ამბავი ბავშვობისდროინდელი ემოციით უნდა დავიწყო. მახსოვს, პირველად ეს ადამიანი კინოთეატრ „ამირანის“ მეორე სართულზე დავინახე: მოაჯირთან იდგა და ქვემოთ იყურებოდა − კიბეებისკენ ან შემოსასვლელისკენ. მე მაშინ ძალიან პატარა ვიყავი და ჩემს მეგობარს იმაზე ვეკამათებოდი, თუ ვისკენ იყო ეს მზერა მიმართული... ემოცია, რომელიც მისმა იქ დანახვამ გამოიწვია, დღემდე მახსოვს. ეს ის დროა, როდესაც უცნობი უკვე ყველასთვის კარგად ნაცნობია და თბილისში ქმნის ამინდს − გემოვნების, ნიჭის, ე.წ. „სვეცკობის“...
„მატარებლის“ კლიპი ახალი გამოსულია და ეს ის დროა, ჩემთვის რომ მეფიქრებოდა: რა იქნებოდა, მეც მოვხვედრილიყავი იმ მატარებელში-მეთქი... კლიპში ვერ მოვხვდი, მაგრამ წლების შემდეგ იმ მატარებელში მართლა აღმოვჩდი, სადაც უცნობი, იგივე გია გაჩეჩილაძე იჯდა... ჩვენი ნაცნობობა რადიო „უცნობიდან“ დაიწყო. ეს იყო ჩემი პირველი სამსახური, რომელმაც ყველა ბავშვობისდროინდელი ოცნება ამისრულა... მათ შორის აი, ისიც, წლების წინ კიბეებთან მდგარს ძალიან რომ მინდოდა გამოვლაპარაკებოდი უცნობს, მაგრამ ვერ გავბედე... მჯერა, რომ შემთხვევით არაფერი ხდება და კოსმოსში გაშვებული ფიქრები უკან გვიბრუნდება. დღეს კი, გთავაზობთ ინტერვიუს უნიჭიერეს (ყველა ასპექტში) ადამიანთან − გია გაჩეჩილაძესთან, ან უბრალოდ, უცნობთან.
ახლა რას საქმიანობთ?
ძირითადად საგურამოში ვარ და მთელ ჩემს დროს შვილიშვილთან ერთად ვატარებ. ვმუშაობ სატელევიზიო პროექტზე, რომელიც თითქმის მზად მაქვს, თუმცა ტელევიზიის სინათლე ჯერ ვერ იხილა. დღევანდელი საზოგადოებრივი თუ პოლიტიკური სივრცე გაყოფილია ორ ნაწილად, სადაც ჩვეულებრივი მოკვდავების ხმა არ ისმის. ამიტომ ძალიან მინდა ამ გადაცემის გაკეთება.
მოგვიყევით, როგორი ხასიათის იქნება აღნიშნული პროექტი?
ეს იქნება საზოგადოებრივი პროექტი, რომელსაც ტელერეფერენდუმების ფორმა ექნება. იქნება შეკითხვები ხალხთან და ვისაუბრებთ ყველაფერზე, რაც აწუხებს საზოგადოებას: როგორ მდგომარეობაშია დღეს ქვეყანა, რა მოგვივიდა ან საით მივდივართ; რატომ დაემსგავსა ჩვენი ცხოვრება საგიჟეთს. ვფიქრობ, საზოგადოება პოლიტიკურად ძალიან გაიზარდა და ხალხმა შესანიშნავად იცის, რომელი გადაწყვეტილება მოუტანს ქვეყანას კარგ შედეგს და რომელი არა. თუმცა, დღეს ამ ხალხს არავინ არაფერს ეკითხება. ამიტომაც მინდა მათი აზრის მოსმენა და მინდა, საზოგადოებას ჰქონდეს პატარა ფანჯარა, სადაც ჩვეულებრივი ადამიანები შეძლებენ საკუთარი აზრის დაფიქსირებას.
მიუხედავად იმისა, რომ პოლიტიკურად აქტიური აღარ ხართ, პოლიტიკურ პროცესებს მაინც ადევნებთ თვალს?
დღეს არაფერში ვერევი, თუმცა თვალს ვადევნებ და ძალიან მწყდება გული იმის გამო, რაც ჩვენ ირგვლივ ხდება. ყოველდღიურ ყოფაში იმდენად აირია ყველაფერი, რომ ადამიანები ვეღარ ხვდებიან, ქვეყნისთვის როგორ სჯობს და რა არის უკეთესი. ჩვენ გვიჭირს მოვლენების მშვიდად შეფასება და გვიჭირს ერთმანეთთან კომუნიკაცია. გავრილოვის ამბები რომ იყო, ჩემი ბალტიისპირელი მეგობრები თვალს ადევნებდნენ ამ მოვლენებს და მკითხეს, რა ხდება თქვენთან, რატომ დახოცეთ ერთმანეთიო?.. ეს ამბავი რომ მოვუყევი, მშვიდად მკითხეს: კი მაგრამ, რატომ არ მიუთითეთ იმ ადამიანს, რომ სხვაგან გადამჯდარიყოო. გადაჯექი და გააგრძელე ცხოვრება... ხომ არ შეიძლება ამის გამო დაინგრეს ქვეყანა და ერთმანეთს მტრად გადავკიდოთ. თუკი ქვეყნის შიგნით ვერ დაალაგებ ურთიერთობებს, თუკი ეს ერთი მუჭა ერი ყოველდღე შევჭამთ და დავხოცავთ ერთმანეთს, როგორ შევძლებთ ქვეყანა სწორ გზაზე დავაყენოთ?
მუსიკალურ სიახლეებს თუ გეგმავთ?
სატელევიზიო პროექტი, რომელზეც ვსაუბრობ, ბევრ მუსიკალურ სიახლეს შეიცავს.
არ შემიძლია არ გკითხოთ ბატონ გია ყანჩელზე...
მახსოვს, საკანში რომ ვიყავი, გიამ დამირეკა და მითხრა: „ძალიან წინ უსწრებ მოვლენებს და ხალხი ამას ჯერ ვერ დაინახავს, ამიტომ გამოდი და ერთად გავაკეთოთ საინტერესო პროექტიო. გავაკეთეთ ეს პროექტი რუსთაველის თეატრში, მაგრამ ტექნოლოგიურად იმდენად ძვირი ჯდება ამ სპექტაკლის თამაში − იჯარიდან დაწყებული, ტექნიკური ნაწილით დასრულებული, რომ ძალიან ძვირდება ბილეთის ფასი. ხალხს კი ამდენის გადახდის საშუალება არ აქვს. ამიტომაც შევწყვიტეთ ამ პროექტის ამბავი რუსთაველის თეატრში. სპონსორობა ყველაფერს სჭირდება და თუკი გამოჩნდება ადამიანი, რომელიც ამ პროექტს დააფინანსებს, შესაძლებელია მის გაკეთებაზე ფიქრი, რადგან ძალიან საინტერესო რამ გამოვიდა. საოცარი ადამიანი იყო ბატონი გია და მისმა გარდაცვალებამ ყველას საშინლად გვატკინა გული.
უკვე ბრძანეთ, რომ უმეტეს დროს შვილიშვილთან ატარებთ. როგორი ბაბუა ხართ და რა შეცვალა ილიკოს დაბადებამ თქვენს ცხოვრებაში?
ილიკოს დაბადებამ მთელი ოჯახი სულ სხვა რელსებზე გადაგვიყვანა. გიჟდება ჩემზე და სულ უნდა, ჩემთან ერთად იყოს. პირველად საგურამოში მოვიყვანეთ. სამი წელი აქ ცხოვრობდა, მშობლებთან ერთად. ახლა თბილისში მოუწიათ გადასვლა, რადგან რთულია სამსახურში ყოველდღე აქედან იარო. ამას ილიკო ძალიან განიცდის და მოუთმენლად ელოდება პარასკევს, რომ ჩემთან ამოვიდეს და შაბათ-კვირა აქ გაატაროს.
თბილისი არ გენატრებათ?
ჩამოვდივარ ხოლმე, თუმცა იშვიათად. სიმართლე გითხრათ, ჩემს ცხოვრებაში ძალიან ბევრი რამ შეიცვალა. ადამიანები, ვისთანაც ადრე ურთიერთობა მქონდა, დღეს ჩემს ცხოვრებაში აღარ არიან. ბევრი ადამიანი დავკარგე და უამრავი რამ გადავაფასე. ბოლო პერიოდში კარჩაკეტილი ცხოვრებით დავიწყე ცხოვრება.
როგორ მომავალზე გეფიქრებათ?
ერთმანეთის ჭამა-სმით ხვალინდელ დღეს ვანგრევთ. ძალიან მაშინებს იმ საქართველოს ბედი, რომელსაც ილიკოს − ჩვენს შვილიშვილებს დავუტოვებთ. ხშირად მეფიქრება, როგორ ქვეყანას ჩავაბარებთ მომავალ თაობას.
ქართული საზოგადოების მთავარი პრობლემა რა არის, როგორ ფიქრობთ?
საზოგადოება ყველაფერს კარგად ხვდება და ყველაფერი ძალიან კარგად იცის. პრობლემა იმ ადამიანებშია, რომლებიც საზოგადოებრივ აზრს ქმნიან. დღეს, ვანგრევთ ყველაფერს, რაც საუკუნეების განმავლობაში მოგვიტანა ჩვენმა ქვეყანამ. საჭიროა ვიპოვოთ გამოსავალი ამ სიტუაციიდან და ეს ხალხთან ერთად უნდა მოხდეს.
როგორი ქალაქია თქვენთვის თბილისი?
ვაკეში დაბადებული და გაზრდილი კაცი ვარ და დღეს რომ ვაკეში ჩავდივარ, ჩემს უბანში ადამიანებსაც ვეღარ ვცნობ. ერთადერთი, ჩემი სახლია, რომელიც იმ ძველ ფორმაში დარჩა, როგორშიც იყო. ბეტონის ჯოჯოხეთური ჯურღმულებია ირგვლივ და მიჭირს ჩემი ქალაქი ვიცნო.
ძველი თბილისიდან რა გენატრებათ?
ურთიერთობები. არ ვიცი, ეს ასაკის ბრალია − ახალგაზრდობა მენატრება და ამიტომ, თუ იმ ურთიერთობების დეფიციტია დღეს. როგორც იცით, თეატრალურ ინსტიტუტში ვსწავლობდი და საოცარი სტუდენტობის წლები მქონდა. გიზო ჟორდანიას ჯგუფში ვიყავი, სადაც ძალიან ნიჭიერი ადამიანები იყვნენ. უზომოდ მენატრება ბატონი გიზო და თანაკურსელები, ვისთან ერთადაც სტუდენტობა გავიარე: მერაბ ნინიძე, დათო ბახტაძე და ბევრი სხვა, რომლებიც დღეს საქართველოში არ ცხოვრობენ. გარკვეული პერიოდი ძველი სპექტაკლების აღდგენაც კი გვინდოდა, თუმცა იმის გამო, რომ ჩვენი ჯგუფიდან ბევრი საზღვარგარეთ ცხოვრობს და საქმიანობს, ჩვენი შეკრება ვერ მოხერხდა.
გული მწყდება...
ახალი ფურცელი რომ არ იშლება ჩვენი ქვეყნის ისტორიაში...
ლექსებს ისევ წერთ? წიგნის გამოცემაზე თუ გიფიქრიათ?
რა თქმა უნდა, ვწერ. ძალიან ბევრი ლექსი მაქვს დაგროვებული და ხშირად მიფიქრია გამოცემაც, თუმცა თავი ვერ მოვაბი და სიზარმაცემაც შემიპყრო ამ მიმართულებით. მინდა, ჩემი ლექსების საღამოც გავაკეთო და ვნახოთ, რა გამოვა.
ბოლო დროს უფრო რაზე გეფიქრებათ და რაზე წერთ?
ყველაფერზე.
უნდა ველოდოთ თქვენს მუსიკალურ აქტივობას უახლოეს მომავალში?
ბოლო დროს მქონდა ორი კონცერტი − თბილისში და ერთიც ბათუმში. ძალიან ბევრი ადამიანი მოვიდა და ვფიქრობ, ერთ კონცერტს საახალწლოდ ისევ გავაკეთებ.
დაბოლოს: ბედნიერება რა არის თქვენთვის?
არსებობს ბედნიერების წამები. მუდამ ბედნიერი ადამიანი ვერ იქნება. მე მონასტერში ბერი მყავს ნანახი, რომლის თვალები მეხსიერებიდან არ ამომდის − აი, ის იყო ბედნიერი. საქართველოში ადამიანებს ძალიან უჭირთ ღიმილი და სხვისი სიხარულის გაზიარება. მინდა რაღაცნაირად გამოვიდეთ ამ მდგომარეობიდან. მე მაინც ვფიქრობ, რომ ბედნიერება სულის მდგომარეობაა.