ლიკა თორიას სამოდელო კარიერა სულ 4 წლის წინ დაიწყო, როცა მისი გამორჩეული გარეგნობა ქართველმა დიზაინერმა შენიშნა და მასთან თანამშრომლობის პარალელურად, გზა პოდიუმისკენ უცხოეთში თავისთავად გაიკვალა. „მის ფოტომოდელის“ ტიტული, საუკეთესო მოდელთა ათეულში პოზიციონირება და „მის სამყაროს“ კონკურსში მონაწილეობა ჩინეთში − თავგადასავლებით სავსე გამოცდილებამ უამრავ სასიამოვნო მოგონებასთან ერთად, ბევრი სირთულეც აჩვენა და 29 წლის ასაკში, ისე როგორც არასდროს, განვლილი წლების გადაფასებისას, ბედნიერია, მზადაა, რომ ყველა გამოწვევას გაუმკლავდეს, მით უფრო მაშინ, როცა წინ კიდევ ერთი კონკურსი − „მის გლობალი“ ელოდება...
რას საქმიანობდით სამოდელო კარიერამდე?
პროფესიით ქორეოგრაფი ვარ. დავამთავრე სუხიშვილების სტუდია, ვცეკვავდი ანსამბლ „21-ე საუკუნეში“ და მუდმივად ამ სფეროში ვიყავი ჩართული. დღემდე ეს ჩემთვის უმნიშვნელოვანესი გატაცებაა. თანმდევ რეჟიმში, სკოლის ასაკიდანვე, პოდიუმი ჩემთვის უცხო არ ყოფილა. მიუხედავად იმისა, რომ ვთანამშრომლობდი სამოდელო სააგენტოებთან და სიამოვნებას მანიჭებდა აღნიშნული საქმიანობა, მოდელობა ჩემი თვითმიზანი მაშინ ნაკლებად იყო.
გვიამბეთ, რა უძღოდა ყაზახეთში თქვენს გამგზავრებას და უცხოეთში სამოდელო კარიერის აწყობას?
სრულიად შემთხვევით, ქართველ დიზაინერ თიკო ნებიერიძეს საერთო მეგობართან შევხვდი. მან ყაზახეთში, საკუთარ ჩვენებაზე კოლექციის სახის ამპლუაში გამოსვლა შემომთავაზა, რასაც სიამოვნებით დავთანხმდი. ეს ის პირველი ნაბიჯი აღმოჩნდა, რომელსაც შემდგომში უამრავი შემოთავაზება და კონკურსი მოჰყვა. ამჟამად ძალიან გავლენიან სამოდელო სააგენტო Velada Models-თან 3-წლიანი კონტრაქტი მაკავშირებს.
როგორია თქვენი საკონკურსო მიღწევები და როგორ ემზადებით თითოეული ამ გამოწვევისთვის?
ჯერ იყო კონკურსი „მის დსთ“, ტიტულით − „მის ფოტომოდელი“, შემდეგ „მის სამყარო“ ჩინეთში და „საუკეთესო მოდელის“ ტიტულის მოპოვებასთან ერთად, ათეულში ადგილის დაკავება.
რაც შეეხება მოსამზადებელ პროცესს, არაერთი შემთხვევა ყოფილა, როცა ჩვენებამდე და კონკურსამდეც კი 1 კვირით ადრეც არაფერი მცოდნია. ბოლო კონკურსისთვის მომზადება სულ რაღაც 5 დღეში მოვახერხე. ამ მოკლე ხანში არაჩვეულებრივი დიზაინერი დების − თათია და ნათია დარჩიების T&N Darchia-ს ბრენდის დამსახურებით, ჩემთვის ულამაზესი კაბა შეიქმნა, რომელმაც კონკურსზე უმაღლესი შეფასება დაიმსახურა.
დიეტის დაცვა, ფაქტობრივად, არასდროს დამჭირვებია, გენეტიკის მადლიერი ვარ. თავის მოვლას კი მუდმივ რეჟიმში მხოლოდ ბუნებრივი საშუალებებით ვირჩევ.
რა სირთულეებს აწყდებით კონკურსის სპეციფიკის ფარგლებში? რამდენად სტრესულ გარემოში გიწევთ ხშირად ასპარეზობა და როგორ ახერხებთ მასთან გამკლავებას?
კონკურსის სპეციფიკა, მისი პირობებიდან გამომდინარე, თავისთავად სტრესულია, თუმცა მას ხშირად, როგორც წესი, ერთვის არაჯანსაღი კონკურენცია; ძალიან ღიად, არაერთხელ, სხვადასხვა ქვეყნის კონკურსანტი დამპირისპირებია. ბოლო და ერთ-ერთი გამორჩეულად გულსატკენი ფაქტი იყო, როცა განგებ დააზიანეს კაბა, რომლითაც პოდიუმზე უნდა გავსულიყავი.
ემოციურად რთულია, თუმცა მაშინაც, როცა დაზიანებული კაბით აუდიტორიის წინაშე მაინც გამოვჩნდი, ჩემი ხასიათის ძლიერება უპირველესად საკუთარ თავს დავუმტკიცე.
მსგავსი წინაღობების ფონზე, რა გაძლევთ იმ ძლიერ ენთუზიაზმს, რომ კვლავ იდგეთ კონკურსანტთა რიგებში?
მიუხედავად სხვადასხვაგვარი სირთულისა, კომპენსირებას ჩემი გულის კარნახით, საქმისადმი სიყვარულით ვახერხებ. კონკურსში მონაწილეობა იმდენად აზარტულია, რომ მუდმივად გიჩნდება მოტივაცია, ერთხელ მიღწეულ ტიტულს სხვაც შემატო. გიჩნდება ჯანსაღი ამბიციები.
რამდენად ახერხებთ, ჰარმონიულად მოარგოთ საკუთარი ხასიათის შტრიხები თქვენი საქმიანობის თანმდევ რეალობას?
გაგიკვირდებათ, მაგრამ ინტროვერტი ადამიანი ვარ. ამ ყველაფრისთვის მაინცდამაინც მზად არ ვყოფილვარ, თუმცა ვეჩვევი და თანდათან სულ უფრო მეტი ძალით ვხვდები თითოეულ გამოწვევას; მიხარია, რომ ჩემზე მოთხოვნა არსებობს და ეს მაძლევს ბიძგს, ყველა მიმართულებით მომზადებული ვიყო.
სცენას მიჩვეული გახლდით, მაგრამ კონკურსი სულ სხვა სპეციფიკაა და გიწევს საკუთარი ხასიათის ყველაზე ძლიერი შტრიხები წინ წამოსწიო, იმუშაო მათზე, რათა საყვარელ საქმეში ყოფნისას ხელი ნაკლებად შეგეშალოს.
რას გამოარჩევდით, როგორც ყველაზე დიდ სირთულეს თქვენს საქმიანობაში?
ადამიანები და მათთან ურთიერთობა ყველაზე რთული და ამავდროულად, მნიშვნელოვანი ფაქტორია. შესაძლოა გარშემომყოფთა ან არაკეთილმოსურნეთა აზრი ნაკლებად აისახებოდეს ჩემს კარიერაზე, თუმცა ყოველთვის მადარდებს, რას ფიქრობენ ჩემზე.
როგორ ფიქრობთ, რას აფასებენ უცხოელი კრიტიკოსები ქართველ კონკურსანტში?
ჩემი აზრით, უამრავ ხელოვნურად შექმნილ, მშვენიერ გარეგნობას შორის, ისინი ბუნებრიობას ეძებენ და აფასებენ. ყოველთვის ხაზს უსვამენ ქართული ეშხის ძლიერებას. ისინი არა მხოლოდ მოდელების, არამედ ქართველი დიზაინერების მიმართაც არ იშურებენ ქათინაურებს.
მაშინ, როცა საქართველოში ხართ, თანამშრომლობთ თუ არაქართველ დიზაინერებთან, მონაწილეობთ სხვადასხვა სარეკლამო კამპანიაში?
როცა სამშობლოში ვარ, ჩემთვის ძალიან სასიამოვნოა ჩვენს ნიჭიერ დიზაინერებთან თანამშრომლობა და ყოველთვის ვპოულობ დროს მათ ინიციატივებს შევუერთდე.
რა გეხმარებათ წარმატების მიღწევაში?
ის, რომ არაფერი წარმომიდგენია შეუძლებლად. თუ რაღაც არ ვიცი, არ გამომდის, უზარმაზარი სურვილი მიჩნდება, ფაქტს, როგორც ამოცანას, ვებრძოლო და შედეგს მივაღწიო. მიყვარს სიახლეები და მათი შეცნობა. მაგალითად, ბოლო დროს გამიტაცა ვიზაჟის ხელოვნებამ და შევისწავლე, ასევე ვეუფლები უცხო ენებს და საკუთარი თავისთვის დასახული მიზნების გამართლებას ვცდილობ.
ვინ არიან ადამიანები, რომლებიც თქვენი ნაბიჯების კვალდაკვალ, თანადგომას გიცხადებენ?
ჩემი ოჯახი, ჩემი შვილი და მეორე ნახევარი, ასევე მეგობრების ახლო წრე ჩემთვის მთავარი გულშემატკივრები არიან. ჩემი გოგონა უკვე 14 წლის არის და საოცარი მეგობრობა გვაკავშირებს; საქმრო კი, რომელიც შტატებში ცხოვრობს, მაინც ახერხებს, მისი მუდმივი გვერდით ყოფნა მაგრძნობინოს. ყველა კონკურსის წინ მისი ზარი ჩემთვის ძლიერი გამხნევებაა.
შესაძლოა ითქვას, რომ სამოდელო სფეროსთვის საკმაოდ „გვიან“ დაიწყო თქვენი კარიერა. რას ურჩევდით ნებისმიერ სფეროში წარმატების მიღწევის მსურველ ადამიანებს, რომლებსაც მიაჩნიათ, რომ სადღაც „აგვიანებენ“?
მათ გულახდილად ვეტყვი: ჩემს ცხოვრებაში იდგა დრო, როცა უამრავი პრობლემით დამძიმებულს მეგონა, რომ ყველაფერი დამთავრდა. რეალურად კი, მაშინ მზადდებოდა ნიადაგი ყველა იმ სასიამოვნო, სასიხარულო სიახლისთვის, რითაც ახლა ვცხოვრობ. მოულოდნელად აღმოვაჩინე, რომ ყველაფერი წინ არის.
ცხოვრების აქტიურ წესს მივსდევ და, ალბათ, ვერავინ იფიქრებს, რომ ერთ დროს, შინიდან გასვლაც კი ჩემთვის უსიამოვნო იყო. სუსტი ადამიანი არ ვარ და ამიტომ, იმ დროის გახსენებისას საკუთარ თავზე ვბრაზდები. თუმცა მსგავსი ეტაპები, ალბათ, ბევრისთვის დამდგარა. მთავარი მათი დაძლევაა.
როგორია შემოთავაზებები და თქვენი უახლოესი სამომავლო გეგმები?
დუბაი, ჩინეთი, ყაზახეთი, საფრანგეთი და იტალია − ამჟამინდელი შემოთავაზებებია. ქვეყნები, სადაც სხვადასხვა ჩვენება და კონკურსი მელოდება. ახლა მთავარია, პრიორიტეტების სწორად გადანაწილება მოვახერხო.
მალე დუბაიში „მის გლობალის“ კონკურსი გაიმართება და ძალიან მინდა, გვირგვინით დაბრუნება შევძლო.
ზუსტად არ ვიცი როდის, თუმცა მუდმივად მაქვს სურვილი, მქონდეს საკუთარი სტუდია, სადაც ბავშვებს ქორეოგრაფიას შევასწავლი და ესეც შედის ჩემს სამომავლო გეგმებში.