მიუხედავად იმისა, რომ ღვინის კომპანიაში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება მაქვს, შეიძლება ითქვას, რომ ჩემი ოცნების ღვინოს სულ ახლახან მივაგენი, როდესაც ხვანჭკარის ღვინის მარნის მარკეტინგის ხელმძღვანელთან, მარიამ ჭანტურიასთან მივედი ინტერვიუზე.
„ხვანჭკარას - ხვანჭკარა“ არის უგემრიელესი, ნახევრადტკბილი, საოცარი არომატის ღვინო, რომელმაც ინტერვიუს დასაწყისშივე ისე მომნუსხა, რომ გადავწყვიტე ამ ღვინის გარდა სხვა სახეობის ღვინო აღარ მივირთვა. მოკლედ, მის დაგემოვნებას რომ ყველას გირჩევთ, ეს ცალსახაა და გარდა ამისა გეტყვით, რომ უგემრიელესი კერძები გელოდებათ კომპანია „ხვანჭკარის ღვინის მარნის“ ახალ რესტორანში, ლესელიძეზე. მანამდე კი ვრცლად მოგიყვებით მეღვინეობის შესახებ, რომლის საუკუნოვანი ისტორია დიმიტრი ყიფიანისგან იწყება და დღეს უკვე ერთი ოჯახის საინტერესო და წარმატებული ბიზნესით გრძელდება.
მოგვიყევით თქვენი მეღვინეობის შესახებ.
„ხვანჭკარის ღვინის მარანი“ არის ერთ-ერთი უძველესი კომპანია, რომელიც ქართული ღვინის მრავალფეროვან სახეობებს აწარმოებს. ჩვენი ქარხანა რაჭაში, ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ხვანჭკარაში მდებარეობს. ყველაზე საინტერესო ჩვენს კომპანიაში ის ისტორიაა, რომელიც ამ სახელის უკან დგას: მე-19 საუკუნის ბოლოს, თავადმა დიმიტრი ყიფიანმა ღვინო ხვანჭკარის დაყენების ტექნოლოგია თავადვე გამოიგონა და ჯერ კიდევ 1907 წელს ბელგიაში, ღვინის საერთაშორისო ფესტივალზე დიმიტრი ყიფიანის ღვინომ ოქროს გრანპრი მოიპოვა. სწორედ მისი მარნის ადგილას, უკვე 20 წლის შემდეგ, 1927 წელს აშენდა ხვანჭკარის ღვინის მარანი, რომელსაც მალე საუკუნე შეუსრულდება. 2010 წელს ეს კომპანია მამაჩემმა, დავით ჭანტურიამ შეიძინა და მას შემდეგ ჩვენ ვცდილობთ, რომ ძველი იერსახის შენარჩუნების პარალელურად, გავაკეთოთ თანამედროვე სტანდარტს მორგებული ღვინის მარანი, სადაც ტურისტები ყველანაირ მომსახურებას მიიღებენ ისეთი მაღალი სტანდარტით, როგორც ეს ამ სფეროშია მიღებული.
რამდენი სახეობის ღვინოს აწარმოებს „ხვანჭკარის ღვინის მარანი“?
თავდაპირველად, როდესაც კომპანიის მართვა გადმოვიბარეთ, ხვანჭკარის ღვინის მარანი მხოლოდ ორი სახეობის ღვინოს აწარმოებდა − ხვანჭკარასა და ალექსანდროულს. დღეს კი ჩემი და ჩემი ძმის, კომპანიის აღმასრულებელი დირექტორის − გიორგი ჭანტურიას დაუღალავი შრომით, ხვანჭკარის ღვინის მარანი 14 სახეობის ღვინოს აწარმოებს. ჩვენს პროდუქციას მომხმარებელი იცნობს ჩვენსავე ექსკლუზიური ბოთლით, რომლის უნიკალურ დიზაინზე, თავისი ეტიკეტით, ქართველმა დიზაინერმა, ზვიად ციკოლიამ იმუშავა და რომელიც სპეციალურად ჩვენთვის, ჩეხეთში შავი და თეთრი ჩეხური მინისგან მზადდება. ამ ბოთლით შევქმენით 5 პრემიუმხაზის ღვინო. 2018 წელს გადავწყვიტეთ შეგვექმნა ქართული ბრენდი „ხვანჭკარა XO“, რომელიც 15-წლიანი დაძველების სპირტისგან დავამზადეთ.
ექსპორტი...
კომპანიის მართვაში რომ ჩავერთეთ, ჩვენი ღვინო მხოლოდ რუსეთში გადიოდა ექსპორტზე. დღეს კი, რუსეთის გარდა, ბევრ ქვეყანაში გაგვაქვს ჩვენი პროდუქცია. ესენია: შვეიცარია, გერმანია, შვედეთი, ჩინეთი, უკრაინა, ყაზახეთი, ჩეხეთი. ვფიქრობთ, ეს რიცხვი კიდევ უფრო გაიზრდება და ბევრად მეტი ქვეყნის ბაზარს გავაცნობთ ჩვენს პროდუქციას.
სულ ცოტა ხანია, რაც გაიხსნა თქვენი რესტორანი. როგორ გაჩნდა იდეა?
ერთ დღეს მამაჩემმა გაგვანდო, რომ ფიქრობდა რესტორნის გახსნაზე. შემდეგ უკვე მე და გიორგი ჩავერთეთ ამ საკითხში. გიორგის სურდა, რომ გაგვეკეთებინა ქართული ღვინის სარდაფი. შევარჩიეთ ტურისტულად დატვირთული ადგილი და დავიწყეთ რესტორნის კონცეფციაზე ფიქრი. ინტერიერი უნდა ყოფილიყო ღვინის სარდაფის შესაფერისი და თან თანამედროვე. ამაზე ძალიან დიდხანს ვიმუშავეთ და საბოლოოდ მივიღეთ ადგილი, სადაც ყველას ძალიან უხარია მოსვლა. გარდა იმისა, რომ ჩვენს სტუმრებს უგემრიელეს ქართულ კერძებს ვთავაზობთ, აქვე შესაძლებელია ღვინის დეგუსტაცია და ჩვენი ყველა სახეობის პროდუქტის შეძენა.
როგორია თქვენი სამომავლო გეგმები?
უპირველესად გვინდა, რომ საზეიმოდ გავხსნათ ჩვენი ისტორიული ქარხანა, სადაც უკვე ორ წელზე მეტია მიმდინარეობს სარემონტო სამუშაოები. გარდა ამისა, გვინდა გავაკეთოთ სტუმრებისთვის პატარა სასტუმროც, რომელსაც აუცილებლად ექნება სიძველის ელფერი, რადგან როგორც უკვე აღვნიშნეთ, ჩვენს მეღვინეობას თითქმის საუკუნოვანი ისტორია აქვს. ასევე ვმუშაობთ ახალ პროდუქტებზე და, რაც მთავარია, ექსპორტის ზრდაზე, რაშიც ძალიან ხელს გვიწყობს ღვინის ეროვნული სააგენტო. გვჯერა, რომ ქართულ ღვინოს საოცრად დიდი მომავალი აქვს მსოფლიო ასპარეზზე.