირად ვვარდებით გზიდან, იმიტომ, რომ ჩვენი ინსტინქტი საზოგადოების მოთხოვნებისადმი დამორჩილებაა. შესაძლოა რთულად ვიპოვოთ დრო, რათა შევეკითხოთ საკუთარ თავს, ვინ გვინდა ვიყოთ და არ ვიცხოვროთ ცხოვრებით, რომელიც სხვა ადამიანებს სურთ“.
თქვენს გენეტიკაში ნაწილობრივ ურევია ფრანგული სისხლი. გრძნობდით დედის მხრიდან იმას, რომ „პატარა ფრანგი“ იყავით?
პარიზი ძალიან კარგია სულისთვის. ამ ქალაქში მაშინვე ითვისებ სხვანაირ აზროვნებას. უფრო თავისუფალი და გახსნილი ხდები... უეცრად თავს უფრო ქალურად ვგრძნობ. ზოგადად, ჩემი ფემინურობა კონტექსტის მიხედვით იცვლის ფორმას. მიწევს რამდენიმე სტატუსის მორგება: მსახიობის, რეჟისორის, აქტივისტის, მრავალშვილიანი დედის. მაგრამ, განქორწინების წესების მიხედვით მიწევს ლოს-ანჯელესში გადასვლა, რადგანაც ბრედს იქ ურჩევნია ცხოვრება. ევროპა, საფრანგეთი, პარიზი − სულ სხვა სამყაროა. ის არ ჰგავს ჩემს ჩვეულ ცხოვრებას.
არსებობს იერარქია ყველა ამ სხვადასხვა როლსა და აქტივობას შორის?
დაფიქრების გარეშე გიპასუხებთ, რომ დედის როლი ყველაფერზე დომინირებს. დილით მე დედად ვიღვიძებ − დღეს, ხვალაც და ჩემი აზრით, მუდამ. იმიტომ, რომ როცა მშობელი ხდები, სხვას ეკუთვნი. მთელი ჩემი ცხოვრება და არჩევანი საკუთარი შვილების ცხოვრების ფორმირებას ახდენს. მათი საჭიროებები და პრიორიტეტები ჩემი პრიორიტეტებია და მე ძალიან ყურადღებით ვარ ყოველივე იმის მიმართ, რამაც შესაძლოა მათზე გავლენა მოახდინოს ან ტკივილი მიაყენოს. მე ვარ მარადიული დედა და როცა სკოლაში არიან, მხოლოდ მაშინ ვითავსებ ჰუმანიტარულ და პოლიტიკურ საქმეებს. ვრეკავ ოფისში, ვწერ Time magazine-სთვის და ვამოწმებ ადმინისტრაციულ ფაილებს. როცა ამ ყველაფერს ვასრულებ, შემიძლია საბოლოოდ მივუძღვნა თავი კინოს.
ფილმის „უტეხი“ გამოსვლის შემდეგ, თითქოს აპირებდით უარი გეთქვათ სამსახიობო კარიერაზე. ეს გადაწყვეტილება ისევ ძალაშია?
ეს უფრო იმ პერიოდს ეხებოდა. განქორწინებასთან ერთად, ჩემი გადაწყვეტილებების გადახედვა მომიწია: საჭიროდ მივიჩნიე ვყოფილიყავი საკუთარი შვილების გვერდით და არა გამუდმებით სხვაგან. არ იყო შესაფერისი დრო ხანგრძლივი პროექტებისთვის. გარკვეულწილად, მსახიობობა დღეს უფრო ადვილია, რადგანაც მასზე მე უკვე ცოტა დრო მეხარჯება. დიდი ხანი არ მქონდა ფილმებში მონაწილეობა მიღებული და მივხვდი, რომ ახლა ის აუცილებელ ვარჯიშად მომევლინა. ძლიერი პერსონაჟის თამაში, როგორიც ბოროტი დედოფალი მალეფისენტია, თერაპიის გარკვეულ ფორმას წარმოადგენს. საოცარია, რომ ძლევამოსილი გმირის შესისხლხორცება ნამდვილად გვეხმარება აღვიდგინოთ საკუთარი თავი, როცა მოწოდების სიმაღლეზე არ ვართ.
თქვენ ეს შეძელით? საკუთარი თავის განახლება...
უფრო მეტად გამძლე ვარ, ვიდრე ვიყავი, მაგრამ მაინც რთული პერიოდი მაქვს.
თავადაც აღნიშნეთ, რომ ცხოვრებაში ბევრი როლის მორგება გიწევთ: მსახიობის, რეჟისორის, აქტივისტის, რედაქტორის... წარმოიდგენდით კარიერული გზის მსგავს განვითარებას?
მგონია, რომ წრიულ გზაზე დავდივარ. ჩემს ცხოვრებას ბილიკად აღვიქვამ. მუდამ თავისუფლებას ვეძებ და თუ ოდესმე თამამი ვჩანვარ, ეს იმიტომ, რომ რეალურად სიფრთხილეს და ზომიერებას არ ვირჩევ. მაქვს სახლი ღრმად ჯუნგლებში და არასოდეს მითქვამს უარი, ვეწვიო კონფლიქტურ ტერიტორიას. ვმუშაობ გაერთიანებული ერების ორგანიზაციაში, ვთანამშრომლობ ჯარისკაცებთან, ვაიძულებ საკუთარ თავს ექსპრომტ გამოცდილებებს, რასაც ჩემი პიროვნების ჩამოყალიბებისთვის საჭიროდ მივიჩნევ. ვცდილობ ვაკეთო სხვადასხვა საქმე ყოველდღე, რომლებიც ახლოსაა ჩემთან და რომლებიც მაშინებს.
ფიქრობთ, რომ გაქვთ გარკვეული დანიშნულება ცხოვრებაში?
ზუსტად არ ვიცი, მაგრამ მას მერე, რაც შვილები მყავს, ერთადერთი რამ, რაც მაინტერესებს, მათთვის მაგალითის მიცემა, გულწრფელობა და სწორი გზისკენ ხელმძღვანელობაა. ვცდილობ, გაიგონ რამდენად მნიშვნელოვანია გამოიჩინონ სიკეთე სხვების მიმართ, იცოდნენ როგორ უყურონ სხვა ადამიანებს, როგორ არ აწყენინონ. მესმის, რომ ერთი ცხოვრება გვაქვს და აუცილებელია ის მაქსიმალურად ეფექტური გავხადოთ. თქვენი კითხვის საპასუხოდ, მე არ ვიცი, მაქვს თუ არა დანიშნულება, მაგრამ რაშიც დაგარწმუნებთ, არის ის, რომ გარდამავალ პერიოდში ვარ. საკუთარ თავს ვუბრუნდები, შინ მიბრუნების მსგავსად. იმიტომ, რომ დიდხანს ვგრძნობდი თავს დაკარგულად...
რას გულისხმობთ?
ვფიქრობ, ეს განცდა ბრედთან ურთიერთობის დასრულების შემდეგ გამიჩნდა, განქორწინების პროცესის დასაწყისში. რთული პერიოდი იყო, როცა საკუთარ თავს ვეღარ ვგრძნობდი. როგორ გითხრათ − უფრო პატარა და უმნიშვნელო გავხდი, მაშინაც კი, როცა ეს შესამჩნევი არ იყო. ღრმა და რეალურ სევდას ვგრძნობდი. მოვტყდი. მეორე მხრივ, საინტერესო იყო დავკავშირებოდი ამ თავმდაბლობას და უმნიშვნელობას, რომელსაც ვგრძნობდი. ამას დაემატა ჯანმრთელობის პრობლემა. ეს ყველაფერი გახსენებს, თუ რამდენად იღბლიანი ხარ, მხოლოდ იმიტომ, რომ ცოცხალი ხარ. კიდევ ერთი გაკვეთილი მივიღე, რომელსაც შვილებს გადავცემ: განახლების იდეა და სიცოცხლით ტკბობასთან დაბრუნება. მე ის ხელახლა აღმოვაჩინე.
საყვარელი საკვები დასამშვიდებლად?..
ჩაი და შოკოლადი.
შინ ყოფნა თუ მომთაბარეობა?..
მომთაბარეობა.
Rolling Stones თუ Beatles?..
ჯგუფი Clash.
საყვარელი საკოლექციო საგანი?..
წიგნები.
სანაპირო თუ მთები?..
უდაბნო და ჯუნგლები.
ლასტები თუ მაღალი ქუსლები?..
ორივესთვისაა შესაფერისი დრო და ადგილი.
ძაღლი თუ კატა?..
ორი ძაღლი. და თხუნელა. და ბაჭია. და გველი. და ხვლიკი... ჩვენი საშინაო ზოოპარკი.
ცხოვრებას ყველაზე მეტად რის გამო ემადლიერებით?
ჩემი ბავშვების და თავისუფლების გამო.
უკანასკნელი რამ, რაც შეისწავლეთ...
შეშის დაპობა.
განუხორციელებელი ამბიცია?..
ბევრი. ვგრძნობ, რომ ჯერ კიდევ დასაწყისში ვარ.