ქართული OK! წარმოგიდგენთ ახალგაზრდა, წარმატებულ და მოტივირებულ ადამიანს, რომლის პროფესიაც მედიცინისა და ხელოვნების მიმართ დიდმა სიყვარულმა გადაწყვიტა და სწორედ ასე აღმოჩნდა ესთეტიკური მედიცინის სფეროში. რომელ გამორჩეულ მომსახურებებს სთავაზობს თამარ მებუკე თავის პაციენტებს, რა არის მისი მთავარი პროფესიული პრინციპები და რა ანიჭებს ბედნიერებას – წაიკითხეთ თამართან საინტერესო ინტერვიუში.
თამარ, რატომ გადაწყვიტეთ, თქვენი პროფესია ესთეტიკური მედიცინისთვის დაგეკავშირებინათ?
ბავშვობიდან მომყვება მედიცინის მიმართ სიყვარული, რაც, ალბათ, ოჯახის წევრებისა და ნათესავების გავლენაა, რომლებიც ექიმები იყვნენ. ძალიან მიყვარს ასევე ხელოვნება, ესთეტიკური მედიცინა კი ამ ორი დარგის ჰარმონიული სინთეზი აღმოჩნდა ჩემთვის. უკვე 3 წელია, რაც ამ სფეროში ვსაქმიანობ. სამედიცინო უნივერსიტეტში გამოცდების ჩაბარების დროს ჯერ არც მქონდა გადაწყვეტილი, რომ ესთეტიკური მედიცინის მიმართულებას გავყვებოდი, ეს იდეა მოგვიანებით მოვიდა. ირინა ბიბილაურთან უკეთ შევისწავლე ეს საქმე და გავიარე პრაქტიკა, რაც საკმაოდ მნიშვნელოვანი გამოცდილება აღმოჩნდა ჩემთვის.
თქვენს გამოცდილებაზე გვესაუბრეთ. გაგვიმხილეთ, რომელია თქვენთვის საყვარელი პროცედურები?
ჩემთვის იმდენად საინტერესოა ეს დარგი, რომ თითოეული პროცედურა თავისებურად საინტერესო და საყვარელია. ყოველთვის ვცდილობ, არ ვიმუშაო მექანიკურად, კარგად ავწონ-დავწონო თითოეული შემთხვევა და საუკეთესო შედეგის მისაღებად ხარისხიანად შევასრულო ჩემი საქმე. ყველაზე მეტად საინტერესო, ალბათ, მაინც მოდელირებაა, რადგან მაშინვე ხედავს პაციენტი შედეგს და მისი სიხარული და მადლიერება გადამდები ხდება, მეც მაბედნიერებს. ამჟამად მაქვს საკუთარი კაბინეტი, სადაც მრავალპროფილურ მომსახურებას ვუწევ ჩემს პაციენტებს.
კონკრეტულად რა სახის პროცედურებს სთავაზობს პაციენტებს თამარ მებუკეს ესთეტიკური კაბინეტი?
ჩემი კაბინეტი განსხვავდება ტრადიციული ესთეტიკური ცენტრებისგან, რადგან სტანდარტული მოდელირებისა და ასაკსაწინააღმდეგო პროგრამების გარდა, ჩემს კაბინეტში პაციენტებს აქვთ საშუალება მიიღონ სხვა, მაგალითად, პირსინგის სერვისიც. ჩემი მიზანია, ყველა ასაკობრივი კატეგორიის ადამიანებს მოვემსახურო, შესაბამისად, მიმაჩნია, რომ ჩემთან მომსახურებების უფრო მრავალფეროვანი სპექტრი უნდა იყოს წარმოდგენილი, რომელიც ნებისმიერი ასაკის ადამიანს სურს მიიღოს. პირსინგით უფრო ახალგაზრდები არიან დაინტერესებულნი, ასაკობრივ პროცედურებს კი მეტწილად, მოწიფული ასაკის მომხმარებლები ირჩევენ.
მოგვიყევით, ასაკსაწინააღმდეგო ხაზით რა სახის პროცედურებს სთავაზობს თქვენი კაბინეტი მომხმარებლებს?
უპირველესად, წინასწარ განვიხილავთ, ინდივიდუალურად ვაანალიზებთ ცალკეულ შემთხვევას და ვადგენთ პროგრამას პაციენტთან კონსულტაციის შემდეგ. ვისმენთ მის ჩივილს და მოლოდინს, რა შედეგი უნდა, რომ მივიღოთ და ამ ყველაფრის გათვალისწინებით ვადგენთ სამკურნალო პროგრამას. კანის გაახალგაზრდავების მიზნით, თავდაპირველად ვცდილობთ, ბიორევიტალიზაციის, პლაზმური თერაპიის, პლაცენტარული თერაპიის საშუალებით მივეხმაროთ კანს, რომ თავისივე რესურსით, ბუნებრივად შეძლოს გარკვეული პერიოდის განმავლობაში ახალგაზრდობისა და სიჯანსაღის შენარჩუნება. როცა კანს გამოელევა რესურსი, ასეთ შემთხვევაში პაციენტს ვთავაზობთ მოდელირებას, რომელიც ფილერით, ბოტულოტოქსინის საშუალებით ხორციელდება. პროგრამები ინდივიდუალურია, შეიძლება მოხდეს სახის დათხელება, ლოკალურად ცხიმის დადნობა და გამოთავისუფლებული ადგილის მიხედვით ახალი პროცედურების დაგეგმვა, ან პირიქით – გარკვეული უბნების შევსება. ჩვენთან მოსულ პაციენტს აქვს ნდობა ჩვენ მიმართ და რწმენა, რომ კაბინეტიდან გალამაზებული წავა. მას წინასწარ აუცილებლად ვესაუბრებით, რათა კარგად გავერკვეთ რა სურს, რა სახის ჩივილები და მოლოდინი აქვს, რომ წინასწარ განისაზღვროს შესაძლო გვერდითი მოვლენების რისკი და, რაც მთავარია, შედეგი. მხოლოდ ხანგრძლივი დიაგნოსტიკისა და საუბრის შემდეგ ვიწყებთ მოქმედებას.
არის შემთხვევებიც, როცა ჩემთან მოსული პაციენტი უჩივის გარეგნობას, რაღაც არ მოსწონს მასში, თუმცა კონკრეტულად ვერ ხვდება საკუთარი უკმაყოფილების ზუსტ მიზეზს. ასეთ შემთხვევაში ჩემგან მოელის, რომ მივცე მიმართულება, შევთავაზო პრობლემის გადაჭრის სწორი გზა, რომელიც მას უკეთესს გახდის და რაც მთავარია, ცხოვრების ხარისხს აუმაღლებს. მნიშვნელოვანია სწორად შევაფასოთ მდგომარეობა, პროპორციები, და ეს ყველაფერი პაციენტს კარგად ავუხსნათ.
რამდენადაც ვხვდები, პაციენტის ინფორმირებულობას უდიდეს მნიშვნელობას ანიჭებთ.
დიახ, ასეა. ჩემთვის მნიშვნელოვანია პაციენტი იყოს საქმის კურსში და დეტალურად იცოდეს, რა და რატომ უკეთდება, რა შეიძლება მოჰყვეს ამა თუ იმ მანიპულაციის გაკეთებას. ჩემი კიდევ ერთი პრინციპია, რომ არ ვიჩქარო და მაქსიმალურად დაფიქრებით, გეგმაზომიერად და ხარისხიანად გავაკეთო ყველაფერი. პაციენტების მეტად გაცნობიერების და ჩემს სფეროში მათი ცოდნის ამაღლების მიზნით, საკუთარ ფეისბუქ-გვერდზეც (Dr. Mebuke) ძალიან ხშირად ვაქვეყნებ სხვადასხვა პროცედურის, მათი დანიშნულებისა და თანმდევი პროცესების შესახებ ინფორმაციას. ვცდილობ ყველასთვის გასაგებ და სახალისო ენაზე იყოს ხოლმე დაწერილი. მინდა, ადამიანებს სიღრმისეული წარმოდგენა ჰქონდეთ ამა თუ იმ პროცედურაზე, რასაც ესთეტიკური მედიცინა მოიცავს.
ჩემი პროფესია საკმაოდ შრომატევადია. მიმაჩნია, რომ აუცილებელია მუდმივი განვითარება, ცოდნის გაღრმავება. მთავარია მოძრაობა და საქმის სიყვარული.
თამარ, რა სახის პრეპარატებს იყენებთ მუშაობისას?
ვიყენებ მხოლოდ მაღალხარისხიან – ფრანგულ, ესპანურ, სამხრეთკორეულ და იაპონურ პრეპარატებს.
პლაცენტარული თერაპია ახსენეთ, რაც გარკვეულ სიახლეს წარმოადგენს ქართული ესთეტიკური მედიცინის სივრცეში. შეგიძლიათ უფრო კონკრეტულად აგვიხსნათ ამ პროცედურის დანიშნულება?
ეს თერაპია ფართოდ გამოიყენება არა მხოლოდ ესთეტიკურ, არამედ ზოგად მედიცინაში. პლაცენტარული თერაპია არის კანის გაჯანსაღების, მისთვის საჭირო ვიტამინებითა და მინერალებით გაჯერების არაჩვეულებრივი საშუალება. ის იაპონელების პროდუქტი გახლავთ, დამუშავებული ორგანული პლაცენტა, რომელიც შეიცავს ყველა მიკრო-მაკროელემენტსა და ვიტამინს, რაც ადამიანს ბუნებრივადაც აქვს. ეს თერაპია განსაკუთრებით სასარგებლოა აკნეს, ჰიპერპიგმენტაციის სამკურნალოდ, ძალიან სასარგებლოა თმის გასაჯანსაღებლად, ცვენის შესაჩერებლად და ხარისხის გასაუმჯობესებლად. ზოგადად, ეს პროცედურა გამოიყენება როგორც ლოკალური პრობლემების მოსაგვარებლად, ასევე ორგანიზმის, კანის ზოგადი გაჯანსაღებისთვის. მართლაც არაჩვეულებრივი თერაპიაა, რომელიც ახლა იკიდებს ჩვენთან ფეხს და ბედნიერი ვარ, რომ შემიძლია ეს მომსახურება ჩემს მომხმარებლებს შევთავაზო.
თამარ, თქვენს სამომავლო გეგმებზე გვესაუბრეთ.
მომავალში მინდა ჩემს კაბინეტში დავამატო ტატუირება, ასევე სხეულის მოვლის პროცედურები და პრობლემურ ზონებში (მტევნები, ყელი) ინიექციური პროცედურების – ლიპოლიტიკებისა და ლოკალური ბიორევიტალიზაციის გარდა (მტევნები, ყელი), სხვა მომსახურებაც შევთავაზო მომხმარებლებს, მათ შორის – ტანის კორექციასთან დაკავშირებული მანიპულაციები.