ახალგაზრდა მოდელი ანამარია ყაჭეიშვილი ჯერ მხოლოდ 19 წლისაა, თუმცა გამორჩეული გარეგნობის დამსახურებით, საქართველოს ფარგლებს გარეთ, სამოდელო კარიერაში პირველ ნაბიჯებს სწრაფი ტემპით დგამს. გამოცდილება სულ რამდენიმე თვეს ითვლის, მაგრამ მიღწევებში „მის დსთ“ და „მის გლობალის“ კონკურსების ფარგლებში ტოპათეულში შესვლა ჩაიწერა და პირველი ტიტული – „მის მეგობრობაც“ მოიპოვა, რაც რეალურად ასახავს მისი ხასიათის ერთ-ერთ მთავარ შტრიხს – დამახასიათებელი გულგახსნილობით, ანამარია OK!-ის მის მიერ არჩეული გზის ყველაზე საინტერესო ასპექტებზე ესაუბრა, რომელიც თავად მოდელის დედამ წლების წინ განვლო, თუმცა ბოლომდე არ გაჰყოლია. როგორც ანამარია აღნიშნავს, დედისგან განსხვავებით, მას სწორხაზოვან მიზნად სამოდელო სფეროში კიდევ ბევრი წარმატების მიღწევა აქვს დასახული.
სამოდელო კარიერა ახალგაზრდა ასაკში ბევრისთვის მიმზიდველი სფეროა. თქვენ შემთხვევაში, რა გახდა ბიძგი, გაგჩენოდათ მსგავსი ინტერესი?
დედა ის ადამიანია, ვინც სამოდელო სფეროსთან პირველი გაუცნობიერებელი კავშირის დამყარებაში უნებურად დამეხმარა. ის 1997 წელს „მის საქართველოს“ კონკურსშიც მონაწილეობდა და ათეულშიც დაიკავა ადგილი, თუმცა ამ გზას ბოლომდე არ გაჰყოლია. ინტერესი მისგან გადმომედო, თუმცა ჩემ შემთხვევაში ვიცი, რომ ძალიან დიდი სურვილი მაქვს სამოდელო კარიერის აწყობა თვითმიზნად დამრჩეს.
როგორ გადადგით პირველი ნაბიჯები ამ მიმართულებით?
უამრავი კომპლექსი მქონდა, ვიჩაგრებოდი იმის გამო, რომ ზედმეტი წონა მაწუხებდა, თუმცა იმედს არ ვკარგავდი. ვიმუშავე საკუთარ თავზე და შევძელი, სამი წლის განმავლობაში დაახლოებით 35 კილო დამეკლო. მაშინ, როცა რწმენა გამიმყარდა და საკუთარ შესაძლებლობებში მეტ-ნაკლებად დავრწმუნდი, ჩემი ოცნება უფრო ხელშესახები გახდა.
მოხდა ისე, რომ ერთ-ერთმა აგენტმა აღმომაჩინა და დამაკავშირა ადამიანს, რომელმაც ყაზახეთში წამიყვანა. ასე გაფორმდა კონტრაქტი სამოდელო სააგენტოსთან „ველადა მოდელს“. სწორედ იქ გავიცანი ქართველი მოდელი ლიკა თორიაც, რომელთან ერთად გავდივარ ამ გზაზე არსებულ ყველა სირთულეს და საუკეთესო თანამებრძოლებად ვიქეცით.
როგორც აღნიშნეთ, სამოდელო კარიერა თქვენი ოცნება იყო. დაემთხვა ის მიღწეულ რეალობას? რამდენად რთული აღმოჩნდა ამ სფეროში გზის გაკვალვა?
იმედი გამიმართლდა იმ კუთხით, რომ არც ერთი წუთით არ მიფიქრია, არჩევანში შევცდი-მეთქი. თუმცა ის ნამდვილად გავიაზრე, რომ ყველაფერს „ვარდისფერი სათვალით“ ვუყურებდი, ბევრად სამართლიანად წარმოვიდგენდი სამოდელო კარიერაში მიმდინარე მოვლენებს; თუმცა დროსთან ერთად ვხვდები, რომ ეს ხშირად ასე არ არის. ამაში ლიკაც მეხმარება, რომ სწორი წარმოდგენა შემექმნას.
ძნელია წინსვლა, არასოდეს დაილევა შენზე უკეთესი, თუმცა ბრძოლას აზრი აქვს...
მოკლე ხანში შეძელით გარკვეული წარმატების მოპოვება. გვიამბეთ ამის შესახებ.
როცა პირველად კონკურსზე გავედი, ეს „მის დსთ“ იყო და მისგან არაფერს ველოდი, საკმაოდ ჩაკეტილი გახლდით ახალი გამოწვევის მიმართ; თუმცა ჩემდა სასიხარულოთ, მოვახერხე, რომ ათეულში შევსულიყავი. მერგო „მის მეგობრობის“ ტიტული, რადგან ეს ჩაკეტილობა ადამიანებთან ურთიერთობისას ხელს არ მიშლის, საკმაოდ კომუნიკაბელური ადამიანი ვარ და ამ ტიტულისთვის კოლექტივმა შემარჩია. ჩინეთში კი, სადაც „მის გლობალის“ კონკურსში 62 ქვეყნის წარმომადგენელი მონაწილეობდა, „მის ფოტომოდელის“ ტიტული მერგო. საკმაოდ რთული და დამღლელია კონკურსში მონაწილეობა. სტრესის გარდა, აქ ფიზიკურადაც ძალიან ძნელი ასატანია დღე-ღამის განმავლობაში მხოლოდ 5-6 საათი ძილი და მუდმივი მოსამზადებელი სამუშაოები. თუმცა, როცა სცენაზე გადიხარ, ეს ყველაფერი გავიწყდება.
როგორია თქვენი საქმიანობა სცენის მიღმა?
ბიზნესადმინისტრირების ფაკულტეტზე ვსწავლობ, თუმცა ყაზახეთში ხშირი ვიზიტების გამო, ამ ეტაპზე აკადემიური წლის აღება დამჭირდა. პარალელურად, ვმუშაობ ერთ-ერთ მსხვილ კომპანიაში ოფის-მენეჯერის პოზიციაზე, სადაც ასეთი ქალური გატაცებებისგან სრულიად განსხვავებულ საქმეს ვეჭიდები. არ შემიძლია არ აღვნიშნო, რამდენად მადლიერი ვარ ადმინისტრაციის, რომ ჩემს ყოველ წარმატებას სიხარულით იზიარებენ და ხელს მიწყობენ, რომ არცერთ გადაღებასა თუ კონკურსს ქვეყანაში და მის ფარგლებს გარეთ არ გამოვაკლდე.
მსგავსი გადატვირთული გრაფიკის გათვალისწინებით, როგორ გამოიყურება თქვენი ერთი ჩვეულებრივი დღე?
როცა ვიღვიძებ, მაშინვე გონებაში ვალაგებ პრიორიტეტებს და ყველა საქმეს. ვხვდები, რამდენი რაღაცის გაკეთება მომიწევს დღის განმავლობაში, თანაც ისე, რომ მუდმივად კარგად გამოვიყურებოდე. პერფექციონისტი ვარ, ამიტომ ბევრი რამ მირთულდება. ვცდილობ, ისე ვიყო მომზადებული, თითქოს ნებისმიერ წამს შეიძლება გადაღება დაიწყოს.
დღის განმავლობაში იგეგმება უახლოესი გადაღებები და შეხვედრები. ზოგჯერ, დღის ბოლოს მიკვირს, რომ ყველაფერი მოვასწარი.
ხასიათის რომელი შტრიხები გეხმარებათ ან ხელს გიშლით კარიერაში წარმატებისკენ სვლისას?
გამოვარჩევდი იმას, რომ ძალიან მიზანდასახული ვარ. თუ ვიღაც მეტყვის, რომ რაღაც არ გამომივა, ეს ჩემთვის მხოლოდ ძალაა და უდიდეს მოტივაციას ვგრძნობ, რომ შევძლო და საპირისპირო დავამტკიცო; სისუსტე ალბათ ჩემი მიმნდობი ხასიათია, რასაც ნელ-ნელა ვხვეწ.
რა არის სამოდელო სფეროში თქვენთვის განსაკუთრებულად საინტერესო?
პირადად მე, სამოდელო სფეროსთან დაკავშირებული თითოეული ასპექტი თავდაჯერებულობის განმტკიცებაში მეხმარება, მიუხედავად იმისა, ვაღწევ თუ არა ამა თუ იმ ნაბიჯზე წარმატებას. თუ რომელიღაც ადგილამდე მოვედი, ესე იგი მე ვიბრძოლე, რაღაც გამიკეთებია და ამის გაცნობიერება უდიდესი სიამოვნებაა, ადრენალინია, რომელიც მამოძრავებს.
თქვენთვის, მშობლის გარდა, დედა, ალბათ, კონკრეტული გამოცდილების ერთ-ერთი მთავარი გამზიარებელიცაა. რას გირჩევთ ხოლმე?
დედა ნამდვილად მთავარი მრჩეველია, რომელიც ყოველთვის აღნიშნავს, რომ მისი შეცდომა დანებება იყო. ახლა მის წილ ძალასაც მე მიზიარებს და მუდამ მიდგას გვერდით. დღის ბოლოს, როცა მისგან შეტყობინებას ვიღებ – „ვამაყობ, რომ არ ნებდები!“ – ეს ყველაფერს ნიშნავს. მირჩევს, გულისხმას მოვუსმინო.
ხშირად, საზღვრებს გარეთ ყოფნისას, ყველაზე მეტ დროს ლიკასთან ერთად ვატარებ და ის არის ადამიანი, რომელიც რჩევებს მაძლევს, სრულ მხარდაჭერას მიცხადებს, თითოეულ ნაბიჯზე გვერდით მიდგას და საკუთარ გამოცდილებას მიზიარებს, მეხმარება, რომ ჩემს შესაძლებლობებში რწმენა კიდევ უფრო გამიმყარდეს. ამისთვის მისი ძალიან მადლობელი ვარ.
კონკურსებზე სხვადასხვა კულტურის წარმომადგენლები იყრიან თავს. რამდენად საინტერესოა თქვენთვის მათთან ურთიერთობა? ასწრებთ დამეგობრებას?
ეს ფაქტი კონკურსების ერთ-ერთი გამორჩეული უპირატესობაა – გოგონები ერთმანეთს საკუთარ კუთხეებს ვაცნობთ, ვამაყობთ ჩვენი წარმომავლობით. დამეგობრებასაც ვასწრებთ და ერთიმეორეს სამშობლოშიც ვეპატიჟებით.
როგორ ანაწილებთ თავშესაქცევს თავისუფალ დროს? როგორია თქვენი კომფორტი?
როცა თავისუფალი დრო მაქვს, მას ყოველთვის საყვარელ ადამიანებს ვუთმობ. სიმართლე გითხრათ, ვცდილობ კომფორტი კომფორტის ზონის მიღმა შევიქმნა. მინდა საზღვრებს გავცდე და სულ უფრო მეტი, საინტერესო გამოცდილება შევიძინო, რომელიც საკუთარ სფეროში წამადგება.
როგორია თქვენი სამომავლო გეგმები?
შემოთავაზებები მუდმივ რეჟიმში მოდის. უახლოესი გეგმები დუბაიში მოდის კვირეულია, ასევე ერთ-ერთი სააგენტოდან მოწვევა აზიაში, რასაც ინდოეთში გამგზავრება მოჰყვება. რამდენიმე დღის წინ მომივიდა შემოთავაზება კონკურსიდან „მის დედოფალი ევროპა“. ახლა ისღა დამრჩენია, სხვადასხვა შემოთავაზებიდან ის შევარჩიო, რომელიც გამორჩეულად წამადგება.