ქართული კინოს ფორუმი უკვე მესამე შემოდგომას ითვლის. ფორუმი მნიშვნელოვანია კინომცოდნეებისთვის, ამ სფეროში მომუშავე ადამიანებისთვის და ყველასთვის, ვისთვისაც კინო ინტერესის საგანს წარმოადგენს. წელს, ღონისძიება სამთო კურორტ ბაკურიანში იმართება. კინოთეატრმა „ბაკურიანმა“ ფორუმის წევრებს, სკოლის მოსწავლეებს და ადგილობრივ თუ რეგიონებიდან ჩამოსულ სტუმრებს უმასპინძლა და უახლესი ქართული ფილმი „შინდისი“ აჩვენა.
მაყურებელმა საკმაოდ ემოციურად მიიღო ფილმი, რის გამოც ფილმის შემოქმედებითი გუნდის წევრებმა, სცენარისტმა ირაკლი სოლომონაშვილმა და მონტაჟის რეჟისორმა ლევან კუხაშვილმა მათ დიდი მადლობა გადაუხადეს.
დიტო ცინცაძის „შინდისში“ საქართველოს უახლესი ისტორიის ყველაზე ტრაგიკული ეპიზოდებია ნაჩვენები, კერძოდ 2008 წლის ომში მომხდარი რეალური მოვლენები. „ფილმი წაგებული ომის შესახებ“ - ასე უწოდეს სურათს, რომელიც მორიგი „ოსკარის“ დაჯილდოებისთვის საქართველოს კანდიდატის პოსტზეა წარდგენილი. მასში აღწერილი მოვლენები განსაკუთრებით ტრაგიკულია ქართველი ხალხისთვის.
ქართული კინოს ფორუმი საქართველოს კინოცენტრის და მთის კურორტების განვითარების სააგენტოს კოლაბორაციით შედგა და ახალი ქართული ფილმების პრემიერებს ითვალისწინებს.
ირაკლი სოლომონაშვილი (სცენარის ავტორი): „ჩვენთვის დიდ პასუხისმგებლობას წარმოადგენს საზოგადოების წინაშე ამ ფილმის წარდგენა, რადგანაც მას დიდი ინტერესით ელოდნენ. სიუჟეტი მაინც უმცირესი ნაწილია იმისა, რაც ამ ბრძოლის დროს რეალურად მოხდა. სცენარზე მუშაობა საკმაოდ დიდი ხნის წინ დავიწყეთ, დოკუმენტური მასალის საფუძველზე. იდეის ავტორს, ედმონდ მინაშვილს უნდა ვუმადლოდეთ, რომ დღეს ვიცით შინდისის გმირების შესახებ, იმიტომ რომ ბევრი ქართველი გმირის ისტორია ჩვენამდე სამწუხაროდ არც მოღწეულა. ერთ-ერთი დაღუპული მისი მეგობარი იყო და ყველაფერი აქედან დაიწყო. ასევე, მოხარული ვარ, რომ დიტოს ცინცაძესთან მომიწია თანამშრომლობა. ძალიან გაგვიჭირდა მუშაობის დროს თავადაც არ ავყოლოდით ემოციებს.“
მონტაჟის რეჟისორმა, ლევან კუხაშვილმა კი განაცხადა, რომ ეს ფილმი მათი ჯგუფის პროტესტია რუსებისადმი.
ფილმის გადმოსცემს მესიჯს, რომ საქართველოს 20% ოკუპირებულია რუსეთის მიერ.
დარბაზში ერთ-ერთმა პატარა ბიჭუნამ იკითხა: "ნეტავ, პუტინი ამ ფილმს ნახავს?"
შეგახსენებთ, რომ ფილმის ხილვა შეგიძლიათ საქართველოს კინოთეატრებში.