ქართული OK!-ის ნოემბრის ნომრის მთავარ გმირებს წარდგენაც არ სჭირდებათ. ისინი ყველასთვის ცნობილი და საყვარელი, ნიჭიერი ფეხბურთელები არიან, ჩვენი ქვეყნისა და ხალხის პატივსაცემი წარმომადგენლები საქართველოში თუ მის ფარგლებს გარეთ. ტყუპი ძმები − შოთი და აჩი არველაძეები უფროს ძმასთან, რეზისთან ერთად, ერთგვარად თანამედროვე თბილისის კოლორიტის ხასიათსაც კი განსაზღვრავენ და ამ ფენომენს თავისებურ, განსაკუთრებულ, მხოლოდ ძმები არველაძეებისთვის დამახასიათებელ ხიბლს სძენენ. მაშ ასე, დიდი სიამოვნებით წარმოგიდგენთ ექსკლუზიურ ინტერვიუს აჩი და შოთი არველაძეებთან, სადაც ძმები ბავშვობაზე, ოჯახზე, მათ ყველაზე დიდ ოცნებებზე და კიდევ ბევრ სხვა საინტერესო თემაზე გვესაუბრებიან.
შოთი, აჩი, მოგვიყევით, როგორ ცხოვრობთ?
(შოთი): უკვე 2.5 წელია, რაც მე და აჩი ტაშკენტში ვცხოვრობთ და ერთად ვმუშაობთ.
(აჩი): უზბეკეთში ვცხოვრობთ და კლუბ „ფახთაქორში“ ვმუშაობთ. შოთი მთავარი მწვრთნელია, მე სელექციაში ვეხმარები. ვმუშაობთ, დატვირთულები ვართ, დრო სწრაფად გადის. სახლი მუდმივად გვენატრება და ამიტომ ხშირად დავდივართ თბილისში, რადგან ოჯახები აქ გვყავს.
დაახასიათეთ ერთმანეთი და ორივემ ერთად რეზი − თქვენი უფროსი ძმა.
(აჩი): ძალიან კარგი ძმები მყავს. თბილი, ყურადღებიანი და საქმიანი ადამიანები არიან. მე და შოთი ტყუპები ვართ და ჩვენ შორის ქვეცნობიერი, განსაკუთრებულად ემოციური კავშირია. რეზის მიმართ კი ორივეს ძალიან გამორჩეული სიყვარული და პატივისცემა გვაქვს. 3.5 წელია ჩვენ შორის სხვაობა. სამივენი განვსხვავდებით ერთმანეთისგან: რეზი ძალიან ორგანიზებულია, შოთიც ასეთი გახდა, მას მერე, რაც მთავარი მწვრთნელია.
(შოთი): მე და აჩი უფრო ვგავართ ერთმანეთს, მსგავსი დამოკიდებულებები და ხასიათები გვაქვს. რეზი ბევრად დინჯი, ორგანიზებული და ნებისყოფიანი ადამიანია.
გაიხსენეთ თქვენი ბავშვობა, მშობლებთან ურთიერთობა...
(შოთი): კარგი და აქტიური ბავშვობა გვქონდა, ფეხბურთზე დავდიოდით და ძალიან დაკავებულები ვიყავი. ფაქტობრივად, ის იყო ჩვენი ერთადერთი გართობა და სიამოვნება.
(აჩი): ძალიან კარგი ბავშვობა გვქონდა. სკოლის პერიოდი, ეზო, ქუჩა, ფეხბურთი იყო ჩვენი ყოველდღიურობა. მშობლებთან და ბებია-ბაბუებთან თბილმა ურთიერთობამ ჩვენზე განსაკუთრებით დადებითი გავლენა მოახდინა. რეზი გამორჩეულად უყვარდა ყველას, რადგან პირველი შვილიშვილი იყო და ყურადღება არ აკლდა, უფრო ხშირად ბებისთან და ბაბუსთან უწევდა დარჩენა, რადგან ისინი სკოლასთან ახლოს ცხოვრობდნენ.
თქვენს ოჯახებზე მოგვიყევით.
(შოთი): ჩემი მეუღლე − თამუნა მელაძე იურისტია, იურიდიული ფაკულტეტი აქვს დამთავრებული. ყოველთვის ჩემ გვერდით იყო და, რა თქმა უნდა, ერთად ვიყავით წასული საქართველოდან, როცა საზღვარგარეთ ვმუშაობდი. ახლაც ოჯახით და დიასახლისობითაა დაკავებული. უფროსმა შვილმა, გიორგიმ ინგლისში დაამთავრა უნივერსიტეტი, ბიზნესის მენეჯმენტის პროფილით, უმცროსი − ელენე, ჯერჯერობით, ბრიტანული სკოლის მოსწავლეა.
(აჩი): ჩემი მეუღლე, თინი კობალაძე პროფესიით ექიმია. ძირითადად ჩემი მკურნალობით იყო დაკავებული მთელი ცხოვრება, და რადგან ბევრი ოპერაცია მაქვს გაკეთებული, ეს ერთად გადავიტანეთ. უცხოეთში ცხოვრების დროს, ჩემი რეჟიმით ცხოვრობდა ისიც. თბილისში ჩამოსვლის შემდეგ დამოუკიდებლად მუშაობის მეტი საშუალება მიეცა, ჰქონდა თავისი ბიზნესი. ახლა მან და მისმა უფროსმა დამ ბავშვთა გინეკოლოგიური ცენტრი გახსნეს და ამითაა დაკავებული. უფროსი შვილი − 23 წლის რევაზ-გიორგი, რომელიც გიორგობას გაჩნდა, სწავლობს აშშ-ში, ლოს-ანჯელესში, კინოინდუსტრიის მიმართულებით. ახლა მაგისტრატურას ამთავრებს. შუათანა − სალომე, მადრიდშია სასწავლებლად. პატარა − ლიზა, ჯერ 11 წლისაა, მუსიკალურ სკოლაში სწავლობს, ვიოლინოზე უკრავს.
რას ნიშნავს თქვენთვის საქართველო? რა გტკივათ და გიხარიათ თქვენს ქვეყანაში?
(შოთი): სამშობლო ძალიან ბევრს ნიშნავს. ეს სიამაყის განცდაა, რომ ამ ერის, კულტურის, დამწერლობის, ამ ქვეყნის შვილი ვარ. მტკივა და განვიცდი აფხაზეთს და სამაჩაბლოს. ყველაზე დიდი ტკივილი ესაა, რაც ჩემს ქვეყანასთან მაკავშირებს.
(აჩი): აფხაზეთი და სამაჩაბლო მტკივა ყველაზე მეტად, რასაც ცოტა ადრეულ ასაკში კარგად ვერ ვიაზრებდი და რაც უფრო მემატება წლები, მით მეტად მიმძაფრდება ეს ტკივილი. 2008 წლის ომმა ძალიან დიდი კვალი დატოვა ჩემში. ახლა ვხვდები, გურულები ყოველთვის რატომ სვამდნენ თავდაპირველად მშვიდობის სადღეგრძელოს. მშვიდობა უმნიშვნელოვანესი ყოფილა, ამიტომ ყველაზე მეტად ამას ვისურვებდი − ვიცხოვროთ მშვიდობიან ქვეყანაში, რასაც, იმედია, დროც მოიტანს და უპირველესად, ჩვენ თავად შევუწყობთ ხელს.
როგორ ფიქრობთ, რა არის ბედნიერება?
(აჩი): ჯანმრთელობაში და სიმშვიდეშია ბედნიერება.
(შოთი): დილით რომ გაიღვიძებ და ახალი დღის გათენება გიხარია, როცა გიყვარს და უყვარხარ, როცა ძილის წინაც იგივე ბედნიერების განცდა მოდის, ეს არის ბედნიერება. როცა დარწმუნებული ხარ, რომ ირგვლივ შენი ახლობლები კარგად და ჯანმრთელად არიან.
როგორ განიტვირთებით?
(აჩი): ეს ცოტა რთული საკითხია, რადგან არ ვსვამ, არ ვეწევი. ჩემთვის გართობა და დასვენება ფიზიკურ აქტივობასთანაა ასოცირებული. შინ მშვიდი დასვენება არ მიყვარს. აქტიური დასვენება, ზღვა, ბანქოს, ნარდის თამაში, მუსიკა, ცეკვა და სიმღერა მიყვარს. ასე განვიტვირთები.
მოგზაურობა გიყვართ?
(აჩი): განსაკუთრებულად არა, რადგან მთელი ცხოვრება თვითმფრინავში ვზივარ და ვმოგზაურობ. ამიტომ განსაკუთრებული ნატვრა და სურვილები მოგზაურობასთან დაკავშირებით, არ მაქვს. მხოლოდ იაპონიაში და არგენტინაში მინდა მოხვედრა და ამ ქვეყნების დათვალიერება.
(შოთი): არც მე მიყვარს მოგზაურობა, მთელი ცხოვრება ვმოგზაურობ. თუმცა არის ქვეყნები, სადაც შთაბეჭდილებებისგან გაოგნებული დავდიოდი და ძალიან ვისიამოვნე იქ ყოფნით. ზოგადად, ჩემთვის ასეა: თუ მოგზაურობა მეგობრებთან, ახლობლებთან, ოჯახთან ერთად ყოფნას და გართობას უკავშირდება, აი, ასეთ შემთხვევაში მართლა ძალიან მიყვარს.
საყვარელი რიტუალი თუ გაქვთ?
(შოთი): ახალ წელს ყოველთვის ერთად ვატარებთ, დაბადების დღეებზეც ერთად ვიკრიბებით და აღვნიშნავთ.
(აჩი): ახალ წელს მეკვლეები ყოველთვის მე და შოთი ვართ ხოლმე, ამიტომ ვცდილობთ, ერთად შევხვდეთ ამ დღესასწაულს, ერთად შევიკრიბოთ უფროსებიც და ბავშვებიც.
როგორ ფიქრობთ, როგორი მამა ხართ? როგორი ურთიერთობა გაქვთ შვილებთან?
(აჩი): მე პირადად მგონია, რომ კარგი მამა ვარ, ძალიან კარგი ურთიერთობა მაქვს შვილებთან. ვმეგობრობთ, სიმკაცრის გამოჩენა არ მიწევს. კარგი, მოწესრიგებული ბავშვები არიან, არასოდეს ქმნიდნენ პრობლემებს მეცადინეობაზე, დაძინებაზე და ა.შ.
(შოთი): არ ვიცი, მე ვფიქრობ, არ ვარ ცუდი მამა. თავისებური, განსაკუთრებული და მეგობრული ურთიერთობა მაქვს ბავშვებთან. მე და ჩემს შვილებს კარგად გვესმის ერთმანეთის.
გურმანები ხართ? თავად თუ ამზადებთ კერძებს?
(აჩი): გურმანი ვარ, მაგრამ თავად არასოდეს ვამზადებ. ძირითადად ყოველთვის ჩინურ, იაპონურ, ბერძნულ, არგენტინულ სამზარეულოს ვანიჭებდი უპირატესობას. უზბეკეთში ყველაფერს ხაზი გადავუსვი, რადგან არაჩვეულებრივი, წარმოუდგენლად გემრიელი სამზარეულო აქვთ. ქართული სამზარეულოდან ყველი მიყვარს ძალიან, აჯაფსანდალი, საცივი. ვფიქრობ, ძალიან მაგარი სამზარეულო გვაქვს ქართველებს.
(შოთი): მეც, რა თქმა უნდა, გურმანი ვარ. როცა მარხვას ან მომატებული კილოგრამების გამო დიეტას ვიცავ და ვცდილობ ცოტა მივირთვა, ცუდ გუნებაზე ვდგები, განწყობა მიფუჭდება. კერძებიდან საერთოდ არაფრის მომზადება არ ვიცი. მიყვარს ბერძნული, იაპონური, ჩინური სამზარეულო.
როგორი ადამიანები იმსახურებენ ძმები არველაძეების პატივისცემას?
(აჩი): ერთგული, მეგობრული, გულწრფელი ადამიანები.
(შოთი): გულახდილი ადამიანები, რომლებიც არ არიან ფლიდები და ცბიერები. შეცდომა შეიძლება მოუვიდეს ადამიანს, ამაში განსაკუთრებულს ვერაფერს ვხედავ, რადგან ყველანი ვცდებით, თუმცა თავის შეცდომებშიც გულწრფელები უნდა იყვნენ. გულწრფელი და შინაგანად თავისუფალი ადამიანები იმსახურებენ ჩემს პატივისცემას.
მისაბაძი ადამიანები თუ არსებობენ თქვენს ცხოვრებაში?
(შოთი): დიახ, რა თქმა უნდა. დიდი ბედნიერებაა, რომ გვყავდნენ ასეთი ბებია-ბაბუები, გვყავს საამაყო და მისაბაძი მშობლები, მშობლების არაჩვეულებრივი მეგობრები, რომლებიც ჩვენი ნათლიებიც არიან, მეგობრებიც და რა თქმა უნდა, უსაყვარლესი ადამიანები.
(აჩი): მეც მამას, დედას, მათ მეგობრებს დავასახელებ. მამას თუკი ვინმე იცნობს, ყველას განსაკუთრებული დამოკიდებულება აქვს მის მიმართ. მამას და დედას შვილობა თან დაგვყვება დღემდე, ყველასთვის „კიჭას“ და თამრიკოს შვილები ვართ, რაც ძალიან საამაყოა. არაჩვეულებრივი, სანიმუშო ბიძები გვყავდნენ. სამწუხაროდ, აღარ არიან ამქვეყნად... სამაგალითოები იყვნენ ჩვენთვის − გიორგი ბაგრატიონი და ირაკლი დოლიძე.
ვინმეს დარიგება თუ გახსოვთ განსაკუთრებულად. ფრაზა, რომელიც მთელი ცხოვრების განმავლობაში გაგყვათ...
(აჩი): მამას ერთი მეგობრის, არაჩვეულებრივი ადამიანის − ვაჟა ნუცუბიძის ფრაზა მახსენდება ხოლმე ხშირად. ერთი ამბავი მოყვა და ბოლოს ასეთი რამ თქვა: კაცი რომ ფულის თხოვნაში დიდ ენერგიას დახარჯავს, იცოდეთ, შვილო, რომ ის სანდო კაცი არ არისო. 2002 წელი იყო, ეს ფრაზა რომ მოვისმინე და დღემდე მახსოვს, ნიშანდობლივად ბევრჯერ გამახსენდა.
მამასთან დაკავშირებით ერთი ამბავი მახსენდება. მე და შოთი პატარები ვიყავით და უცხოეთში სათამაშოდ მივდიოდით. წასვლის წინ გვთხოვა, არასოდეს არაფერი მოიპაროთო. ისე მოხდა, რომ უცხოეთში ჩვენი გუნდის რამდენიმე მოთამაშე დაიჭირეს ქურდობაზე, რომლებიც მაშინვე გამოუშვეს. ამ ამბავმა თბილისამდე ჩამოაღწია, თუმცა კონკრეტული სახელები არ გახმაურებულა. მახსოვს, რომ ჩამოვედით, მამასთან ერთად ჩავსხედით მანქანაში და ვგრძნობდით, რომ ძალიან ნერვიულობდა და რაღაცას განიცდიდა, თუმცა არც არაფერს გვეკითხებოდა. არც მოგვეფერა ან მონატრება გამოხატა, არც თამაშების შესახებ გამოგვკითხა. მივხვდით, რომ ეჭვი აწუხებდა. ეს რომ გავიაზრეთ, მე და შოთიმ ვუთხარით, რატომ ხარ შეწუხებული, ჩვენ არაფერი დაგვიშავებია და არც იმ ბავშვებს შორის ვართო. ამის გაგონებამ საოცრად გაახარა. მაშინ მივხვდი, რომ თუნდაც ჩვენი ერთი არასწორი ნაბიჯი ძალიან ატკენდა მამას გულს და მისი დარიგება, რომ ჩვენ ოჯახისა და ქვეყნის სახე ვართ და ეს ყოველთვის უნდა გვახსოვდეს, ძალიან მნიშვნელოვანი იყო.
(შოთი): ერთხელ, როცა 14-15 წლის ვიყავით, მამაჩვენმა გვითხრა, ერთი რამ არასოდეს შეგეშალოთ − სხვისი ფულით და სხვისი ქალით არასოდეს დაინტერესდეთო.
თქვენი ყველაზე დიდი, სანუკვარი სურვილი რა არის?
(შოთი): მინდა, ძალიან დიდხანს მიმყოფოს ღმერთმა ჩემი საყვარელი ადამიანები ჯანმრთელად და ბედნიერად. მე ყველაფერს გავაკეთებ ამისთვის და თავად აუცილებლად მივიღებ მონაწილეობას იმაში, რომ ისინი კარგად მყავდნენ. ეს არის ჩემი სურვილიც და ოცნებაც.
(აჩი): თუ არ ჩავთვლით ოჯახის წევრების ჯანმრთელობას და ბედნიერებას, ჩემი ყველაზე დიდი სურვილია, რომ სოხუმში ვითამაშო ფეხბურთი. არ ვიცი, რა შეიძლება ერქვას ამ მატჩს − შერიგების, ძმაკაცობის, სოხუმის „დინამოს“ და თბილისის „დინამოს“ შეხვედრა, ან Georgian Star, მაგრამ მინდა, რომ აუცილებლად ვითამაშო.