მომხმარებელზე ორიენტირებული სადაზღვევო კომპანია „პრაიმის“ უმთავრესი უპირატესობა მისსავე დევიზში იკვეთება − აქ თითოეული მომხმარებელი VIP-სტატუსით სარგებლობს, რაც ბრენდს გიგანტური სადაზღვევო კომპანიებისგან გამოარჩევს. ადამიანებზე ორიენტირება „პრაიმის“ მიერ არჩეული უცვლელი მიმართულებაა, რისი მეშვეობითაც სადაზღვევო ბაზრისთვის საჭირო პროდუქტების შექმნა მომხმარებლის ინტერესების გათვალისწინებით ხდება. „პრაიმში“ სიახლეა − ახალ ოფისში კომპანია მომხმარებლებს განახლებულ, კომფორტულ და მყუდრო გარემოსთან ერთად, დამატებით სერვისებსაც სთავაზობს. OK! კომპანიის დირექტორის მოადგილეს, ზურაბ შავლაყაძეს „პრაიმის“ უწყვეტი წარმატების განმაპირობებელ მთავარ პრინციპებსა და სამომავლო გეგმებზე ესაუბრა.
როგორი გამოწვევაა „პრაიმში“ მუშაობა თქვენთვის, როგორც ერთ-ერთი ხელმძღვანელისთვის?
ვიტყოდი, რომ ჩემს ცხოვრებაში, ამ ეტაპზე, ეს არის ყველაზე დიდი გამოწვევა. მენეჯმენტში მუშაობის მეორე წელს თამამად შემიძლია ვთქვა, რომ გვაქვს წარმატებები, კომპანია იზრდება და სტაბილურად ვითარდება. ბოლო, 2019 წლის განმავლობაში, ორ რეგიონში გავხსენით სერვისცენტრები, რომლებიც წარმატებით ფუნქციონირებს.
ამ ეტაპზე „პრაიმი“ წარმოდგენილია ოთხი რეგიონული სერვისცენტრით და ეს ყველაფერი არის მთელი გუნდის დამსახურება, რომელთა გარეშე წარმოუდგენელი იქნებოდა დღევანდელი შედეგების მიღწევა. ამისათვის თითოეული თანამშრომლის მადლიერი ვარ!
რა არის მთავარი სირთულეები და როგორია მათი გადალახვის გზები, თქვენეული პრინციპები?
დღესდღეობით, სადაზღვევო ინდუსტრიაში მძაფრი კონკურენციაა. მოგეხსენებათ, ბაზარზე უკვე 17 სადაზღვევო კომპანია ფუნქციონირებს. კონკურენტულ გარემოში ბაზარზე დამკვიდრება და განვითარება მარტივი არ არის. იმისათვის, რომ კომპანია მუდმივად ვითარდებოდეს, მთავარი ფაქტორი მომსახურების მაღალი ხარისხია. შესაბამისად, მთელი გუნდი მუდმივად ხარისხის განვითარებისთვის მუშაობს. ეს არის უწყვეტი პროცესი, რაც რეალურად სირთულეებისა და გამოწვევების გადალახვის ერთადერთ გზას წარმოადგენს.
„პრაიმის“ მიერ მიღწეული წარმატებები...
ბოლო ორ წელიწადში კომპანია დაახლოებით ორჯერ გაიზარდა და ეს, როგორც სადაზღვევო სერვისების მიმართულებით განვითარებას, ასევე თანამშრომლების რაოდენობის გაორმაგებას გულისხმობს. როგორც უკვე აღვნიშნე, გავხსენით ორი რეგიონული სერვისცენტრი, დავნერგეთ ახალი სადაზღვევო პროდუქტები; ამასთანავე, ვიყავით არაერთი მნიშვნელოვანი და ძალიან საინტერესო პროექტის მხარდამჭერი და მათი პარტნიორი.
გვიამბეთ თქვენი გუნდის შესახებ. როგორ არჩევთ გუნდისთვის წევრებს?
ეს ჩემთვის გამორჩეულად სასიამოვნო სასაუბრო თემაა, რადგან არ იქნება გადაჭარბებული, თუ ვიტყვი, რომ ერთი დიდი ოჯახი ვართ და რეალურად, მათთან უფრო მეტ დროს ვატარებ, ვიდრე საკუთარ ოჯახთან. თანამშრომლების დიდი ნაწილი უკვე წლებია, რაც ერთად მოვდივართ და საქმიანობისას ერთმანეთის უსიტყვოდ გვესმის.
შერჩევისას, უპირველესი, ადამიანური თვისებები და პროფესიონალიზმია. ამ კრიტერიუმებზე აქცენტის გასამახვილებლად, უპირველეს ყოვლისა, გამოცდილება დაგვეხმარა. მთავარია, გქონდეს საბაზისო ცოდნა, თუნდაც მცირე გამოცდილება, და იყო სასიამოვნო, კომფორტული ადამიანი. დანარჩენი ყველაფრის შესწავლა შესაძლებელია!
როგორია ერთი სამუშაო დღე?
სადაზღვევო სფეროს სპეციფიკიდან გამომდინარე, სამუშაო იმდენად სიღრმისეულია, რომ რუტინად მას არასდროს აქცევს. ჩვენი ყოველდღიურობა არის პროცესი, რომელიც სავსეა სიახლეებით. არც ერთი დღე ერთმანეთს არ ჰგავს. იგეგმება სამუშაო დღის წესრიგი, შემდეგ უკვე შესრულების პროცესი მიმდინარეობს, რომლის მიმართ თითოეულ ჩვენგანს დიდი ენთუზიაზმით სავსე მიდგომა გვაქვს.
რამდენად ხშირადაა შესაძლებელი მომხმარებლისთვის სიახლის შეთავაზება? როგორ იღებთ ბაზრიდან მთავარ სიგნალებს?
ბაზრიდან სიგნალი თავისთავად მოდის, თავად გკარნახობს. შენგან მხოლოდ ყურადღებასა და მზადყოფნას მოითხოვს, რომ სწორი გზავნილი დაიჭირო. ყოველდღიურად, შეიძლება ახალი იდეა დაიბადოს. პროცესი მუდმივია და დაუსრულებლად გრძელდება.
რას მიიჩნევთ „პრაიმის“ ძირითად უპირატესობებად?
ჩვენი ერთგვარი სლოგანია ჩვენი უპირატესობა: „ჩვენთვის ყველა მომხმარებელს VIP-სტატუსი აქვს“.
რით არის საინტერესო თქვენთვის „პრაიმის“ გუნდის წევრობა?
დავიწყოთ იმით, რომ „პრაიმი“, როგორც ბრენდი, ჩვენმა გუნდმა შევქმენით და ყოველდღიურად ვქმნით. ეს არის იმ ზომისა და მასშტაბის კომპანია, სადაც ყველა დეტალი, სერვისი თუ სიახლე თითოეული თანამშრომლის ხელში გაივლის. შესაბამისად, ჩემთანაც უშუალოდ იკვეთება. ეს ყველაფერი ძალიან ბევრ საინტერესო გამოცდილებას მმატებს.
სამომავლო გეგმები?
რა თქმა უნდა, კვლავაც უწყვეტ განვითარებას, სერვისების დახვეწას და სიახლეების დანერგვას ვგეგმავთ. აუცილებლად გავაგრძელებთ რეგიონებში განვითარებასაც. მნიშვნელოვანია, რომ კომპანიის გაფართოებას თან სდევს ახალი სამუშაო ადგილების გაჩენა და კადრების განვითარება.
როგორც დღემდე, მომავალშიც ვპირდებით მომხმარებელს ხარისხიანი პროდუქტების მიწოდებას და შესაბამისად, ხარისხიანი მომსახურების მიღებას!