ჯერ კიდევ ბავშვობის წლებიდან, მოდით უზომოდ გატაცება ირინა გოცირიძისთვის ცხოვრების განმავლობაში ძირითადი საქმიანობის ლაიტმოტივად იქცა. იხსენებს, რომ სულ მცირე ასაკშიც საკმარისზე მეტ ყურადღებას დეტალებს აქცევდა. იმას, რაც ჩაცმულობის ეფექტურობისა და სტილის განსაზღვრისას საერთო სურათს ქმნიდა. ყოველთვის იცოდა, რა მოსწონდა, ენდობოდა საკუთარ გემოვნებასა და ინტუიციას, რის გამოც, მრავალი წელია, უამრავი ერთგული მომხმარებელი მას მაღაზიაში, „მონტე აბაშიძეზე“ სტუმრობს.
აქ ირინას მიერ შერჩეული ბრენდული სამოსის, აქსესუარებისა და სამკაულის მრავალფეროვანი კოლექცია თაროზე მათთვის თავსდება, ვისაც საკუთარი ჩაცმულობით ინდივიდუალურობის გამოკვეთა და სტანდარტულობის კლიშეებისგან გათავისუფლება სურს. OK! ირინა გოცირიძეს იმ საქმიანობის შესახებ ესაუბრა, რომელიც, როგორც თავად აღნიშნავს, მისთვის ენერგიისა და დადებითი მუხტის ამოუწურავი წყაროა, თუმცა მასპინძლის როლში მისი კიდევ ერთი, ახალი გატაცება სრულიად ახლებურ ენთუზიაზმად იქცა − ის საქართველოში მსოფლიოდან არაერთ ტურისტს საკუთარ სახლში ეპატიჟება...
გვიამბეთ გზაზე, რომელიც „მონტეს“ შექმნამდე გაიარეთ. როგორია თქვენი თავგადასავალი მოდის საინტერესო სფეროში?
1996 წლიდან საკუთარი მაღაზიის მართვის სადავესთან ვდგავარ და თემატიკა მუდმივად უცვლელია. ეს იყო ადრეული წლები, როცა მსგავსი სივრცის არსებობა დიდ იშვიათობას წარმოადგენდა. მახსოვს, სამოსითა და სამკაულით გაფორმებული ეს ვიტრინები გამვლელებს ფოტოზეც არაერთხელ აღუბეჭდავთ. თბილისში პირველი იტალიური პროდუქციის მაღაზია უზარმაზარ ყურადღებას იქცევდა, მე კი ვივსებოდი კიდევ უფრო დიდი მოტივაციით, რათა მუდმივ განახლებას არ მოვკლებოდი. მას შემდეგ იყო მორიგი სიახლე და განახლებული, ბევრისთვის საყვარელი მაღაზია აღმაშენებლის გამზირზე.
მაღაზია „მონტე“ კი უკვე აბაშიძეზე 9 წელია არსებობს და მთელ ჩემს წარსულ გამოცდილებასთან ერთად, აწმყოს სურვილების მასში რეალიზებას ვახერხებ.
როგორ გაგიჩნდათ იდეა, წლების წინ გაგეხორციელებინათ მსგავსი პროექტი?
2000-იანი წლების დადგომამდე, ერთ-ერთი ძლიერი ტურისტული სააგენტოს ხელმძღვანელის პოზიციას ვფლობდი, როცა იტალიის მიმართულებით ჩარტერული რეისი განვახორციელეთ. ვათვალიერებდი ულამაზეს კოლექციებს, ხელშესახები იყო ხარისხი და განსაკუთრებული გემოვნება, რის გამოც, ვიფიქრე, რა კარგი იქნებოდა, რომ თუნდაც იმ პერიოდში, უამრავი პრობლემისა და საზრუნავის მქონე ადამიანებისთვის საქართველოში, გაჩენილიყო ადგილი, სადაც თავმოყრილი იქნებოდა ყველა საინტერესო მოდური პროდუქტი იტალიიდან. ამ იდეის განხორციელებით დაიწყო ისტორია, რომელიც „მონტემდე“ გრძელდება.
როგორ არჩევთ კოლექციას? რა ხდება თქვენთვის მინიშნებების წყარო?
რასაკვირველია, თანამედროვეობასთან ერთად, შთაგონების სასარგებლოდ ინტერნეტი ერთ-ერთი ძლიერი ინსტრუმენტია; თუმცა ყველაზე მეტად, საკუთარ ინტუიციას ვენდობი, რომელიც მკარნახობს, თუ რა იქნება სეზონზე აქტუალური. ეს, ალბათ, მრავალწლიანი გამოცდილების დამსახურებაცაა. თუნდაც იტალიის ქუჩის მოდა შეიძლება გახდეს მნიშვნელოვანი ინდიკატორი.
როგორია თქვენი სამუშაო პრინციპები?
თითოეული კოლექციის ჩამოტანისას, მხოლოდ საკუთარ გულისხმას ვუსმენ. თუ რაღაც არ მომწონს, გამორიცხულია მაღაზიაში ადგილი დაიკავოს. შესაძლოა, ვინმემ მთხოვოს, ან ზოგადი მოთხოვნა არსებობდეს, მაგრამ შინაგანი წინააღმდეგობა ამ შემთხვევაში ყოველთვის იმარჯვებს.
მიმაჩნია, რომ მომხმარებელს ამით საკუთარ ხედვას ვუზიარებ და, რაც მთავარია, კონსულტანტსაც ვთხოვ, იყოს მართალი მათ წინაშე; არასოდეს დაკარგოს ობიექტურობა და გულწრფელად ურჩიოს, რას მოიხდენს მომხმარებელი. როცა ადამიანი შინ შენაძენით დაბრუნდება, სწორ დასკვნებს აუცილებლად გააკეთებს და მიხვდება, რამდენად კეთილსინდისიერად მიუდექი მას.
ვფიქრობ, ჩვენი ამგვარი დამოკიდებულების გამო, „მონტეში“ ყოველთვის ახლო და საყვარელი ატმოსფეროა.
რა სიხშირით ხდება კოლექციის განახლება? როგორია ამ მიზნით უცხო ქვეყნებში მოგზაურობის გამოცდილება?
პროდუქციის განახლება თვეში ერთხელ მაინც ხდება. პირადად ჩავდივარ თითოეულ ქალაქში და კოლექციას ვაგროვებ. ძირითადი 2 მიმართულებაა: იტალია (როგორც ორიგინალი, ბრენდული სამოსისა და აქსესუარების ადგილი) და ჩინეთი (როგორც უდიდესი ჰაბი და უამრავი საინტერესო შემოთავაზების, ნიჭიერი ახალგაზრდა დიზაინერების მქონე ქვეყანა).
ევროპასა და აზიაში მოგზაურობის დროს, ვაკვირდები ადგილობრივ მცხოვრებლებს, მათი ჩაცმის სტილს, როგორც კულტურის ნაწილის გამომხატველობას. ეს ძალიან საინტერესო მოგზაურობებია.
როგორი სტილი ჭარბობს „მონტეს“ გარდერობში?
ძირითადი აქცენტი ე.წ. „ქეჟუალზეა“ გამახვილებული, თუმცა არის სპორტული და კლასიკური სტილის სამოსიც, ასევე სამკაული და აქსესუარები, რომლებიც სტილს ხაზს უსვამენ.
ვცდილობ არც ერთი დღე არ გამოვტოვო. მომხმარებლებთან ურთიერთობა ძალიან მომწონს და მათაც ჩემი იქ ყოფნა უხარიათ. მიყვარს, როცა მათ ჩემს აზრს ვუზიარებ და საკუთარი გემოვნებით Look-ის აწყობას მთხოვენ. დიდი სიამოვნებაა, როცა ასე მენდობიან. ხშირად მომხდარა, როცა უთქვამთ ფრაზა – „ეს ჩემი სტილი არ არის“, თუმცა თავი შემდეგ კონკრეტულ სამოსში კომფორტულად უგრძნიათ. მე თავად ვემიჯნები ამ ფრაზის სიზუსტეს, რადგან მგონია, რომ ტანსაცმელი საშუალებას იძლევა, ცხოვრება გაიმრავალფეროვნო და ყოველდღიურად უამრავი სტილი მოსინჯო.
რით არის ეს სფერო თქვენთვის ამდენად საინტერესო?
ქალისთვის მოდა, ალბათ, ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო სფეროა. ყოველდღიურად თემის ირგვლივ ვტრიალებ და არასდროს მბეზრდება. ტენდენციები და ახალი იდეები მუდმივი განახლების საშუალებას გაძლევს.
როცა დღეს იწყებთ, თავად როგორ ირჩევთ სამოსს?
როცა ვიღვიძებ, თუ თავს არც ისე ენერგიულად ვგრძნობ, ყველაზე კომფორტულ სამოსს ვირჩევ. ჩემთვის ახლო ადამიანებმა იციან, რომ თუ რაიმეზე გაბრაზებული ვარ, ამ დროს ყველაზე მეტად ვიპრანჭები. მეკითხებიან: „სადმე მიდიხარ?“ და თუ პასუხია – „არა“, ამბობენ: „მაშინ რაღაცამ გაგაბრაზა“.
ნებისმიერ შემთხვევაში, ვცდილობ, სარკესთან დგომა ყოველდღე მეხალისებოდეს. დედა, რომელიც 81 წლისაა, ისიც სწორედ ასე ცხოვრობს.
უკვე 2 თინეიჯერი შვილიშვილი მყავს. მეგონა, როცა ამ ასაკამდე მოვიდოდი, ბროშს დავიმაგრებდი და სულ სხვა სტილზე შევჯერდებოდი, მაგრამ ასე არ მოხდა. მოდასთან ბალანსში საკმაოდ გაბედული და რა თქმა უნდა, არავულგარული ჩაცმულობა მომწონს.
თქვენ მასპინძლად საკუთარ სახლშიც იქეცით − უამრავ ტურისტს მსოფლიოს სხვადასხვა წერტილიდან იღებთ. როგორ შეითავსეთ ეს საქმიანობა?
ასეთი იდეა გარკვეული დროის განმავლობაში მქონდა, თუმცა ვფიქრობდი, რომ მის განხორციელებას უფრო მეტად აგარაკზე შევძლებდი. მას შემდეგ, რაც ერთ-ერთი სახლი შევიძინე, ჩანაფიქრმა იქ გადაინაცვლა. დიდი ენერგიითა და სულისკვეთებით მოვაწყვე ბინა, რომელიც მიხარია, რომ თბილისში ტურისტებისთვის საინტერესო წერტილად იქცა.
სტუმრების დახვედრა, მათი გამასპინძლება ჩემთვის შეუდარებლად სასიამოვნოა. არასოდეს მეზარება დილით საკუთარი სახლიდან წავიღო ცხელი ხაჭაპურები და გავასინჯო ჩვენი უგემრიელესი ნაციონალური კერძები, გავაცნო ქვეყნის ტრადიციები... შედეგად მადლიერებას ვიღებ, ჩვენი ქვეყნისადმი სიყვარულის გაღვივებას და აქ კვლავ ჩამოსვლის სურვილს.
დროის რა ნაწილს უთმობთ ოჯახს? როგორ ახერხებთ განტვირთვას?
მყავს მეუღლე, ორი შვილი და ორი შვილიშვილი. მათთან ყოფნას ხშირად ვახერხებ. ოჯახის აქტიური წევრი ვარ, საოჯახო საქმეებშიც ისევე გახლავართ ჩართული, როგორც ამ საქმიანობაში.
ყველაზე დიდი განტვირთვა მოგზაურობა და მეგობრებთან ერთად დროის გატარებაა. მიყვარს სიმშვიდეც და აგარაკზე ყვავილების, ვენახის მოვლაც. რელაქსაციაა. გარდა ამისა, სხვადასხვა გალერეას ვსტუმრობ, რადგან ხელოვნების დიდი თაყვანისმცემელი ვარ.