გრიგოლ რობაქიძე ამბობდა: „ისტორია არის არა მარტო ხსოვნა წარსულისა, არამედ იგი თანვე ქმედითი მონაწილეა თანამედროვეობის“. წარმოუდგენელია, შენი ცხოვრება წარმართო საკუთარი წინაპრების − ბებიის, ბაბუის, მშობლების გარეშე-ო, − ასე დავასრულეთ საუბარი ისტორიკოს გიორგი კალანდიასთან. ამასთან დაკავშირებით, დავით გურამიშვილი გამახსენდა: „ყმაწვილი უნდა სწავლობდეს საცნობლად თავისადაო, ვინ არის, სიდან მოსულა, სად არის, წავა სადაო...“
ისტორიის ფასი რომ შესანიშნავად იცის ჩვენმა ამჟამინდელმა რესპონდენტმა, ნათელია. თუნდაც მისი ჟურნალისტური საქმიანობით, სადაც უამრავ საინტერესო ისტორიულ ფაქტსა თუ მოვლენაზე გვიამბობს და უფრო კი იმ დიადი საქმით, რაც მან საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის გადასარჩენად გააკეთა − ხელოვნების სასახლე (საქართელოს თეატრის, მუსიკის, კინოსა და ქორეოგრაფიის სახელმწიფო მუზეუმი). ეს ის განხორციელებული პროექტია, რომელიც საქართველოს კულტურის ღირსშესანიშნაობებზე მოგვითხრობს. მაშ ასე, წარმოგიდგენთ ხელოვნების სასახლის დირექტორს, ისტორიკოსსა და ჟურნალისტ გიორგი კალანდიას, რომელიც „ტიფლის ვერანდაზე“ − თბილისის უძველესი უბნის პეიზაჟების ფონზე ჩავწერეთ სპეციალურად თქვენთვის − OK!-ის მკითხველთათვის.
ისტორიკოსობიდან ჟურნალისტობამდე...
როცა საქართველოს ისტორიას ვსწავლობდი, ძალიან მაინტერესებდა ტაო-კლარჯეთი. ეს ის პერიოდია, როდესაც საზღვრები ნელ-ნელა იხსნება და ამიტომ ვფიქრობდი, რომ ტაო-კლარჯეთის შესახებ ამბავი სხვებისთვისაც უნდა გამეზიარებინა. ამ პერიოდში, სტუდია „აუდიენციამ“ ჟურნალისტების ვაკანტურ ადგილებზე კონკურსი გამოაცხადა. მამაჩემი ზვიად გამსახურდიას მთავრობის წევრი იყო და ამის გამო ქვეყნიდან წასვლა მოუწია, მე კი არავინ მყავდა ისეთი, ვინც გვერდით დამიდგებოდა. ეზოში რომ მივედი, იმდენი ხალხი იდგა, მეგონა არანაირი შანსი არ მქონდა, თუმცა კონკურსი წარმატებით გავიარე და დღემდე მახსოვს ის ადამიანები, რომლებიც იმ კომისიის წევრები იყვნენ: სოფო მოსიძე, გიორგი შარაძე, ეკა ბერიძე და კოკა ყანდიაშვილი. ამ ადამიანებმა ამიყვანეს და ასე მოვხვდი ტელევიზიაში. პირველი ჩემი ჟურნალისტური საქმიანობა იყო გადაცემა „დედაქალაქი“, რომელსაც აკეთებდა სოფო მოსიძე. იმ პერიოდში ჩემი ყველაზე დიდი მიღწევა იყო საკუთარი ფილმები − „ტაო კლარჯეთიდან“, რამაც როგორც ჟურნალისტს, დიდი პოპულარობა მომიტანა. თუმცა, მაინც ვფიქრობ, რომ ჟურნალისტიკაში ბოლომდე ისტორიკოსად დავრჩი − იმდენად, რამდენადაც მუდამ ასეთი თემებისკენ მიმიწევდა გული. შემდეგ უკვე მუზეუმის დირექტორად წამოვედი და ჟურნალისტიკაში 6-წლიანი პაუზა მქონდა, რადგან მუზეუმი იმდენად დიდ ძალისხმევას მოითხოვდა, რომ მთელი დრო მხოლოდ მისთვის უნდა დამეთმო. ახლახან მივუბრუნდი ტელევიზიას, პროექტით „ამბები ხელოვნების სასახლიდან“, რომელმაც ჩემთვის მოულოდნელად ძალიან საინტერესო შედეგები აჩვენა რეიტინგის თვალსაზრისით და მიხარია, რომ ხალხს ისტორია აინტერესებს.
ხელოვნების სასახლე...
ჩვენი მუზეუმი ძალიან ცუდ მდგომარეობაში იყო და ამიტომ არც არავინ ფიქრობდა, ეს ორგანო სამუზეუმო სივრცედ განეხილა. მთელი ენერგიით უნდა გადაშვებულიყავი ამ საქმეში და სწორედ მაშინ შეველიე ტელევიზიას. მაგრამ ამას წამითაც არ ვნანობ, რადგან დღეს ხელოვნების სასახლე არის ჩვენი ქვეყნის წამყვანი და მნიშვნელოვანი სამუზეუმო ცენტრი, რაც ჩვენი გუნდის დამსახურებაა. როდესაც საფინიშო ხაზთან მივედით, მაშინ დადგა მომენტი, როცა შემეძლო საკუთარი პროფესია ისევ და ისევ ამ ადგილის პოპულარიზაციისთვის გამომეყენებინა. თან ტელევიზიაც ძალიან მენატრებოდა. სიმართლე გითხრათ, თავდაპირველად შემეშინდა, რადგან არ მქონდა იმედი, რომ ამბები ხელოვნების სასახლიდან იქნებოდა რეიტინგული. თუმცა აღმოჩნდა, რომ ამ ნაწილში ვცდებოდი და აღნიშნულმა რუბრიკამ გაამართლა იმ შედეგების მიხედვით, რაც ვიდეოებს სოციალურ ქსელში აქვს. „ამბები ხელოვნების სასახლიდან“ − ამ რუბრიკაში მუზეუმი უწევს პოპულარიზაციას იმ თემებს, რომლებიც ისტორიის ფარდის მიღმა დარჩა და ნაკლებად პოპულარულია, ხოლო ტელევიზია უწევს იმ ამბებს პოპულარიზაციას, რომელიც თითქოს სამუზეუმო ცხოვრების ნაწილი იყო. ძალიან მადლიერი ვარ ამ თვალსაზრისით, რომ „იმედმა“ ამის საშუალება მომცა.
საქართველოს ისტორიაზე კითხულობთ ლექციებს. რამდენად აინტერესებს ახალგაზრდობას ისტორია და რამდენად სწორი აქცენტებია გამახვილებული ჩვენი ქვეყნის ისტორიაში?
ჩვენთან რატომღაც დამკვიდრდა სტერეოტიპი, რომ მეცნიერება არის მაღალი კლასის საზოგადოებისთვის და ეს არ უნდა იყოს გასაგები ყველასთვის. ასე არ არის. ევროპაში ნახავთ ათეულობით წიგნს, პოპულარულ სამეცნიერო ენაზე მოყოლილს, რადგან მეცნიერებმა ისწავლეს ერთი ასეთი მარტივი რამ: ყველაფერი უნდა იყოს გასაგებ ენაზე მოთხრობილი − ნებისმიერი ადამიანისთვის ხელმისაწვდომი. გარდა ამისა, მნიშვნელოვანია რომელ ამბავს როგორ მოყვები და შენ უნდა მოყვე ისე, რომ ეს ამბავი იყოს თავშესაქცევი. ისტორია უნდა იყოს არა მხოლოდ მაღალფარდოვანი სიტყვები, არამედ ყველასათვის გასაგები. მიხარია, რომ ეს ჩვენმა პროექტმა მოახერხა. საქართველოშიც, მონარქები იყვნენ ჩვეულებრივი ადამიანები − არაჩვეულებრივი პირადი ცხოვრებით, და რატომ არ უნდა ვისაუბროთ ამ თემებზე? დავით აღმაშენებლის სახელობის უნივერსიტეტში ვასწავლი და შემიძლია გითხრათ, რომ ჩემი აუდიტორია ყოველთვის სავსეა. ამას ორი მიზეზი აქვს: ერთი ის, რომ სტუდენტი ჩემს ლექციას თუკი სამჯერ არ დაესწრება, მერე ძალიან მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდება, რადგან უზომოდ მკაცრი ლექტორი ვარ. მეორე კი ის, რომ ჩემი ლექციები მართლაც საინტერესოა. სულაც არ არის აუცილებელი, ზეპირად იცოდე, როდის მოხდა ფარცხისის ბრძოლა, როცა შეიძლება უფრო საინტერესოდ იცოდე ერეკლე მეფის ცხოვრება და მისი საგმირო საქმეები, ან ის, თუ როგორი ადამიანური განცდები ჰქონდა ამა თუ იმ მონარქს სხვადასხვა გმირობის ჩადენის წინ. ყოველთვის ვეუბნები ხოლმე სტუდენტებს: არასოდეს შეხედოთ ჩვენს მონარქებს, როგორც ხატებს − გარშემო შემოუარეთ, ნახეთ მათი ადამიანური ბუნება, გრძნობები, და ასე უფრო მეტად შეგიყვარდებათ, რადგან უფრო ახლოს მიხვალთ მათთან.
ერთი მიზეზი, რატომაც უნდა ვიცოდეთ ჩვენი ქვეყნის ისტორია?
თანამედროვე პოლიტიკურ ცხოვრებაში ისტორია იარაღია საკუთარი ქვეყნის ინტერესების დასაცავად. პუტინის ცნობილი განცხადების შემდეგ, საზოგადოება მიხვდა, რამდენად აუცილებელია ისტორიის ცოდნა და რამხელა მნიშვნელობა აქვს ამას იმისათვის, რომ შენს ოპონენტს დაუსაბუთო, რატომ არის აფხაზეთი და ოსეთი შენი ტერიტორიული მთლიანობის შემადგენელი ნაწილი და რომ ეს არ არის უბრალო ახირება. ამ ყველაფერს კი სჭირდება რაც შეიძლება მეტი პოპულარული წიგნების გამოცემა. ძალიან მახარებს, რომ ისტორიკოსმა ჯაბა სამუშიამ, რომელიც ჟურნალ „ისტორიანის“ რედაქტორია, დაიწყო სერია ქართველი მეფეების შესახებ და ის ერთ-ერთი ყველაზე გაყიდვადი სერიაა, რადგან ქართველი მეფეების ცხოვრება პოპულარულ ენაზეა მოთხრობილი.
ჩვენში ყველაზე მეტად ისტორიაზე ყვება...
ჩვენი ყოველდღიურობა, ფაქტობრივად, ჩვენი ისტორიის გამეორებაა. ვინაიდან ჩვენ ისტორია არ ვიცით, ერთხელ დაშვებულ შეცდომებს პერმანენტულად ვიმეორებთ. ეს იმის ბრალიც არის, რომ ძალიან ზედმეტი წარმოდგენა გვაქვს საკუთარ თავზე და ჩვენი ისტორიის მხოლოდ კარგ ამბებს ვსწავლობთ. თუკი სიმართლეს თვალებს არ გავუსწორებთ და გაიდეალიზებულ ისტორიას ვისწავლით, მაშინ ვერ შევძლებთ, რომ ჩვენს შეცდომებზე ვისწავლოთ და მანკიერებები აღმოვფხვრათ.
მოგზაურობა ძალიან გიყვართ და სულ ახლახან ჩამოხვედით მაროკოდან... შთაბეჭდილებებს გაგვიზიარებთ?
არ მყავს ცოლი, არ მყავს შვილები, ამიტომ ვცდილობ ეს დრო მაქსიმალურად გამოვიყენო. ძალიან ბევრ ქვეყანაში მიმოგზაურია. უზომოდ დიდი შთაბეჭდილებით ვარ სავსე მაროკოთი და ამ ქვეყნის საჰარის უდაბნოთი. უდაბნოში, სადაც ყველაფერი მკვდარია, ყველაზე მეტად ფასობს სიცოცხლე და ყოველი დღე არის ბრძოლა სიცოცხლისათვის. ყოველ დილით, აქლემი შუბლზე კოცნის ბერბერს იმის ნიშნად, რომ არანაირი გამოწვევის წინაშე არ მიატოვებს და ბერბერიც ძალიან ემადლიერება აქლემს. პირველად დავინახე ადამიანისა და ცხოველის მეგობრობის ძალიან გულწრფელი გრძნობები და ყველაფერმა ამან საოცრად მომხიბლა. ღამე უდაბნოში ხედავ მთელ თანავარსკვლავედს და მერწმუნეთ, ვერც ამდენ ვარსკვლავცვენას ნახავთ სადმე.
სხვა ქვეყანაში ცხოვრებაზე თუ გიფიქრიათ?
საქართველოში იმდენად მომეტებულია აგრესიული ფონი, რომ ბოლო პერიოდში ამაზე ხშირად მეფიქრება და ძალიან მომწონს ინგლისური საზოგადოება.
თქვენი აზრით, რატომ იზიდავს საქართველო ტურისტებს?
ქვეყანა ძალიან მიმზიდველია თავისი არქიტექტურით. მიუხედავად იმისა, რომ თბილისის ჩაბეტონებას ვცდილობთ, ეს 1500-წლოვანი ქალაქი ნებისმიერ ადამიანს ხიბლავს და უნდა ვეცადოთ, რომ მოვუფრთხილდეთ და არ დავამსგავსოთ ათენს − ქალაქს, რომელიც კორპუსების სამყაროდ იქცა. ჩვენი სტუმართმოყვარეობა და ქართული სამზარეულო − ეს იზიდავს ტურისტს ჩვენს ქვეყანაში.
რას მოუყვებოდით უცხოელ სტუმარს ერთ დღეში საქართველოს შესახებ?
აუცილებლად წავიყვანდი მუზეუმში და ვაჩვენებდი ნიკო ფიროსმანს, ელენე ახვლედიანს, ლადო გუდიაშვილს. ვაჩვენებდი საქართველოს ოქროს ფონდს და საგანძურს. წავიყვანდი სოლოლაკში, სადაც ყველაზე მეტად ჩანს ჩვენი წარსული. აუცილებლად მოვუყვებოდი თამარ მეფეზე − ქალზე, რომელმაც ჩვენი ქვეყნის ისტორიაში ყველაზე მეტად გამოანათა.
დროში მოგზაურობა რომ შეგეძლოთ, ვის შეხვდებოდით?
თამარ მეფეს, და ვკითხავდი, რას გრძნობდა მაშინ, როდესაც მისი ბიძაშვილი, დემნა ბატონიშვილი თამარის მამამ აჯანყების გამო სასტიკად დასაჯა. სულ მაინტერესებს, როგორი იყო ყველაზე გულმოწყალე, ყველაზე ლამაზი, ყველაზე სათნო ქართველი მეფის − თამარის პოზიცია. ამიტომ, ამას აუცილებლად ვკითხავდი.
აწმყო შობილი წარსულისაგანო... როგორ მომავალს იმსახურებს ჩვენი წარსული?
ჩვენი ქვეყნის ისტორია გაცილებით უკეთეს მომავალს იმსახურებს. თუმცა, ეს ისტორია უნდა იყოს ქმედითი მონაწილე თანამედროვეობისა.
მომავალზე რას ფიქრობთ?
მიუხედავად იმისა, რომ ქართული საზოგადოებისადმი ძალიან კრიტიკულად ვარ განწყობილი, ვხედავ, რომ სტუდენტების თაობა ყოველ წელს არის უკეთესი, რადგან ის თავისუფალია პოლიტიკური რეჟიმების გავლენებისგან. სწორედ ეს იძლევა ძალიან დიდ იმედს, რომ ახალი თაობა შექმნის ღირსეულ მომავალს.