საქართველოს პირველი არხის საეთერო ბადეს საერთაშორისო მუსიკალური მეგაპროექტი – „საქართველოს ვარსკვლავი“ მეორე სეზონით დაუბრუნდა. კონკურსი, რომელიც მაყურებელს კვლავ არაერთ საინტერესო სახეს გააცნობს, აუდიტორიას იმის შესაძლებლობასაც მისცემს, რომ საკუთარი არჩევანი ქვეყანამ ევროვიზიის საერთაშორისო კონკურსზე წარადგინოს. OK! მეგაშოუს ჟიურის წევრებს: ნათია თოდუას, დათუნა ალადაშვილს, დავით ევგენიძესა და თინათინ ბერძენიშვილს „საქართველოს ვარსკვლავის“ ახალი სეზონისა და გამოწვევების, ასევე მონაწილეთა საინტერესო ნაკადის შესახებ ესაუბრა.
თინათინ ბერძენიშვილი
თინათინ, ჟიურის წევრობის გარდა, საქართველოს პირველი არხის გენერალური დირექტორის პირველი მოადგილის თანამდებობაც თქვენი პოზიციაა. „საქართველოს ვარსკვლავის“ სახით, რა ტიპის კონტენტი წარმოადგინა საზოგადოებრივმა მაუწყებელმა?
საქართველოს პირველი არხისთვის პოზიციონირების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ასპექტი – საუკეთესო მუსიკაა. ამ მესიჯითა და ასევე იმ პასუხისმგებლობით, რომ „ევროვიზიის“ კონკურსისთვის ჩვენ საქართველოს სახელით მონაწილე მუსიკოსის შერჩევა გვაკისრია, Pop Idol-ის ქართული ანალოგის არხზე არსებობის შესახებ ერთხმად შევჯერდით. მართებულად მივიჩნიეთ ის საუკეთესო გადაწყვეტილება, რომელიც ორ უმსხვილეს ბრენდს გააერთიანებდა.
შოუ სათაურშივე გვაცნობს მის მასშტაბურობას, რომელსაც გამორჩეულად საინტერესო ფორმატი ახასიათებს. კიდევ უფრო საინტერესოა, რომ მისი საშუალებით საზოგადოებას შეუძლია საკუთარი ფავორიტი „ევროვიზიის“ კონკურსზე წარადგინოს. ვფიქრობ, საქართველოს პირველი არხის პოლიტიკის მთავარი ღირებულებები, ობიექტურობისა და გამჭვირვალობის სახით, ამ ფაქტშიც კონცენტრირდა. მოხარული ვარ, რომ ერთი მხრივ მივიღეთ მეგაშოუ, მეორე მხრივ კი, ვიღებთ დემოკრატიულად არჩეულ მომღერალს.
ჟიურის წევრის ამპლუაში, რა გამოცდილება შეგძინათ, რა გიკარნახათ გასულმა სეზონმა?
ჟიურის წევრობა ჩემთვის ნამდვილი ექსპერიმენტი იყო. რამდენიმე წელია, „ევროვიზიის“ პროექტში მსოფლიო მასშტაბით ვარ ჩართული. მიღებული მაქვს მონაწილეობა სერბეთის, საფრანგეთის, ალბანეთის, მაკედონიისა და აზერბაიჯანის საზოგადოებრივი მაუწყებლების კონკურსანტთა შეფასება-შერჩევაში, ამიტომ გარკვეული გამოცდილება უკვე მქონდა. თუმცა „საქართველოს ვარსკვლავი“ კიდევ უფრო განსხვავებული გამოწვევა იყო. გასულმა სეზონმა გამოცდილება გამიმყარა, დავრწმუნდი, რამდენად ნიჭიერი მუსიკოსები ცხოვრობენ ჩვენს ქვეყანაში და ვხედავ, რომ ეს ნაკადი არ იკლებს.
შევიდა თუ არა რაიმე ცვლილება მეორე სეზონის სპეციფიკაში?
ცვლილება იმაში მდგომარეობს, რომ თუ შარშან მომღერალი და სიმღერა შევარჩიეთ და მუსიკოსი „ევროვიზიის“ კონკურსზე გავგზავნეთ, წელს ჯერ მხოლოდ მომღერალს ავირჩევთ. გვექნება 3 თვე იმისთვის, რათა გამარჯვებული მოემზადოს, მისთვის სიმღერა დაიწეროს, შეიქმნას სასცენო იმიჯი, ქორეოგრაფია და მხოლოდ ამის შემდეგ წარდგეს საერთაშორისო კონკურსზე.
ასევე აქტიურია facebook-მესინჯერის ვოუთინგი, რაც ხმის მიცემის უფასო ჩართულობას გულისხმობს. წელსაც, ფავორიტს 6 საათში ერთხელ, სოციალურ ქსელში დაუჭერენ მხარს. ევროვიზიის პრინციპით, ზარების რაოდენობა შევზღუდეთ, რათა პროცესი კიდევ უფრო ობიექტური გახდეს. ვიცავთ საერთაშორისო სტანდარტს და ეს ტელევიზიის მხრიდან მაღალი პასუხისმგებლობის გამოვლინებაა.
როგორია ურთიერთობები კადრს მიღმა? რა ხდება კულისებში?
ეს არის წარმოუდგენლად აქტიური, საინტერესო, დინამიკური პროცესი. დგება ახლო, მეგობრული ურთიერთობები, რაც რეალურად კონკურსის პრინციპების განხორციელებას ჟიურისთვის ართულებს. ხშირად კადრსმიღმა კიდევ უფრო სახალისო და საინტერესო ამბები ხდება, სწორედ ამიტომ კულისებიდან ტრანსლირების ხილვა მაყურებელს შეუძლია.
დათო ევგენიძე
რას მიიჩნევთ ჟიურისთვის ყველაზე საპასუხისმგებლო გამოწვევად?
დიდი პასუხისმგებლობაა, როცა ახალი თაობის, ახალგაზრდების მუსიკალური შეფასება გიწევს. რთულია დარჩე კონკურსის წესების ფარგლებში; ჟიურიმ უნდა შეძლოს, ამოიცნოს თითოეული მონაწილე. შესაძლოა, რომელიღაცას ხელი ღელვამ შეუშალა და ამის გამო სიმღერა სრულფასოვნად ვერ შეასრულა. მგონია, რომ ამ ფაქტის მიღმა ხედვის ფლობა ჟიურისთვის მნიშვნელოვანია.
როგორ ფიქრობთ, რა ტიპის პრიორიტეტები აქვს „ევროვიზიის“ კონკურსს?
ვფიქრობ, აქ კონკრეტული დოგმები არ არსებობს და იმარჯვებს საინტერესო მუსიკოსის სრულყოფილი შესრულება.
როგორია თქვენი, როგორც ჟიურის წევრის, მთავარი სამოქმედო პრინციპი?
მთავარია, ვიყო მართალი. შევძლო და მაქსიმალურად დავინახო მონაწილეთა შესაძლებლობები და არც ის დავივიწყო, რომ მან ქვეყანა საერთაშორისო კონკურსზე უნდა წარადგინოს.
როგორი მოლოდინი გაქვთ?
მახარებს, რომ ათეულში მოხვდნენ ადამიანები, რომლებიც იმდენად მრავალჟანრული, განსხვავებული შემსრულებლები არიან, რომ განსაკუთრებულად საინტერესო შოუს შემოგვთავაზებენ. სხვადასხვა მანერით, თუმცა თანაბრად ნიჭიერი კონკურსანტები არიან და თითოეულისგან მაქსიმალურ შედეგს ველოდები.
ნათია თოდუა
მეორე წელია, რაც პროექტის ჟიურის წევრი ხართ. როგორია ეს გამოცდილება?
მიუხედავად მეორე სეზონისა, ძალიან მიჭირს კონკურსანტებთან დამშვიდობება, მათთვის უარის თქმა; პირადად მაქვს გამოცდილი მუსიკალური კონკურსების „უარი“ და, აქედან გამომდინარე, ვცდილობ, მონაწილეების გამოსვლისას ყურადღება მივაქციო ისეთ დეტალებს, რაც შესაძლოა, ნერვიულობის ფონზე გადაიმალოს. მათთვის ამ შანსის დაკარგვა არ მინდა.
რა არის კონკურსში წარმატების განმსაზღვრელი?
ჩემი აზრით, წარმატებისთვის კონკურსანტში მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ვოკალური შესაძლებლობები, არამედ ხელოვანის ინდივიდუალიზმი. უნდა შეძლონ, რომ მაყურებელსა და ჟიურის მათი ემოციების სჯეროდეთ. ვიგრძნოთ, რატომ მღერიან.
როგორია პირადად თქვენი და მონაწილეთა ურთიერთობები? რა ტიპის რჩევებს აძლევთ მათ?
პროექტის განმავლობაში მუდამ ვცდილობ კონკურსანტებს თანადგომა ვაგრძნობინო, გავუზიარო დადებითი ემოციები, რაც პირადად მე „ვოისის” კონკურსზე, კონკურსანტის ამპლუაში, ძალიან დამეხმარა. ხაზს ვუსვამ, რომ მათთვის მთავარია მუსიკაში კომფორტი იპოვონ.
როგორია წლევანდელი ნაკადი?
წელს ძალიან საინტერესო და განსხვავებული კონკურსანტები არიან – მათ შორის, როგორც ცნობილი, ასევე ახალბედა მომღერლები. ყველას უდიდეს წარმატებას ვუსურვებ.
დათუნა ალადაშვილი
როგორია რჩევები, რომელსაც ახალგაზრდა მუსიკოსის პოზიციის გათვალისწინებით, კონკურსანტებს უზიარებთ?
მთავარი და უპირველესი რჩევა, ალბათ, ნებისმიერი არტისტის შემთხვევაში უნდა იყოს ის, რომ უთხრა, იყვნენ მაქსიმალურად ინდივიდუალურები და ამ მხრივ თავდაჯერებულებიც. ბოლომდე ჰქონდეთ გააზრებული სიმღერა, რომელსაც ასრულებენ და ეს მათ ვერსიას უნდა წარმოადგენდეს. არავითარ შემთხვევაში არ მიბაძონ სხვას. შესაძლოა, მოგწონდეს უკვე არსებული ვერსიის მანერა, კონკრეტული ფრაზა და ის გარკვეული დოზით მოირგო, თუმცა ნებისმიერ ნაწარმოებში თავად უნდა იცხოვრო, მხოლოდ შენი ხედვა გამოხატო.
განსაკუთრებით მაშინ, როცა სიმღერას უცხო ენაზე ასრულებ, ტექსტი ბოლომდე გააზრებული უნდა იყოს, დეტალურად გათავისებული და სწორედ ეს მისცემს მონაწილეებს თავისებური ინტერპრეტირებისა და გადათარგმნის საშუალებას.
რით გახდა თქვენთვის საინტერესო გამოწვევა „საქართველოს ვარსკვლავის“ ჟიურის წევრობა?
უპირველესად, დიდი პატივია, რომ მე მერგო ჩემი წილი უფლება, ხმა მივცე რჩეულს. საინტერესო იყო იმ ათეულის შერჩევა, საიდანაც ნებისმიერი კონკურსანტის გამარჯვება, „ევროვიზიაზე“ ჩვენი ქვეყნის წარმატების გარანტია იქნება.
ასევე, მნიშვნელოვანია, რომ ჟიურის წევრის ამპლუაში, შენც გაქვს შესაძლებლობა მუსიკალურად გაიზარდო. გიწევს ისეთ დეტალებზე ფიქრი, რომლებსაც სცენაზე დგომისას არ აკვირდები. მაშინ, როცა სხვას აფასებ, მაქსიმალურად იაზრებ ყველა ნიუანსს და ცდილობ, ობიექტურად შეაფასო გამომსვლელი.
რამდენად ზრდის კონკურსების სპეციფიკა მუსიკოსს?
კონკურსი არტისტს ზრდის, თუ თავად სწორად მიუდგება კონკურსის სპეციფიკას და გათვლა არა მხოლოდ გამარჯვება იქნება, არამედ ის, რომ თითოეულ კვირაში მიიღოს გამოცდილება. „საქართველოს ვარსკვლავის“ კონკურსში ისინი სხვადასხვა სტილს, ამპლუას, არტისტულ ნიღაბს მოირგებენ, გამოვლენ კომფორტის ზონიდან, რაც სამომავლოდ პროფესიული კუთხით აუცილებლად დაეხმარებათ.
რა მოლოდინი გაქვთ პროექტისგან?
მიხარია, რომ ამ მუსიკალური ზეიმის მონაწილე ვიქნები. ერთი სული მაქვს ვნახო ადამიანების გულწრფელი რეაქცია, რომლებიც ჩვენთან ერთად იქნებიან მუსიკალური დღესასწაულის გამზიარებლები.
როგორ დაახასიათებდით კონკურსანტთა ამ ნაკადს?
„საქართველოს ვარსკვლავის“ მეორე სეზონზე, ეს ნაკადი დაამტკიცებს, რომ საქართველო მუსიკის ქვეყანაა და ამოუწურავი რესურსი აქვს.