ქართული OK! წარმოგიდგენთ საქმიან, წარმატებულ და მომხიბლავ ახალგაზრდა ქალს, რომელიც დატვირთულ კარიერულ ცხოვრებას საოცრად ჰარმონიულად უთანხმებს სამი შვილის დედობას. სამშენებლო კომპანია „ანაგის“ PR-ისა და მარკეტინგის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, მაკუნა გამცემლიძე მთავარ სიამოვნებას და ბედნიერებას გარშემომყოფებთან სწორ, თბილ და რაც მთავარია, ღიმილიან კომუნიკაციაში პოულობს, რადგან ძალიან უყვარს ადამიანები. როგორ აირჩია პროფესია, რა არის მისი ბავშვობის ოცნება და როგორ ასწრებს, იყოს წარმატებული თავის საქმიან და პირად ცხოვრებაში − წაიკითხეთ მაკუნასთან საინტერესო ინტერვიუში.
მაკუნა, დავიწყოთ სულ თავიდან − როგორ აირჩიეთ პროფესია?
დავიწყებ იმით, რომ მუდმივ ძიებაში ვარ. მუდამ ერთმანეთისგან განსხვავებული სფეროები მაინტერესებს და ვცდილობ, ყველა მათგანში მოვსინჯო და ვიპოვო საკუთარი თავი, თუმცა ყველა ამ სფეროს ერთი რამ აერთიანებს − ადამიანებთან ურთიერთობა. სკოლაში კარგად ვსწავლობდი, ძალიან მინდოდა გამოცდები ფსიქოლოგიის ფაკულტეტზე ჩამებარებინა, რადგან უზომოდ მაინტერესებდა ეს სპეციალობა. ამას, ალბათ, ისიც განაპირობებდა, რომ ბავშვობაში ადამიანები, ხშირად უცხოებიც კი შეიძლებოდა მოსულიყვნენ და ახლაც შესაძლოა მოვიდნენ ჩემთან, გული გადამიშალონ, რჩევა მკითხონ, შემიშვან მათ „სამყაროში“, რაც ძალიან მაბედნიერებს. ბედნიერებაა, როცა რამდენიმე ადამიანს შორის შენ გენდობიან, თუმცა მოგეხსენებათ, ადრეულ ასაკში მშობლები ხანდახან აქტიურად ერევიან შვილების პროფესიულ არჩევანში. ასე მოხდა ჩემთანაც − მამას არ მოსწონდა ჩემი გადაწყვეტილება და სურდა გამოცდები სამედიცინო ფაკულტეტზე ჩამებარებინა, რაც მე კატეგორიულად არ მინდოდა და სანაცვლოდ შევთავაზე გამოცდები ჩამებარებინა იმ დროისათვის ყველაზე პოპულარულ − საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტზე, სადაც აბიტურიენტების ყველაზე დიდი კონკურსი იყო. ასე აღმოვჩნდი უნივერსიტეტში. სტუდენტობის დრო იქაური საორგანიზაციო ქაოსისა და ცვლილებების პერიოდს დაემთხვა. შემდეგ მოხდა ისე, რომ მეორე კურსზე შევქმენი ოჯახი და გამიჩნდა შვილი. არასოდეს დამავიწყდება დეკანის მაშინდელი დამოკიდებულება ჩემ მიმართ, როცა ორსული მივედი უნივერსიტეტში. მან, ფაქტობრივად, მომიწოდა, ოჯახისთვის მიმეხედა და უნივერსიტეტში „გართობას“ შევშვებოდი.
გაიხსენეთ თქვენი პირველი სამსახური.
ფსიქოლოგიის გარდა, გაგიკვირდებათ, და ძალიან დავინტერესდი საბანკო სისტემით, რომელიც იმ დროისათვის ახალი ჩამოყალიბებული იყო. აბსოლუტურად ნულოვანი პოზიციიდან დავიწყე მუშაობა „სახალხო ბანკში“. თავიდან სტაჟიორი ვიყავი და მიზნად დავისახე, ეტაპობრივად, მაგრამ აუცილებლად მიმეღწია კორპორაციული მომსახურების დეპარტამენტამდე, რადგან კომუნიკაცია და ადამიანებთან პირდაპირი კონტაქტი ყოველთვის საოცრად მიზიდავდა და მიყვარდა. ეს სურვილი, რასაკვირველია, ავისრულე. იმ პერიოდში საკმაოდ ხშირი კონტაქტი მქონდა PR-ისა და მარკეტინგის დეპარტამენტის თანამშრომლებთან, სადაც ძალიან ხშირად აღნიშნავდნენ, რომ ჩემი ადგილი მათ გვერდით იყო, მათ სფეროში.
ამის შემდეგ გავაჩინე მესამე ბავშვი და გამოცდები ჩავაბარე GIPA-ში, საზოგადოებასთან ურთიერთობის მიმართულებით. ჩემი ლექტორები იყვნენ ელდარ პირმისაშვილი და თორნიკე გურული, რომლებმაც წახალისებით, ჩემ მიმართ გამოთქმული დადებითი შეფასებებით და შექებით ძალიან გამიზარდეს მოტივაცია, რომ მემუშავა PR-ის სფეროში. ამ მიმართულებით, ჩემი პირველი სამსახური ელდართან იყო, „პერიტუს გრუპში“, სადაც ჩართული ვიყავი სხვადასხვა პროექტში.
შემდეგ უკვე ჩემს ცხოვრებაში გაჩნდა „ანაგი“, სადაც 3 თვის ვადით ეძებდნენ საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერს, კონკრეტული დავალებების შესასრულებლად. ჩემი აქ მოსვლის დღიდან გავიდა 6 წელიწადი და მე ისევ აქ ვარ.
რა მოგცათ „ანაგში“ მუშაობის წლებმა? როგორ დაახასიათებთ თქვენს სამსახურს?
კარიერული და პროფესიული თვალსაზრისით, ყველაზე დიდი გამოცდილება და ცოდნა „ანაგში“ მივიღე. ბევრჯერ მითქვამს და ახლაც გავიმეორებ, რომ „ანაგი“ ჩემი შვილია, რომელსაც რთული, მაგრამ საოცრად საინტერესო ცხოვრება აქვს, ძალიან სწრაფად იზრდება და უკვე ისე გაიზარდა, რომ პირიქით − მას ვეკითხები რჩევებს და მისგან ვსწავლობ ძალიან ბევრს. მიხარია, რომ ვარ 30-წლიანი კომპანიის 3000 თანამშრომლიდან ერთ-ერთი და ზუსტად ისე მეამაყება მისი ყველა ახალი მიღწევა და წინგადადგმული ნაბიჯი, როგორც ჩვენი შვილების წარმატებები.
მაკუნა, როგორ ფიქრობთ, საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯმენტს რა როლი მიუძღვის ბიზნესის, ადამიანების, საზოგადოების წარმატებაში? რას განსაზღვრავს თქვენი პროფესიული სფერო?
ვფიქრობ, 21-ე საუკუნეში PR-ისა და მარკეტინგის სფეროებს უდიდესი და საკვანძო როლი მიუძღვის ცალკეული პირებისა თუ კომპანიების წარმატებაში. უცნაური ისაა, რომ ჩვენს ქვეყანაში დღემდე მაინც არაერთგვაროვანი დამოკიდებულებაა PR-ის სფეროს მიმართ. ასევე პრობლემაა ისიც, რომ ადამიანები კარგად ვერ აღიქვამენ PR-სპეციალისტის დანიშნულებას და მოვალეობებს, თუმცა დღითი დღე წინ მივდივართ და ძალიან სწრაფი ტემპით ვვითარდებით.
რას ნიშნავს ეს სფერო და საქმიანობა პირადად თქვენთვის?
ზოგადად, ვფიქრობ, ბედნიერება ადამიანებთან კომუნიკაციაშია. როცა გიყვარს ადამიანები, მათგან ენერგიას იღებ და თავადაც გასცემ. ეს განწყობა ჩემს საქმიანობაზეც აისახება. მგონია, რომ სწორი, დადებითი კომუნიკაციით და ღიმილით, ყველაზე გაღიზიანებული, აგრესიული ადამიანის განიარაღებაც შეიძლება. არ მიყვარს და არასოდეს არავისთან მქონია კონფლიქტი. ბევრად მაწუხებს ის, რომ ვინმეს ვატკინო, ვიდრე როცა მე მტკენენ. ვიღაცებს უთქვამთ, რომ მე ასეთი დამოკიდებულებებით შესაძლოა გულუბრყვილოდ ჩამთვალონ, მაგრამ მე ვფიქრობ, პირიქით − ბოროტება ადამიანის სისუსტეა, ღიმილიანი და კეთილგანწყობილი დამოკიდებულება კი ჩემი მთავარი ძალა და ენერგიაა. ადამიანი ყოველთვის უნდა ეძებდეს სხვებში დადებითს და აუცილებლად იპოვის. განწყობას უდიდესი მნიშვნელობა აქვს. სხვათა შორის, ბავშვობაში ვწერდი ხოლმე ზღაპრებს, რომლებიც შემდეგ ამიხდებოდა. აქაც, ალბათ, წინასწარი განწყობისა და მოლოდინის თეორია მუშაობდა.
მაკუნა, ოჯახზე გვესაუბრეთ. გაგვაცანით თქვენი ოჯახის წევრები.
როგორც უკვე აღვნიშნე, საკმაოდ ადრეულ ასაკში შევქმენი ოჯახი. ჩემი მეუღლე ბექა ოდიშარიაა, რომელიც ამჟამად პარლამენტარია. ის ჩემთვის მაგალითია, თუ როგორ უნდა გიყვარდეს ადამიანები, როგორ უნდა შეგეძლოს პატიება, იდგე ადამიანების გვერდით და აკეთო უამრავი სიკეთე ისე, რომ არც გახსოვდეს. ალბათ, პათეტიკურად ჟღერს, მაგრამ ეს კიდევ ცოტაა ბექას პიროვნების დასახასიათებლად. როცა ბექა გავიცანი, ძალიან პატარა ვიყავი და გვქონდა უზომოდ გამორჩეული, ლამაზი, რომანტიკული ისტორია, რომელზეც შევთანხმდით, რომ ხმამაღლა არ ვილაპარაკებდით. უკვე 19 წელი გავიდა და ვცდილობთ, ეს რომანტიკული მუხტი არ დავკარგოთ და პატარა-პატარა დეტალებით გავალამაზოთ ერთმანეთის ცხოვრება. ხანდახან გვიწევს ერთად ბრძოლების გადატანაც, დაუმსახურებელი „ტალახიც“ მოგვხვედრია, მაგრამ ღიმილით და სიმშვიდით ვიგერიებთ ყველაფერს. ბედნიერი ადამიანები სხვას ზიანს არ აყენებენ.
არასოდეს არავის ვებრძვით არც მე და არც ბექა. ვცდილობთ, შვილებიც ამ პრინციპით გავზარდოთ და ვასწავლოთ მთავარი − იყვნენ ყველაფრით მადლიერები. ეს მთავარია.
ჩემი უფროსი შვილი − ლაშა ოდიშარია 17 წლისაა. ჯაბა 15-ის, ხოლო მანანიკო − 8 წლის. ლაშა და ჯაბა რაგბისტები არიან და ძალიან კარგად გამოსდით სპორტსმენობა, ლაშა 18 წლამდელთა ნაკრებში გამოიძახეს, წელს აბარებს გამოცდებს უნივერსიტეტში და ჯერჯერობით ვცდილობ არ ჩავერიო მის პროფესიულ არჩევანში. რასაც გადაწყვეტს, მივესალმები. ჯაბაზე ძალიან დიდ იმედს ვამყარებთ სპორტის მიმართულებით. პატარა მანანიკო პირველ გიმნაზიაში სწავლობს. ბექას ოცნება იყო, მესამე თაობის პირველსკოლელი ყოფილიყო მისი რომელიღაც შვილი და უმცროს შვილზე კიდეც აუსრულდა ეს ოცნება. მანანიკო კარგად სწავლობს, მღერის და ცეკვავს.
ყოველთვის ვამბობ ხოლმე: მე მყავს 8 შვილი, რადგან ჩემი დისშვილებიც ჩემი შვილები არიან. შეიძლება გარკვეულ მომენტში ვერ მოვიცალო ლაშა-ჯაბასთვის, მაგრამ ყველაფერს გვერდით ვდებ, თუ მარიამს და ნინას ვჭირდები. ვაღიარებ გოგონების მიმართ ჩემს სისუსტეს.
მაკუნა, როგორ ასწრებთ იყოთ წარმატებული საქმეშიც და ოჯახშიც? როგორ ათანხმებთ ამ ორ სფეროს ერთმანეთთან ასე ჰარმონიულად?
ალბათ, ცოტა გადაჭარბებულია ეს შეფასება, მაგრამ სიმართლე გითხრათ, მეც დავფიქრებულვარ ამაზე, თუ როგორ ვასწრებ, რადგან ყველას სჭირდება თავისი წილი მაკუნა − ბავშვებს, სამსახურს, მშობლებს, მეგობრებს და ჩემი ყველაზე დიდი ნაწილი სჭირდება ბექას, რომელიც მივაჩვიე, რომ ყოველთვის მეცალოს მისთვის.
როგორ ვახერხებ? დილით ადრე ვდგები − ასე მარტივად გიპასუხებთ ამ კითხვაზე.
მაკუნა, თქვენი აზრით, რა ქმნის პროფესიონალიზმს?
კვლავ ურთიერთობების საკითხს დავუბრუნდები. როგორი კარგი განათლება და გამოცდილებაც უნდა მივიღოთ, მთავარი მაინც ადამიანებთან სწორი კომუნიკაცია და ჯანსაღი ურთიერთობაა. გარდა ამისა, არ მჯერა წარმატების, რომელიც სხვის წარუმატებლობაზეა აწყობილი, რადგან ყველაფერი დროებითია. არასოდეს არ უნდა მირბოდე კენწეროსკენ სხვა ადამიანების გვერდით მიმოყრით, რადგან კენწეროს უკან ჩამოსვლაც მოჰყვება. მე არასოდეს არსად მეჩქარება, რადგან პროცესი ბევრად მნიშვნელოვანი, საინტერესო და სასიამოვნოა ჩემთვის და ეს ყველა სფეროს ეხება − საქმესაც და პირად ცხოვრებასაც.
პროფესიონალიზმში უპირველესად იგულისხმება საქმის სიყვარული, როცა მუდამ გეფიქრება და ტრიალებ მის ირგვლივ, როცა ძალიან გსიამოვნებს საკუთარი საქმის კეთება. მნიშვნელოვანია, ნებისმიერი კარიერული მიღწევის მიუხედავად, დარჩე ადამიანად, იყო ლოიალური, კიდევ უფრო კეთილგანწყობილი და ღიმილიანი ადამიანების მიმართ.
სამომავლო გეგმებზე გვესაუბრეთ.
არც ისე შორეულ მომავალში აუცილებლად ავისრულებ ბავშვობის ოცნებას და დავუბრუნდები ფსიქოლოგიის სფეროს. მაქვს კონკრეტული გეგმები ამ მიმართულებით და რაც დრო გადის, უფრო ცხადად ვიაზრებ, რომ სწორედ ეს სფეროა ჩემი შინაგანი მოწოდება. ამაში კიდევ ერთხელ მაშინ დავრწმუნდი, როცა ცხოვრებამ ისე დამანარცხა მიწაზე, მეგონა ვერასდროს ვერავინ შეძლებდა ჩემს წამოყენებას. მეგონა ვერასდროს ვეღარ გავიღიმებდი და საერთოდ, მორჩა ყველაფერი, მაგრამ მივხვდი, რომ შენი სევდა და ტკივილი მარტო შენია და ამის გამო სხვას ცხოვრება არ უნდა გაურთულო. მივხვდი, რომ ცხოვრებაში ჩვენი ვალდებულება მხოლოდ სხვისი ცხოვრების გალამაზება და გამარტივებაა და მჯერა, ოდესმე ჩვენ ყველა ისევ ერთად ვიქნებით.
მინდა, „ქოუჩინგის“ გზით წავიდე. უხერხულია ჩემი მხრიდან ამის თქმა, მაგრამ ამბობენ, რომ ეს საქმე გამომდის.
მთავარ გეგმად კი ისევ ადამიანების გვერდით დგომა და ბევრი ღიმილი დარჩება.