ქართული OK! ორი არაჩვეულებრივი და საოცრად ნიჭიერი ქალის − ნატალია ლომინაძისა და თეკო ურუშაძის სტარტაპს − „საჩუქარს“ წარმოგიდგენთ. ულამაზესი სამკაულები და სუფრის აქსესუარები, რომლებიც უძველესი ქართული, ისტორიული თუ თანამედროვე დეტალებისა და მოვლენების ინსპირაციით იქმნება, საოცრად ორიგინალური და მიმზიდველი ნივთები, რომლებიც რომელიღაც ამბავს გვიამბობენ − ეს ის განსაკუთრებული ნიშაა, „საჩუქარს“ მართლაც ყველასგან რომ გამოარჩევს.
მარგალიტი, თითბერი, ვერცხლი, ნატურალური ქვები და ქსოვილები − ამ მასალებს ნატალია და თეკო საგულდაგულოდ არჩევენ და არგებენ თითოეულ აქსესუარს, რომ სრულყოფილებამდე მიიყვანონ თავიანთი ულამაზესი ქმნილებები. როგორ დაარსდა „საჩუქარი“, როგორ მზადდება თითოეული ნივთი და რა სამომავლო გეგმები აქვთ ნიჭიერ სტარტაპერებს, რომლებიც საოცრად შეყვარებულნი არიან საკუთარ საქმიანობაზე − წაიკითხეთ მათთან საინტერესო ინტერვიუში.
ნატალია, თეკო, როგორ გაჩნდა თქვენი სტარტაპის იდეა? როგორ დაიბადა „საჩუქარი“?
(ნატალია): მე და თეკო უახლოესი მეგობრები გახლავართ. ამ საქმით ჰობის დონეზე დიდი ხანია გატაცებული ვართ და ორივე ცალ-ცალკე ვამზადებდით კიდეც სხვადასხვა აქსესუარს, თუმცა ბიზნესის სახე საკმაოდ გვიან მივეცით. ჯერ ერთი მძივი გავაკეთეთ ერთობლივად, რომლის ინსპირაციაც ნაყოფიერების წარმართული ღვთაება იყო, შემდეგ გაგვიჩნდა სუფრის აქსესუარების შექმნის იდეა და ისიც განვახორციელეთ, რადგან ყოველთვის გვინდოდა შემოქმედებითი და ხარისხიანი სუვენირების დამზადება. ამის შემდეგ უფრო აქტიურად დავიწყეთ სამკაულების დამზადება, რომელიც იმდენად პოპულარული გახდა, რომ უფრო მეტად სწორედ მათ შექმნაზე ავიღეთ ორიენტირი. ძირითადად არქეოლოგიური, ისტორიული მასალების კონცეფციაზე ვაგებთ კოლექციებს, გვაქვს ნამუშევრები ალექსანდრე ჭავჭავაძის გერბის თემაზე. „საჩუქრის“ თითოეული სამკაული რომელიღაც ამბავს გვიყვება.
(თეკო): წარსულში ქექვისას ისეთი ქართული, ისტორიული დეტალები აღმოვაჩინეთ, რომელიც მეტ-ნაკლებად მივიწყებული იყო და ჩვენს ნამუშევრებში მას ფუნქცია შევძინეთ. უკვე 6 თვეა, რაც დავაარსეთ კომპანია „საჩუქარი“. ყველაფერი კი ასე დაიწყო: ზურა შევარდნაძემ შემოგვთავაზა „გარდენიაში“ მოწყობილ სააღდგომო გამოფენაში მონაწილეობა და, რა თქმა უნდა, სიამოვნებით დავთანხმდით. ამ გამოფენის შემდეგ, ჩვენმა აქსესუარებმა იმდენად დიდი ინტერესი და დადებითი შეფასებები დაიმსახურა, რომ გადავწყვიტეთ, თამამი ნაბიჯი გადაგვედგა და ბრენდი შეგვექმნა.
რა პროფესიის ბრძანდებით?
(ნატალია): ფრანგული ენისა და ლიტერატურის სპეციალისტი ვარ.
(თეკო): მე კი გერმანული ენის. პროფესიულად არანაირი კავშირი არ გვაქვს იმ საქმესთან, რომელსაც ერთობლივად ვაკეთებთ, მაგრამ როგორც უკვე აღვნიშნეთ, ეს ყველაფერი ჰობის დონეზე დაიწყო და ახლა უკვე საქმიანობად იქცა ჩვენთვის.
სად იყიდება თქვენი ნამუშევრები?
(ნატალია): გვაქვს ონლაინგაყიდვა სოციალური ქსელების − „ფეისბუქისა“ და „ინსტაგრამის“ საშუალებით. გარდა ამისა, ჩვენი ნამუშევრები იყიდება Stamba’s Book-ში, ლადო გუდიაშვილის მუზეუმში; წინანდალში, ალექსანდრე ჭავჭავაძის მუზეუმის მაღაზიაში და „ლოპოტა სპა რიზორტში“. ახლა უკვე ვგეგმავთ შოურუმის გაკეთებას. გვინდა გვქონდეს სივრცე, სადაც მოვლენ ადამიანები, ნამუშევრებს დაათვალიერებენ და ადგილზე აარჩევენ ნივთებს.
თქვენი ნამუშევრები, როგორც ვიცით, არ მეორდება და არასოდეს ქმნით ზუსტად ერთსა და იმავეს. ასეა?
(თეკო): ვცდილობთ, რომელიღაც დეტალი მაინც შევქმნათ განსხვავებული და თითოეული ნივთი არ იყოს წინას ზუსტი ასლი. შეკვეთის შემთხვევაში, რასაკვირველია, ვითვალისწინებთ მომხმარებლის აზრს და ზუსტად ისეთ აქსესუარს ვუმზადებთ, როგორიც მას სურს.
როგორია თქვენი მუშაობის სტილი? ორივე ერთობლივად მუშაობთ თითოეულ ნივთზე?
(ნატალია): ძირითადად, ერთად ვმუშაობთ. მოვაგროვებთ რამდენიმე, სხვადასხვა დეტალს და ვიწყებთ მუშაობას. შეიძლება ისეთი მოვლენისგან, ნივთისგან ავიღოთ ინსპირაცია, რომ ამას თავადაც არ ველოდეთ. შემდეგ ვცვლით აზრებს, ვაჩვენებთ ერთმანეთს ინსპირაციის წყაროს და ასე იხვეწება იდეა. ხან ასეც ხდება − ვყიდულობთ ნატურალურ ქვებს და შემდეგ მოვიფიქრებთ, რა დანიშნულებით შეიძლება გამოვიყენოთ.
(თეკო): ყოველთვის ვათვალიერებთ ქართულ არქეოლოგიურ მასალებს და ვცდილობთ დავინახოთ და ვიპოვოთ მათში რაიმე ახალი, რომელსაც ჩვენს ნამუშევრებში გამოვიყენებთ. ხან, როგორც ნატალიამ აღნიშნა, რომელიღაც დეტალს დავამზადებთ ისე, რომ ჯერ არც ვიცით რაში შეიძლება გამოვიყენოთ. მოგვიანებით, გაგვინათდება გონება, უცებ დაიბადება იდეა და დეტალს ახალ სიცოცხლეს შევძენთ.
დიდი დრო სჭირდება ერთი სამკაულის შექმნას?
(თეკო): რამდენიმე ეტაპს გადის სამკაულის დამზადების პროცესი − თითოეული დეტალი სათითაოდაა დასამუშავებელი, რასაც მიაქვს რამდენიმე დღე, შესაძლოა კვირაც.
თქვენს სამომავლო გეგმებზე უფრო დაწვრილებით ვისაუბროთ. შოურუმი ახსენეთ, დაწყებული გაქვთ უკვე ამ მიმართულებით მუშაობა?
(ნატალია): დიახ, ამჟამად ადგილის შერჩევის პროცესში ვართ. გვინდა, ჩვენი ნამუშევრების სივრცე იყოს სახლის ტიპის, მყუდრო ადგილი, რადგან ჩვენ მიერ შექმნილი აქსესუარები სწორედ ასეთია − შინაური და თბილი ემოციის მატარებელი. შოურუმში სახელოსნოც გვექნება მოწყობილი და, რა თქმა უნდა, საჩვენებელი ოთახი, სადაც სტუმრების, მომხმარებლების მიღებას შევძლებთ.
როგორი სამკაულია დღეს მოდური და თავად თუ მიჰყვებით მოდის ტენდენციებს?
(ნატალია): მოდის თანამედროვე ტენდენციებიდან ვიღებთ იმ დეტალებს, რომლებიც ჩვენთან, ჩვენს გემოვნებასთან, „საჩუქრის“ ნიშასთან ახლოსაა და განსაკუთრებით მოგვწონს. სამკაულების დამზადების პროცესში ვიყენებთ მარგალიტს, ნატურალურ ქვებს, თითბერს, რომელსაც ხანდახან, როცა სამკაული იხდენს, ოქროში ვავლებთ ხოლმე, რადგან ოქროსფერი ძალიან უხდება მარგალიტს. შეკვეთის შემთხვევაში, ვამზადებთ ხოლმე ვერცხლისა და ოქროს სამკაულებს.
გეგმავთ საზღვარგარეთ თქვენი ნამუშევრების გატანას?
(თეკო): სხვათა შორის, ჩვენი ნივთები საკმაოდ ხშირად მიაქვთ საჩუქრად საზღვარგარეთ, რაც, ალბათ, ჩვენი ნამუშევრების ქართული, ავთენტური ხასიათისა და ხიბლის დამსახურებაა.
სულ ახლახან, გერმანიაში, ერთ-ერთ საკმაოდ პოპულარულ მაღაზიაში წაიღეს სამკაულები გამოსაფენად.
ახალ იდეებზე მოგვიყევით.
(ნატალია): ბევრი იდეა გვაქვს და ნელ-ნელა ვახორციელებთ. სუფრის აქსესუარებისა და სამკაულების გარდა, ვაპირებთ საახალწლო სუვენირებისა და ნივთების დამზადებას, რითაც ვფიქრობთ, კიდევ უფრო ავუმაღლებთ და გავუფერადებთ ჩვენს ძვირფას მომხმარებლებს საახალწლო, სადღესასწაულო განწყობას. ვინაიდან „საჩუქარს“ კერძოს გარდა კორპორაციული დამკვეთებიც ჰყავს, ვფიქრობთ, ეს სიახლე ორივე მათგანისთვის საინტერესო და სასარგებლო იქნება.